გენერალური კონფერენცია
„გიყვარვარ?”
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


11:42

„გიყვარვარ?”

თუ გვსურს, ღვთისადმი ჩვენი სიყვარული გამოვავლინოთ, უნდა გვესმოდეს, თუ როგორ ცნობს ის ჩვენს სიყვარულს.

უძღები შვილის იგავში, უფროს ძმას უჭირდა ეზეიმა, როდესაც მისი უმცროსი ძმა სახლში დაბრუნდა ცუდი არჩევანის გაკეთების და „თავისი ქონების თავშვებულად გაფლანგვის“ პერიოდის შემდეგ. უფროსი ძმის სიამაყემ და თვითკმაყოფილებამ ხელი შეუშალა მას, ძმის მონანიებით დაბრუნების სიხარულის განცდაში. ასევე ჩვენც შეიძლება შესაძლებლობები ხელიდან ისე გავუშვათ, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით არ ვაგრძნობინოთ მათ მიმართ ჩვენი გულწრფელი სიყვარული.

წმინდა წერილებში გულწრფელი სიყვარულის გაზიარებისა და მიღების მრავალი ძლიერი მაგალითია: ნაყომი და რუთი, ამონი და მეფე ლამონი, უძღები შვილი და მისი მამა, მხსნელი და მისი მოწაფეები.

სიყვარულის თავისუფლად გაცემით და გულწრფელად მიღებით იწყება სათნო ციკლი, რომელიც აძლიერებს გამცემსა და მიმღებს შორის სიყვარულს.

ღვთის სიყვარული სრულყოფილია, უსასრულო, მარადიული და „უტკბილესი“ ის სულს „უზომოდ დიდი სიხარულით” ავსებს ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის სიყვარულის ამოცნობა. იმდენად ღრმად სურს, რომ განვიცადოთ მისი სიყვარული, რომ ის „[ჩვენი] გაგების შესაბამისად გველაპარაკება“. ის გამოხატავს თავის სიყვარულს ჩვენ მიმართ ისეთი გზებით, რომელთა ამოცნობაც ჩვენ, ინდივიდუალურად, შეგვიძლია. შეიძლება განვიცადოთ ღვთის სიყვარული ჩვენდამი, როდესაც ვაკვირდებით ბუნების სილამაზეს, ვიღებთ პასუხს ლოცვებზე, ან როდესაც ფიქრები გაჭირვების მომენტში მოგვდის, ან სიხარულის ტკბილი მომენტების გამოცდისას. ზეციერი მამის ჩვენდამი სიყვარულის უდიდესი გამოვლინება, რომელიც როგორც გონებაში, ასევე გულში იგრძნობა, არის ის, როდესაც მან თავის საყვარელ ძეს ნება დართო, თავი გამომსყიდველად შეეწირა.

უძღები შვილის უფროსი ძმის მსგავსად, ჩვენი ყურადღებაც ხშირად საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ჩვენ იმდენად ვართ დაკავებულნი ღვთის ჩვენდამი სიყვარულის მტკიცებულებების ძიებით, რომ იმედგაცრუებულები ვართ, როდესაც მათ ვერ ვხედავთ. მაგრამ მშვენიერი პარადოქსი ის არის, რომ რაც უფრო მეტად ვართ ორიენტირებულნი ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის გამოხატვაზე, მით უფრო ადვილად ვხვდებით მის სიყვარულს ჩვენდამი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უპასუხა მხსნელმა კითხვას „რომელია სჯულის მთავარი მცნება?“ ამ მარტივი და მნიშვნელოვანი მოწვევით: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.”

ზოგჯერ ის, თუ როგორ ვავლენთ სიყვარულს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების მიმართ, სულაც არ ემთხვევა იმას, თუ როგორ აღიქვამენ ისინი სიყვარულს. ეს შეიძლება იმედს უცრუებდეს, როგორც გამცემს, ისე მიმღებს. შეიძლება სასარგებლო იყოს, ვკითხოთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს, თუ როგორ გრძნობენ ისინი გამოხატულ სიყვარულს. ასევე, თუ გვსურს, ღვთისადმი ჩვენი სიყვარული გამოვავლინოთ, უნდა გვესმოდეს, თუ როგორ ცნობს ის ჩვენს სიყვარულს. საბედნიეროდ, მან წმინდა წერილებში ნათლად გამოკვეთა რამდენიმე გზა, თუ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მის მიმართ ჩვენი სიყვარული.

„გიყვარვარ ამათზე მეტად?“

ტიბერიადის ზღვაზე პეტრესა და მკვდრეთით აღმდგარ უფალს შორის გამართული ინსტრუქციული საუბრისას ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ.

„იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ? და მან უპასუხა მას: დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.

უფლის ამ გამოკითხვაში მთავარი კითხვაა „ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს სიყვარულს უფლის მიმართ, როდესაც მას „ამათზე“ მაღლა ვაყენებთ და „ესენი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საქმიანობა ან ყველაფერი, რაც მას ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისგან აშორებს.

ერთ დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში ან წელიწადში არასდროს იქნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება ან გვინდა, რომ მივაღწიოთ. მოკვდავი ცხოვრების გამოცდის ნაწილია დროის ძვირფასი რესურსის გამოყენება ჩვენი მარადიული სიკეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანისთვის და უარი ვთქვათ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა: „თითოეული ჩვენგანისთვის კითხვა ყველასთვის … ერთი და იგივეა … თქვენ თანახმა ხართ, ღმერთს ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? დართავთ ნებას მის სიტყვებს, მცნებებსა და აღთქმებს, იქონიონ გავლენა თქვენს ყოველდღიურ ქმედებებზე? ნებას დართავთ იმას, რომ მისი ხმა ყველაზე პრიორიტეტული გახდეს? თანახმა ხართ, საკუთარ ამბიციებზე ზემოთ დააყენოთ ის, რისთვისაც მას სჭირდებით? თანახმა ხართ, თქვენი ნება შთაინთქას მის ნებაში? ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მოწაფეობას და სიყვარულს ღმერთის მიმართ, როდესაც მას ჩვენს მთავარ პრიორიტეტად ვაქცევთ.

აძოვე ჩემი ცხვრები

პეტრესა და მხსნელს შორის იმავე საუბარში ვიგებთ კიდევ ერთ გზას, რომლითაც უფალი აღიარებს ჩვენს სიყვარულის გამოხატულებას: „[უფალი] ეუბნება მას კვლავ მეორედ, სიმონ იოანესო, გიყვარვარ? ის ეუბნება მას: დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. უპასუხა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები.“

ჩვენ ვავლენთ სიყვარულს ზეციერი მამის მიმართ, როდესაც ვემსახურებით, ვუსმენთ, გვიყვარს, ვამაღლებთ ან ვზრუნავთ მის შვილებზე. ეს მსახურება შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც სხვების დანახვა განსჯის გარეშე. მოძღვრება და აღთქმების 76-ე ნაწილში ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანების ხასიათს, რომლებიც ცელესტიალურ დიდებას დაიმკვიდრებენ: „ისინი ხედავენ, როგორც თავად არიან ხილულნი და იციან, როგორც თავად არიან ცნობილნი.” ისინი სხვებს ისე ხედავენ, როგორც ღმერთი ხედავს მათ და ის ხედავს მათ ისეთებად, როგორებიც ისინი შეიძლება გახდნენ, დიდებული ღვთაებრივი პოტენციალით.

მისიიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, მე განვაგრძე გაზონის მოვლის ბიზნესი, რომელიც მე და ჩემმა ძმებმა მოზარდობის ასაკში დავიწყეთ. ასევე, უნივერსიტეტის სწავლით ვიყავი დაკავებული. გაზაფხულის ერთ კვირას, ძლიერმა წვიმამ და მოახლოებულმა საბოლოო გამოცდებმა გადატვირთული და ეზოს სამუშაოებს ჩამორჩენილი დამტოვა.

კვირის შუა რიცხვებში ცა მოიწმინდა და გაკვეთილების შემდეგ ეზოს სამუშაოების შესრულებას ვაპირებდი. მაგრამ როდესაც სახლში მივედი, ჩემი სატვირთო მანქანა და აღჭურვილობა ადგილზე არ დამხვდა. ცნობისმოყვარეობის გამო, სამუშაოდ დაგეგმილი ეზოები მოვინახულე; თითოეული უკვე ლამაზად იყო მოვლილი. გეგმით გათვლილ ბოლო ეზოში დავინახე ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ბალახის საკრეჭი მანქანის უკან მოდიოდა. მან შემომხედა, გაიღიმა და ხელი დამიქნია. მადლიერებით აღსავსემ, ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. მისმა მნიშვნელოვანმა მსახურებამ გააღრმავა ჩემი სიყვარული და ერთგულება მის მიმართ. ერთმანეთის მსახურება უტყუარი გზაა, რომლითაც ჩვენ ვავლენთ ჩვენს სიყვარულს ღმერთისა და მისი საყვარელი ძის მიმართ.

აღიარეთ მისი ხელი ყოველივეში

ჩვენ ასევე ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს მადლიერი გულით. უფალმა თქვა, „და არაფრით შეურაცხყოფს ადამიანი ღმერთს, … გარდა მათი, რომლებიც არ აღიარებენ მის ხელს ყოველივეში.” ჩვენ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ მას ჩვენს ცხოვრებაში ყველა სიკეთის წყაროდ ვაღიარებთ.

კომპანიის დაარსების პირველ დღეებში, მე და ჩემი ბიზნესპარტნიორი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გულმხურვალედ ვლოცულობდით და ზეციერ მამას დახმარებას ვთხოვდით. ღმერთმა არაერთხელ უპასუხა ჩვენს ლოცვებს და ჩვენი შეხვედრებიც კარგად მიდიოდა. ერთი შეხვედრის შემდეგ ჩემმა ბიზნესპარტნიორმა აღნიშნა, რომ სწრაფები ვიყავით დახმარების თხოვნაში, თუმცა ნელები მადლიერების გამოხატვაში. მას შემდეგ ჩვევად გვექცა მადლიერების გულწრფელი ლოცვების აღვლენა, რითაც ვაღიარებდით უფლის ხელს ჩვენს წარმატებებში. ჩვენ ღვთისადმი სიყვარულს „მადლიერების განწყობით“ ვავლენთ.

თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით

კიდევ ერთი გზა, რომლითაც ჩვენ ვავლენთ სიყვარულს ზეციერი მამისა და მისი საყვარელი ძის მიმართ, არის მათი მორჩილების არჩევა. მხსნელმა თქვა, „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.” ამგვარი მორჩილება არც ბრმაა და არც სავალდებულო, არამედ სიყვარულის გულწრფელი და ნებაყოფლობითი გამოხატულებაა. ზეციურ მამას სურს, რომ ჩვენ გვსურდეს მორჩილები ვიყოთ. და თამარა ვ. რუნიამ ამას უწოდა „სიყვარულით სავსე მორჩილება.” მან თქვა, „მიუხედავად იმისა, რომ ჯერარ გვაქვს სრულყოფილი მორჩილება, ჩვენ ვცდილობთ სიყვარულით სავსე მორჩილება გვქონდეს ახლა, ვირჩევთ რა ყოველ ჯერზე დარჩენას, რადგან ჩვენ უფალი გვიყვარს.”

ზეციურმა მამამ მოგვცა თავისუფალი არჩევანი, რათა შთაგვაგონოს, რომ გვსურს მისი არჩევა. მისი საქმე და დიდება არა მხოლოდ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოტანაა, არამედ იმედსაც მოიცავს, რომ ჩვენი უდიდესი სურვილი მასთან დაბრუნებაა. თუმცა, ის არასდროს გვაიძულებს მორჩილებას. ჰიმნში „იცოდე, რომ ყოველი სული თავისუფალია“ ჩვენ ვმღერით:

„ის მოუწოდებს, დაარწმუნებს, სწორად მიმართავს,

და აკურთხებს სიბრძნით, სიყვარულითა და სინათლით,

უსახელო გზებით იყავი კარგი და კეთილი,

მაგრამ არასდროს აიძულო ადამიანის გონება.”

როგორც მისიის ხელმძღვანელები, მე და ჩემი მეუღლე, კრისტინა, შთაგონებული ვიყავით მრავალი მისიონერით, რომლებმაც მორჩილება აირჩიეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისიონერული სტანდარტი იყო, არამედ იმიტომაც, რომ მათ სურდათ უფლისადმი სიყვარულის გამოხატვა მისი წარმომადგენლობის თავმდაბლურად არჩევით.

უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა თქვა: „ჩვენი მამაზეციერის მშობლობის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ სწორი არჩევანი; მისმა შვილებმა თავად უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ მას. მას უბრალოდ ჩვენი მორჩილება რომ სდომოდა, იგი იმ წუთასვე დაგვაჯილდოებდა ან დაგვსჯიდა, რათა გავლენა მოეხდინა ჩვენს საქციელზე.” ჩვენ ღვთისადმი სიყვარულს მაშინ ვავლენთ, როდესაც მისადმი მორჩილებას და მის კვალზე სიარულს ვირჩევთ.

ჩვენი ზეციერი მამა და ჩვენი მხსნელი აღიარებენ ჩვენ მიერ მათ მიმართ გამოხატულ სიყვარულს, როდესაც მათ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ, ერთმანეთს ვემსახურებით, მადლიერებით ვაღიარებთ მათგან მიღებულ ყოველ კურთხევას და ვირჩევთ მათ მორჩილებასა და მიმდევრობას.

მე ვმოწმობ, რომ თითოეული ჩვენგანი ჭეშმარიტად ღვთის შვილია, და მას სრულყოფილად ვუყვარვართ. მე ვმოწმობ, რომ მას სურს, რომ ჩვენ განვიცადოთ მისი სიყვარული ისე, როგორც ჩვენ ვცნობთ და გვესმის. და მშვენიერი პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად განვიცდით მის სიყვარულს ჩვენს მიმართ, როდესაც ჩვენს სიყვარულს მის მიმართ გამოვავლენთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ლუკა 15:13.

  2. იხ.რომაელთა 8:35–39; Dale G. Renlund, “Experience God’s Love” (Brigham Young University devotional, Dec. 3, 2019), speeches.byu.edu; Russell M. Nelson, “Divine Love,” Liahona, Feb. 2023, 12–17.

  3. 1 ნეფი 8:11.

  4. იხ. 1 ნეფი 8:12.

  5. იხ.2 ნეფი 31:3.

  6. იხ. იოანე 3:16.

  7. იხილეთ 1 იოანე 4:19.

  8. მათე 22:36-37.

  9. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღვთის სიყვარულს ჩვენი ქმედებებით არ ვიმსახურებთ, ის მზადაა აღიაროს ჩვენი სიყვარულის გამოხატულება ჩვენი ლოცვების მოსმენით, ჩვენი კურთხევით და ჩვენდამი მისი სიყვარულის განცდის დახმარებით.

  10. იოანე 21:15.

  11. „ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი ყველაფერ დანარჩენზე წინ უნდა დავაყენოთ. ის უნდა იყოს პირველი …

    როდესაც ღმერთს პირველ ადგილზე ვაყენებთ, ყველა სხვა რამ თავის ადგილს იკავებს ან ჩვენი ცხოვრებიდან ქრება. უფლის სიყვარული განსაზღვრავს ჩვენს სიყვარულს, ჩვენს დროს, ჩვენს ინტერესებს და პრიორიტეტების თანმიმდევრობას“ (Teachings of Presidents of the Church: Ezra Taft Benson [2014], 40). დალინ ჰ. ოუქსი, “Good, Better, Best,” Liahona, Nov. 2007, 104–8.

  12. Russell M. Nelson, “Let God Prevail,” Liahona, Nov. 2020, 94.

  13. იოანე 21:16.

  14. იხ. მოსია 2:17.

  15. მოძღვრება და აღთქმები 76:94.

  16. მოძღვრება და აღთქმები 59:21.

  17. იხ. ფილიმონ 1:4-7.

  18. თომას ბ. მონსონი , “An Attitude of Gratitude,” Ensign, May 1992, 54.

  19. იოანე 14:15.

  20. თამარა ვ. რუნია თქვენი მონანიება არ ამძიმებს იესო ქრისტეს, ის მას სიხარულს მატებს, გენერალური კონფერენცია, May 2025, 92.

  21. იხ. 2 ნეფი 10:23-24; ალმა 34:-31.

  22. იხ. მოსე 1:39.

  23. “Know This, That Every Soul Is Free,” Hymns, no. 240.

  24. იხ. მოსია 5:2-5.

  25. დეილ გ. რენლანდი, „Choose You This Day,” ლიახონა, 2018 წლის ნოემ, 104.

  26. იხ. პატრიკ კირონი მიიღეთ მისი ძღვენი,გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025.

  27. მარადისობის პირველი დიდი მცნებაა, გიყვარდეს ღმერთი მთელი შენიგულით, ძალით, ღონითა და გონებით, ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი მცნება. მაგრამ მარადისობის პირველი დიადი ჭეშმარიტებაა ის, რომ ჩვენ ვუყვარვართ ღმერთს - მთელი მისი გულით, ძალით, გონებითა და ღონით“.(Jeffrey R. Holland, “The Greatest Possession,” Liahona, Nov. 2016, 127).

  28. ჰესედ -ი არის განსაკუთრებული სიყვარული და წყალობა, რომელსაც ღმერთი გრძნობს და სთავაზობს მათ, ვინც მასთან აღთქმა დადო. და ჩვენც მას ჰესედ -ით ვპასუხობთ.

    იმის გამო, რომ ღმერთს გააჩნია ჰესედი მათ მიმართ, ვინც მასთან აღთქმა დადო, მას ისინი ეყვარება. [ღმერთი] გააგრძელებს მათთან მუშაობას და შესთავაზებს მათ შეცვლის შესაძლებლობებს. [უფალი] მიუტევებს მათ, როცა ისინი მოინანიებენ. და თუ გზიდან გადაუხვევენ, იგი დაეხმარება მათ, იპოვონ მასთან დასაბრუნებელი გზა.

    როგორც კი მე და თქვენ ღმერთთან აღთქმას დავდებთ, ჩვენი მასთან ურთიერთობა ხდება გაცილებით უფრო ახლო, ვიდრე აღთქმამდე (რასელ მ. ნელსონი მარადიული აღთქმა, ლიახონა, ოქტომბერი, 2022).