ოჯახზე ორიენტირებული იესო ქრისტეს სახარება
ჩვენი მოძღვრება და მარადიული ოჯახების რწმენა გვაძლიერებს და გვაკავშირებს.
ჩემო ძმებო და დებო, მადლობას გიხდით ჩემს სახელზე ლოცვებისთვის. მე ისინი ვიგრძენი.
I.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მოძღვრება ოჯახზეა ორიენტირებული. ოჯახის შესახებ ჩვენი მოძღვრების აუცილებელი ნაწილი ტაძარია. იქ მიღებული წეს-ჩვეულებები საშუალებას გვაძლევს, მარადიულ ოჯახებად დავუბრუნდეთ ჩვენი ზეციერი მამის გარემოცვას.
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენციის ჩათვლით, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა 200 ახალი ტაძრის მშენებლობა გამოახადა. მას უყვარდა ახალი ტაძრების გამოცხადება თითოეული გენერალური კონფერენციის დასასრულს და ჩვენ ყველანი მასთან ერთად ვხარობდით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტაძრების დიდი რაოდენობა ამჟამად დაგეგმვისა და მშენებლობის საწყის ეტაპზეა, მიზანშეწონილია, შევანელოთ ახალი ტაძრების გამოცხადების ტემპი. ამიტომ, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის თანხმობით, ამ კონფერენციაზე ჩვენ არ გამოვაცხადებთ არცერთ ახალ ტაძარს. ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ტაძრის წეს-ჩვეულებების უზრუნველყოფას ეკლესიის წევრებისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ახალი ტაძრების მშენებლობის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ.
ჩემი დღევანდელი გამოსვლის ეს ნაწილი ჩვენი საყვარელი პრეზიდენტის, რასელ მ. ნელსონის გარდაცვალების შემდეგ დაიწერა. ტექსტი, რომელიც მას მოსდევს, რამდენიმე კვირით ადრე დაიწერა და დამტკიცდა, მაგრამ ის კვლავაც წარმოადგენს ჩემს სწავლებებს, რომლებიც უფლის მიერ არის შთაგონებული.
II.
ოჯახის შესახებ მოწოდებაში, რომელიც 30 წლის წინ გამოცხადდა, ვკითხულობთ, რომ: „ოჯახი დადგენილია ღმერთის მიერ“ და „ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი, მისი შვილების მარადიულ დანიშნულებაში.“ ის ასევე აცხადებს, რომ „ღმერთის მცნება მისი შვილებისათვის: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ - კვლავ ძალაშია.“ და რომ „ღმერთის ბრძანებით შთამომავლობის გაჩენის წმინდა ძალა უნდა გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ მამაკაცსა და ქალის მიერ, რომლებიც არიან კანონიერად დაქორწინებული, როგორც ცოლი და ქმარი.“ როგორც იმდროისათვის უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის აუდიტორიას ასწავლა, ოჯახი „ღვთის გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. … უფრო მეტიც, გეგმის მიზანი არის ოჯახის ამაღლება.“
იესო ქრისტეს ეკლესია ზოგჯერ ცნობილია, როგორც ოჯახზე ორიენტირებული ეკლესია. ეს ნამდვილად ასეა! ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და ჩვენი მიწიერი ცხოვრების მიზანი ოჯახის კონტექსტშია ახსნილი. იესო ქრისტეს სახარება ჩვენი ზეციერი მამის გეგმაა მისი სულიერი შვილების საკეთილდღეოდ. ჭეშმარიტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახარების გეგმა პირველად მარადიული ოჯახის საბჭოზე გვასწავლეს, ის ჩვენი მიწიერი ოჯახების მეშვეობით ხორციელდება და მისი დანიშნულებაა ღვთის შვილების ამაღლება მარადიულ ოჯახებში.
III.
ამ მოძღვრებისეული კონტექსტის მიუხედავად, არსებობს წინააღმდეგობა. შეერთებულ შტატებში ჩვენ ქორწინებისა და შვილების გაჩენის მაჩვენებლის გაუარესებას განვიცდით. თითქმის ასი წლის განმავლობაში დაქორწინებული წყვილებისგან შემდგარი ოჯახების წილი შემცირდა, ისევე როგორც შობადობა. ჩვენი ეკლესიის წევრების ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებლები გაცილებით პოზიტიურია, მაგრამ ისინი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა არ დაკარგონ ქორწინების მიზნისა და შვილების ღირებულების გაგება. ეს არის მომავალი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. „ამაღლება ოჯახური საქმეა,“ როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა. „მხოლოდ იესო ქრისტეს სახარების ხსნის წეს-ჩვეულებების მეშვეობით შეიძლება ოჯახების ამაღლება.“
ქვეყანაში ქორწინებისა და შვილების შობადობის კლება გასაგებია ისტორიული მიზეზების გამო, მაგრამ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ღირებულებები და მიდგომები უნდა გაუმჯობესდეს და ამ ტენდენციებს არ მიჰყვეს.
80 წლის წინ, ჩემს ბავშვობაში, პაპისა და ბებიის ფერმაში ვცხოვრობდი, ისეთ გარემოში, სადაც დღის განმავლობაში თითქმის ყველაფერი ოჯახის ხელმძღვანელობით ხდებოდა. არ არსებობდა ტელევიზორი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ოჯახური ღონისძიებებიდან ყურადღებას გადაიტანდა. ამის საპირისპიროდ, დღევანდელ ურბანულ საზოგადოებაში მცირე ნაწილია ოჯახზე ორიენტირებულ ღონისძიებებში სისტემატურად ჩართული. ურბანულმა ცხოვრებამ და თანამედროვე ტრანსპორტმა, ორგანიზებულმა გართობამ და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებებმა ახალგაზრდებს გაუადვილა საკუთარი სახლების პანსიონებად აღქმა, სადაც ისინი იძინებენ და ხანდახან მიირთმევენ საკვებს, მაგრამ სადაც მათი ღონისძიებების მიმართ მშობლების მხრიდან გაცილებით ნაკლები მითითებებია.
მშობლების გავლენა ასევე შესუსტდა იმ მხრივ, თუ როგორ შოულობენ საარსებო წყაროს ეკლესიის ამჟამინდელი წევრების უმეტესობა. წარსულში, ოჯახების ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი საერთო მიზნის მისაღწევად ერთად ბრძოლის გამოცდილება იყო - როგორიცაა ველური ბუნების მოთვინიერება ან საარსებო წყაროს შოვნა. ოჯახი ეკონომიკური წარმოების ერთეული იყო, ორგანიზებული და მართული. დღეს ოჯახების უმეტესობა ეკონომიკური მოხმარების ერთეულია, რაც არ საჭიროებს ოჯახური ორგანიზებისა და თანამშრომლობის მაღალ ხარისხს.
IV.
მშობლების გავლენის შემცირების პარალელურად, უკანასკნელ დღეთა წმინდანებს კვლავ აქვთ ღვთისგან ბოძებული პასუხისმგებლობა, რომ შვილებს ასწავლონ და მოამზადონ ჩვენი ოჯახის მარადიული ბედისწერისთვის (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:25). ბევრმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ეს მაშინ, როცა ჩვენი ყველა ოჯახი ტრადიციული არ არის. განქორწინება, სიკვდილი და განშორება რეალობაა. მე ეს განვიცადე ოჯახში, რომელშიც გავიზარდე.
მამაჩემი გარდაიცვალა, როდესაც შვიდი წლის ვიყავი, ამიტომ ჩემი უმცროსი და-ძმა და მე დაქვრივებულმა დედამ გაგვაზარდა. ყველაზე რთულ სიტუაციებში ის განაგრძობდა ცხოვრებას. დედა მარტოდმარტო და განადგურებული იყო, მაგრამ უფლის დახმარების წყალობით იგი აღდგენილი ეკლესიის მოძღვრებას ეფექტურად გვასწავლიდა და მიმართულებას გვაძლევდა. როგორ ლოცულობდა დედა ზეციური დახმარებისთვის შვილების აღზრდაში და ღმერთმაც დალოცა იგი! ჩვენ გავიზარდეთ ბედნიერ ოჯახში, სადაც ჩვენი გარდაცვლილი მამა ყოველთვის ჩვენი რეალობის ნაწილი იყო. დედამ გვასწავლა, რომ ჩვენ გვყავდა მამა და მას ჰყავდა ქმარი და ჩვენ ყოველთვის ოჯახი ვიქნებოდით, მათი ტაძარში ქორწინების გამო. ჩვენი მამა დროებით წასული იყო, რადგან უფალმა სხვა საქმისთვის მოუწოდა.
ვიცი, რომ ბევრი სხვა ოჯახი ასეთი ბედნიერი არ არის, მაგრამ ყველა მარტოხელა დედას შეუძლია ასწავლოს ზეციერი მამის სიყვარულისა და ტაძარში ქორწინების საბოლოო კურთხევების შესახებ. ეს თქვენც შეგიძლიათ! ზეციერი მამის გეგმა ამ შესაძლებლობას ყველასთვის იძლევა. ჩვენ ყველანი მადლიერები ვართ ტაძარში ქორწინებისა და მარადიულ ოჯახად ჩაბეჭდვის სამომავლო კურთხევებისთვის. დედაჩემის მსგავსად, ჩვენც გვიყვარს ლეხის დაპირების ციტირება მისი ვაჟის, იაკობისადმი, რომ ღმერთი „აკურთხებს შენს გაჭირვებას შენსავე სასარგებლოდ“ (2 ნეფი 2:2). ეს ეხება ყველა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ოჯახს, სრულს თუ ამჟამად არასრულს. ჩვენ ოჯახური ეკლესია ვართ.
ჩვენი მოძღვრება და მარადიული ოჯახების რწმენა გვაძლიერებს და გვაკავშირებს. არასდროს დამავიწყდება დედის მხრიდან პაპაჩემის, ჰარისის, დაპირება, როდესაც ჩვენ, ბავშვები, მის ფერმაში ვცხოვრობდით, იუტას შტატის ქალაქ პეისონის მახლობლად. მან ტრაგიკული ამბავი შემატყობინა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა შორეულ დენვერში, კოლორადოში. საძინებელში შევვარდი და საწოლთან დავიჩოქე, გულის ამოვარდნამდე ვტიროდი. პაპა გამომყვა, ჩემს გვერდით დაიჩოქა და მითხრა: „მე ვიქნები შენი მამა.“ ეს სათუთი დაპირება ძლიერი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლიათ პაპა-ბებიებს გააკეთონ იმ სიცარიელეების შესავსებად, როდესაც ოჯახები კარგავენ ან აკლიათ წევრი.
მშობლები — მარტოხელა თუ დაქორწინებული და პაპა-ბებიის მსგავსად სხვები, ვინც ამ როლს ასრულებენ ბავშვებისთვის —არიან ოსტატი მასწავლებლები. მათი ყველაზე ეფექტური სწავლების მეთოდი არის მაგალითი. ოჯახური წრე იდეალური ადგილია ისეთი მარადიული ღირებულებების დემონსტრირებისთვის და შესასწავლად, როგორიცაა ქორწინებისა და შვილების მნიშვნელობა, ცხოვრების მიზანი და სიხარულის ჭეშმარიტი წყარო. ეს ასევე საუკეთესო ადგილია ცხოვრების სხვა აუცილებელი გაკვეთილების შესასწავლად, როგორიცაა სიკეთე, პატიება, თვითკონტროლი და განათლებისა და პატიოსანი შრომის ღირებულება.
რა თქმა უნდა, ეკლესიის ბევრ წევრს ჰყავს ოჯახის საყვარელი წევრები, რომლებიც არ იზიარებენ სახარებისეულ ღირებულებებსა და მოლოდინებს. ასეთ წევრებს სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და მოთმინება. ერთმანეთთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ სრულყოფილება, რომელსაც ვეძებთ, არ შემოიფარგლება მხოლოდ მიწიერი ცხოვრების სტრესული გარემოებებით. მოძღვრება და აღთქმების 138:57–59 მუხლებში მოცემული დიდი სწავლება გვარწმუნებს, რომ მონანიება და სულიერი ზრდა შეიძლება გაგრძელდეს მიწიერი ცხოვრების შემდეგაც, სულთა სამყაროში. უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახები ერთიანდებიან ერთმანეთის გასაძლიერებლად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვები და გარდაუვალი ნაკლოვანებები, რომლებსაც ყველა განვიცდით მიწიერ ცხოვრებაში, შეიძლება მოგვეტევოს მონანიების გზით, იესო ქრისტეს დიდებული და გადარჩენის გამოსყიდვის წყალობით.
V.
ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე ჩვენი უმაღლესი მისაბაძი მაგალითია. ჩვენ კურთხეულნი ვიქნებით, თუ ჩვენს ცხოვრებაში მისი სწავლებებისა და თავგანწირვის მიხედვით ვიმოქმედებთ. ქრისტეს მიმდევრობა და ერთმანეთის მსახურებაში თავის გაღება საუკეთესო წამალია ეგოიზმისა და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ, რაც ახლა ასე გავრცელებულია.
მშობლებს ასევე აქვთ მოვალეობა, სახარების პრინციპების გარდა, შვილებს პრაქტიკული ცოდნა ასწავლონ. ოჯახები ერთიანდებიან, როდესაც ისინი მნიშვნელოვან საქმეებს ერთად აკეთებენ. ოჯახური ბაღები ოჯახურ ურთიერთობებს განაპირობებს. ბედნიერი ოჯახური გამოცდილებები ოჯახურ კავშირებს აძლიერებს. კემპინგი, სპორტული აქტივობები ონისძიებები და გართობის სხვა საშუალებები განსაკუთრებით ღირებულია ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად. ოჯახებმა უნდა მოაწყონ ოჯახური შეკრებები წინაპართა ხსოვნის მიზნით, რასაც ტაძარში მივყავართ.
მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს ცხოვრების ძირითადი უნარები, მათ შორის ეზოსა და სახლში მუშაობა. ენების შესწავლა სასარგებლო მომზადებაა მისიონერული მსახურებისა და თანამედროვე ცხოვრებისთვის. ამ საგნების მასწავლებლები შეიძლება იყვნენ მშობლები, პაპა-ბებიები ან მეუღლეთა მხრიდან ნათესავები. ოჯახები აყვავდებიან, როდესაც ისინი ჯგუფურად სწავლობენ და ერთად განიხილავენ ოჯახისა და მისი წევრების ყველა საკითხს.
ზოგიერთმა შეიძლება თქვას: „მაგრამ ჩვენ ამის დრო არ გვაქვს.“ ნამდვილად ღირებული ქმედებებისთვის დროის საპოვნელად ბევრი მშობელი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლიათ ოჯახის ჩართვა თუ ყველა გამორთავს ტექნოლოგიებს. და მშობლებო, გახსოვდეთ, რაც ამ ბავშვებს ნამდვილად სურთ სადილზე, არის თქვენთან ერთად გატარებული დრო.
დიდად კურთხეულნი არიან ის ოჯახები, რომლებიც ერთად ლოცულობენ, ღამით და დილით მუხლებზე დაჩოქილნი მადლობას უხდიან კურთხევებისთვის და ლოცულობენ საერთო საზრუნავზე. ოჯახები ასევე კურთხეულნი არიან, როდესაც ისინი ერთად არიან ეკლესიაში ღვთის თაყვანისცემისას და სხვა სულიერების საათების გარემოში. ოჯახური კავშირები ასევე ძლიერდება ოჯახური ისტორიებით, ოჯახური ტრადიციების შექმნითა და წმინდა გამოცდილების გაზიარებით. პრეზიდენტმა სპენსერ უ. კიმბალმა შეგვახსენა, რომ „ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან შთამაგონებელი ისტორიები … ძლიერი სასწავლო ინსტრუმენტებია.“ ისინი ხშირად ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის შთაგონების საუკეთესო წყაროებია.
მე ვმოწმობ უფალ იესო ქრისტეზე, რომელიც არის ჩვენი მარადიული მამის, ღვთის, მხოლოდშობილი ძე. ის გვიწვევს, მივყვეთ აღთქმის გზას, რომელსაც ზეციური ოჯახის გაერთიანებისკენ მივყავართ. მღვდლობის ჩაბეჭდვის ძალა, რომელსაც განაპირობებს კირტლანდის ტაძარში აღდგენილი გასაღებები, ოჯახებს სამარადისოდ აერთიანებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 110:13–16). ამჟამად ისინი მთელ მსოფლიოში უფლის სულ უფრო მეტ ტაძარში ხორციელდება. იგი რეალურია. დაე, ვიყოთ ამის მონაწილენი, ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.