იესო ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარული
განკურნებაც და მიტევებაც სრულად დევს მხსნელი იესო ქრისტეს გამომსყიდველ სიყვარულში.
მსურს გამოვხატო ჩემი სიყვარული პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისადმი და ჩემი მადლიერება იმ შესანიშნავი გავლენისთვის, რომელიც მან თითოეულ ჩვენგანზე მოახდინა. და ყველას სახელით, მადლიერი ვარ ღმერთის, პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის კეთილშობილური ცხოვრების შენარჩუნებისა და განდიდებისთვის.
ყოველი გასული წლის შემდეგ მე უფრო და უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ იესო ქრისტესა და მისი მოწყალე გამოსყიდვის მიმართ. მისი უმაღლესი მსხვერპლი, რომელმაც უზრუნველყო სიკვდილსა და ცოდვაზე გამარჯვება, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია. მისი ღვთიური ნიჭის გაგება ჩემთვის ღია ზეციურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც საფლავის მიღმაც გაგრძელდება.
მხსნელის ძლიერი თანაგრძნობა ცოდვების მიტევებასა და სხვების ცოდვებით გამოწვეული ჭრილობების მოშუშებაში, ღვთის სიყვარულის ყველაზე სასწაულებრივი გამოვლინებაა.
ჩემი სურვილია, იმედი შევთავაზო მათ, ვინც ძალიან მძიმე ცოდვების მიტევებას ეძებს და ნუგეში მივცე მათ, ვინც სხვების მძიმე ცოდვებით მიყენებული მტკივნეული ჭრილობებისგან განკურნებას ეძიებს.
განკურნებაც და მიტევებაც სრულად დევს მხსნელი იესო ქრისტეს გამომსყიდველ სიყვარულში.
იესო ქრისტეში რწმენა
თუ თქვენ ჩაიდინეთ მძიმე ცოდვები და ამჟამად გაქვთ სურვილი, სრულად მოინანიოთ ან უკვე იმყოფებით ამ პროცესში, რათა იგრძნოთ მიტევების ენით აღუწერელი სიხარული, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ეს სასწაული გელით. მხსნელი გამუდმებით გვეძახის: „მოდით ჩემთან“.
ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, რწმენის განმტკიცება გააღვივებს თქვენი სულის სურვილს, შეიცნოთ უფალი, იწამოთ იგი და გული მიუძღვნათ მას. ენოსმა ჰკითხა მაცხოვარს საკუთარი მიტევების შესახებ: „ეს როგორ მოხდა“? და უფალმა უპასუხა: „ქრისტეში შენი რწმენის გამო, რომლისთვისაც შენ ადრე არასდროს არ მოგისმენია და არ გინახავს“.
და როგორც მორონიმ დაამატა: „თუ არაღვთიურზე ვიტყვით უარს და მთელი ძალით, გონებით და სიძლიერით შევიყვარებთ ღმერთს, მაშინ საკმარისი იქნება მისი მადლი თქვენთვის“.
ცოდვისთვის ზურგის შექცევა, ღმერთისკენ მობრუნება და იესო ქრისტესადმი რწმენის განმტკიცება მშვენიერი დასაწყისია. თქვენი ნების თავმდაბლად ღმერთისადმი დამორჩილება გულისხმობს თქვენი ეპისკოპოსის ან მრევლის პრეზიდენტის წინაშე მძიმე ცოდვის აღიარებას, მაგრამ თქვენი სრული პატიება მხსნელისგან მოდის. მიტევება არის ღვთიური ძღვენი, რომელიც იესო ქრისტეს მადლით მოგვეცემა.
პატიოსნება
ღმერთთან ჭეშმარიტად დაბრუნების სურვილს თან ახლავს გადაწყვეტილება, იყოთ სრულიად გულწრფელი თქვენი ზეციერი მამისა და საკუთარი თავის წინაშე, ასევე მათთან, ვინც დაზარალდა და თქვენი სამღვდელოების ხელმძღვანელთან. მამაზეციერი ხარობს თქვენი სურვილით, მიხვიდეთ მასთან მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით. იქონიო მომნანიებელი სული ნიშნავს, უბრალოდ თავის დამდაბლებით მიენდო ღმერთს; მოდრეკილ გულს მოაქვს, რაც პავლე მოციქულმა აღწერა, როგორც „ღვთისმოსაწონ[ი] მწუხარებ[ა]“, სულის ძლიერი ლტოლვა, დაუბრუნდე უფალს ნებისმიერ ფასად.
გატეხილის აღდგენა
ძლიერი სურვილი გამოძრავებს, გამოასწორო ის, რაც გააფუჭე. თუმცა გესმის რა, რომ ზოგიერთი რამის გამოსწორება შენს ძალაში არ არის, შენ მხურვალედ ლოცულობ, რომ უფალი, თავისი მადლით, დაეხმაროს განკურნებაში მათ, ვინც შენი ქმედებების შედეგად დაზარალდა.
სხვებისთვის მძიმე ცოდვის მიყენებული შედეგების დაძლევა ხშირად მტკივნეულად რთულია. ჰბაძავთ მოსიას შვილების მაგალითს, რომლებიც „გულითადად ცდილობდნენ, აენაზღაურებინათ ყველა ზიანი“ ? ესაუბრეთ მათ, ვისაც პატივს სცემთ, იმის შესახებ, რასაც, შეიძლება, ვერ ხედავდეთ.
ამ გამოსვლისთვის მზადებისას მივიღე მოულოდნელი ელექტრონული წერილი პიროვნებისგან, რომელიც მონანიებისა და ეკლესიაში დაბრუნების პროცესში იმყოფებოდა. მისი ყოფილი მეუღლე ჯერ კიდევ იტანჯებოდა „[მათი] მარადიული ქორწინების“ დანგრევის, [შვილებთან სირთულეების], ფინანსური არასტაბილურობის გამო და რომ … ვეღარ უმკლავდებოდა ხარჯებს [და] მას ახრჩობდა გრძნობები ღალატის გამო“.
მან გამიზიარა, როგორ იგრძნო მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა „შთაგონება, [ეთხოვა მისთვის] ლოცვით დაფიქრებულიყო, კიდევ რისი [გაკეთება სურდა მას ყოფილი ცოლისა და შვილებისთვის]“. მისი ნებართვით, გაგიზიარებთ მისივე წერილის ნაწილს:
„[თავიდან] მეგონა, რომ [თანხა], რომელსაც განქორწინების პირობით ვიხდიდი, დიდი იყო, მაგრამ მრევლის პრეზიდენტმა შემაგულიანა, მელოცა და მემარხულა ამ საკითხის გამო. …
„თავიდან კომპენსაციაზე ფიქრი მიჭირდა“. რადგან ჩემი ცოდვები ფინანსური ხასიათის არ იყო, ვფიქრობდი, რას ნიშნავდა სინამდვილეში „გულუხვი კომპენსაცია“. … [მაგრამ] მალე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ფულს არ ეხებოდა.
„ჩემი მღვდლობის ხელმძღვანელები ჩემს [ყოფილ მეუღლეს] და შვილებს შეხვდნენ და მიხვდნენ, რომ მათ ისევ უჭირდათ და სულიერად ჯერ არ განიკურნენ“. …
„ჩემი ახალი მიზანი იყო, წინ რწმენით სიარული. … მე უბრალოდ უანგარო დახმარების სურვილი გამოვხატე. … გადავწყვიტე, ყოველი ხელფასიდან [ჩემი ყოფილი მეუღლისთვის კონკრეტული თანხა] გამეგზავნა – ჩემი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ზუსტად პირველი გადარიცხვის წინ უფალმა [შთამაგონა გონებაში, რომ საჭირო იყო] [იმ თანხის გაორმაგება].
„მალე მივხვდი, რომ ეს კომპენსაცია მხოლოდ ფულს არ ეხებოდა. ეს ეხებოდა ჩემი ცხოვრების უფლისთვის თავმდაბლურად მიძღვნას. … ფული ჩაანაცვლებდა იმას, რაც ჩემს ოჯახს დავაკელი ცუდი არჩევნის გამო. საქმე კი ეხებოდა უანგაროდ პირობის დადებას და შესრულებას და რომ მას აღარ ეფიქრა გადასახადებზე, რათა სულიწმიდის ძიება შეეძლო“.
შეიძლება დანგრეულის აღდგენის მცდელობა ფულს არ ეხებოდეს, მაგრამ როცა მორჩილად ეკითხები უფალს აღმოაჩენ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია.
ღვთიური მოწონება ხარისხებით
როცა უფლისგან მიტევებას ეძიებ, იყავი მომთმენი მისგან სრული მოწონების მოლოდინში. გაიხსენე ნაწყვეტი წმინდა წერილიდან:
„მათ … დაიმდაბლეს თავი, ღრმა თავმდაბლობითაც კი; და ძლიერად შეჰღაღადეს ღმერთს; დიახ, მთელი დღის განმავლობაშიც კი შეჰღაღადებდნენ … [მაგრამ] უფალი არ ჩქარობდა მათი ღაღადის მოსმენას მათ ურჯულოების გამო“.
„მიუხედავად ამისა, უფალმა შეისმინა მათი ღაღადი და დაიწყო … მათთვის ტვირთის შემსუბუქება; … და … დაიწყეს მიწაზე თანდათანობით აყვავება“.
იყავი მომთმენი, რადგან უფალი თავის კურთხევებსა და თანხმობას თანდათანობით გაძლევს.
უფლის მიერ განსაზღვრულ დროს თქვენ გაიგონებთ მის ხმას, რომელიც გეუბნებათ: „აღარ დაუშვა, რომ ყოველივე ამან კიდევ აგაღელვოს“. ერთ დღეს, როცა კვლავ მიმართავთ მხსნელს, თქვენი ზეციერი მამა „გულებიდან [მოგაცილებთ] დანაშაულ[ს] თავისი ძის მადლით“.
დაჭრილები და ტანჯვაში მყოფნი
თქვენ, ვინც სხვისი მძიმე ცოდვებით ასე უსამართლოდ დაშავდით, მსურს, გაგიზიაროთ მხსნელის სიყვარული და თანაგრძნობა, მისი ნუგეში და სიმშვიდე.
რაც არ უნდა მოხდეს - სევდა, გულგატეხილობა, დანაკარგი, ღალატის დამახრჩობელი გრძნობა, თქვენი ცხოვრების იმის საპირისპიროდ წარმართვა, რაც წარმოგიდგენიათ, მე გარწმუნებთ: მხსნელი გიცნობთ და უყვარხართ. მიმართეთ მას. ის არის თქვენი ნუგეში და ძალა; ის გამოაგზავნის ანგელოზებს, რათა აგაყენონ. როდის გაქრება ტკივილი, როდის მოგეშვება მწუხარება, როდის დაივიწყებ არასასურველ მოგონებებს? მე არ ვიცი. მაგრამ ვიცი: უფალს აქვს ძალა, თქვენი ტანჯვის ფერფლიდან სილამაზე მოავლინოს.
მიჩიგანის შტატის გრანდ ბლანკში მცხოვრებმა ჩვენმა საყვარელმა ძმებმა და დებმა იესო ქრისტესადმი ურყევი რწმენით, გამბედაობითა და უანგარობით, უკვე მიიღეს და მომავალ კვირებსა და თვეებში უხვად მიიღებენ მხსნელის შეუდარებელ სიყვარულსა და მადლს.
როდესაც მას ენდობით, სიბნელის ღრუბლები და ღამით ტანჟვით გამოწვეული ქვითინი დილის სინათლეზე სიხარულისა და მშვიდობის ცრემლებად გარდაიქმნება. „თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. … თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ“. ეს მომენტი დადგება. მე ვმოწმობ, რომ ის დადგება.
იესო ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარულის დანახვა ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ყველას მუდმივად გვჭირდება ჩვენი მხსნელის გამომსყიდველი მადლი. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გვასწავლა: „მიწიერ ცხოვრებაში მისი გამომსყიდველი გამოცდილების გამო, ჩვენს მხსნელს შეუძლია ანუგეშოს, განკურნოს და გააძლიეროს ყველა მამაკაცი და ქალი ყველგან, მაგრამ მე მჯერა, რომ ის ამას მხოლოდ მათთვის აკეთებს, ვინც მას ეძიებს და დახმარებას ითხოვს. მოციქული იაკობი გვასწავლიდა: „დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4:10). ჩვენ ვხდებით ღირსნი ამ კურთხევისა, როცა გვწამს მისი და ვლოცულობთ მისი დახმარებისთვის“.
რობერტ ე. უელსი
ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და დამსახურებულმა მთავარმა ხელმძღვანელმა, უხუცესმა რობერტ ე. უელსმა, აწ 97 წლის, მომცა ნებართვა, გამეზიარებინა თქვენთვის 60 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი ამბავი:
1960 წელს პარაგვაიში ცხოვრებისას, საერთაშორისო ბანკირის პოზიციაზე ყოფნისას, რობერტ უელსი, რომელიც იმ დროს 32 წლის იყო და მისი მეუღლე, მერილი, ორივენი თვითმფრინავებს მართავდნენ და ცალ-ცალკე, ურუგვაიდან პარაგვაიში მიფრინავდნენ. სქელი ღრუბლების ზონაში შესვლისას რობერტმა და მერილმა ერთმანეთთან ვიზუალური და რადიო კონტაქტი დაკარგეს. რობერტმა მალევე დასვა თვითმფრინავი და შეიტყო, რომ მისი მეუღლის ხომალდი ჩამოვარდა. ვერც მისი მეუღლე და ვერც მასთან მყოფი ორი მეგობარი ვერ გადარჩა. მისი შვილები შინ, ასუნსიონში, იმყოფებოდნენ. ისინი შვიდი, ხუთი და ორი წლის იყვნენ.
უხუცესმა უელსმა ასე ისაუბრა თავის გლოვაზე:
„ვერასოდეს ვერ მოიძებნება ჩემში არსებული ტკივილის ასაღწერად შესაფერისი სიტყვები. ეს მზარდი ტკივილი ჩემს ემოციებს შთანთქავს და ჩემს გრძნობებს აბუჟებს. მწუხარების ცრემლები უბრალოდ გაუჩერებლივ მოსდიოდა. რაც კიდევ უფრო უარესი იყო, როცა ჩემი გონება ცდილობდა მეუღლის გამანადგურებელი დაკარგვის გააზრებას აღმოვაჩინე, რომ უზარმაზარი დანაშაულის გრძნობა მქონდა, რომ მისი თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი ვიყავი“.
რობერტი თავს იდანაშაულებდა იმის გამო, რომ უფრო საფუძვლიანად არ შეამოწმებინა თვითმფრინავი და არ მისცა მეუღლეს ფრენასთან დაკავშირებული შესაფერისი რჩევები. ის უგულებელყოფის დანაშაულს გრძნობდა.
რობერტმა თქვა:
„ჩემი გონება სიბნელემ მოიცვა. … მე უბრალოდ ვარსებობდი –[შვილების გამო] მეტი არაფერი“.
„… ცხოვრების გაგრძელების სურვილი დავკარგე“.
შესაფერის დროს, რობერტმა ღრმა სულიერი გამოცდილების კურთხევა მიიღო. იგი იხსენებს:
„ერთ საღამოს, დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა მუხლმოყრილი ვლოცულობდი, სასწაული მოხდა. მამაზეციერისადმი ლოცვა-ვედრებისას ვიგრძენი, თითქოს მხსნელი დამიდგა გვერდით და გავიგონე ხმა, რომელიც ჩემს სულსა და ყურებს ესმოდა: ‘რობერტ, ჩემმა გამომსყიდველმა მსხვერპლმა შენი ცოდვებისა და შეცდომების საფასური გადაიხადა. შენმა მეუღლემ მოგიტევა. შენმა მეგობრებმა მოგიტევეს. მე ვიზიდავ შენს ტვირთს. …“
„იმ მომენტიდან დანაშაულის [და სასოწარკვეთილების] ტვირთი საოცრად მომშორდა. გადავრჩი! მე იმ წამსვე ჩავწვდი მხსნელის გამოსყიდვის ყოვლისმომცველ ძალას და … რომ ის პირდაპირ მე მეხება. … მე … ვიგრძენი სიხარული და სინათლე, ისეთი, როგორიც იქამდე არ გამომიცდია. . … მე მიბოძეს ძღვენი, რომელიც არ დავიმსახურე –უფლის მადლის ძღვენი. … მე ის არ დამიმსახურებია – არაფერი არ გამიკეთებია საამისოდ, მაგრამ უფალმა ის მაინც მიბოძა“.
დაე, თითოეული ჩვენგანი „ღვთის მადლით ქრისტეში [იყოს] განწმენდილ[ი], ქრისტეს სისხლის დაღვრით, … რათა გახდეთ წმინდანი, უმწიკვლონი“.
მე ვმოწმობ ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის სიყვარულზე, წყალობაზე და მადლზე. იგი ცოცხალია. ჩვენ მისი შვილები ვართ. ჩვენ აღთქმის შვილები ვართ. მისი რწმენით, მის კვალზე სიარულითა და ნდობით, ის აგვამაღლებს ჩვენი მწუხარებიდან და ცოდვებიდან. შემდეგ, ამ მიწიერი ცხოვრების მიღმა, ჩვენი მამის სახლში, ჩვენ მასთან ერთად ვიცხოვრებთ მარადის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.