იცოდეთ, ვინ ხართ სინამდვილეში
სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენი მოწაფეობის გზაზე, ჩვენი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვლება, თუ უკეთ გვეცოდინება, ვინ ვართ.
რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქალიშვილმა მისიაში დიდი გამოცდილება მიიღო. მისი ნებართვით წაგიკითხავთ იმ პერიოდში მისგან მიღებული წერილიდან ნაწყვეტს:
„გუშინ ახლახან დაბრუნებულმა წევრმა გვთხოვა, რაც შეიძლება მალე მოვსულიყავით. ადგილზე რომ მივედით, ის იატაკზე იწვა და ქვითინებდა. ტირილით მოგვიყვა, რომ სამსახური დაკარგა, ბინიდან აძევებდნენ და ის ისევ უსახლკარო იქნებოდა.“
ჩვენი ქალიშვილი აგრძელებს: „დავიწყე წმინდა წერილის მშფოთვარედ გადაფურცვლა, ვცდილობდი რა, მეპოვა რამე, რითიც მას დავეხმარებოდი. იმ დროს, როცა მისთვის შესაფერის მუხლს ვეძებდი, ვიფიქრე: რას ვაკეთებ? ქრისტე ასე არ მოიქცეოდა. ეს არ არის პრობლემა, რომლის გადაწყეტაც შემიძლია, მაგრამ აი აქ, სრული სიტყვის მნიშვნელობით, არის ღვთის ქალიშვილი, რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდება. ასე რომ, მე დავხურე წმინდა წერილები, მის გვერდით დავიჩოქე და ჩავეხუტე მას და ერთად ვტიროდით, სანამ მზად იყო, ამდგარიყო და იმ განსაცდელისთვის თვალი გაესწორებინა“.
მას შემდეგ, რაც ეს ქალი დამშვიდდა, ჩვენმა ქალიშვილმა გამოიყენა წმინდა წერილები, რათა ეცადა დახმარებოდა მას, გაეგო თავისი ღვთიური ღირებულება და ესწავლებინა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ჭეშმარიტება ჩვენი არსებობის შესახებ—რომ ჩვენ ვართ ღვთის საყვარელი ძენი და ასულნი, ღმერთის, რომელსაც სრულყოფილი თანაგრძნობა აქვს ჩვენ მიმართ, როცა ვიტანჯებით და მზად არის, დაგვეხმაროს წამოდგომისას.
შთამაგონებელია, რომ მოძღვრების პირველი პუნქტი, რომელსაც მისიონერები ასწავლიან, არის ის, რომ ღმერთი ჩვენი მოსიყვარულე მამაა. ყოველი შემდგომი ჭეშმარიტება ეფუძნება ამ ფუნდამენტურ გაცნობიერებას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
სუზან ჰ. პორტერი, დაწყებითი საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, გვასწავლიდა: „როცა იცი და გესმის, რამდენად სრულად უყვარხარ ღმერთს, როგორც მისი შვილი, ეს ყოველივეს ცვლის. ეს ცვლის თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ, როცა შეცდომებს უშვებთ. ეს ცვლის თქვენს გრძნობებს სირთულეების დროს. ეს ცვლის თქვენს შეხედულებებს ღვთის მცნებებზე. ეს ცვლის თქვენს ხედვას სხვების შესახებ და თქვენს შესაძლებლობას, მოახდინოთ უკეთესობისკენ ცვლილება“.
ეს ცვლილება ნაჩვენებია მოსეს მაგალითზე, როცა ის ღმერთს პირისპირ ელაპარაკებოდა. ამ საუბრისას ღმერთმა განმეორებით ასწავლა მოსეს მისი ღვთიური მემკვიდრეობის შესახებ, ამბობდა რა: „მოსე, შენ ხარ ჩემი ძე.“ ღმერთმა განმარტა, რომ მოსე მისი მხოლოდშობილის მაგვარი იყო. მოსემ ნათლად გაიგო, ვინ იყო თავად, რომ მას ჰქონდა საქმე შესასრულებელი და რომ ჰყავდა მოსიყვარულე ზეციერი მამა.
ამ გამოცდილების შემდეგ მოწინააღმდეგე მოვიდა და ცდილობდა ეცდუნებინა იგი და ასე მიმართა მას: „მოსე, ადამიანის შვილო.“ მოწინააღმდეგის არსენალში ეს ხშირად გამოყენებული და სახიფათო იარაღია. იმ დროს, როცა მამაზეციერი გამუდმებით და სიყვარულით გვახსენებს, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ, მოწინააღმდეგე ყოველთვის ცდილობს, ჩვენი სისუსტეების შესაბამისი იარლიყი მოგვაკრას. მაგრამ მოსემ უკვე შეიტყო, რომ ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე „ადამიანის შვილი.“ მან განუცხადა სატანას: „ვინ ხარ? ვინაიდან, აჰა, მე ვარ ღვთის შვილი.“ ანალოგიურად, როდესაც მიწიერი ცხოვრების გამოწვევების წინაშე ვდგებით ან ვგრძნობთ, რომ ვინმე ცდილობს, ჩვენი სისუსტეების მიხედვით იარლიყი მოგვაკრას, ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ იმის ცოდნაში, თუ ვინ ვართ სინამდვილეში. ჩვენ უნდა ვეძიოთ დადასტურება ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. და ამასობაში ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია განვაცხადოთ: „მე ვარ ღვთის შვილი“.
საერთაშორისო სულიერების საათზე ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „ასე რომ, ვინ ხართ? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: თქვენ ხართ ღვთის შვილი; აღთქმის შვილი და იესო ქრისტეს მოწაფე. და როცა ამ ჭეშმარიტებებს მიიღებთ, ჩვენი მამაზეციერი დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მის წმინდა გარემოცვაში ცხოვრების საბოლოო მიზანს.“
შემთხვევით არ არის, რომ თითქმის ყველაზე ხშირად განმეორებულ წმინდა წერილში ღმერთი გვახსენებს მასთან ჩვენს ურთიერთობას. ყველა სახელიდან, რომლითაც მისი ამოცნობა შეიძლებოდა ზიარების ლოცვაში, მან ითხოვა, მისთვის „ღმერთი, მარადიული მამა“ გვეწოდებინა.
როდესაც ჭეშმარიტად გავიგებთ, ვინ ვართ, უფრო მტკიცედ დავიჯერებთ, რომ ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ უზრუნველყო მასთან საცხოვრებლად დასაბრუნებელი გეგმა. უხუცესმა პატრიკ კირონმა გვასწავლა: „ჩვენი მამის მშვენიერი გეგმა, მისი „ზღაპრული“ გეგმა, ჩაფიქრებულია ჩვენი შინ მისაყვანად და არაგარეთ დასატოვებლად. … ღმერთი დაუღალავად კვალდაკვალ მოგყვებათ.“ დაფიქრდით ამაზე ერთი წამით—ჩვენი ყოვლისშემძლე, მოსიყვარულე მამა „დაუღალავად მოგყვებათ კვალდაკვალ“.
სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენი მოწაფეობის გზაზე, ჩვენი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვლება, თუ უკეთ გვეცოდინება, ვინ ვართ. შემიძლია შემოგთავაზოთ ორი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია ამ გაგების გაღრმავება.
პირველი: ლოცვა
მხსნელი, თავისი მიწიერი მსახურების დასაწყისში, უდაბნოში მიდიოდა, რათა „ღმერთთან ყოფილიყო.“ შესაძლოა ჩვენ უნდა შევცვალოთ აზროვნება და უბრალოდ ლოცვის ნაცვლად ყოველდღიურად საკმარისი დრო დავუთმოთ „ღმერთთან ყოფნას“.
მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ლოცვების ხარისხი უმჯობესდება, თუ რამდენიმე წუთს ვუთმობ ჩემს მამასთან საუბრისთვის მომზადებას. წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ ეს არის ის მაგალითი, რომელიც მუშაობს. ვინც არ უნდა იყოს ეს, ჯოზეფ სმითი, ნეფი, ჰელამანის ძე, თუ ენოსი, ყველას, ღმერთთან ჩაწერილი საუბრის დაწყებამდე, გავლილი აქვს ფიქრის და თვითგანხილვის გარკვეული გზები ენოსმა თქვა, რომ მისი სული შიმშილობდა, როცა მამამისის სიტყვები ღრმად ჩასწვდა გულში. ყოველი ეს მაგალითი გვასწავლის, რომ არსებობს საჭიროება, ყოველდღე სულიერად მოვემზადოთ „ღმერთთან ყოფნისთვის“.
მხსნელმა დაავალა ნეფიელებს: „როდესაც ლოცულობთ, შედით თქვენს ოთახში, ჩაიკეტეთ კარი და ილოცეთ თქვენი მამისადმი, დაფარულში მყოფი.“
თქვენს ოთახში იქნებით თუ საძინებელში, იპოვეთ ადგილი, სადაც განმარტოვდებით ლოცვისთვის, სადაც თქვენი სული დამშვიდდება და უსმინეთ „ჩუმი, ნაზი ხმის“ კარნახს. ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ იმ საკითხებზე ფიქრით, რისთვისაც მადლიერები ვართ და იმ კითხვებსა თუ შეშფოთებაზე, რომელზეც საუბარი მამასთან გვსურს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ლოცვის წესი მექანიკური კი არ იყოს, არამედ ვესაუბროთ მამაზეციერს, თუ შესაძლებელია, ხმამაღლა.
მესმის, რომ ჩვენი ცხოვრების ქაოსში, როდესაც პატარებს ვუმკლავდებით ან შეხვედრიდან შეხვედრაზე დავრბივართ, შეიძლება არ გვქონდეს სიჩუმეში განმარტოებისა და გააზრებული მომზადების საშუალება — მაგრამ ეს ჩუმი, სწრაფი და დაჟინებული ლოცვები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, როდესაც დღის დასაწყისშივე ვცდილობთ „ღმერთთან ყოფნას.“
შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვისაც დიდი ხანია არ ულოციათ ან სხვები, რომლებსაც არ უგრძვნიათ, რომ მათი ლოცვები მოსმენილია. მე გპირდებით, რომ თქვენი მამაზეციერი გიცნობთ, უყვარხართ და სურს თქვენი მოსმენა. მას სურს თქვენთან საუბარი. მას სურს, გახსოვდეთ ვინ ხართ.
უხუცესმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვასწავლა: „რამდენსაც არ უნდა ლოცულობდეთ, კიდევ უფრო მეტი ილოცეთ“. რამდენად ძლიერადაც არ უნდა ლოცულობდეთ, კიდევ უფრო ძლიერად ილოცეთ.“
უფრო ხშირად და მხურვალედ ლოცვის გარდა, მორმონის წიგნის ყოველდღიური შესწავლა და ტაძარში თაყვანისცემა დაგვეხმარება მოვამზადოთ გონება გამოცხადებისთვის. როცა ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობა მამაზეციერთან, ის დაგვლოცავს, უფრო მკაფიოდ ვიგრძნოთ, რომ მისი შვილები ვართ.
მეორე: შეცნობა იმისა, რომ იესო არის ქრისტე
ზეციერი მამის სიყვარულის უდიდესი გამოვლინება ჩვენდამი, როგორც მისი შვილების მიმართ, არის ის რეალობა, რომ მან გამოგზავნა თავისი ძე, ჩვენი პირადი მხსნელი, რათა დაგვხმარებოდა შინ დაბრუნებაში. ამიტომ, ჩვენ უნდა შევიცნოთ იგი.
წლების წინ, როცა პალოს პრეზიდენტად ვმუშაობდი, მე ერთ-ერთი ძმისთვის ტაძარში წეს-ჩვეულებების შემსრულებლის რეკომენდაცია გავეცი. მას შემდეგ, რაც ავუხსენი, რა შესანიშნავი წეს-ჩვეულებების შემსრულებელი იქნებოდა, მე შემთხვევით დავაჭირე ღილაკს „არ ვუჭერ მხარს“ და რეკომენდაცია წარვადგინე. გზავნილის გაუქმების მცდელობის შემდეგ ტაძრის პრეზიდენტს დავურეკე და ვუთხარი: „საშინელი შეცდომა დავუშვი.“ ტაძრის ამ კეთილმა პრეზიდენტმა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თქვა: „პრეზიდენტო აირ, არაფერი გაგიკეთებიათ ისეთი, რაც არ მოგეტევებათ და რისიც საბოლოო ჯამში გამოსწორებაც არ მოხერხდება. რამხელა ჭეშმარიტებაა! მართლაც, იესო ქრისტეს აქვს „ხსნის ძალა.“
2019 წელს ტაძრის რეკომენდაციის კითხვებში დიდი ცვლილება მოხდა. ადრე, ერთ-ერთი შეკითხვა იყო, გაქვთ თუ არა მოწმობა იესო ქრისტეს, როგორც ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის როლის შესახებ? ახლა, შეკითხვაა: გაქვთ თუ არა მოწმობა მისი როლის შესახებ, როგორც თქვენი მხსნელისა და გამომსყიდველის? იესო ქრისტეს გამოსყიდვა მოქმედებს არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ ჩემთვის და თქვენთვის. იგი არის ჩემი მხსნელი. იგი არის თქვენი მხსნელი. თითოეული ჩვენგანის. მხოლოდ მისი მეშვეობით მე და თქვენ შევძლებთ დავბრუნდეთ და ვიყოთ მამასთან.
ასე რომ, ძმებო და დებო, მოდით ვეძიოთ იგი. მოდით, შევისწავლოთ მისი ღვთიური ურთიერთობა მამასთან და ყოველ ჩვენგანთან. მოდით, შევიგრძნოთ გამომსყიდველი სიყვარულის სიმღერა რომელიც, ჩვენი გამომსყიდველის მეშვეობით მოდის პირადად თითეულ ჩვენგანთან, როცა ვინანიებთ. როცა შევიცნობთ მას, რომელსაც აქვს „ხსნის ძალა“, ჩვენ გავიგებთ, რომ როგორც ღვთის შვილები, ვართ მისი სიხარული, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი და რომ ყოველი ჩვენგანი არის ხსნის ღირსი.
მე ვმოწმობ, რომ ჩვენ გვყავს მოსიყვარულე ზეციერი მამა. როცა შევიცნობთ ამ მარადიულ ჭეშმარიტებას ძლიერი ლოცვის, პირადი გამოცხადებისა და იესო ქრისტესთან მისვლის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ ახლა და ყოველთვის, თამამად გამოვაცხადოთ: „მე შვილი ვარ ღვთისა“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.