უბრალოება ქრისტეში
ქრისტეს სწავლების გამოყენება გამარტივებული და ფოკუსირებული ხერხით დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულის პოვნაში.
1. შესავალი
ოცდაცამეტი წლის წინ მე მივიღე მოწოდება, მემსახურა იუტას ოგდენის მისიაში. რა თქმა უნდა, ევროპიდან ჩამოსულისთვის, იუტას ტრადიციები, მაგალითად „მწვანე ჟელე სტაფილოთი“ და „ქელეხის კარტოფილი“ ცოტა უცნაური იყო ჩემთვის.
თუმცა, ძალიან შთამბეჭდავი იყო მრავალი წმინდანის ერთგულება და მოწაფეობა, ეკლესიის შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების დიდი რაოდენობა და სრულად მოქმედი ეკლესიის პროგრამების მასშტაბი. ჩემი მისიის ამოწურვის შემდეგ მსურდა, რომ ის სიხარული, სულიერი ძალა და სიმწიფე, რისი მოწმეც გავხდი, ჩემს მომავალ ოჯახშიც ყოფილიყო. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შინ დაბრუნებისას სწრაფად დავუბრუნდებოდი ჩემს ცხოვრებას „მარადიული გორაკების ჩრდილში“.
თუმცა, უფალს სხვა გეგმები ჰქონდა. შინ დაბრუნებისას, პირველივე კვირას, ჩემმა ბრძენმა ეპისკოპოსმა მომიხმო, ახალგაზრდა მამაკაცების პრეზიდენტად მემსახურა ჩემს მეურვეობაში. ამ შესანიშნავი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის მსახურებისას მე მალევე შევიტყვე, რომ იესო ქრისტეს მოწაფეობისგან გამომდინარე სიხარული კავშირში არ არის ეკლესიის შეხვედრებისა თუ პროგრამების მასშტაბებთან.
ასე რომ, როცა ჩემი მშვენიერი მარგარეტი შევირთე ცოლად, ჩვენ სიხარულით გადავწყიტეთ ევროპაში დარჩენა და ჩვენს მშობლიურ გერმანიაში ოჯახის აღზრდა. ჩვენ ერთად გავხდით მოწმენი იმისა, რაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა მრავალი წლის წინ: „სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს“. როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ მოწაფეობის სრული სიხარული, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ.
2. უბრალოება, რომელიც ქრისტეშია
თუმცა, როგორ შეგვიძლია სამყაროში, რომელიც სულ უფრო და უფრო საერო, რთული და დამაბნეველი ხდება, განსხვავებული და ხშირად წინააღმდეგობრივი გზავნილებითა და მოთხოვნებით, არ დავიბრმავოთ თვალები და არ გავიქვავოთ გული და დავრჩეთ იესო ქრისტეს სახარების „ნათელ და ძვირფას [საქმეებზე]“ ფოკუსირებულნი? არეულობის ჟამს მოციქულმა პავლემ კორინთელ წმინდანებს დიდებული რჩევა მისცა, შეახსენა რა, რომ ყოფილიყვნენ ფოკუსირებულნი „უბრალოება[ზე[ ქრისტეში“.
ქრისტეს სწავლება და სახარების კანონი იმდენად მარტივია, რომ პატარა ბავშვებსაც კი ესმით ისინი. ჩვენ შეგვიძლია ვიქონიოთ წვდომა იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე და მივიღოთ მამაზეციერის ყველა სულიერი კურთხევა, რომელნიც მან მოამზადა ჩვენთვის. ამისთვის საჭიროა იესო ქრისტეში რწმენის გამოვლენა, მონანიება, ნათლობა, სულიწმინდის მეშვეობით განწმენდა და ბოლომდე გაძლება. პრეზიდენტმა ნელსონმა ძალიან ლამაზად აღწერა ეს მოგზაურობა, როგორც „აღთქმის გზა“ და „იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეობა“.
თუ ეს გზავნილი ასე მარტივია, რატომ არის ზოგჯერ ასე რთული ქრისტეს კანონით ცხოვრება და მისი მაგილითის მიბაძვა? შესაძლოა იმის გამო, რომ ამ უბრალოებას ზოგჯერ არასწორად აღვიქვამთ, როგორც ადვილად, ძალისხმევისა და სიბეჯითის გარეშე მისაღწევს. ქრისტეს კვალზე სიარული მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და უწყვეტ ცვლილებებს. ჩვენ უნდა „[დავთმოთ ხორციელი ადამიანი და გავხდეთ, როგორც პატარა ბავშვი]“. ეს მოიცავს „[უფლის ნდობას]“ და სირთულისგან გათავისუფლებას, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვები. ქრისტეს სწავლების გამოყენება გამარტივებული და ფოკუსირებული ხერხით დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარულის პოვნაში, გვიხელმძღვანელებს ჩვენს მოწოდებებში, უპასუხებს ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებს და მოგვცემს უდიდესი გამოწვევების გადალახვის ძალას.
მაგრამ როგორ შეგვიძლია ცხოვრების მანძილზე პრაქტიკაში გამოვიყენოთ ეს უბრალოება ჩვენს მოგზაურობაში, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა? პრეზიდენტმა ნელსონმა შეგვახსენა, რომ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი „წმინდა ჭეშმარიტებაზე, წმინდა დოქტრინაზე და წმინდა გამოცხადებაზე“, როცა ვეძიებთ მხსნელის კვალზე სიარულს. როცა რეგულარულად ვსვამთ კითხვას: „უფალი იესო ქრისტე რას ისურვებდა ჩემგან?“, ჩვენ სწორ მიმართულებას ვიღებთ. მისი მაგალითის მიბაძვა უზრუნველყოფს უსაფრთხო გზას გაურკვევლობაში და მოსიყვარულე ხელს, რომელსაც ყოველდღიურად სწორი მიმართლებისკენ მივყავართ. იგი არის მთავარი მშვიდობისა და მწყემსი კეთილი. იგი ჩვენი ნუგეშისცემელი და გამომსყიდველია. იგი ჩვენი კლდე და გამომსყიდველია. ის არის მეგობარი–თქვენი და ჩემი! იგი გვიწვევს, შევიყვაროთ ღმერთი, დავიცვათ მისი მცნებები და გვიყვარდეს მოყვასი.
როცა ვირჩევთ, მივბაძოთ უფლის მაგალითს და წინ ვიაროთ ქრისტეში რწმენით, მივიღოთ მისი გამოსყიდვის ძალა და გვახსოვდეს ჩვენი აღთქმები, ჩვენ გული სიყვარულით გვევსება, იმედი და განკურნება აგვიმაღლებს სულს, სიმწარესა და გულისტკენას კი მადლიერება და მოთმინება ჩაანაცვლებს დაპირებული კურთხევების მისაღებად. ზოგჯერ შესაძლოა დაგვჭირდეს არაჯანსაღი სიტუაციისგან განრიდება ან პროფესიონალის დახმარების ძიება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახარების უბრალო პრინციპების გამოყენება დაგვეხმარება ამ ცხოვრებისეული გამოწვევების გამკვლავებაში უფლის გზით.
ზოგჯერ ჩვენ არასაკმარისად ვაფასებთ ძალას, რომელსაც ვიღებთ ისეთი მარტივი ქმედებებიდან, როგორიცაა ლოცვა, მარხვა, წმინდა წერილის შესწავლა, ყოველდღიური მონანიება, ყოველკვირეული ზიარების მიღება და უფლის სახლში ღვთის რეგულარული თაყვანისცემა. მაგრამ როცა ვიაზრებთ, რომ არ არის საჭირო, ვაკეთოთ „საძნელო რამე“ და ფოკუსირებას ვახდენთ სუფთა და უბრალო სწავლებაზე, ჩვენ ვიხილავთ, თუ როგორ „საოცრად მუშაობს“ სახარება ჩვენთვის, ყველაზე გამომწვევ ვითარებაშიც კი. ჩვენ ვპოულობთ ძალასა და „დაჯერება[ს] ღმერთის გარემოცვაში“, მაშინაც კი, როცა გულნატკენნი ვართ. უხუცესმა რასელ მ. ბალარდმა არაერთხელ შეგვახსენა, რომ „ზუსტად ამ უბრალოებაში ვპოულობთ … სიმშვიდეს, სიხარულსა და ბედნიერებას“.
ქრისტესმიერი უბრალოების გამოყენება გვეხმარება, ადამიანები პროცესებზე მაღლა, მარადიული ურთიერთობები კი – მოკლევადიან საქციელზე ზემოთ დავაყენოთ. ჩვენ ვახდენთ ფოკუსირებას იმაზე, რაც „ყველაზე მნიშვნელოვანია“ ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმეში და არა იმაზე, რომ ჩვენი მზრუნველობის გეგმა შევასრულოთ. ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, უპირატესობა მივანიჭოთ იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და არ ვითრგუნებით იმის გამო, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. უფალი გვახსენებს: „ნუ იქნებით დაღონებული სიკეთის კეთებისას, ვინაიდან საფუძველს უყრით დიად საქმეს. და პატარა საქმეებით ხორციელდება ის, რაც არის დიადი“. რაოდენ ძლიერი შეგონებაა, ვიმოქმედოთ მარტივად და თავმდაბლობით, რა ვითარებაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.
3. ომა სიესლა
ჩემი ბებია, მართა სიესლა, იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება „პატარა და უბრალო საქმეებით“ დიადი საქმე. ჩვენ მას სიყვარულით ომა სიესლას ვეძახდით. ომამ სახარება 1926 წლის 30 მაისს, აღმოსავლეთ პრუსიაში, პატარა სოფელ სელბონგენში, ჩემს დიდ ბებიასთან ერთად მიიღო.
მართა სიესლა (მარჯვნივ) ნათლობის დღეს.
მას უყვარდა უფალი და მისი სახარება და გადაწყვეტილი ჰქონდა, დადებული აღთქმები დაეცვა. 1930 წელს იგი ცოლად ჩემს პაპას გაჰყვა, რომელიც ეკლესიის წევრი არ იყო. იმ დროს ომასთვის შეუძლებელი გახდა ეკლესიის შეკრებებზე სიარული, რადგან პაპაჩემის ფერმა ჩვენი უახლოესი სამრევლოდან ძალიან შორს იყო. მაგრამ ის ფოკუსირებული იყო იმაზე, რისი გაკეთებაც შეეძლო. ომამ გააგრძელა ლოცვა, წმინდა წერილის წაკითხვა და სიონის სიმღერების გალობა.
შესაძლოა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ომა აღარ იყო აქტიური რწმენაში, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. როცა ჩემი მამიდა და მამა დაიბადნენ, მას არ ჰყავდა სახლში მღვდლობის წარმომადგენელი, არც საეკლესიო შეკრებები ტარდებოდა შორიახლოს და არც წეს-ჩვეულებები, მაგრამ კვლავ – ის აკეთებდა იმას, რაც შეეძლო და ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ შვილებისთვის „ლოცვა და უფლის წინაშე წელგამართული სიარული“ ესწავლებინა. ის მათ წმინდა წერილს უკითხავდა, ისინი სიონის სიმღერებს მღეროდნენ და რა თქმა უნდა, მათთან ერთად ლოცულობდა – ყოველ დღე. 100 პროცენტით ოჯახზე ორიენტირებული ეკლესია.
1945 წელს პაპაჩემი სახლიდან შორს, ომში იყო. როცა მათ ფერმას მტერი მიუახლოვდა, ომამ, ორ პატარა შვილთან ერთად, თავისი საყვარელი ფერმა დატოვა და უფრო უსაფრთხო ადგილის ძებნა დაიწყო. რთული და სიცოცხლისთვის სახიფათო მოგზაურობისას მათ, როგორც იქნა, 1945 წლის მაისში ჩრდილო გერმანიაში იპოვეს თავშესაფარი. მათ არაფერი გააჩნდათ, გარდა იმისა, რაც ტანთ ეცვათ. მაგრამ ომამ გააგრძელა იმის კეთება, რაც შეეძლო - ის შვილებთან ერთად ყოველდღიურად ლოცულობდა. ის მათთან ყოველ დღე სიონის სიმღერებს მღეროდა, რომლებიც დაზეპირებული ჰქონდა.
ცხოვრება უკიდურესად მძიმე იყო და მრავალი წლის განმავლობაში ძირითადი ყურადღება საკვებზე იყო გადატანილი. მაგრამ 1955 წელს მამაჩემი, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, რენდსბურგის სავაჭრო სკოლაში მიდიოდა. მან შენობას ჩაუარა, რომელზედაც პატარა აბრა შენიშნა: “Kirche Jesu Christi der Heiligen der Letzten Tage”— „უკანსკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია“. მან გაიფიქრა: „საინტერესოა, ეს დედაჩემის ეკლესიაა“. ასე რომ, შინ მისვლისას მან უთხრა ომას, რომ მისი ეკლესია იპოვა.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა ის ეკლესიასთან თითქმის 25 წლიანი უკონტაქტობის შემდეგ. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მომავალ კვირას ეკლესიაში წავიდოდა და მამაჩემიც დაარწმუნა, რომ წამოსულიყო. რენდსბურგი ჩვენი სოფლიდან 20 მილზე (32 კმ) მეტი მანძილით იყო დაშორებული. მაგრამ ეს ომას ეკლესიაში სიარულისგან არ შეაჩერებდა. მომდევნო კვირას ის, მამაჩემთან ერთად, ველოსიპედით გაეშურა ეკლესიისკენ.
ზიარების შეკრება რომ დაიწყო, მამაჩემი ბოლო რიგში იჯდა და იმედოვნებდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. ეს ხომ ომას და არა მისი ეკლესია იყო. რაც მან იხილა, არცთუ ისე შთამბეჭდავი იყო: სულ რამდენიმე მოხუცი ქალბატონი და ორი ახალგაზრდა მისიონერი, რომლებიც შეკრებას სრულად უძღვებოდნენ. მაგრამ შემდეგ მათ გალობა დაიწყეს და ეს იყო სიონის სიმღერები, რომლებიც მამაჩემს ბავშვობიდან ესმოდა: „მოდით, მოდით წმინდანებო“, „მამაო ჩვენო“, „ლოცვა-დიდება ადამიანს“. ამ პატარა სამწყსოს მიერ შესრულებული სიონის სიმღერები, რომლებიც მამაჩემს ბავშვობიდან ესმოდა, მას გულში ჩასწვდა და მან ყოველგვარი ეჭვის გარეშე იცოდა, რომ ეკლესია ჭეშმარიტი იყო.
ზიარების პირველი შეკრება, რომელსაც ბებიაჩემი 25 წლის შემდეგ პირველად დაესწრო, იყო შეკრება, რომელზეც მამაჩემმა მიიღო პირადი დასტური იმისა, რომ იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია ჭეშმარიტია. ის სამი კვირის შემდეგ, 1955 წლის 25 სექტემბერს მოინათლა, პაპაჩემთან და მამიდაჩემთან ერთად.
70 წელზე მეტი დრო გავიდა რენდსბურგში იმ პატარა ზიარების შეკრებიდან. ხშირად ვფიქრობ ომაზე, როგორ გრძნობდა თავს ღამღამობით, როცა პატარა და უბრალო საქმეებს აკეთებდა, იმას, რაც მას შეეძლო – ლოცვა, კითხვა და სიმღერა. როცა აქ დღეს, გენერალურ კონფერენციაზე ვდგავარ და ჩემს ომაზე ვსაუბრობ, მისი გადაწყვეტილება – დაიცვას აღთქმები და ჰქონდეს უფლის ნდობა, მიუხედავად სირთულეებისა, გული მადლიერებითა და თავმდაბლობით მევსება, არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენი უამრავი შესანიშნავი წმინდანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც რთულ ვითარებაში ფოკუსირებულნი არიან ქრისტეში უბრალოებაზე, ხედავენ რა უმნიშვნელო ცვლილებას, მაგრამ სწამთ, რომ მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს, დიადი საქმეები განხორციელდება.
პატარა და უბრალო საქმეები
საკუთარი გამოცდილებიდან ვისწავლე, რომ პატარა და უბრალო საქმეებს და ქრისტეზე ერთგულად კონცენტრაციას მივყავართ ჭეშმარიტი სიხარულისკენ, ძლიერი სასწაულებისკენ და დაჯერებისკენ, რომ ყოველი დაპირებული კურთხევა აგვიხდება. ეს ისეთივე ჭეშმარიტია თქვენთვის, როგორც ჩემთვის. უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა თქვა: „ზოგი კურთხევა მალე მოდის, ზოგი გვიან, ზოგი კი მხოლოდ ზეცაში დაგვეწევა; მაგრამ მათთვის, ვინც იესო ქრისტეს სახარება მიიღო, ეს კურთხევები მოვა“. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.