გენერალური კონფერენცია
ცხვრების გახსენება
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


12:14

ცხვრების გახსენება

დათვლისა და აღრიცხვის პრინციპი ნამდვილად მუშაობს. ეს არის უფლის მეთოდი.

ქრისტე არის მწყემსი კეთილი. სამწყსოს თითოეული წევრი მისთვის ძვირფასია. მან მწყემსობის ნიმუში მოგვცა და სიტყვითა და საქმით გვასწავლა კეთილი მწყემსის თვისებები, მათ შორის საკუთარი ცხვრების სახელით ცნობა, მათი სიყვარული, დაკარგულთა პოვნა, გამოკვება და საბოლოოდ, მათი წინ გაძღოლა სახლში დასაბრუნებლად. ის ჩვენგანაც მოელის, რომ მისი ქვემწყემსებივით ვიმოქმედოთ.

უფლის გზით მსახურების შესახებ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია უძველესი წინასწარმეტყველისა და გამორჩეული მწყემსისგან, მორონისგან. ის ძალიან რთულ პერიოდში ცხოვრობდა, არ ჰქონდა მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და ინტერნეტის უპირატესობები. თუმცა, მან მოახერხა ცხვრებზე თვალყურის დევნება. როგორ შეძლო ეს? უფლის მეთოდოლოგიას შეგვიძლია გავეცნოთ მორონის მე-6 თავში, სადაც ვკითხულობთ, რომ წევრები „ითვლებოდნენ ქრისტეს ეკლესიის ხალხს შორის; და მათ სახელებს იწერდნენ, რომ დაემახსოვრებინათ და ღმერთის კეთილი სიტყვით გამოეკვებათ, რათა სწორ გზაზე დარჩენილიყვნენ. … და ეკლესია „ხშირად იკრიბებოდა ერთად, რათა ემარხულათ, ელოცათ და ერთმანეთთან ესაუბრათ თავიანთი სულების კეთილდღეობაზე“ (მორონი 6:4–5).

მორონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანები — სახელები! ის იყენებდა დათვლისა და აღრიცხვის პრინციპს, რათა ყველა დაემახსოვრებინათ. ყველას, ვინც იტანჯებოდა, ან ვისაც გზიდან გადაეხვია, ყურადღებას აქცევდნენ, რაც წმინდანებს საშუალებას აძლევდა, საბჭოებზე მათი კეთილდღეობის შესახებ ემსჯელათ. ისევე, როგორც მწყემსი, რომელმაც ოთხმოცდაცხრამეტი მიატოვა (დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოდ და უვნებლად) და დაკარგულის ძებნა დაიწყო (იხ. ლუკა 15:4–7), ჩვენც მოგვეთხოვება, რომ ისევე ყურადღებით ვიყოთ ჩვენი სამწყსოს მიმართ - შევამჩნიოთ, გვახსოვდეს, წავიდეთ და მწყემსის მსგავსად მოვიქცეთ.

ინდოეთში მისიის ხელმძღვანელად ყოფნისას მახსოვს, მრევლის ახალგაზრდა პრეზიდენტს მომავალი წლის ზოგიერთი მიზნის შესახებ ვკითხე: „რამდენ მამაკაცს მოამზადებთ მელქიცედეკის მღვდლობის მისაღებად?“ მან მყისიერად მიპასუხა: „შვიდს!“

ვფიქრობდი, საიდან მოიტანა მან ეს კონკრეტული რიცხვი? სანამ პასუხს გავცემდი, მან ფურცელი გამომიწოდა, რომელზეც ერთიდან შვიდამდე რიცხვები ეწერა. პირველ ხუთი სტრიქონი სახელებისგან შედგებოდა — რეალური ადამიანების, რომლებსაც ის და მისი უხუცესთა ქვორუმი მოიწვევდნენ და წაახალისებდნენ, რომ ცხოვრებაში მღვდლობის კურთხევა ჰქონოდათ. რა თქმა უნდა, მეექვსე და მეშვიდე ცარიელი ხაზების შესახებ უნდა მეკითხა. „ო, პრეზიდენტო,“ თქვა მან დაგულისხმებით თავის გაქნევით, „წლის დასაწყისში აუცილებლად მოვნათლავთ სულ მცირე ორ კაცს, რომლებსაც წლის ბოლომდე მღვდლობა მიენიჭებათ.“ ამ შესანიშნავმა ხელმძღვანელმა კარგად იცოდა დათვლისა და აღრიცხვის პრინციპები.

ქრისტემ თავისი ეკლესია ისე მოაწყო, რომ ერთი სულის დავიწყებაც ძნელი უნდა იყოს, რადგან მისთვის ყველა ძვირფასია. მეურვეობაში ყველა ადამიანს, ასაკისა და სქესის მიუხედავად, ჰყავს მრავალი მზრუნველი - მწყემსი - რომლებსაც ევალებათ მათზე ზრუნვა ისე, რომ ისინი ახსოვდეთ. მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევალება ეპისკოპოსს, მზრუნველ ძმებს, ახალგაზრდა ზრდასრულების მრჩევლებს, სემინარიის მასწავლებლებს, ქვორუმის პრეზიდენტობებსა და კიდევ სხვებს, რომლებიც უსაფრთხოების ბადის როლს ასრულებენ და მტკიცედ არიან გაბმულები ამ ახალგაზრდის ქვეშ, რათა მისი დაცემის შემთხვევაში იგი დაიჭირონ. ერთი ბადეც კი თუ სწორადაა განთავსებული, ეს ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხოდ იქნება, შეამჩნევენ და გაახსენდებათ. და მაინც, ხშირად თავის ადგილზე არავითარი ბადე არაა გაშლილი. ადამიანები ხშირად იკარგებიან ნისლში და მათ ვერავინ ამჩნევს. როგორ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესი მწყემსები? ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ დათვლა და აღრიცხვა.

ეკლესია გვაწვდის ანგარიშებსა და შესაბამის ინსტრუმენტებს სწორედ ამისთვის, რომ გვახსოვდეს. კვარტალური ანგარიში ამის ნათელი მაგალითია. ეს საშუალებას გვაძლევს, რამდენჯერმე დავთვალოთ და აღვრიცხოთ თითოეული წევრი და შევამჩნიოთ ისინი, ვინც უკვალოდ იკარგება ან ჩვენი დახმარება და სიყვარული სჭირდება. მოქმედებებისა და გასაუბრებების ჩამონათვალი განსაზღვრავს იმ პიროვნებებს, ვისაც ახლა ჩვენი ყურადღება სჭირდებათ, იგივე შეიძლება ითქვას სატაძრო რეკომენდაციის სტატუსის ანგარიშზე და ა.შ. ეს დათვლისა და აღრიცხვის ინსტრუმენტები ადამიანებზე გვამახვილებინებს ყურადღებას. ვის სჭირდება მოწოდება, სამღვდელოებაში წინსვლა ან დახმარება ოჯახური სახელის ტაძარში წარსადგენად? ვის შეგვიძლია დავეხმაროთ სრული დროის მისიისთვის მომზადებაში? ვინ დაიკარგა ამ თვეში? აღნიშნული ინსტრუმენტები გვეხმარება ამ ადამიანების გახსენებაში.

მე ვიცნობდი ერთ ოჯახს ამერიკიდან, რომელმაც აფრიკაში შესასრულებელი დავალება მიიღო. პირველივე კვირა დღეს ისინი ქვეყანაში ერთადერთ საეკლესიო დანაყოფში შევიდნენ, სადაც მათ ენთუზიაზმით დახვდნენ. დილის ბოლოს კი, მისი მეუღლე მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტად მოიხმეს, თავად კი - ახალგაზრდა მამაკაცების ხელმძღვანელად! მან გადაღლილი გამომეტყველების მქონე მრევლის პრეზიდენტს ჰკითხა, რამდენი ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავდათ. ამ ერთგულმა, პირველი თაობის ხელმძღვანელმა ზიარების დარბაზის უკანა მხარეს მიუთითა და თქვა: „აი, ის ორნი არიან.“ მამაკაცი შესაბამისად სკეპტიკურად იყო განწყობილი, ამიტომ მრევლის სია სახლში წაიღო და სწრაფად შენიშნა, რომ სიაში სინამდვილეში 20 ახალგაზრდა იყო. ის მრევლის პრეზიდენტთან დაბრუნდა და მოითხოვა, რომ ორ დინამიურ, ორენოვან ახალგაზრდას მის მრჩევლებადემსახურათ, შემდეგ კი მათთან და ორ ბიჭთან ერთად დაჯდა წევრების სახელების განსახილველად.

შემდეგ ეს გულმოდგინე ახალგაზრდები საქმეს შეუდგნენ. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ სიაში მითითებული ყველა ბიჭი იპოვეს. სათითაოდ, სახელის მიხედვით, ეს დაკარგული ცხვრები თანატოლებმა დააბრუნეს და სულიერად და ფიზიკურად გამოკვებეს! ერთი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კვირა დღეს, საშუალოდ 21 ახალგაზრდა მამაკაცი ესწრებოდა. მადლობა ღმერთს ამ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, რომლებმაც დაითვალეს და აღრიცხეს.

ჩემი ერთ-ერთი ძვირფასი მეგობარი, ახალგაზრდა კურსდამთავრებული სტუდენტის ასაკში, ოჯახთან ერთად ამერიკის დიდ ქალაქში გადავიდა განათლების გასაგრძელებლად. ის მაშინვე უხუცესთა ქვორუმის თავმჯდომარედ მოიხმეს. პალოს პრეზიდენტთან პირველი გასაუბრების გამო ცოტა ნერვიულობდა, ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, მომზადებული წასულიყო. მან პალოს პრეზიდენტს უთხრა, რომ მომავალი წლისთვის სამი მიზანი ჰქონდა: (1) 90 პროცენტიანი მზრუნველობა, (2) ყოველკვირეული ძირითადი სახარებისეული გაკვეთილი და (3) ყოველთვიურად კარგად დაგეგმილი ქვორუმის ღონისძიება.

ჩემს მეგობარს ამ ბრძენმა პალოს პრეზიდენტმა ღიმილით ჰკითხა: „შეგიძლიათ დაასახელოთ ქვორუმის ნაკლებად აქტიური წევრი, რომელსაც წელს თავის ოჯახთან ერთად ტაძარში მოხვედრაში დაეხმარებით?“ ჩემი მეგობარი ამას არ ელოდა. იგი კარგად დაფიქრდა და ერთი სახელი მოიფიქრა. „ჩაიწერე“, – უთხრა პალოს პრეზიდენტმა. შემდეგ ამ გამოცდილმა ხელმძღვანელმა იგივე კითხვა კიდევ სამჯერ დასვა … და გასაუბრება დასრულდა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი გასაუბრებიდან გამოვიდა ხელმძღვანელობისა და მსახურების შესახებ ერთ-ერთი უდიდესი გაკვეთილის მიღებით. ის გასაუბრებაზე პროგრამებით, გაკვეთილებითა და ღონისძიებებით შევიდა. გამოვიდაკი სახელებით! ეს ოთხი სახელი შემდგომში მისი მსახურების და ქვორუმის მთავარი საზრუნავი გახდა.

როგორც მისიის ხელმძღვანელი, ერთ კვირა დილას ჩემს ერთ-ერთ სამრევლოს ვესტუმრე. შევნიშნე, რომ მრევლის პრეზიდენტი ჯიბიდან ბარათს იღებდა და იწერდა. გადავწყვიტე, დასკვნითი ლოცვის შემდეგ მისთვის ამის შესახებ მეკითხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ და სანამ ბარათის შესახებ მოვიკითხავდი, მრევლის მისიის ხელმძღვანელი სცენისკენ სწრაფად გაემართა, სადაც მას ეს ფურცელი გადასცეს. ამ ენთუზიაზმით აღსავსე ხელმძღვანელს სწრაფად გავყევი მისი მრევლის მისიონერთა ყოველკვირეულ საკოორდინაციო შეხვედრაზე. სანამ დაიწყებდნენ, მან ფურცელი ჯიბიდან ამოიღო. ის სავსე იყო იმ წევრების სახელებით, რომლებიც ზიარების შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთში საბჭოს თითოეულმა წევრმა ერთი ან ორი სახელი აირჩია და იკისრა ვალდებულება, რომ იმავე დღესვე მოენახულებინა ისინი, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ კარგად იყვნენ და მათთვის ეთქვათ, რომ ენატრებოდათ. სწორედ, ეს არის დათვლა და აღრიცხვა.

მახსოვს ერთი ოლქი, უახლოესი ტაძრიდან თვითმფრინავით საათების მანძილზე იყო, სადაც მოქმედი რეკომენდაციის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას, სავარაუდოდ, არასდროს გამოიყენებდნენ. ყოველი თვის პირველ კვირას, ხელმძღვანელები თავიანთი დათვლის ინსტრუმენტებით აღრიცხავდნენ შემოსილი წევრების რაოდენობას. თუ აღმოაჩენდნენ, რომ რეკომენდაციის ვადა მალე იწურებოდა, აღმასრულებელი მდივანი დანიშნავდა განახლების გასაუბრებას. ვადაგასული რეკომენდაციის მქონე ადამიანებს კონსულტაციას უწევდნენ, შემდეგ კი დახმარებას სთავაზობდნენ აღთქმის გზაზე დასაბრუნებლად. ვკითხე, რამდენ შემოსილ წევრს ჰქონდა მოქმედი რეკომენდაცია. პასუხი იყო გასაოცარი: 98.6 პროცენტი. როდესაც ხელმძღვანელებს ჰკითხეს იმ ექვსი ადამიანის შესახებ, რომელთა რეკომენდაციების ვადაც გასული იყო, მათ შეძლეს მათი სახელებით იდენტიფიცირება და ჩემთვის ახსნა, თუ რა ძალისხმევა იხარჯებოდა მათ დასაბრუნებლად!

რამდენიმე წლის წინ ჩემი ოჯახი შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად დაბრუნდა. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით იმ შესაძლებლობით, რომ პატარა, შედარებით იზოლირებულ დანაყოფებში გატარებული 26 საოცარი წლის შემდეგ აქ შეგვეძლო ეკლესიაში მისვლა. მე მეურვეობის მისიონერად მომიხმეს. ჩვენ გვყავდა შესანიშნავი მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი და ვაკეთებდით საინტერესო საქმეებს და ვასწავლიდით შესანიშნავ ადამიანებს. ვთხოვე, დავსწრებოდი სამეურვეო საბჭოს სხდომას, რათა დამკვირვებელი ვყოფილიყავი და ჩვენს მეგობრებთან მუშაობაში დახმარება მეთხოვა. გამიკვირდა, როდესაც სამეურვეო საბჭო მხოლოდ მომავალი ღონისძიებების განხილვით შემოიფარგლა. შემდეგ გავესაუბრე მეურვეობის მისიის ხელმძღვანელს და ვუთხარი, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაბრუნებულიყო და ჩვენი ხალხის შესახებ ანგარიში წარედგინა. რა მიპასუხა მან? „სამწუხაროდ, მე ანგარიშის წარდგენის საშუალება არასდროს მეძლევა.“

ეს შევადარე პაკისტანის ქალაქ ლაჰორში გამართულ სამრევლოს საბჭოს შეხვედრას, რომელსაც სულ რამდენიმე კვირის წინ დავესწარი. ეს პატარა ჯგუფი პატარა მაგიდის გარშემო იჯდა და მხოლოდ ადამიანებზე საუბრობდა. სახელებზე. თითოეულმა ხელმძღვანელმა თავისი მმართველობის მოხსენება გააკეთა, ასევე იმ პირებისა და ოჯახების შესახებ, რომლებზეც ზრუნავდა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა საკუთარი მოსაზრებები განსახილველი ადამიანების კურთხევის საუკეთესო გზებზე. შედგა გეგმები და გაიცა დავალებები. რა ბრწყინვალე გაკვეთილია ჩვენი პირველი თაობის ძმებისა და დების მიერ სახელებით დათვლისა და აღრიცხვის შესახებ.

იესო ქრისტეს ეკლესიაში, წარსულში არსებული და მოქმედი წინასწარმეტყველები მიგვითითებენ და ჩვენი მხსნელის მიერ დადგენილი ნიმუში გვასწავლის, თუ როგორ ვიზრუნოთ სხვებზე. ჩვენ ვიწერთ სახელებს, ჩვენ გვახსოვს და ვმსჯელობთ სულების კეთილდღეობაზე. ხელმძღვანელებს, რომლებიც ამას აკეთებენ, არასდროს გამოელევათ დღის წესრიგის საკითხები საბჭოს სხდომებზე! დათვლისა და აღრიცხვის პრინციპი ნამდვილად მუშაობს. ეს არის უფლის მეთოდი. ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ საკუთარი ძალისხმევა. ღმერთისთვის, რომელმაც შექმნა სამყარო და მართავს ყველაფერს, ეს საქმე —ღვთის საქმე და დიდება — ძალიან პირადულია. და ასევე უნდა იყოს ყოველი ჩვენგანისთვისაც, როგორც უფლის ხელში არსებული ინსტრუმენტებისთვის, მისი ხსნისა და ამაღლების საოცარი საქმის შესრულებისას. შედეგად, რეალური ადამიანების ცხოვრებაში სასწაულები მოხდება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.