გენერალური კონფერენცია
მოღიმარი სახეები და მადლიერი გულები
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


10:52

მოღიმარი სახეები და მადლიერი გულები

ჩვენი წმინდანების სიდიადე აფრიკაში უფრო აშკარა ხდება, როცა ისინი ცხოვრებისეული სირთულეებისა და მზარდი ეკლესიის მოთხოვნების წინაშე დგებიან.

ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ მე სამოცდაათთა ქვორუმიდან გამათავისუფლეს და ეს აქ, გენერალურ კონფერენციაზე, გამოცხადდა. რადგან ჩემი სახელი დამსახურებული მთავარი ხელმძღვანელების შემდეგ მალევე წაიკითხეს, ბევრს ეგონა, რომ მეც დავასრულე მსახურება. კონფერენციის შემდეგ მადლიერებისა და კეთილი სურვილების უამრავი გზავნილი მივიღე ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის. ზოგმა ჩემი სახლის ყიდვაც კი შემომთავაზა სოლთ-ლეიქის ჩრდილოეთ ნაწილში. სასიამოვნო იყო, რომ ადამიანებს მოვენატრებოდი და აგრეთვე იმის ცოდნა, რომ მსახურების დასრულების შემდეგ სახლის გაყიდვა არ გამიჭირდებოდა. მაგრამ მე ჯერ არ დამისრულებია.

ჩემმა ახალმა დავალებამ მე და მონიკა მშვენიერ აფრიკაში წაგვიყვანა, სადაც ეკლესია ყვავის. ჩვენთვის დალოცვაა, ვიმსახუროთ აფრიკის სამხრეთ რეგიონში ერთგულ წმინდანებთან ერთად და ვიყოთ მოწმენი იმისა, როგორ უყვარს უფალს ისინი. შთამაგონებელია ხედავდე ოჯახების თაობებს, ყველა ფენის წარმომადგენლებს, მათ შორის მრავალი წარმატებული და კარგად განათლებული ეკლესიის წევრების, რომლებიც სხვების მსახურებას საკუთარ დროსა და ნიჭს ერთგულად უთმობენ.

ამავდროულად, რეგიონის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მრავალი მოკრძალებულად მცხოვრები ადამიანი ეკლესიას უერთდება და მეათედის ერთგულების კურთხევებისა და ეკლესიის მიერ შეთავაზებული განათლების საშუალებების წყალობით ისინი საკუთარ ცხოვრებას ცვლიან, პროგრამები, როგორიცაა Succeed in School, EnglishConnect, BYU–Pathway Worldwide და Perpetual Education Fund ( „საქსიდ ინ სქულ“, „ინგლიშ ქონექთ“და „პერპეტუალ ედიუქეიშნ ფანდ“) მრავალი ცხოვრება დალოცეს, განსაკუთრებით მათი, ვისაც მოზარდი თაობა ჰყავთ.

პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა ერთხელ განაცხადა: „ნათქვამია, რომ ეს ეკლესია შეიძლება არ იზიდავდეს დიად ადამიანებს, მაგრამ ის უფრო ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებს დიდებულ ადამიანებად აქცევს“.

ჩვენი წმინდანების სიდიადე აფრიკაში უფრო აშკარა ხდება, როცა ისინი ცხოვრებისეული სირთულეებისა და მზარდი ეკლესიის მოთხოვნების წინაშე დგებიან. ისინი ამას ყოველთვის პოზიტიური განწყობით უდგებიან. მათ შესანიშნავად გაითავისეს პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის კარგად ცნობილი სწავლება:

„სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.

„როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე … იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, რა ხდება და რა არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში“.

ისინი სიხარულს პოულობენ გამოწვევების მიუხედავად. მათ იციან, რომ ჩვენი ურთიერთობა მხსნელთან გვაძლევს საშუალებას, გაღიმებული სახითა და მადლიერი გულით შევხვდეთ გამოწვევებს.

აფრიკელი წმინდანები

ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ ერთგულ წმინდანებთან, რომლებიც ამ პრინციპის მაგალითს წარმოადგენენ. მოზამბიკით დავიწყებ.

მოზამბიკი

რამდენიმე თვის წინ ვთავმჯდომარეობდი პალოს კონფერენციას. ამ ერთი წლის წინ შექმნილ პალოში უკვე 10 დანაყოფი იყო. სამლოცველოში და გარეთ გაშლილ სამ კარავში 2 000 -ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. 31 წლის პალოს პრეზიდენტი, მისი 26 წლის მეუღლე და მათი ორი შვილი. ის, ყოველგვარი წუწუნის გარეშე, ამ მზარდ და გამოწვევებით სავსე პალოს მოღიმარი სახითა და მადლიერი გულით ხელმძღვანელობს.

პატრიარქთან საუბრისას მე შევიტყვე, რომ მისი მეუღლე სერიოზულად ავად იყო და მას უჭირდა მკურნალობის ხარჯების დაფარვა. პალოს პრეზიდენტთან ამ საკითხზე საუბრის შემდეგ ჩვენ ის მღვდლობის დალოცვით ვაკურთხეთ. მე ვკითხე პატრიარქს, საშუალოდ პატრიარქის რამდენი დალოცვით აკურთხებს.

„რვიდან ათამდე“- თქვა მან.

„თვეში“?- ვკითხე მე

„კვირის განმავლობაში“ - მიპასუხა მან. მე ვურჩიე, რომ კვირაში ამდენი დალოცვა არ იყო ბრძნული გადაწყვეტილება.

„უხუცესო გოდოი“, - მიპასუხა მან. „ისინი ყოველ კვირას მოდიან, ახალი წევრებისა და მრავალი ახალგაზრდის ჩათვლით“. და კვლავ - არანაირი წუწუნი, მხოლოდ მოღიმარი სახე და მადლიერი გული.

პალოს კონფერენციის შაბათის საღამოს სესიის შემდეგ, გზად სასტუმროში, შევნიშნე, რომ ადამიანები გზაზე გვიან ღამით საკვებს ყიდულობდნენ. მე ვკითხე ჩემს მძღოლს, რატომ ყიდულობდნენ ისინი საკვებს, როცა ასე ბნელა და არა დღის განმავლობაში. მან თქვა, რომ ისინი დღისით მუშაობდნენ, რათა მოგვიანებით საკვები ეყიდათ.

„ა, ისინი დღეს მუშაობდნენ, რათა ხვალ ჭამონ“ - ვთქვი მე.

მაგრამ მან ნათქვამი შემისწორა და თქვა: „არა, ისინი დღისით მუშაობდნენ, რათა ამაღამ ეჭამათ“. მე ვიმედოვნებდი, რომ ჩვენი წევრები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მან დამიდასტურა, რომ მრავალ მათგანს ქვეყნის ამ ნაწილში მსგავსი სირთულეები ჰქონდა. შემდეგ დილას, საკვირაო სკოლის დროს, როცა მათ ვითარებაში უკვე ცოტა გარკვეული ვიყავი, გული უფრო მეტად ამიჩუყდა მათი მოღიმარი სახეებისა და მადლიერი გულების გამო.

ზამბია

გზად საკვირაო სკოლის შეხვედრისკენ მე და პალოს პრეზიდენტმა წყვილი შევნიშნეთ. ისინი გზას ჩვილთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად მიუყვებოდნენ. ჩვენ შევჩერდით და მანქანით წაყვანა შევთავაზეთ. მათ გაუკვირდათ და ესიამოვნათ. როცა ვკითხეთ, რამდენი უნდა ევლოთ სამლოცველომდე, მამამ გვიპასუხა: 45 წუთიდან ერთ საათამდე, გააჩნია ბავშვების სიარულს. ისინი ასე ყოველ კვირას დადიოდნენ, ყოველგვარი წუწუნის გარეშე – მხოლოდ მოღიმარი სახეებითა და მადლიერი გულებით.

მალავი

ერთხელ კვირას, პალოს კონფერენციამდე, მე ორი სამრევლო მოვინახულე. ისინი საჯარო სკოლის შენობაში იკრიბებოდნენ. მე შოკში ვიყავი შენობების მოკრძალებული მდგომარეობის გამო. იქ ყველაზე აუცილებელი კეთილმოწყობის ელემენტებიც კი არ იყო. როცა იქ რამდენიმე წევრს შევხვდი, მზად ვიყავი ბოდიში მომეხადა მათთვის შეუფერებელი პირობების გამო, მაგრამ მათ უხაროდათ, რომ ახლა აღარ უწევდათ დიდ მანძილზე სიარული და ეს ადგილი ჰქონდათ შეკრებებისთვის. და კვლავ - არანაირი წუწუნი, მხოლოდ მოღიმარი სახეები და მადლიერი გულები.

ზიმბაბვე

შაბათის ხელმძღვანელთა ტრენინგის შემდეგ პალოს პრეზიდენტმა საკვირაო მსახურებაზე წამიყვანა, რომელიც ნაქირავებ სახლში ტარდებოდა. 240 ადამიანი ესწრებოდა. შემდეგ ეპისკოპოსმა 10 ახალი წევრი წარადგინა, რომლებიც იმ კვირას მოინათლნენ. მრევლი ორ პატარა ოთახში იყო განთავსებული, ზოგიერთი წევრი შენობის გარეთ იჯდა. ისინი შეკრებას კარებიდან და ფანჯრებიდან უყურებდნენ. და კვლავ - არანაირი წუწუნი, მხოლოდ მოღიმარი სახეები და მადლიერი გულები.

ლესოთო

მე ვეწვიე ამ პატარა მშვენიერ ქვეყანას, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც „მთების სამეფო“, სადაც ეკლესიის ოლქი პალოს სტატუსის მისაღებად ემზადებოდა. შაბათის შეხვედრების შემდეგ მე ერთ-ერთი სამრევლოს საკვირაო მსახურებას დავესწარი, რომელიც ნაქირავებ სახლში ტარდებოდა. ზიარების ოთახი გადავსებული იყო, ადამიანები გარეთ იდგნენ მონაწილეობის მისაღებად. მე ვუთხარი მრევლის პრეზიდენტს, რომ მას უფრო დიდი შენობა სჭირდებოდა. ჩემდა გასაკვირად მან მითხრა, რომ ეს მისი წევრების მხოლოდ ნახევარი იყო. მეორე ნახევარი ზიარების შეკრებაზე მეორე საათის შემდეგ მოვიდოდა. და კვლავ - არანაირი წუწუნი, მხოლოდ მოღიმარი სახეები და მადლიერი გულები.

მე მოგვიანებით ისევ დავბრუნდი ლესოთოში ფატალური ავარიის გამო, რომელმაც რამდენიმე ახალგაზრდა იმსხვერპლა, რაც ამის წინ უხუცესმა ტოდ კრისტოფერსონმა ახსენა. როცა ოჯახებსა და ხელმძღვანელებს ვეწვიე, მძიმე ატმოსფეროს ველოდი. ამის ნაცვლად მე შემხვდნენ ძლიერი, ამტანი წმინდანები, რომლებიც ამაღლებულად და შთამაგონებლად უმკლავდებოდნენ შექმნილ სიტუაციას.

მპჰო ანიკია ნკუ

14 წლის მპჰო ანიკია ნკუმ, რომელიც ავარიას გადაურჩა, ეს კარგად გამოხატა საკუთარი სიტყვებით: „ყოველთვის გწამდეს იესო და მისი იმედი გქონდეს, რადგან მისი მეშვეობით სიმშვიდეს იპოვი და ის გამოჯანმრთელების პროცესში დაგეხმარება“.

ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, სადაც ვხედავთ მათ პოზიტიურ განწყობას, რადგან მათი ცხოვრების ცენტრი იესო ქრისტეა. მათ იციან, სად იპოვონ იმედი და დახმარება.

მხსნელის სამკურნალო ძალა

რატომ შეუძლია მხსნელს ჩვენი და მათი დახმარება ცხოვრების ნებისმიერ ვითარებაში? პასუხის პოვნა წმინდა წერილშია შესაძლებელი:

„და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას. …

„და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი წყალობით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“.

როგორც უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა, არ არსებობს ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა ან უძლურება, რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელიც მხსნელისთვის უცნობია. „სისუსტის წუთებში შეიძლება წამოვიძახოთ: „არავინ არ იცის, [რისი ატანა მიწევს]“. … ალბათ არცერთმა ადამიანმა არ იცის. მაგრამ ღვთის ძემ სრულყოფილად იცის და ესმის“. და რატომ? რადგან მან ჩვენამდე იგრძნო და ატარა ჩვენი ტვირთი“.

მე დავასრულებ ჩემს დამოწმებას ქრისტეს სიტყვებით მათე 11 -დან:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“.

ზუსტად როგორც იმ წმინდანებმა აფრიკაში, მეც ვიცი, რომ ეს დაპირება ჭეშმარიტია. ის ჭეშმარიტია იქ და ყველგან. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.