შეურიგდით ღმერთს
ღმერთთან შერიგება, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, ურყევ რწმენამდე მიგვიყვანს.
როცა წმინდა წერილებს ვსწავლობ, მხვდება სიტყვები, რომლებიც მართლაც იქცევს ყურადღებას, უმთავრესად იმიტომ, რომ მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილებების შედეგად. მე კარიერა გავატარე სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტად მუშაობაში. ამ გამოცდილების გამო, სიტყვა შერიგება განსაკუთრებულად იქცევს ჩემს ყურადღებას, როცა წმინდა წერილებს ვკითხულობ. ჩემი სამუშაო იყო აღრიცხვის, აუდიტისა და საგამოძიებო უნარების გამოყენებით ანგარიშგებული თანხების ფინანსურ ჩანაწერებთან შეჯერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემი მიზანი იყო ფინანსური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობაში მოყვანა ძირითად ფინანსურ დოკუმენტებთან, რათა უზრუნველყოფილიყო მათი სიზუსტე და სარწმუნოობა. გულმოდგინედ ვცდილობდი შეუსაბამობების აღმოფხვრას და როგორც წესი, დიდი დრო ეთმობოდა ძალიან მცირე შეუსაბამობების მოგვარებასაც კი.
მოციქული პავლე კორინთელებს ევედრებოდა, „შეურიგდით ღმერთს,“ ღმერთთან შერიგება ნიშნავს ღმერთთან ჰარმონიაში დაბრუნებას, ან ღმერთთან იმ ურთიერთობის აღდგენას, რომელიც ჩვენი ცოდვების ან ქმედებების გამო დაიძაბა ან გაწყდა. მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთთან შერიგება ნიშნავს ჩვენი ნებისა და ქმედებების ღვთის ნებასთან შესაბამისობაში მოყვანას ან, როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, მივანდოთ ღმერთს პირველობა ჩვენს ცხოვრებაში.
როგორც წმინდა წერილები გვაწავლიან, ჩვენ ვართ თავისუფალნი ვიმოქმედოთ საკუთარი არჩევანით „ა[ვ]ირჩიოთ მარადიული სიკვდილის ან მარადიული სიცოცხლის გზა.“ მაგრამ თუ გულმოდგინედ არ ვიმოქმედებთ, დამოუკიდებლად მოქმედების ამ თავისუფლებამ შეიძლება ღვთის ნებასთან თანმიმდევრულობის დაკარგვამდე მიგვიყვანოს.
წინასწარმეტყველი იაკობი ასწავლიდა, რომ როცა აღმოვჩნდებით ღმერთთან შეუთავსებლობაში ან შეუსაბამობაში, ერთადერთი გზა შერიგებისა არის „შე[ვ]რიგდეთ [ღმერთთან] ქრისტეს გამოსყიდვით.“ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შერიგება დამოკიდებულია გულმოწყალებაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იესო ქრისტეს მოწყალე გამოსყიდვა ხდის შერიგებას შესაძლებელს.
საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრისას, გაიხსენეთ ის დრო, როდესაც თავს ზეციერი მამისგან შორს გრძნობდით, რადგან მისგან წახვედით. მაგალითად, შესაძლოა, თქვენ ნაკლებად გულმოდგინედ ლოცულობდით მის მიმართ ან არ იცავდით მის მცნებებს. ისევე, როგორც ჩვენ ვირჩევთ ღმერთისგან დაშორებას, ჩვენ უნდა ავირჩიოთ შერიგების მცდელობის დაწყება. უფალმა ხაზი გაუსვა ჩვენს პასუხისმგებლობას, როდესაც თქვა „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით; ბეჯითად მეძებეთ და მიპოვით; ითხოვეთ, და მიიღებთ; დააკაკუნეთ და გაგეღებათ“.
როგორ გვეხმარება მხსნელი ამ მნიშვნელოვანი ურთიერთობის აღდგენასა და შერიგებაში? რაც შემეხება მე, წინ მივიწევ ღმერთთან შერიგების გზაზე, როდესაც პრეზიდენტ ნელსონის რჩევა-დარიგებას მივყვები და ყოველდღე ვინანიებ. მიზეზი ის არის, რომ შერიგება ნიშნავს დარღვეული ურთიერთობის აღდგენას, განსაკუთრებით ღმერთსა და კაცობრიობას შორის, ცოდვის ბარიერის მოხსნით.
ერთ-ერთი დიდი შერიგება, რომლის შესახებაც წმინდა წერილებში ვკითხულობთ, ენოსის შერიგებაა. მის ცხოვრებაში რაღაც არ იყო თანმიმდევრული ღმერთთან. მან მაგალითი მოგვცა, თუ როგორ უნდა დავეყრდნოთ იესო ქრისტეს გამოსყიდვას ღმერთთან შესარიგებლად. მან ახსნა თავისი მონანიების სურვილი, თავმდაბლობა, ფოკუსირება და მონდომება. მისი ღმერთთან შერიგება დადასტურდა, როდესაც მას ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა, „ენოს, შენი ცოდვები მიპატიებია და იქნები კურთხეული.“ ენოსმა აღიარა, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე მონანიებამ და შერიგებამ, როდესაც თქვა, „და მე, ენოსმა, ვიცოდი, რომ ღმერთი ვერ იცრუებდა, ამიტომ, ჩემი დანაშაული ჩამოირეცხა.“
შერიგებას არა მხოლოდ დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლება, არამედ სიმშვიდეც მოაქვს როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვებთან ურთიერთობაში. ის კურნავს ურთიერთობებს, ალბობს გულებს და აძლიერებს ჩვენს მოწაფეობას, რაც ღვთის წინაშე თავდაჯერებულობას ზრდის. დიდ იმედსა და თავდაჯერებულობას მაძლევს შერიგების კიდევ ერთი ნაყოფი, რომელიც ენოსმა აღწერა, როდესაც თქვა, „და მას შემდეგ, რაც მე, ენოსმა, მოვისმინე ეს სიტყვები, ჩემი რწმენა უფალში გახდა ურყევი.”
როდესაც ბიჭი ვიყავი, დედის მხრიდან ჩემს პაპას დიდი ალუბლის ბაღი ჰქონდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ხილნარში მემუშავა, ძირითადად ზაფხულში, ალუბლის მოსავლის აღებისას. როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, ჩემი ჩართულობა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ვედროს მაძლევდნენ და შემდეგ ხეზე მგზავნიდნენ ალუბლის დასაკრეფად.
ალუბლის მოსავლის აღება მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემმა შეიძინა მანქანა, რომელსაც ალუბლის შემრხევი ერქვა. ეს მანქანა ხის ტანს იჭერს და არხევს, რის შედეგადაც ალუბალი ხიდან ბადეებზე ვარდება, რომლებიც ალუბლის შესაგროვებლად გამოიყენება. შევნიშნე, რომ როდესაც შემრხევი ხის რხევას დაიწყებდა, წამებში თითქმის ყველა ალუბალი ცვიოდა ხიდან. ასევე შევნიშნე, რომ არ ქონდა მნიშვნელობა, ხე 10 წამით ირხეოდა თუ მთელი წუთით, ზოგიერთი ალუბალი მაინც არ ვარდებოდა. ისინი მართლაც შეურხევლები იყვნენ.
ალუბლის ხიდან შერხევა შესაძლებელია ეთილენის გამოყოფის გამო. ეს ჰორმონი იწვევს ალუბლის ღეროსა და ხეს შორის უჯრედების შრის შესუსტებას. ამიტომ, მწიფე ალუბლის ღერო უფრო ადვილად სცილდება, ხიდან შესუსტებული კავშირის გამო.
წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ იესეს ღერო მესიის, იესო ქრისტეს მეტაფორაა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად, მეფე დავითის მამის, იესეს შტოდან უნდა მოვლენილიყო. ისევე, როგორც ეთილენი ასუსტებს მწიფე ალუბლის ღეროს კავშირს, დაუმორჩილებლობას, ეჭვებსა და შიშებს შეუძლიათ შეასუსტონ ჩვენი კავშირი იესეს ღეროსთან, ანუ იესო ქრისტესთან, რაც საშუალებას გვაძლევს ადვილად შევირყეთ და განვშორდეთ მას. რაც არ უნდა ერთგულები ვიყოთ, სიფრთხილე გვმართებს, რომ იესო ქრისტესთან ჩვენი კავშირი არ შესუსტდეს.
მოძღვრება და აღთქმებში მორწმუნეებსაც კი ეძლევათ გაფრთხილება: „მაგრამ, შესაძლებელია, ადამიანი მოსწყდეს მადლს და განუდგეს ცოცხალ ღმერთს.“ უფალი აგრძელებს, „დიახ, ისინიც ყურადღებით იყვნენ, რომლებიც განიწმინდნენ.“ დაცემის თავიდან ასაცილებლად, უფალი გვირჩევს „ამიტომ, დაე, ეკლესიის წევრები ყოველთვის იყვნენ ყურადღებით და ილოცონ, რათა ცდუნებაში არ ჩაცვივდნენ.“
ადვილად შერყევის მდგომარეობა შეიძლება გაიგივდეს იმასთან, რასაც წმინდა წერილები აღწერს, როგორც განადგურებისთვის გადამწიფებას, რასაც ქმედებებისთვის მოსალოდნელი შედეგები მოჰყვება. ფრაზა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო ფართო მნიშვნელობით, რათა მიუთითოს დაშლის, ლპობის, ან დაცემის მდგომარეობა, რაც რაღაცას დაქცევის ან დანგრევისკენ მიდრეკილს ხდის.
რას გამოხატავს ეს გადამწიფება? ნიშნავს ეს იმას, რომ შეიძლება მივაღწიოთ იმ წერტილს, სადაც ვერ შევძლებთ შეცვლას? არა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, როდესაც ცვლილებების სურვილი აღარ გვექნება. განადგურებისთვის გადამწიფების საწინააღმდეგო საშუალებაა ისეთი რამის კეთება, რაც იესო ქრისტესთან ჩვენს კავშირს გააძლიერებს. როგორც აღვნიშნეთ, მონანიებამ ენოსი ურყევი რწმენის დონემდე მიიყვანა. ძალა მონანიებაშია—რეგულარულ, სწრაფ და ხშირ მონანიებაში. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „არაფერია უფრო გამათავისუფლებელი, უფრო გამამხნევებელი და უფრო გადამწყვეტი ჩვენი ინდივიდუალური წინსვლისთვის, ვიდრე მონანიებაზე გაკეთებული რეგულარული, ყოველდღიური აქცენტი.
მონანიების ქადაგების გარდა, წინასწარმეტყველი იაკობი გვასწავლიდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ხელის გაცნობიერება, გამოცხადების ძიება, მისი მიღება და ღმერთის მოსმენა, როდესაც ის ლაპარაკობს, გვეხმარება, რომ არ შევირყეთ იაკობი ასევე ასწავლიდა, „ამიტომ, ჩვენ შევისწავლით წინასწარმეტყველებს და გვაქვს მრავალი გამოცხადება და წინასწარმეტყველების სული; და გვაქვს რა, ყველა ეს მოწმობა, ვიღებთ იმედს და ჩვენი რწმენა ხდება ურყევი.“ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სიტყვებისა და მოწოდებების მოსმენამ და მათზე მოქმედებამ შეიძლება აგვავსოს იმედით, თავდაჯერებითა და ძალით, რის შედეგადაც ჩვენი რწმენა ურყევი გახდება.
მე ვისწავლე, რომ ღმერთთან შერიგების სურვილს თან უნდა ახლდეს მონანიების სურვილი. მონანიება და იესო ქრისტეს გამოსყიდვის კურთხევების განცდა, ურყევ რწმენამდე მიგვიყვანს. ურყევი რწმენა იწვევს ღმერთთან მუდმივი შერიგების სურვილს. ეს არის წრიული, ანუ განმეორებადი ნიმუში.
ძმებო და დებო, გიწვევთ, შეურიგდეთ ღმერთს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით. მე ვმოწმობ, რომ აღთქმების დადება და დაცვა აძლიერებს ჩვენს კავშირს მხსნელთან, რითაც თავიდან ავიცილებთ განადგურებისთვის გადამწიფებას. მე ვმოწმობ, რომ ღმერთთან ეს შერიგება, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, ურყევ რწმენამდე მიგვიყვანს.
მე ვიცი, რომ ზეციერ მამას ვუყვარვართ თქვენც და მეც და მან გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, რათა ყოფილიყო ჩვენი მხსნელი, გამომსყიდველი და დიდი შემრიგებელი. მე ვმოწმობ იესო ქრისტეს შესახებ და ამას ვაკეთებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.