გენერალური კონფერენცია
დამოწმების მარადიული ძღვენი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


12:16

დამოწმების მარადიული ძღვენი

ღვთის ყველა ძეს ან ასულს შეუძლია უფრო ღრმა, მტკიცე და სანდო ცოდნის მიღება.

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ბოლო დროს აღდგენის სამ ძლიერ ჭეშმარიტებაზე ვფიქრობდი. ამ ჭეშმარიტებებმა სიღრმისეულად აკურთხა ჩემი ცხოვრება. დღეს, მსურს გაგიზიაროთ, თუ როგორ დამეხმარა ეს ჭეშმარიტებები იესო ქრისტეს სახარების ურყევი მოწმობისკენ მიმავალ გზაზე.

1. ღმერთი არის ჩვენი მოსიყვარულე ზეციური მამა

იგი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლეა. ქრისტეს სინათლისა და სულიწმინდის მსახურების მეშვეობით, მას ყველგან აქვს გავლენა. ღმერთს ახასიათებს ჩვენი კურთხევა.

იგი ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მარადიულ ბედისწერას ხედავს. მისგან ვერაფერი დაიმალება.

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწვევა, „ვიფიქროთ ცელესტიალურად“ გვიბიძგებს, ზეციური მამის ხედვასა და ბუნებას მივბაძოთ.

თავისი ღვთიური თვისებების გამო, ჩვენი ზეციერი მამა გვაძლევს ყოველგვარ სასიკეთო ძღვენს, თითოეულს მისი მარადიული პერსპექტივისა და ხედვის გათვალისწინებით.

2. თავისუფალი ნება არის ძღვენი, რომ თავად ავირჩიოთ და ვიმოქმედოთ

ეს ასევე არის პასუხისმგებლობა, რომ არჩევანი კარგად გავაკეთოთ.

იესო ქრისტემ ამ პრივილეგიისთვის უმაღლესი ფასი თავისი ძვირფასი სისხლით გადაიხადა.

ზოგჯერ შეიძლება გვჯეროდეს, რომ თავისუფალი ნება ნიშნავს ნებისმიერი რამის კეთებას, რაც მოგვესურვება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამისთვის შესაბამისი საფასურია გადახდილი ნიშნავს, რომ თავისუფალი ნება საკრალური ძღვენია.

ჩვენ რწმუნებულები ვართ და რწმუნებულები რამეზე პასუხისმგებელნი არიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, იმის გათვალისწინებით, თუ რა ცოდნასა და ნიჭს ვფლობთ. ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება შედეგებზე პასუხისმგებლობის გარეშე.

რატომ გვაქვს თავისუფალი ნება?

რომ ავირჩიოთ სიკეთე.

რომ ავირჩიოთ ქრისტე.

რომ ავირჩიოთ მარადიული სიცოცხლე — ისევ და ისევ.

3. ჩვენი დამოწმება მოდის სულიწმინდის ძალის მეშვეობით

სულიწმინდის მოწმობა მხედველობაზე მეტია. იგი უმთავრესად მოწმობს მამა ღმერთსა და ძეზე. პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „მომავალში სულიერად გადარჩენა შეუძლებელი იქნება სულიწმინდის ხელმძღვანელობის, მითითების, ნუგეშისა და მუდმივი გავლენის გარეშე“.

ძმებო და დებო, ამიტომაც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება სულიწმინდის ძალა დღეს.

სულიწმინდისგან დამოწმება შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა გზით. ის შეიძლება ბნელ ოთახში ნათურის ანთებასავით უეცარი და მძაფრი იყოს. ის შეიძლება, მოვიდეს თანდათან და მზის ამოსვლასავით ეტაპობრივი იყოს. ან შეიძლება, გვეწვიოს სინათლის სხივებივით, როგორც წმინდა ინტელექტის პერიოდული ზემოქმედება. როგორი გზითაც არ უნდა მოვიდეს, იგი სულიწმინდისგან მოდის.

დამოწმების პოვნა იამაიკაში

მე ულამაზეს იამაიკაში გავიზარდე; ეს სახალისო და მშვენიერი იყო. თუმცა, როდესაც საშუალო სკოლაში დავიწყე სწავლა, თანაკლასელებსა და მეგობრებს არ ესმოდათ ჩემი გადაწყვეტილება, რომ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი გავხდი. „რამ გაგაწევრინა ამ ეკლესიაში?“ - მეკითხებოდნენ ისინი. „რამ დაგაჯერებინა ეს ამბავი?“ — პირველ ხილვას გულისხმობდნენ. „როგორ კითხულობ ამ წიგნს?“ — მორმონის წიგნს გულისხმობდნენ. „მართლა გჯერა ამ ყველაფრის?“ და „რატომ ფლანგავ ცხოვრებას ტყუილად?“

სოლთ-ლეიქის ტაძარი.
წმინდა ტყე
მორმონის წიგნი

განსაკუთრებით მტკივნეული იყო, როდესაც ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისგან მოდიოდა.

მაგრამ რაც მათ არ იცოდნენ, ეს იყო: მე მქონდა სულიწმიდის გამოცდილება. ამ დროს ეს მოწმობა მივსებდა გულს, რაც ტკივილს მიყუჩებდა და „წამიერად, ზეცის ხედი [გამოჩნდა] ჩემ თვალწინ.“

შესაძლოა, ეს კითხვები თქვენთვისაც დაუსვამთ. შესაძლოა, ახლაც კი თავს გესხმიან ისე, როგორც მაშინ მე.

სულიწმიდის ძღვენი და მოწმობა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

იამაიკა ჩემთვის ისეთივეა, როგორც პალმირა იყო ჯოზეფ სმითისთვის. ეს არის ჩემი წმინდა კორომი. არ ვიცი ჯოზეფმა წმინდა ტყეში ზუსტად სად დაიჩოქა ლოცვისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი, სად ვიყავი, როდესაც ჩემი წმინდა ტყე რეალობად იქცა. ეს მოხდა ოთხშაბათს, დილის 6:00 საათზე, იამაიკაში, მანდევილში, გროუვ როუდის ოთხ ნომერში, ჩემს სააბაზანოში, ჩემი ნათლობიდან სამი წლის შემდეგ. ეს საკრალური გამოცდილება გადამხდა, ვინაიდან ორი კვირით ადრე ერთმა შთაგონებულმა მისიონერმა დამ მორმონის წიგნის წაკითხვა მირჩია. და ოდრი კრაუსი კონფერენციას დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად ესწრება და მის მიმართ მუდამ დიდი სიყვარული მექნება.

ახალგაზრდა უხუცესი ბრაუნი მისიონერ დასთან ერთად

ამ გამოცდილებამ მე შემცვალა.

ძმებო და დებო, მოწმობა არ არის მოცემული დროებითი გამოყენებისთვის. ეს ძღვენი ჩვენი ზეციური მამისგან გამიზნულია სამარადისოდ, ვინაიდან მისი მბოძებელი მარადიულია. დამოწმებას ვადის გასვლის თარიღი არ აქვს. ის არ უნდა შესუსტდეს ან შემცირდეს იმის გამო, რომ ჩემს ცხოვრებაში ან სამყაროში რაღაც შეიცვალა. ის უნდა გაძლიერდეს, რადგან, ტალანტების იგავში არსებული მსახურის ტალანტის მსგავსად, ჩემი პირადი დამოწმება ასევე არის ძღვენი, რომელიც უნდა გამრავლდეს და არა დაიმარხოს.

ბავშვობაში გადატანილი იმ რთული განსაცდელებისა და დევნის დღეების გახსენება დამეხმარა იმ დონემდე მიმეღწია, სადაც ახლა ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. მე არა მხოლოდ მჯერა, ვიმედოვნებ ან ვენდობი, თუმცა ეს რწმენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია ურყევი მოწმობისკენ მიმავალ გზაზე. შექებას იმსახურებთ, როცა კითხვების დასმით, სწავლით, ლოცვით, მარხვითა და მსჯელობით საკუთარ გზას იკვალავთ. გთხოვთ, არ გაჩერდეთ. მოწმობისკენ მიმავალი ამ გზის გავლა ყოველგვარ ძალისხმევად ღირს. ვის ან რას მისცემთ უფლებას, რომ ის წაგართვათ? „ღმერთისგან მიღებულ დამოწმებაზე უფრო დიდი დამოწმება რა უნდა მიიღოთ?“

ღვთის ყველა ძეს ან ასულს შეუძლია უფრო ღრმა, მტკიცე და სანდო ცოდნის მიღება. ჯოზეფ სმითის მსგავსად, რომელმაც წინააღმდეგობის მიუხედავად დაადასტურა საკუთარი მოწმობა, ჩვენც შეგვიძლია თამამად ვთქვათ: „მე ვიცოდი ეს და ვიცოდი, რომ ღმერთმა იცოდა ეს, არ შემეძლო და ვერ გავბედავდი ამის უარყოფას.“

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, დაე, მოწმობის პატარა ნერგი თქვენში მანამ გაიზარდოს, სანამ არ აღმოცენდება მარადიული, დიდებული და ჭეშმარიტი ცოდნა.

თუ მონათლული და წევრად დამტკიცებული ხართ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, მაგრამ ჯერ კიდევ გიჭირთ ფრაზა „დარწმუნებული არ ვარ, ვიცი თუ არა“, გთხოვთ, გახსოვდეთ ეს დაპირება ზიარების ლოცვიდან: „რათა მისი სული ყოველთვის მათთან იყოს“. ამ დაპირების წყალობით, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მოწმობისა და ურყევი ცოდნისკენ მიმავალი გზის გავლა.

საკუთარ მოწმობაზე აიღეთ პასუხისმგებლობა

ახლა კი გაგიმხელთ დიდ ჭეშმარიებას: როგორი გზითაც არ უნდა იყოს მოწმობა მოცემული — იქნება ეს მზის ამოსვლასავით ეტაპობრივი თუ დიდებული ხილვა — ამ ძვირფასი ძღვენის მისაღებად მაინც საჭიროა არჩევანი.

„მე ვირჩევ მწამდეს“, ამის თქმა აადვილებს ღვთისგან მოწმობის მიღებას. თუ ჩვენი მოწმობა სუსტდება, გახსოვდეთ, რომ სწორედ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი ამცირებს მოწმობის ძალას. მაგრამ მოწმობა არსად წასულა. ჩვენ უბრალოდ უნდა ავირჩიოთ მასთან ხელახლა დაკავშირება.

აირჩიო, რომ გწამდეს, ეს ჩვენი თავისუფალი ნების გამოყენების ბრძნული და ძლიერი გზაა.

საკუთარი მოწმობის დაცვა არის ჩემი თავისუფალი ნების საუკეთესო გამოვლენის გზა.

პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „გევედრებით, პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს მოწმობაზე. იშრომეთ ამისთვის. დაეუფლეთ მას. იზრუნეთ მასზე. ასაზრდოეთ იგი, რათა გაიზარდოს. კვებეთ ის ჭეშმარიტებით.“

ჩემთვის სიტყვები პასუხისმგებლობა აიღეთ, იშრომეთ, იზრუნეთ, დაეუფლეთ, ასაზრდოეთ და კვებეთ ისე ჟღერს, რომ რწმუნებულს მიენიჭა რაღაც ძალიან ძვირფასის და მნიშვნელოვანის მმართველი როლი.

ადრეულ ეკლესიაში პარლი პ. პრატი უკმაყოფილო იყო წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითით და გადაწყვიტა მისი და ეკლესიის კრიტიკა. როდესაც ჯონ ტეილორი, რომელსაც პარლი სახარებას ასწავლიდა, ქალაქში ჩამოვიდა, პარლიმ ის ცალკე გაიყვანა და გააფრთხილა, რომ არ გაჰყოლოდა ჯოზეფს. ჯონ ტეილორმა პარლის უთხრა:

„კანადის დატოვებამდე, შენ ძლიერი დამოწმება გქონდა, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო, … და თქვი, რომ ეს ყველაფერი გამოცხადებითა და სულიწმინდის ძღვენით იცოდი.

„… ახლა იგივე მოწმობა მაქვს მეც, რომლითაც მაშინ შენც ხარობდი. თუ ექვსი თვის წინ ეს საქმე ჭეშმარიტი იყო, დღესაც ჭეშმარიტია. თუ ჯოზეფ სმითი მაშინ წინასწარმეტყველი იყო, იგი ეხლაც წინასწარმეტყველია.“

მე ვმოწმობ, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის წინასწარმეტყველი იყო და რომ მის მიერ მიღებული წინასწარმეტყველის მანტია დღემდე აგრძელებს მოქმედებას. იესო ქრისტე ხელმძღვანელობს ამ საქმეს.

გიწვევთ, დაფიქრდეთ იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ თქვენს ურყევი მოწმობისკენ მიმავალ გზაზე. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ მოწმობაზე; გონივრულად გამოიყენეთ თქვენი თავისუფალი ნება და აღიარეთ მისი მბოძებელი და ღვთის ყველა დიდებული თვისება. მე ვმოწმობ, რომ ეს ძალა არის თქვენში. თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს არჩევანს. არავის შეუძლია ეს ძღვენი წაგართვათ. თქვენ შეგიძლიათ, რომ აირჩიოთ რწმენა.

გპირდებით, რომ როდესაც ამას გააკეთებთ, თქვენი მოწმობა იქნება „ცოცხალი წყლის ჭა, რომელიც მარადიულ სიცოცხლედ ამოედინება“. ის იქნება ღუზა და მოტივატორი და იგი გაგამტკიცებთ რთულ პერიოდებში. ის საშუალებას მოგცემთ, რომ განავითაროთ სულიერი ნიჭები. ის დაგეხმარებათ თქვენს პირად მზრუნველობასა და მსახურებაში. ის იქნება იარაღი სატანისა და თქვენი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. თქვენი მოწმობა სიხარულს მოგანიჭებთ, როდესაც ნახავთ, როგორ მეორდება ის თქვენს შვილებში, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში და მათში, ვინც გიყვართ და ემსახურებით. ის გაძლიერდება, როდესაც მას გააზიარებთ და გამოიყენებთ დასამოწმებლად.

თუ თქვენ იცით, ე.ი. იცით. მე ვიცი, რომ ვიცი. ჩვენ გვჭირდება იესო ქრისტესა და მისი სახარების უფრო მეტი ურყევი მოწმობა. შეუდექით საქმეს! ეძიეთ ის! ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია! ეს ბოლო ჟამია — ჟამთა სისრულის წყობა.

იესო ქრისტემ განაცხადა ეს ჭეშმარიტება: „ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან“.

ძმებო და დებო, იესო ქრისტეს მოწმობა არ არის დროებითი ძღვენი. ამის შესახებ არაფერია დროებითი — არც მისი მბოძებელი, არც თავად ძღვენი, არც ძღვენის მომტანი და არც ის, ვის მიმართაც განკუთვნილია იგი. დაე, თქვენი მოწმობაც ამგვარი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ცა და მიწა გადაივლიან“, იესო ქრისტეს სახარების შესახებ თქვენი დამოწმება და მოწმობა კი არ გადაივლიან. ახლა დროა, ჩავჭიდოთ ხელი ამ ძვირფას საჩუქარს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „ღმერთი არის ჩვენი ზეციური მამა, ხოლო ჩვენ მისი შვილები ვართ. მან საკუთარ ხატად შეგვქმნა. მას აქვს განდიდებული, სრულყოფილი „ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს“ (მოძღვრება და აღთქმები 130:22).

    „ღმერთი ყველას პირადად გვიცნობს და მისი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით. მას ესმის ჩვენი განსაცდელი, მწუხარება და სისუსტეები და ის მხარდაჭერას გვთავაზობს. მას უხარია ჩვენი წინსვლა და მზადაა, დაგვეხმაროს სწორი არჩევნის გაკეთებაში. მას ჩვენთან კომუნიკაცია სურს და ჩვენ მასთან კომუნიკაცია შეგვიძლია ლოცვის საშუალებით (იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელოt [2023], 33).

  2. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:46-47; 88:12-13.

  3. „მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი ღმერთია, მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტე ქრისტეა, ისინი ჩვენზე მხოლოდ იზრუნებენ, გვაკურთხებენ და დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ მათთან მივალთ, მათი მადლის ტახტს თვინიერებითა და გულის თავმდაბლობით მივუახლოვდებით. მათ არ შეუძლიათ, არ დაგვლოცონ. ისინი ვალდებულნი არიან. ეს მათ ახასიათებთ“ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, “Come unto Me” [Brigham Young University devotional, Mar. 2, 1997], 4, speeches.byu.edu).

  4. იხ. ლუკა 12:2; მორონი 7:22; აბრაამი 2:8.

  5. „მე გიწვევთ „ცელესტიალური აზროვნების“ პრაქტიკისკენ. ცელესტიალურად აზროვნება ნიშნავს სულიერად აზროვნებას. წინასწარმეტყველი იაკობი მორმონის წიგნიდან გვასწავლის, რომ „სულიერი აზროვნება არის მარადიული სიცოცხლე“. (რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!,“ ლიახონა, ნოემბერი, 2023, 117).

  6. იხ. Topics and Questions, “Agency and Accountability,” სახარების ბიბლიოთეკა; ასევე იხ. 2 ნეფი 2:11, 16.

  7. იხ. 1 პეტრე 1:18–20; აბრაამი 3:22–28.

  8. იხ. 1 კორინთელთა 6:20.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 101:78.

  10. „იესო ქრისტეს სახარება არის გეგმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ გავხდეთ ისეთნი, როგორც მამაზეციერს სურს, რომ ვიყოთ. …

    „… ეს უნაკლო და სრულყოფილი მდგომარეობა იქნება აღთქმების, წეს-ჩვეულებებისა და მოქმედებების, სწორი გადაწყვეტილებების მოგროვებისა და მუდმივი მონანიების თანმიმდევრული შედეგი.“ (დალინ ჰ. ოუქსი, “The Challenge to Become,” Liahona, Jan. 2001, 40, 41); ასევე იხ. მოსე 7:33.

  11. იხ. მორონი 10:4-5.

  12. „სულიწმინდა ვალდებული არ არის შემოიფარგლოს მხოლოდ სიტყვებით; მას შეუძლია სულიერი კომუნიკაცია ისეთი ენით, რომელიც უტყუარია, რადგან მასში სიტყვები არ არის. ეს სულიწმინდისგან მომდინარე სუფთა ცოდნისა და ინტელექტის კომუნიკაციაა და მე მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ცოდნის შეძენის საუკეთესო გზაა. ის უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, ვიდრე შეხება ან დანახვა; შეიძლება ეჭვი შევიტანოთ ფიზიკურ გრძნობებში, მაგრამ როდესაც სულიწმინდა გველაპარაკება, მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ეს უტყუარი მოწმობაა. სწორედ ამიტომ, მიუტევებელი ცოდვა არის სულიწმინდის დაგმობა ან სულიწმინდის დამოწმების უარყოფა.“ (დ. ტოდ კრისტოფერსონი, “Strong Impressions of the Spirit,” Liahona, June 2013, 49).

  13. იხ. იოანე 5:32; 2 ნეფი 31:18; 3 ნეფი 11:36.

  14. იხ. რასელ მ. ნელსონი, „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის,” ლიახონა, მაისი 2018, 96. იქვე, მან თქვა:

    „მოგიწოდებთ, გასცდეთ თქვენს ამჟამინდელ სულიერ შესაძლებლობებს პირადი გამოცხადების მისაღებად. …

    „იმდენი რამ არის, რაც მამაზეციერს სურს, რომ იცოდეთ. როგორც უხუცესი ნილ ა. მაქსველი გვასწავლიდა: „მათთვის, ვისაც აქვთ თვალები დასანახად და ყურები გასაგონად, ცხადია, რომ მამა და ძე გვიმხელენ სამყაროს საიდუმლოებებს!“ …

    „… გააკეთე არჩევანი, შეასრულოთ სულიერი სამუშაო იმისთვის, რომ დატკბეთ სულიწმინდის ძღვენით და გაიგოთ სულიწმინდის ხმა უფრო და უფრო ხშირად და უფრო და უფრი მკაფიოდ“ (95, 96).

  15. იხ. David A. Bednar, “The Spirit of Revelation,” Liahona, May 2011, 87–90; Alexander Dushku, “Pillars and Rays,” Liahona, May 2024, 14–16.

  16. “Testimony,” Hymns, no. 137.

  17. იხ. რიცხვნი 11:29; იაკობი 1:5.

  18. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:28; მოსე 1:3.

  19. იხ. მათე 25:14–30. „სულიწმინდისგან მიღებული სულიერი მოწმობა … კვლავ ცოცხალია. მეტიც, ის უფრო გაძლიერდა. ის, რაც ახალგაზრდობაში იესო ქრისტეს სახარების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ვისწავლე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემი მტკიცე საძირკველი იყო.“ (დიტერ ფ.უხტდორფი, „კვებეთ ფესვები და ტოტები გაიზრდება“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2024).

  20. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:23.

  21. იხ. ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:25.

  22. იხ. ალმა 32:27, 30, 37-38, 41.

  23. იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:33.

    „და შემდეგ, ამას მოსდევს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საჩუქრის მიღება. … ჭეშმარიტად რომ მივიღოთ საჩუქარი, ჩვენ თავადვე უნდა დავაფასოთ იგი, სრულად გამოვიყენოთ საკუთარ ცხოვრებაში და შემდეგ მჩუქებელი მადლიერებით მოვიხსენიოთ.

    „საჩუქრის მიღება არა პასიური, არამედ მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც სცდება უბრალოდ შეფუთვის გახსნას. მიღება გულისხმობს დაფასებას და კავშირს, როგორც საჩუქართან, ასევე მჩუქებლის გულთან, იმ გზით, რომელიც გამცემსა და მიმღებს შორის კავშირს აძლიერებს.“ (პატრიკ კირონი, „მიიღეთ უფლის ძღვენი,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025).

  25. იხ. რასელ მ. ნელსონი, “Choices for Eternity” (worldwide devotional for young adults, May 15, 2022), Gospel Library.

  26. იხ. მოძღვრება და აღთქმები 70:3-4.

  27. Saints: The Story of the Church of Jesus Christ in the Latter Days, vol. 1, The Standard of Truth, 1815–1846 (2018), 280–81.

  28. იხ. მოსია 4:9-12.

  29. იხ. მოძღვრება და აღთქმები 63:23;

  30. იხ. ალმა 5:46-48. ჯოზეფ სმითი ასწავლიდა, რომ „ხსნა შეუძლებელია გამოცხადების გარეშე.“ ადამიანისთვის ამაოა მის გარეშე მსახურება. … ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება იესო ქრისტეს მსახური, თუ არ იქნება წინასწარმეტყველი. ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება იესო ქრისტეს მსახური, თუ მას არ ექნება იესოს მოწმობა და ეს არის წინასწარმეტყველების სული“ (The Joseph Smith Papers, History, 1838–1856, volume C-1 [2 November 1838–31 July 1842] [addenda], 12, josephsmithpapers.org; spelling, capitalization, and punctuation modernized).

  31. „ჩვენ საუკუნეების მწვერვალზე ვდგავართ, ისტორიის დიდი და საზეიმო გრძნობით აღფრთოვანებულები.“ ეს არის ბოლო ჟამი — ჟამთა სისრულის წყობაში, რომელზეც მთელი წარსული მიუთითებდა.“ (Gordon B. Hinckley, “At the Summit of the Ages,” Liahona, Jan. 2000, 90).

  32. იხ. მათე 24:35.

  33. იხ. მორონი 10:30.