გენერალური კონფერენცია
სასიხარულო ამბის რეცეპტი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


10:38

სასიხარულო ამბის რეცეპტი

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეტი იესო ქრისტეს დამატებით?

თუ ოდესმე ყოფილხართ ჩვენს მშობლიურ შტატ ლუიზიანაში, ალბათ იცნობთ ჩვენს ბევრ გემრიელ კერძს - გამბოს, ჯამბალაიას, ეტუფეს და სხვა მრავალს.

დროდადრო, საკმარისად თამამად ვგრძნობ თავს, რომ ასეთი გემრიელი რეცეპტებიდან ერთ-ერთი მოვამზადო. ყველა ინგრედიენტის შერევისა და დეტალური ინსტრუქციის დაცვის შემდეგ, დაუწერელი ფინალური ნაბიჯი არის საბოლოო გასინჯვის ტესტი და იმის შემოწმება, აკლია თუ არა რამე. ამ დროს კრეოლური კულინარიის ლეგენდები ყურში მეჩურჩულებიან: „მეტი ტონისი დაამატე.“ ტონისი კრეოლური სანელებელია, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქ ოპელუსასში, ლუიზიანაში, მზადდება. ის ხშირად გამოიყენება, როგორც „საიდუმლო ინგრედიენტი“, რეცეპტის შესრულებისას დაშვებული ნაკლოვანებების კომპენსირებისთვის.

მე და ჩემს მეუღლეს, მიშელს, გვქონდა პატივი, ლუიზიანაში მისიის ხელმძღვანელებად გვემსახურა. ჩვენ ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ – მისიონერებს, მისიის სახლში ყოფნის ბოლო ღამეს, ოჯახებში დაბრუნებამდე, განსაკუთრებული რეცეპტის მიხედვით ჯამბალაიას მომზადებას ვასწავლიდით. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ დამოწმებების გარდა, ჩვენი მისიონერები მისიიდან რეცეპტების გამო მადლიერები მიდიოდნენ.

რამდენიმე თვის წინ, ეკლესიის მედია ბიბლიოთეკას ვათვალიერებდი და ვნახე მოკლე ვიდეოების კოლექციის ბმული სახელწოდებით აღდგენის შესახებ საუბრები პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონთან. ჩემი ყურადღება სიაში არსებულმა ერთ-ერთმა მოკლე ვიდეოს სათაურმა მიიპყრო და გამეღიმა. მას ერქვა „წმინდა წერილები ღვთის რეცეპტებია ბედნიერი ცხოვრებისათვის“. მაშინვე დავაწკაპუნე ამ ორწუთიან ვიდეოზე და ვუყურე, როგორ უზიარებდა პრეზიდენტი ნელსონი დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ჯგუფს მარტივ და ძლიერ გზავნილს იმის შესახებ, თუ როგორ ვიყოთ ბედნიერები. იგი ასწავლიდა: „თუ ნამცხვარს აცხობთ, მითითებებს მიჰყვებით, ხომ? და ყოველთვის კარგ შედეგს მიიღებთ, არა?“

მან განაგრძო საუბარი, რომ მალე 95 წელი უსრულდებოდა: „მეკითხებიან: „რითი იკვებები? რა არის შენი საიდუმლო?‟‟ მან უპასუხა, „ჩემს საიდუმლოს წმინდა წერილი ჰქვია. შეგიძლიათ წაიკითხოთ და თავად სცადოთ.“

აჰა, გაგიმხილეთ. ბედნიერი ცხოვრების მარტივი საიდუმლო ღვთის რეცეპტის მიყოლაა, როგორც ეს წმინდა წერილშია აღწერილი. მე მას „სასიხარულო ამბის რეცეპტს“ ვუწოდებ.

რას შვრებით, თუ რეცეპტის შესრულებისას რამე არასწორად მიდის? სასიხარულო ამბის რეცეპტი მოიცავს „საიდუმლო ინგრედიენტს“, რათა საბოლოო შედეგი ყოველთვის სწორად გამოგივიდეთ. პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეა.

ვფიქრობ, ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი ინგრედიენტები საკმარისად კარგი არ არის, ან გვიჭირს ინსტრუქციის დაცვა, ან შესაძლოა, რაღაცას თანმიმდევრობით არ ვაკეთებთ, ან ხდება ისეთი რამ, რაც ჩვენი კონტროლის მიღმაა და ა.შ.

რა არის გამოსავალი? უბრალოდ დაამატეთ ის, რაც თქვენს ცხოვრებაში იესო ქრისტეს უფრო მეტად მოიწვევს.

მაშ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეტი იესო ქრისტეს დამატებით?

მისიის პრეზიდენტად მსახურებისას, ყოველ ექვს კვირაში ერთხელ მქონდა შესაძლებლობა, პირადად შევხვედროდი ჩვენს თითოეულ ახალგაზრდა მისიონერს. ინდივიდუალური შეხვედრის დროს, მისიონერებისთვის ჩვეულებრივი იყო რჩევების ძიება იმის შესახებ, თუ როგორ გაეუმჯობესებინათ მეწყვილეობის ეფექტურობა.

ერთხელ, ერთი მისიონერი პირად გასაუბრებაზე შემოვიდა და დაჯდა. მისი სხეულის ჟესტებიდან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა. ვკითხე: „უხუცესო, რაზე გსურთ დღეს საუბარი?“ მან რამდენიმე გამოწვევა აღწერა, რომელიც თავის მისიონერ მეწყვილესთან ჰქონდა და როგორ მოქმედებდა ეს მათი მისიონერული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მკითხა: „პრეზიდენტო, რა უნდა გავაკეთო?“

ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მცირე ხნის შემდეგ ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, ერთად დაგვეჩოქა, რომ გველოცა სულიწმინდისგან ხელმძღვანელობისთვის. ის დამეთანხმა, ჩვენ ერთად მოვიყარეთ მუხლი და ვილოცეთ შთაგონებისთვის.

ლოცვის შემდეგ, ცოტა ხნით განვაგრძეთ მუხლებზე დგომა და შემდეგ სკამებზე ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. ვკითხე, შეგვეძლო თუ არა ერთად წაგვეკითხა წმინდა წერილი. როდესაც წმინდა წერილი გადავშალეთ, გავჩერდი და ვუთხარი: „უხუცესო, ამ წმინდა წერილის კითხვისას გთხოვ, საკუთარ თავს ჰკითხო: თუ ამ თვისებებით ვიცხოვრებ, გააუმჯობესებს ეს ჩემს თანამეწყვილეობას და მისიონერულ საქმიანობას?“

შემდეგ გადავშალეთ მორონი 7:45 და ხმამაღლა წავიკითხეთ: „და გულმოწყალება სულგრძელია და კეთილი, არ შურს და არ ყოყოჩობს და არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს ურჯულოებით, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს იტანს.“

შემდეგ უხუცესმა ცრემლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: „დიახ, პრეზიდენტო, მაგრამ ამის გაკეთება რთულია“. მე დავეთანხმე და შევახსენე, რომ ის ღვთის შვილია, ღვთიური პოტენციალით – ეს უფალთან ერთად გააკეთოს.

შემდეგ მოკლედ განვიხილეთ სამოცდაათთა ქვორუმის უხუცესის, კლარკ გ. გილბერტის მიერ ნასწავლი იგავი მრუდის შესახებ, რომელმაც შეგვახსენა, რომ უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც ვართ და უფალთან ერთად წინ და ზევით უნდა ვიაროთ პოზიტიური მიმართულებით. მივხვდი, რომ მას შემდეგი ნაბიჯები ჯერ კიდევ ზედმეტ ტვირთად ეჩვენებოდა, ამიტომ ვთხოვე აეხსნა, როგორ ესმოდა მას ეს ამონარიდი წმინდა წერილიდან: „პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება.“ მან განაგრძო იმ კონცეფციის აღწერა, რომ მცირე და მარტივი საქმეების კეთებით დიადი საქმეები შეიძლება შესრულდეს. ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და განესაზღვრა ის ორი პატარა და მარტივი რამ, რისი გაკეთებითაც თავისი თანამეწყვილის მიმართ სიკეთეს გამოხატავდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მან საკუთარი ფიქრები გამიზიარა. შემდეგ ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და განესაზღვრა ის ორი პატარა და მარტივი რამ, რისი გაკეთებითაც თავისი თანამეწყვილის მიმართ მოთმინებას გამოხატავდა. მან იმწუთასვე გამიზიარა თავისი ორი მოსაზრება. აშკარა იყო, რომ მას ამაზე ჩვენს შეხვედრამდეც უფიქრია. მე შევთავაზე, ლოცვაში ღმერთისთვის ეთქვა ეს რამდენიმე საკითხი და მისგან დადასტურება, მიმართულება და შთაგონება ეთხოვა, თუ როგორ შეესრულებინა თავისი გეგმა ნამდვილი განზრახვით. იგი დამეთანხმა. დასასრულს, ვთხოვე, ყოველკვირეულ წერილში მოკლე ინფორმაცია მიეწოდებინა ამის შესახებ.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მის ყოველკვირეულ წერილებში ვხედავდი, რომ საქმეები უმჯობესდებოდა. ეს გაუმჯობესება არა მხოლოდ მის ყოველკვირეულ წერილებში დავინახე, არამედ — თანამეწყვილის ყოველკვირეულ წერილებშიც. ჩვენი შემდეგი პირადი გასაუბრების დროს შევამჩნიე, რომ მისი გამომეტყველება და სულისკვეთება დღე და ღამესავით შეცვლილიყო. მას ვკითხე: „ე.ი., უხუცესო, მართალია, რომ „მოწყალება არასდროს მთავრდება?“” მან ღიმილით მიპასუხა: „დიახ, პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება.“

როდესაც სასიხარულო ამბის რეცეპტს მიჰყვებით, გახსოვდეთ პრეზიდენტი ნელსონის სწავლება: „რა შეკითხვები და პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ, პასუხი ყოველთვის იესო ქრისტეს სწავლებაში და ცხოვრებაშია. შეიტყვეთ მეტი უფლის გამოსყიდვის, სიყვარულის, მოწყალების, მოძღვრებისა და მისი აღდგენილი სახარების შესახებ, რომელიც განკურნებას და წინსვლას გვპირდება. მიბრუნდით მისკენ! იარეთ უფლის კვალზე!”

როდესაც გჭირდებათ, რომ „უსმინოთ მას“ და იცოდეთ, თუ როგორ მოიწვიოთ იესო ქრისტე თქვენს ცხოვრებაში, გაითვალისწინეთ პრეზიდენტ ნელსონის მიერ ნასწავლი ნაბიჯები პირადი გამოცხადების შესახებ:

„იპოვეთ ჩუმი ადგილი, სადაც რეგულარულად შეძლებთ სიარულს. თავი დაიმდაბლეთ უფლის წინაშე. გადაუშალეთ გული ღმერთს. მიმართეთ მას პასუხებისა და ნუგეშისთვის.

„ილოცეთ იესო ქრისტეს სახელით თქვენს წუხილზე, შიშზე, სისუსტეებზე - დიახ, თქვენი გულის საწადელზე. და შემდეგ მოუსმინეთ! ჩაიწერეთ აზრები, რომლებიც თავში მოგივათ. ჩაიწერეთ თქვენი გრძნობები და შემდეგ იმოქმედეთ კარნახის შესაბამისად. როცა ამ პროცესს ყოველდღე გაიმეორებთ, თვიდან თვემდე, ყოველ წელს, თქვენ „გამოცხადების პრინციპში დაოსტატდებით‟‟.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი. მან „ყველაფერი შეასრულა, რაც გვჭირდება მამაზეციერთან დასაბრუნებლად.“ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.