გენერალური კონფერენცია
უფალი გულს ხედავს
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


10:41

უფალი გულს ხედავს

ღმერთს თავისი განზრახვების შესასრულებლად და იმისთვის, რომ დაგვეხმაროს გავხდეთ ის, ვინც მას სურს, მხოლოდ ის სჭირდება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გული უფლისკენ სრულად მივმართოთ.

როდესაც წინასწარმეტყველ სამუელს იესეს ძეთაგან ისრაელის ახალი მეფის არჩევა უბრძანეს, იესეს უფროსი ვაჟის, ელიაბის, დანახვაზე ენთუზიაზმით წამოიძახა: „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.“ მაგრამ ელიაბი უფლის რჩეული მსახური არ იყო. მხსნელმა სამუელი გააფრთხილა: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.”

მიუხედავად იმისა, რომ დავითი შესაძლოა ფიზიკურად არ იყო ყველაზე ძლიერი ან ნიჭიერი ძმათა შორის, მისი გული ღვთის თვალში ძლიერი იყო. მას მთელი გულით უყვარდა ღმერთი და ძალიან სურდა, დამორჩილებოდა მას. მას ურყევი რწმენა ჰქონდა ღვთის სიყვარულის, ძალისა და აღთქმული კურთხევების მიმართ, რაც მოგვიანებით დაამტკიცა, როდესაც უშიშრად იბრძოლა და უფლის დახმარებით დაამარცხა გოლიათი.

ეს ამბავი გვასწავლის, რომ ღმერთს თავისი განზრახვების შესასრულებლად და იმისთვის, რომ დაგვეხმაროს გავხდეთ ის, ვინც მას სურს, მხოლოდ ის სჭირდება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გული უფლისკენ სრულად მივმართოთ. რჯულის მცოდნეს ქრისტემ მცნება მისცა და უთხრა: „გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულით.“ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს უთხრა: „აჰა, უფალი მოითხოვს გულს და მოწადინებულ გონებას.“ და ნეფიელები აღმდგარმა მხსნელმა ასე მოიწვია: „და მომიტანთ მსხვერპლშესაწირად მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს“.

რატომ არის ასე? მხსნელმა გვასწავლა, რომ თუ ჩვენი გულები სრულად მისკენ იქნება მიმართული, მისი გამომსყიდველი მსხვერპლის წყალობით, შესაძლებელია კურთხეულნი ვიყოთ ძალითა და სულიერი ნიჭით, რომელიც გვჭირდება მიწიერი გამოწვევების დასაძლევად, ცდუნებასთან გასამკლავებლად, მიმართულებისა და ცოდნის მისაღებად და ჩვენს ცხოვრებაში სიხარულისა და სიმშვიდის შესაგრძნებად. „პატარა საქმეებით ხორციელდება ის, რაც არის დიადი“. უფალმა თქვა, რომ მას შეუძლია „სისუსტე … სიძლიერედ [აქციოს]“ და გვაკურთხოს ყველაფრით, რაც გვჭირდება ამ მიწიერ ცხოვრებაში წარმატების მიღწევისთვის და მარადიული სიცოცხლის მოპოვებისთვის. „ნეტარ არიან გულით სუფთანი,“ უფალმა თქვა, „ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.“

მე მჯერა, რომ სწორედ ამიტომ, სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, იესო ქრისტე ასე ხშირად უსწორებდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს თავისი მიწიერი მსახურების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გულმოდგინედ იცავდნენ უფლის კანონებს, ისინი ამას არასწორი მიზეზების გამო აკეთებდნენ. იესომ გაკიცხა ისინი და თქვა: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.“

ეს მისი ყველა მოწაფისთვის გამოსაფხიზლებელი შეხსენებაა, რომ საქმე მხოლოდ ჩვენს სიტყვებსა და ქმედებებში კი არ არის, არამედ იმაშიც, თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც იესო ქრისტე გვთხოვს - ჩვენს სურვილებსა და მოტივებში. მან თქვა, „ვინაიდან მე, უფალი, განვსჯი ყოველ ადამიანს მისი საქმეებისა და გულის საწადელის შესაბამისად.“ ჩვენი ზეციერი მამა თავისი შვილებისგან მორჩილებისა და მსახურების მექანიკურ აქტებზე მეტს ითხოვს. მას სურს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი განზრახვით გავაკეთოთ, რამეთუ ჩვენ მთელი გულით გვიყვარს იგი. მას სურს, რომ ჩვენ გვსურდეს მისნაირი გავხდეთ.

მაშინ, თუ ჩვენი გულების სულიერი ჯანმრთელობა მხსნელის მთავარი საზრუნავია — რასაც იგი ჭეშმარიტ მოწაფეში ეძებს —როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ ჩვენი გული და გავიგოთ, ჯანმრთელია თუ არა ის ღვთის თვალში?

ცოტა ხნის წინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე პორტუგალიის მისიიდან დავბრუნდით, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად ჯანმრთელობის გამოკვლევები ჩავიტარეთ. ამ გამოკვლევათაგან ზოგიერთი ჩვენი გულის ჯანმრთელობაზე იყო ორიენტირებული, მაგალითად, სისხლის ანალიზები, ექოკარდიოგრამები და სტრეს-ტესტები. მე მჯერა, რომ მხსნელმა ასევე მოგვცა მთელი რიგი სულიერი ტესტებისა, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია ჩვენი გულის სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად. ნება მომეცით, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.

თქვენი გულის შეფასება სულიერი ტესტებით

პირველი, ჩვენი ყურადღება, პრიორიტეტები და მოტივები

„ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქვე იქნება,“ იესომ გვასწავლა. საუნჯე ჩვენთვის ძვირფასი რამ არის, რასაც ძალისხმევასა და ყურადღებას ვუთმობთ. სად ვირჩევთ ჩვენი დროის გატარებასა და ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას, ასევე ის, თუ რა გვაძლევს მოტივაციას, გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ბევრ რამეს ამბობს ჩვენი გულის შესახებ. მხსნელმა გაგვაფრთხილა, რომ მართალია, მის მიერ მრავალია მოწოდებული, მაგრამ მცირედია რჩეული, „ვინაიდან, მათი გული იმდენად მიმართულია ამაქვეყნის საგნებისკენ და ისწრაფვიან ადამიანთა ქება-დიდებისკენ.“ ვაქცევ კი ჩემს ცხოვრებაში მხსნელს პრიორიტეტად? არის ჩემი მზერა უფლის სიდიადისკენ მიმართული ყველაფერში, რასაც ვაკეთებ?

მეორე, ჩვენი მზადყოფნა, დავემორჩილოთ ღვთის მცნებებს

წმინდა წერილში უფალი და მისი წინასწარმეტყველები სიამაყეს და დაუმორჩილებლობას გულქვაობასთან აკავშირებენ. ნეფიმ მოუწოდა თავის ძმებს და უთხრა: „როგორ არ იცავთ უფლის მცნებებს? რატომ გინდათ დაიღუპოთ საკუთარი გულქვაობის გამო?“ მისურის წმინდანები უფალმა გააფრთხილა: „ხოლო ვინც არაფერს აკეთებს, სანამ არ უბრძანებენ და ბრძანებას იღებს ეჭვიანი გულით და ასრულებს მას სიზარმაცით – წყეულია.” მიუხედავად იმისა, რომ მხსნელი არ ელის სრულყოფილებას მისი მცნებების დაცვაში, ის გვთხოვს, რომ მთელი გულით გვსურდეს და ვეცადოთ მათ დაცვას.

მესამე, ჩვენი გულმოდგინება წმინდა წერილების შესწავლასა და გამოცხადების ძიებაში

უფალმა ოლივერ ქაუდერი გააფრთხილა, „გულში შეინახე ეს სიტყვები.“ ჩვენ მოწვეულნი ვართ, გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი და სულიწმინდის ძალით ვეძიოთ ჩვენს გულებში სახარების ჭეშმარიტების გაგებისა და დამოწმების მოპოვება.

წინასწარმეტყველმა აბინადიმ გაკიცხა ბოროტი მეფე ნოეს მღვდლები ამის შეუსრულებლობის გამო და თქვა: „თქვენ არ დაუდეთ გული, რათა გაგეგოთ; ამიტომ, გონიერნი არ იყავით.“ გულწრფელად ვცდილობ თუ არა ყოველდღიურად შევისწავლო წმინდა წერილი და გულითადად ვცდილობ მათ გაგებას ლოცვის საშუალებით?

მეოთხე, ჩვენი აზრები და სიტყვები

მხსნელმა გვასწავლა, რომ „გულიდან ამოდის ბოროტი ზრახვანი“ და რომ „გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.“ ჩვენი აზრებისა და სიტყვების ხარისხი ჩვენი გულის სიწმინდის კარგი მაჩვენებელია. ხომ არ ვაღვივებ ზედმეტ უარყოფით აზრებს სხვების ქმედებების ან მოტივების შესახებ, ან თუნდაც საკუთარ თავზე? ძალიან სწრაფად ხომ არ განვსჯი და ვგმობ სხვებს? ვეძებ თუ არა საბაბს ან გამართლებას ჩემი შეცდომებისთვის? და ჩემი სიტყვები? ისინი ჩემს გარშემო მყოფებს ამაღლებენ და შთააგონებენ? თუ ისინი ხშირად იწვევენ კონფლიქტსა და წყენას?

ფიზიკური გამოკვლევების დასრულების შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ საერთო ჯამში, გული ჯანმრთელი მქონდა, თუმცა არსებობდა რამდენიმე საკითხი, რომელთა მოგვარებაც ახლავე იყო საჭირო, სანამ ისინი გართულდებოდა. შემდეგ მან ცხოვრების წესის რამდენიმე ცვლილება დამინიშნა. ანალოგიურად, როდესაც თქვენი გულის ამ სულიერ შემოწმებას ატარებთ და შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი უარყოფითი სიმპტომი იწყებს გამოვლინებას, გთხოვთ, ნუ ჩავარდებით პანიკაში! მხსნელმა შესანიშნავი სულიერი მედიკამენტები და მკურნალობა უზრუნველყო, რათა დაგეხმაროთ. იგი ახალი გულის ჩუქებასაც კი დაგპირდათ! აქ მოცემულია რამდენიმე ქმედება, რომელსაც შეუძლია თქვენი გულის სულიერი სიმტკიცის გაუმჯობესება.

თქვენი გულის სულიერი ჯანმრთელობის გაუმჯობესება

პირველ რიგში, გააძლიერეთ თქვენი ურთიერთობა ქრისტესთან

როდესაც ქრისტესთან დაახლოებას დროს ყოველდღიურად ვუთმობთ, ჩვენი გულები იცვლება. წმინდა წერილის ყოველდღიური შესწავლა, გულწრფელ ლოცვასთან და რეგულარულ მარხვასთან ერთად, გაზრდის თქვენს სიყვარულს მხსნელის მიმართ და გააძლიერებს თქვენს რწმენასა და სურვილს, მოინანიოთ და გული ღმერთს თავმდაბლობით დაუთმოთ. გაითვალისწინეთ ეს მაგალითი ნეფისგან: „ამიტომაც შევღაღადე უფალს; და აჰა, ის მეწვია, მომილბო გული ისე, რომ ვიწამე ყოველი სიტყვა, რაც მამაჩემმა თქვა.“

როდესაც რწმენის თესლს ჩვენი სამართლიანი სურვილებითა და ქმედებებით ვასაზრდოვებთ, ჩვენც განვიცდით ჩვენი გულების იმავე განწმენდას, რასაც ნეფიელები: „ისინი ხშირად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ და სულ უფრო ძლიერდებოდნენ და ძლიერდებოდნენ თავიანთ თავმდაბლობაში და მტკიცდებოდნენ და მტკიცდებოდნენ ქრისტეს რწმენაში, ავსებდნენ რა თავიანთ სულებს სიხარულითა და ნუგეშით, დიახ, გულის განწმენდამდე და კურთხევამდე, იმ კურთხევით, რომელიც მოდის ღმერთისადმი საკუთარი გულის დათმობით.“

მეორე, თქვენი ნება შეუსაბამეთ უფლის ნებას

მხსნელმა გვასწავლა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.“ იგი გვიწვევს, მასთან აღთქმების დადებითა და დაცვით გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული. როდესაც ყოველდღიურად ვცდილობთ დავიცვათ მისი მცნებები, გულწრფელად მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები და დაჟინებით ვიღებთ მის სახელს საკუთარ თავზე და ვუსაბამებთ ჩვენს ნებას უფლის ნებას, შეგვიძლია დალოცვილნი ვიყოთ სულიწმინდის მუდმივი თანხლებით.

ნეფიმ დაამოწმა: „მე ვიცი, რომ თუ მიჰყვებით ძეს გულის მთელი მოწადინებით, იმოქმედებთ ღმერთის წინაშე ყოველგვარი პირმოთნეობისა და თვალთმაქცობის გარეშე, ნამდვილი მოწადინებით და მოინანიებთ ცოდვებს მამისადმი დამოწმებით, რომ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ ქრისტეს სახელი ნათლობით … , მაშინ მიიღებთ სულიწმინდას,” სულიწმინდა გიხელმძღვანელებთ და დაგეხმარებათ უფლის ნების გაგებასა და კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში.

და ბოლოს, მთელი გულით ემსახურეთ ღმერთს და სხვებს

მხსნელი ყველას გიწვევთ, რომ „[ღმერთს] ემსახურ[ო]თ მთელი თქვენი გულით.“ როდესაც ჩვენ ვირჩევთ, რომ უფლის ყოველი მოთხოვნა - მაგალითად, მცნებების დაცვა, ზიარების მიღება, ტაძარში თაყვანისცემა და სხვების მსახურება - გულწრფელი გულითა და ნამდვილი განზრახვით შევასრულოთ, მსახურებისა და თაყვანისცემის თითოეული აქტი ღრმა სულიერ გამოცდილებად იქცევა, რომელიც აძლიერებს ჩვენს რწმენასა და მოწმობას და ავსებს ჩვენს გულებს სიხარულითა და სიყვარულით ღმერთისა და ჩვენი მოყვასის მიმართ.

წინასწარმეტყველი ალმას კითხვა დღესაც ისმის: „ხართ თუ არა სულიერად ღვთისგან შობილნი? მიიღეთ მისი ხატება თქვენს სახეზე? განიცადეთ ეს ძლიერი ცვლილება თქვენს გულში?“

ძმებო და დებო, მე გიწვევთ, რომ დღეს მთელი გული მიუძღვნათ მხსნელს. დაე, თაყვანისცემისა და მსახურების ყოველი აქტი იყოს გულწრფელი და განზრახი. გვერდზე გადადეთ ამქვეყნიური ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და ეცადეთ, ყოველდღიურად უფლისათვის მნიშვნელოვანი დრო გამოყოთ. მოინანიეთ და მთელი გულით დაუბრუნდით მას და უფალი მოგიტევებთ და თავისი სიყვარულის მკლავებში მოგაქცევთ. არ ეძიოთ ამქვეყნიური ამაოებანი, არამედ აირჩიეთ, რომ მზერა მისი სიდიადისკენ მიმართოთ და ეძიებდეთ იმას, რაც უკეთესი სამყაროსეულია. უფალმა იცის თქვენი ფიქრები და თქვენი გულის სურვილები და როდესაც მას მიუახლოვდებით, იგი დაგლოცავთ ძალით, თავდაჯერებულობით, სიმშვიდითა და სიხარულით ამ ცხოვრებაში და თქვენი ადგილით მის ცელესტიალურ სასუფეველში სამარადისოდ.

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია. იგი ჩვენი გამომსყიდველია. და მას ჩვენ მთელი გულით ვუყვარვართ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.