მორმონის წიგნი – ჩვენი მოგზაურობის შეუფასებელი განძი.
როცა მორმონის წიგნში ჩაწერილი ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, სულიწმინდა დაგვეხმარება მარადიული ჭეშმარიტებების წვდომაში.
შეგიძლიათ გაიხსენოთ ვინმეს საჩუქარი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა? 40 წლის წინ, ოქტომბერში, ჩემი ცხოვრების უდიდესი ძღვენი მივიღე. როდესაც საშუალო სკოლაში ვიყავი, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ ჩემს კლასელს სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებული სინათლე ახლდა. მე მასთან ყოფნა მსიამოვნებდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი იყო. შემდეგ საჩუქარი შემომთავაზა: მორმონის წიგნი. მან მომიწვია, რამდენიმე გვერდი წამეკითხა და შემდეგ მის ორ მეგობარს შევხვედროდი, რომლებიც ჩემს კითხვებს უპასუხებდნენ. ეს მეგობრები მისიონერები იყვნენ.
მისიონერებს რომ შევხვდი, მათ ქრისტეს მოძღვრება გამიზიარეს და შემომთავაზეს, წინასწარმეტყველი მორონის მოწვევა მიმეღო: “როდესაც ყოველივე ამას მიიღებთ, მე მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, ჭეშმარიტია თუ არა ყოველივე ეს; და თუ ჰკითხავთ გულწრფელად, ნამდვილი მოწადინებითა და ქრისტეში რწმენით, იგი გამოგიცხადებთ ამის ჭეშმარიტებას სულიწმინდის ძალით. (მორონი 10:4).
მე მორმინის წიგნის რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ვილოცე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ღრმად არ მესმოდა ყველაფერი, რასაც მისიონერები მასწავლიდნენ, გულში ვიგრძენი, რომ რასაც ვკითხულობდი კარგი იყო და ღმერთისგან მოდიოდა. და მორმონის დაპირების დასტურიც მივიღე: „და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ“ (მორონი 10:5).
მას შემდეგ, რაც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მოვინათლე, ზოგი მეგობარი სკოლიდან ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყოველ ჯერზე მსგავსი ეჭვებისა ან წინააღმდეგობის მომენტებში, წმინდა წერილის შესწავლით ჭეშმარიტების დასტურს ვიღებდი და ვლოცულობდი, რომ დავრჩენილიყავი ჭეშმარიტი იმ აღთქმებისა, რომლებიც ღმერთთან დავდე. მას შემდეგ, მორმონის წიგნი ჩემი მეწყვილე და მიწიერი მოგზაურობის შეუფასებელი განძი გახდა.
მორმონის წიგნი არ არის უბრალოდ წიგნი. ის არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც დაწერილია ძველი დროის წინასწარმეტყველების მიერ, წინასწარმეტყველების სულითა და გამოცხადებით.
მორმონის წიგნში ჩაწერილი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პირადად უფალი იესო ქრისტეს მიერ ნეფიელებთან მსახურება მისი აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ. მორმონის წიგნში „ახსნილია სახარების მოძღვრება, ზოგადად განმარტებულია ხსნის გეგმა და ეუბნება ადამიანს, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს ცხოვრებაში მშვიდობას, მომავალ ცხოვრებაში კი მარადიულ ხსნას“. (მორმონის წიგნის შესავალი).
მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ პირველად დაიბეჭდა პატარა ქალაქში, ნიუ-იორკის შტატში, 1830 წ. მარტში. 1829 წელს, როდესაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მორმონის წიგნის თარგმანი დაასრულა, ის მხოლოდ 23 წლის იყო. მან თითქმის მთლიანი წიგნი 75 დღეზე ნაკლებ დროში გადათარგმნა, დაბეჭდვის პროცესი კი დაახლოებით შვიდი თვე გაგრძელდა.
დღეს, დაახლოებით 80 000 სრული დროის მისიონერი 150 -ზე მეტ ქვეყანაში მოხალისეებად მსახურობს. ისინი თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მორმონის წიგნის ჭეშმარიტების შესახებ მოწმობას და იმის გაზიარებას, რომ ის იესო ქრისტეზე მოწმობს.
ამ წლის ივნისში, მისიის ახალი ხელმძღვანელებისთვის ბოლოს ჩატარებულ სემინარზე, ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ .მ. ნელსონმა, გაგვიზიარა თავისი ძლიერი დამოწმება მორმონის წიგნის შესახებ: „მორმონის წიგნი … ღვთის სიტყვაა. ის გვასწავლის ქრისტეს სწავლებას და უფრო მეტად გვიხსნის მხსნელის გამოსყიდვის შესახებ, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნი“.
მსურს შემოგთავაზოთ სამი რამ, რაც შეიძლება დაგეხმაროთ იესო ქრისტესკენ მოქცევაში მორმონის წიგნის შესწავლის მეშვეობით:
1. ყოველ დღე ბეჯითად და თანმიმდევრულად შეისწავლეთ იგი.
ისევე, როგორც ალმა და მოსიას შვილები, ჩვენც უნდა „ბეჯითად [ვიკვლიოთ] წმინდა წერილი, რათა [ვიცოდეთ] ღვთის სიტყვა“ და უფრო განმტკიცებულნი ვიყოთ] ჭეშმარიტების ცოდნაში (ალმა 17:2).
ჯორჯიის შტატში, ატლანტის მისიაში მსახურების დროს, მე და ჩემი მეუღლე ვაგულიანებდით ყოველ მისიონერს, სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში მორმონის წიგნი შეესწავლათ. ამ ვალდებულებამ ჩვენი რწმენა გაზარდა და დაგვეხმარა, გვეწამა სასწაულები.
შესაძლოა მისიის შემდეგ ჩვენ არ გვქონდეს ამდენი დრო წმინდა წერილის ყოველდღიური სწავლისთვის, მაგრამ მე გპირდებით: თუ თქვენ გულწრფელად გადაწყვეტთ, რომ მორმონის წიგნის ლოცვით შესწავლა თქვენი ყოველდღიური პრიორიტეტი გახდება, თქვენ უფრო ძლიერ სულიერ ძალასა და თავდაჯერებულობას შეიძენთ უფლისა და მისი დაპირებების მიმართ.
2. შესძინეთ თქვენს სწავლას მეტი აზრი ქრისტეს სიტყვებით ნადიმით.
ნეფი გვასწავლიდა: „ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ“ (2 ნეფი 32:3).
ნადიმი ნიშნავს უბრალო კითხვაზე მეტს –ეს ნიშნავს დაგემოვნებას, ფიქრსა და გამოყენებას. მორმონის წიგნის სწავლისას დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გახადოთ წმინდა წერილის შესწავლა უფრო აზრიანი. მაგალითად:
-
გამოიყენეთ სასწავლო დამხმარეები, რომლებიც სახარების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.
-
იპოვეთ მარადიული ჭეშმარიტებები, რომლებიც გვეხმარება ღვთის გეგმის წვდომაში და მამაზეციერთან აღთქმების დადებისკენ და დაცვისკენ მივყავართ.
-
მონიშნეთ მნიშვნელოვანი ფრაზები და ჩაიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ რა ისწავლეთ სწავლის პროცესში.
მორმონის წიგნს აქვს თქვენი სულის შეკითხვებზე პასუხის გაცემის ძალა. როგორც ნეფიმ თქვა: „ყოველ წმინდა წერილს ვუსადაგებდი ჩვენ თავს, რომ ყოფილიყო ჩვენთვის სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი“ (1 ნეფი 19:23).
როცა ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, ისინი გაგვიხსნიან გამოცხადების კარს და გვიჩვენებენ, რა უნდა ვაკეთოთ სხვადასხვა ვითარებაში, რათა უფრო ახლოს მივიდეთ უფალთან.
3. გაუზიარეთ სხვებს თქვენი მოწმობა მორმონის წიგნის ჭეშმარიტების შესახებ.
ზუსტად როგორც ლეხიმ მოინდომა თავის ოჯახთან ხის ნაყოფის გაზიარება (იხ. 1 ნეფი 8:12), როცა მორმონის წიგნის შესახებ მოწმობა გვექნება, ჩვენც უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, გავუზიაროთ სხვებს სიხარული, რომელიც იესო ქრისტეს სახარების ცოდნას მოაქვს.
ერთ-ერთმა ჩვენმა მისიონერმა, და ბენსონმა, რომელიც დღეს ამ სესიას ესწრება, თავისი უმცროსი ძმის დახმარების სურვილი გამიზიარა. იმ დროს ის კოლეჯში შესასვლელად ემზადებოდა და მისიაში მსახურება მის გეგმებში არ შედიოდა. მე ვიგრძენი, რომ უნდა მეთქვა და ბენსონისთვივის, მისიის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მორმონის წიგნი წაეკითხა, საყვარელი ამონარიდები მოენიშნა და შემდეგ თავისი ძმისთვის გადაეგზავნა.
და ბენსონმა ძმას თავისი ხელით მონიშნული მორმონის წიგნი გადაუგზავნა და სთხოვა, ყოველ საღამო წაეკითხა იგი. მოგვიანებით მან გამიზიარა: „მისიამდე ჩემი ძმა არ იყო დარწმუნებული, რომ სრული დროის მისიაში მსახურება სურდა. ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, მორმონის წიგნის კითხვისას, მან ცხოვრებაში უფრო და უფრო მეტი სიხარული შენიშნა და მისიაში მსახურებაზე ფიქრი დაიწყო.
და ბენსონის მისიის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, მისმა ძმამ მისიაში მოწოდება მიიღო. ის ახლა მექსიკაში, ტუქსტია გუტიერესის მისიაში მსახურობს. მორმონის წიგნის მეშვეობით უხუცესმა ბენსონმა თავისი ცხოვრების სულიერი ლანდშაფტი შეიცნო, რის გამოც მას უფლის მსახურების სურვილი გაუჩნდა და დაიჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. ეს გადაწყვეტილება სასწაულია და ის ქრისტეს სიტყვების გავლენის ძალით მოხდა.
დებო და ძმებო, ყველას მოგიწოდებთ, გააღრმაოთ მორმონის წიგნის შესწავლა. მე ვიცი, რომ როცა მორმინის წიგნში ჩაწერილი ქრისტეს სიტყვებით ვნადიმობთ, სულიწმინდა დაგვეხმარება მარადიული ჭეშმარიტებების წვდომაში და ჩვენი მოწმობების თავდაჯერებულად გაზიარებაში მათთვის, ვინც უფალმა თავისი გზავნილის მოსასმენად მოამზადა. უფალმა გვასწავლა: „ჩემს რჩეულებს ესმით ჩემი ხმა და გულს არ იქვავებენ“ (მოძღვრება და აღთქმები 29:7). მე ვმოწმობ, რომ ვინც რწმენით სთხოვს ღმერთს, სულიწმინდის ძალით მიიღებს მორმონის წიგნის ჭეშმარიტებისა და ღვთიურობის მოწმობას. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.