წადი და შენც ასევე მოიქეცი.
მინდა გამოვყო ის მისიონერები, რომლებიც მოწოდებულნი არიან მსახურების დავალებების შესასრულებლად. ისინი ჩვენთვის მაგალითები არიან.
როდესაც მხსნელი ბეთსაიდაში მიემგზავრებოდა, რამდენიმე ადამიანმა მას ბრმა კაცი მიუყვანა. შესაძლოა, მათ სასწაულის საკუთარი თვალით ხილვის იმედი ჰქონდათ. მხსნელმა „მოჰკიდა ბრმას ხელი, [და] გაიყვანა სოფლიდან“ რათა განმარტოებით განეკურნა იგი. თავდაპირველად, განკურნება ნაკლებად ეფექტური ჩანდა. კაცმა „მაღლა აიხედა და თქვა: ვხედავ ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს.“ იესომ თანაგრძნობით, „დაადო ხელი [ბრმა კაცს] თვალებზე და თვალისჩინი აღუდგა მას, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.“ მხსნელის ხელების ამ დამატებითი შეხებით, ბრმა კაცმა ახლა ნათლად დაინახა“.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხასიათდება მხსნელის ცხოვრება მსახურების განმეორებადი და თავმდაბალი ქმედებებით. უფალი გვახსენებს, რომ იგი „არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს” და შემდეგ გვიწვევს, მივყვეთ მის მაგალითს და გავიღოთ დამატებითი ძალისხმევა მათთვის გაცემით, ვინც გვთხოვს და გვიყვარდეს მოყვასი. როდესაც ჰკითხეს „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ ქრისტემ კეთილი სამარიელის იგავი მოყვა და დაავალა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.”
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მისიონერები თანამედროვე მაგალითები არიან იმ კეთილი სამარიელისა, რომელსაც ქრისტე მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ. მინდა გამოვყო ის მისიონერები, რომლებიც მოწოდებულნი არიან მსახურების დავალებების შესასრულებლად. ისინი მაგალითს გვაძლევენ, თუ როგორ (1) ხსნის მსახურება გულებს იესო ქრისტეს სახარებისთვის, (2) გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ გავუწიოთ მზრუნველობა, ჩვენი გარემოებების მიუხედავად, და (3) შემოაქვს ქრისტეს ძალა ჩვენს ცხოვრებაში.
პირველ რიგში, მსახურება გულებს ხსნის იესო ქრისტეს სახარებისთვის.
დაახლოებით ძვ.წ. 91 წელს ამონმა მეფე ლამონს თავი შემდეგი სიტყვებით წარუდგინა: „დიახ, მე მსურს ამ ხალხს შორის ცხოვრება გარკვეული დროით; … [და] მე ვიქნები შენი მსახური.” მეფისადმი გაწეული გასაოცარი სამსახურის გამო ამონს მიეცა შესაძლებლობა „თამამად [ე]ლაპარაკ[ა], … და ეთქვა [მეფე ლამონისთვის] როგორი ძალით” ასრულებდა თავის მსახურებას. სამაგიეროდ, მეფემ პირობა დადო, რომ „რასაც კი [ამონი] მოისურვებდა … [მეფე მას] მისცემდა.” ამონის ერთადერთი თხოვნა იყო, რომ მეფეს იესო ქრისტეს სახარების გზავნილისთვის მოესმინა. ამონის მსახურებამ შედეგად „ათასობით სული მოიყვან[ა] მონანიებამდე“.
ჩვენს დროში მსახურება კვლავაც განაგრძობს სახარებასთან ადამიანების დაახლოებას. და ბევანი მისიონერად მსახურობდა, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც სამკურნალოდ სახლში დაბრუნება მოუწია. გათავისუფლების ნაცვლად მან შეძლო, სახლიდან გაეგრძელებინა მისიონერული მსახურება.
პარკში სეირნობისას, და ბევანს და მის მეგობარს სულიწმინდამ უკარნახა, ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედას გასაუბრებოდნენ. მეორე დღეს ისინი პარკში დაბრუნდნენ და ლოცულობდნენ, რომ ეს ოჯახი იქ ყოფილიყო. სასწაულებრივად, დედა ზუსტად იმავე ადგილას იჯდა, როგორც წინა დღეს. ამჯერად და ბევანი და მისი მეგობარი დედას მიუახლოვდნენ, გაიცნეს იგი და აღმოაჩინეს, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროებოდა ფიზიკური დახმარება. მათ დახმარება გაუწიეს და შემდეგ სახარების შესასწავლად მოიწვიეს.
ამ მსახურებისა და შემდგომი მოწვევის წყალობით, დედა და მისი უფროსი შვილი მოინათლნენ, ხოლო უფროსიდან მეორე შვილი - ერთი წლის შემდგომ მოინათლა. ისინი დღემდე აქტიურ წევრებად რჩებიან. და ბევანმა იცოდა, რომ ეს ღვთიური შთაგონება იყო და „[მან] მიიღო დადასტურება, რომ ის ზუსტად იქ იყო, სადაც ღმერთს სჭირდებოდა“.
ამონისა და და ბევანის მსგავსად როდესაც სხვებს ვემსახურებით, ჩვენ „[ვაჩვენებთ] კარგ მაგალით[ს]” და მათ სურთ, [ჩვენი] იმედის გამო ახსნა-განმარტებ[ა] მოგ[ვთხოვონ]“.
იესო გვიწვევს, „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.
მეორე: მსახურება ყველას საშუალებას გვაძლევს, გავუწიოთ მზრუნველობასხვებს ჩვენი გარემოებების მიუხედავად.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოუწოდა „ყველა ღირსეულ, ნიჭიერ ახალგაზრდას, მოემზადოს და იმსახუროს მისიაში“ და ყველა ნიჭიერ ახალგაზრდა დას, „ილოცოს, რათა იცოდეს, სურს თუ არა უფალს, რომ [მან] იმსახუროს მისიაში“. პრეზიდენტი ნელსონი დაგპირდათ, რომ „თქვენი გადაწყვეტილება, იმსახუროთ მისიაში – იქნება ეს ქადაგება თუ მსახურება, დაგლოცავთ თქვენ და ბევრ სხვას“. მსახურების მისიებმა შეცვალა სიტყვა შესაძლებლის მნიშვნელობა. ახლა ყველა ღირსეულ ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს, რომელსაც სურს უფლისთვის სრული დროის მისიაში მსახურება, შეუძლია ამის გაკეთება, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა.
უხუცესი ჰოლგადო, პირადი გარემოებების მიუხედავად, მსახურების უნარის მაგალითია. ის იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა, რაც მას მასწავლებელი მისიონერის მსახურებაში ხელს უშლიდა. უხუცესი ჰოლგადო მსახურ მისიონერად იქნა მოწოდებული და მოხალისედ მსახურობდა ეპისკოპოსების საწყობში, სადაც ასობით ადამიანს დაეხმარა მათთვის აუცილებელი შემწეობის მიღებაში. ის ალაგებდა თაროებს, ფუთავდა ბოსტნეულს და ამტვრევდა მუყაოს ყუთებს.
როდესაც უხუცესი ჰოლგადო მისიის შემდეგ ზიარების შეხვედრაზე გამოვიდა, მან გააზიარა, რომ „ღმერთს მსახური მისიონერები სჭირდება“. მას სჭირდება ადამიანები, რომლებსაც უყვართ ადამიანები და ემსახურებიან მათ. ეს ადამიანები ასაწყობებენ საპირფარეშოს ქაღალდს, ფუთავენ ბროკოლს, ამზადებენ ავეჯს და კეთილგანწყობით ემსახურებიან ადამიანებს.”
სიკეთის გასაკეთებლად არც მსახურების დავალება გჭირდებათ და არც სამკერდე ნიშნის ტარება. მსახურების ყოველ აქტს მხსნელი აღიარებს. ჩვენ ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს ქრისტესთან მოსვლაში, თუ მათ სიყვარულით და სიკეთით ვემსახურებით, როგორც ამას ის გააკეთებდა. ჩვენ ყველას შეგვიძლია ქრისტეს სახელით ვემსახუროთ თითოეულს სულიწმიდის ძალის მეშვეობით და ვიყოთ იესო ქრისტეში რწმენის მაგალითები. მსახურება საშუალებას გვაძლევს, წარვადგინოთ საკუთარი თავი ცოცხალ მსხვერპლად, რომლებიც ღმერთისთვის მისაღებია.
იესო გვიწვევს: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.
მესამე: მსახურებას ქრისტეს ძალა შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.
ახალგაზრდა მისიონერი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მასწავლებლის დავალებიდან იუტაში მსახურების დავალებით გადავიდა, პირად სირთულეებს წააწყდა, რის გამოც მას ქრისტეს განკურნების ძალა დასჭირდა. თავდადებულმა მსახურებამ ეს ძალა მის ცხოვრებაში შემოიტანა. მან თქვა: „როდესაც მიჭირდა ვგრძნობდი, როგორ მამხნევებდა ქრისტე“. მართლაც განსაკუთრებულია ის, რომ შეგვიძლია ვიხილოთ, როგორ აკურთხებს უფალი ხალხს სასურსათო საწყობის მეშვეობით, ტაძარში და თავისი სახარების საშუალებით.“
ამ უხუცესმა უფრო ღრმა სიხარული იგრძნო და მისმა ახლადშეძენილმა ენთუზიაზმმა ის და მთელი მისი ოჯახი აკურთხა. სულიწმიდა მათ სახლში უფრო უხვად შემოვიდა, ისინი უფრო რეგულარულად დადიოდნენ ტაძარში ერთად და ქრისტე მათ ოჯახში უფრო დიდი ყურადღების ცენტრად იქცა. ეს მისიონერი თვლის, რომ ქრისტემ გადაარჩინა მისი სიცოცხლე და მსახურების საშუალებით აკურთხა მისი ოჯახი.
პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „სხვების მსახურებისა და განმტკიცების სურვილი სიმბოლოა იმისა, რომ ადამიანი მზადაა განიკურნოს“ მხსნელის გამომსყიდველი ძალით.
იესო გვიწვევს: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.
მსახური მისიონერები იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეების მაგალითები არიან.
როდესაც თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი კურთხეულია მისიონერად მსახურების მოწოდებით, ეს აღსანიშნავი მომენტია. თქვენს ოჯახს ახლა ეყოლება უფალი იესო ქრისტეს გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც თქვენს სახლში იცხოვრებს. ეს ყველას სასიკეთოდ შეცვლის. მსახურების არცერთ მოწოდებაში იმედგაცრუება არ უნდა იყოს. ჩვენ ვმღერით: „მე წავალ, სადაც შენ მიხმობ“ და „ვიქნები, როგორიც გინდა“. აი, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმის საჩვენებლად, რომ ნამდვილად ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ!
ყველას, ვინც მსახურობთ, განსაკუთრებით კი 4000-ზე მეტ ახალგაზრდა მისიონერს: გვიყვარხართ! თუ მისიონერები, რომლებსაც მასწავლებლის მოწოდება აქვთ, უფლის ბაგენი არიან, მაშინ თქვენ, მსახური მისიონერები, უფლის ხელები ხართ და არა მეორეხარისხოვანი მისიონერები. თითოეული თქვენგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისრაელის შეკრებისთვის. პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა, რომ „ყოველთვის, როცა ვაკეთებთ რამეს … რაც ეხმარება სხვებს, დადონ და დაიცვან აღთქმები ღმერთთან, ჩვენ ამით ისრაელის შეკრებაში ვეხმარებით.”
თქვენ ყოველდღიურად მრავალი გზით კრებთ ისრაელს და თქვენი მსახურება მრავალ ადამიანთა ცხოვრებას ცვლის. ხშირად არ იცით, ვინ არის თქვენი მსახურების ბენეფიციარი, მაგრამ ღმერთმა იცის. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „რაც [ემსახურეთ] ერთს ამ ჩემს უმცირეს, … [თქვენ ემსახურეთ მას]” ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, როდესაც თქვენ მოხალისეობრივად მუშაობთ ეკლესიის ქოლ-ცენტრებში; ვხედავთ თქვენს ღიმილს, როდესაც თქვენ ეხმარებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; და ვგრძნობთ თქვენს სინათლეს, როდესაც თქვენ მსახურობთ ტაძრებში მთელ მსოფლიოში. თქვენ კვებავთ მშიერთ, აცმევთ შიშველთ და წყალს ასმევთ მწურვალთ.
და ჩვენ ყველას გვჭირდება, [წავიდეთ] და ასევე მო[ვ]იქც[ეთ].
მსახურება ქრისტეს მოწაფეების სიცოცხლის წყაროა.
მსახურებას აქვს ძალა, გახსნას გულები სახარებისთვის და საშუალებას გვაძლევს, მთელი ჩვენი სული ქრისტეს მივუძღვნათ. ეს ჩვენს გულებს ცვლის, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მას და ამ პროცესში ჩვენ სხვებსაც ავამაღლებთ. პრეზიდენტმა ნელსონმა ერთხელ იკითხა: „სულიერი დაცემით შეპყრობილ ამ სამყაროში, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს … ცვლილებების შეტანა?“ მისი პასუხი იყო „დიახ! … უფლის აღთქმის ხალხს, … შეიარაღებულს … ღვთის ძალით, დიდი დიდებით … შეუძლია მთელი კაცობრიობის ცხოვრება აამაღლოს.“ მსახურების მეშვეობით ჩვენ ვცვლით გულებს — და სამყაროს.
ქრისტე „დადიოდა, ქველმოქმედებდა.“ ის ზრუნავდა სნეულებზე, ბრმებს უხილავდა თვალებს, მოინახულებდა დაჩაგრულებს. ის ამზადებდა საჭმელს, ეხმარებოდა საქორწილო ნადიმებში, და ათასობით მშიერს აპურებდა. როდესაც ქრისტეს სახელით ვემსახურებით სხვას, ჩვენ სულ უფრო და უფრო წმინდანნი და მარადიული სიცოცხლის საჩუქრის ღირსნი ვხდებით. იესო ქრისტე ცოცხალია. ის ჩემი და თქვენი მხსნელია. იგი ჩვენი გამომსყიდველია. ის ჩვენთვის მსახურების შესანიშნავი მაგალითია. მე თითოეულ ჩვენგანს ვიწვევ, წავიდეთ და ასევე მოვიქცეთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.