ნუ მიატოვებთ თქვენსავე წყალობას
ადამიანური ნაკლოვანებების მიუხედავად, თქვენ დაუყოვნებლივ გაქვთ წვდომა ღვთაებრივ დახმარებასა და განკურნებაზე.
ერთხელ სკოლის მასწავლებელმა გვასწავლა, რომ ვეშაპი — მიუხედავად მისი ზომისა — ადამიანის გადაყლაპვას ვერ შეძლებდა, რადგან ვეშაპებს პატარა ყელი აქვთ. ერთი გოგონა შეეწინააღმდეგა: „მაგრამ იონა ვეშაპმა გადაყლაპა“. მასწავლებელმა უპასუხა: „ეს შეუძლებელია“. გოგონა მაინც არ უჯერებდა და თქვა: „კარგი, როცა სამოთხეში მივალ, მას ვკითხავ“. მასწავლებელმა დაცინვით ჰკითხა: „რა მოხდება, თუ იონა ცოდვილი იყო და სამოთხეში ვერ შევიდა?“ გოგონამ უპასუხა: „მაშინ შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ.“
ჩვენ ვიცინით, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ის ძალა, რასაც იონას ამბავი სთავაზობს ყოველ „თავმდაბალ ბედნიერების მაძიებელ[ს]“, განსაკუთრებით კი მათ, ვინც განსაცდელშია.
ღმერთმა იონას უბრძანა, „ნინევეში [წასულიყო]“ მონანიების საქადაგებლად. მაგრამ ნინევე ძველი ისრაელის სასტიკი მტერი იყო, ამიტომ იონა მაშინვე ნავით საპირისპირო მიმართულებით, თარშიშისკენ გაემართა. და როცა ის თავის მოწოდებას გაურბოდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც გემი გაანადგურა. იონამ, დარწმუნებული იყო რა, რომ მისი დაუმორჩილებლობაა ამის მიზეზი, თავადვე ითხოვა, რომ წყალში გადაეგდოთ. ეს ამშვიდებს მძვინვარე ზღვას, რაც მის თანამგზავრებს გადაარჩენს.
სასწაულებრივად, იონა სიკვდილს გადაურჩა, როდესაც უფლის მიერ „მომზადებულ[მა]“ „დიდ[მა] თევზ[მა]“ გადაყლაპა. მაგრამ ის სამი დღის განმავლობაში იტანჯებოდა ამ წარმოუდგენლად ბნელ და დამპალ ადგილას, სანამ საბოლოოდ მშრალ მიწაზე არ გადმოაფურთხა [თევზმა]. შემდეგ იგი დათანხმდა თავის მოწოდებას ნინევეში. თუმცა, როცა ქალაქი მოინანიებს და განადგურებას გადაურჩება, იონა მის მტრებზე გამოცხადებულ გულმოწყალობას წყენით შეხვდება. ღმერთი მოთმინებით ასწავლის იონას, რომ მას უყვარს თავისი ყველა შვილი და ცდილობს მათ გადარჩენას.
თავისი მოვალეობების შესრულებისას არაერთხელ წაბორძიკებული იონა ნათელი მოწმობაა იმისა, რომ მიწიერ ცხოვრებაში „ყველა დაცემულია“ ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობთ დაცემის მოწმობაზე. მაგრამ დიდი კურთხევაა მოძღვებისეული გაგების და სულიერი მოწმობის ქონა იმისა, თუ რატომ ებრძვის თითოეული ჩვენგანი მორალურ, ფიზიკურ და სიტუაციურ გამოწვევებს. აქ, დედამიწაზე, იზრდებიან მახინჯი სარეველები, ძლიერი ძვლებიც კი იმსხვრევა და ყველა „მოკლებულია ღმერთის დიდებას.“ მაგრამ ეს მოკვდავი მდგომარეობა - ადამისა და ევას მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი - აუცილებელია ჩვენი არსებობის მიზეზისთვის: „რათა [ჩვენ] გვქონდეს სიხარული“! როგორც ჩვენმა პირველმა მშობლებმა ისწავლეს, მხოლოდ დაცემული სამყაროს სიმწარისა და ტკივილის გასინჯვით შეგვეძლო ჭეშმარიტი ბედნიერების წარმოდგენა, რომ აღარაფერი ვთქვათ მისით ტკბობაზე.
დაცემის მოწმობა არ ამართლებს ცოდვას ან ცხოვრებისეული მოვალეობებისადმი უყურადღებო მიდგომას, რომელიც ყოველთვის მოითხოვს გულმოდგინებას, სათნოებასა და პასუხისმგებლობას. მაგრამ ამან უნდა შეამსუბუქოს ჩვენი იმედგაცრუება, როდესაც რაღაც ისე არ მიდის, როგორც უნდა იყოს, ან როდესაც ოჯახის რომელიმე წევრში, მეგობარში ან ლიდერში მორალურ ნაკლოვანებას ვხედავთ. ძალიან ხშირად ასეთი რამ გვაიძულებს, ჩავიძიროთ საკამათო კრიტიკაში ან წყენაში, რაც ჩვენს რწმენას ძარცვავს. მაგრამ დაცემის მტკიცე მოწმობა დაგვეხმარება, უფრო მეტად დავემსგავსოთ ღმერთს, როგორც ამას იონა აღწერს, „მოწყალე, მიმტევებელი, რისხვაგვიანი და დამთმენი“ ყველას მიმართ — მათ შორის საკუთარი თავის მიმართ — ჩვენს გარდაუვალ არასრულყოფილ მდგომარეობაში.
დაცემის შედეგების გამოვლენაზე მეტად, იონას ისტორია ძლიერად მიგვითითებს მასზე, ვისაც შეუძლია ამ შედეგებისგან ჩვენი დახსნა. იონას თავგანწირვა გემის თანამგზავრების გადასარჩენად მართლაც ქრისტეს მსგავსია. სამჯერ სთხოვეს იესოს მისი ღვთაებრიობის სასწაულებრივი ნიშნის მიცემას, მაგრამ მან თქვა, რომ მხოლოდ „[იონას] ნიშანი“ მიეცემათ და აღნიშნა, რომ როგორც იონა იყო „სამი დღე და სამი ღამე ვეშაპის მუცელში, ასევე კაცის ძე იქნება სამი დღე და სამი ღამე დედამიწის გულში.“ მხსნელის სამსხვერპლო სიკვდილისა და დიდებული აღდგომის სიმბოლოდ, იონა შესაძლოა არასაკმარისი იყოს. მაგრამ ეს ასევე არის ის, რაც ესოდენ შემაძრწუნებელსა და შთამაგონებელს ხდის მის პირად მოწმობას და ერთგულებას იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ვეშაპის მუცლიდან შეჰღაღადებდა მას.
იონას ტირილი კარგი ადამიანის ტირილია, რომელიც კრიზისშია, დიდწილად მისივე ბრალით. წმინდანისთვის, როდესაც კატასტროფა გამოწვეულია სამწუხარო ჩვევით, კომენტარით ან გადაწყვეტილებით, ამდენი სხვა კეთილი განზრახვისა და სიმართლის გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ეს შეიძლება განსაკუთრებით დამანგრეველი იყოს და ადამიანს მიტოვების შეგრძნება დატოვოს. მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს ან რა ხარისხის კატასტროფის წინაშე არ უნდა ვიდგეთ, იმედის, განკურნებისა და ბედნიერებისთვის ყოველთვისარსებობს მშრალი ნიადაგი. მოუსმინეთ იონას:
„ჭირში მყოფმა შემოგღაღადე, უფალო … ; შავეთის მუცლიდან შველა ვითხოვე. …
ზღვის შუაგულში გადამაგდე და მორევმა სიღრმეში ჩამითრია. …
„[და] ვთქვი: გაძევებული ვარ შენგან, უფალო, ნუთუ ვეღარასდროს მეღირსება შენი წმიდა ტაძრის ხილვა.“
„სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა,
„მთების ფესვებამდე ჩავედი; … მაგრამ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, ქვესკნელს გამოსტაცე, ჩემი სიცოცხლე. …
„როცა სულს ვღაფავდი … ვახსენე უფალი: და ჩემმა ვედრებამ … მოაღწია შენს წმიდა ტაძარში.
„ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.
„მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით;შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. ხსნა უფლისგან არის!“
მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალი წლის წინ იყო, ზუსტად შემიძლია გითხრათ, სად ვიჯექი და რას ვგრძნობდი, როდესაც პირადი ჯოჯოხეთის სიღრმეში აღმოვაჩინე ეს წმინდა წერილი. ყველასთვის, ვინც დღეს ისე გრძნობს თავს, როგორც მაშინ მე — თითქოს მიტოვებული ხართ, ჩაძირული ხართ ყველაზე ღრმა წყლებში, თავზე ზღვის მცენარეები შემოხვეული გაქვთ და ოკეანის მთები გენგრევათ — ჩემი ვედრება, რომელიც იონას რჩევით არის შთაგონებული, ასეთია: ნუ მიატოვებთ თქვენსავე მოწყალებას. ადამიანური ნაკლოვანებების მიუხედავად, თქვენ დაუყოვნებლივ გაქვთ წვდომა ღვთაებრივ დახმარებასა და განკურნებაზე. ეს შიშისმომგვრელი წყალობა იესო ქრისტეში და მისი მეშვეობით მოდის. რადგან ის სრულყოფილად გიცნობთ და უყვარხართ, ის ამას გთავაზობთ, როგორც თქვენს საკუთარს, რაც ნიშნავს, რომ ის იდეალურად მორგებულია თქვენზე, შექმნილია თქვენი ინდივიდუალური ტანჯვის შესამსუბუქებლად და თქვენი კონკრეტული ტკივილის განსაკურნებლად. ასე რომ, ღვთის გულისათვის და თქვენი გულისათვის, ნუ შეაქცევთ ამას ზურგს. მიიღეთ ის. დაიწყეთ იმით, რომ უარი თქვით მოწინააღმდეგის „ამაოებათა მსახური[ს]“ მოსმენაზე, რომელიც ცდილობს, ცდუნებაში ჩაგაგდოთ და იფიქროთ, რომ შვებას სულიერი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევაში პოულობთ. ამის ნაცვლად, მიჰყევით მომნანიებელი იონას მაგალითს. შეჰღაღადეთ ღმერთს ტაძრისკენ შებრუნდით. ჩაეჭიდეთ თქვენს აღთქმებს. ემსახურეთ უფალს, მის ეკლესიას და სხვებს მსხვერპლითა და მადლიერებით.
ამ ყველაფრის კეთება ღვთის განსაკუთრებული აღთქმითი სიყვარულის ხილვას მოგიტანთ თქვენდამი - რასაც ებრაული ბიბლია ჰესედს უწოდებს. თქვენ დაინახავთ და იგრძნობთ ღვთის ერთგული, დაუღალავი, ამოუწურავი და „დიდსულოვანი მოწყალებ[ის]“ ძალას, რომელსაც შეუძლია გაგხადოთ „ძლევამოსილნი… ხსნისთვის“ ნებისმიერი ცოდვისა თუ ნებისმიერი წარუმატებლობისგან. ადრეულმა და ძლიერმა ტკივილმა თავიდან შეიძლება ეს მხედველობა დაბინდოს. მაგრამ როდესაც თქვენ განაგრძობთ „აღთქმის შესრულებას“, ასეთი ხილვა უფრო და უფრო კაშკაშა გახდება თქვენს სულში. და ამ ხილვით თქვენ არა მხოლოდ იმედსა და განკურნებას იპოვით, არამედ, გასაოცრად, სიხარულს იპოვით, თუნდაც თქვენი ტანჯვის შუაგულში. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ძალიან კარგად გვასწავლა: „როცა ჩვენი ცხოვრება მიმართულია ღმერთის ხსნის გეგმისკენ … და იესო ქრისტესკენ და მისი სახარებისკენ, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში — ან რა არ ხდება. სიხარული მოდის ღვთისგან და ღვთის წყალობით.”
იონას მსგავსი ღრმა კატასტროფის წინაშე ვდგავართ, თუ ჩვენი არასრულყოფილი სამყაროს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე, მოწვევა ერთი და იგივეა: ნუ მიატოვებთ თქვენსავე წყალობას. შეხედეთ იონას ნიშანს, ცოცხალ ქრისტეს, მას, ვინც სამი დღის შემდგომ საფლავიდან აღდგა და ყველაფერი დაამარცხა — ყველასთვის—თქვენთვის. მიბრუნდით მისკენ! დაიჯერეთ მისი! ემსახურეთ მას! გაიღიმეთ. რადგან მასში და მხოლოდ მასშია ნაპოვნი სრული და ბედნიერი განკურნება დაცემისგან, რომელიც ყველას ასე სასწრაფოდ გვჭირდება და თავმდაბლურად ვეძებთ. მე ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.