რათა ყველამ შეძლოს ცოდნის მიღება
როდესაც ჩვენ იესო ქრისტეზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვასწავლით მის მოძღვრებას და გულმოდგინედ ვსწავლობთ, ჩვენ ვიწვევთ სულიწმინდას, რათა გაგვიღრმავოს რწმენა იესო ქრისტეს მიმართ და დაგვეხმაროს მის მსგავსად გახდომაში.
ისტორია მოგვითხრობს ერთ ახალგაზრდა სტუდენტზე, რომელსაც რთულ საგანში უჭირდა და ამიტომ მასწავლებელი დაიქირავა დასახმარებლად. კურსის დასასრულს, პროფესორმა გამოაცხადა, რომ სტუდენტებს შეეძლოთ საბოლოო გამოცდაზე ერთი ფურცელი მიეტანათ, რომელზეც ნებისმიერი რამის განთავსება შეეძლოთ. ზოგიერთი სტუდენტი ლექციებიდან და სახელმძღვანელოებიდან აღებული ინფორმაციით პაწაწინა ჩანაწერების გაკეთებით ემზადებოდა, რომელთა წაკითხვა მხოლოდ გამადიდებელი შუშით იყო შესაძლებელი. მაგრამ ახალგაზრდა კაცი საბოლოო გამოცდაზე ცარიელი ფურცლით და უცნობ ადამიანთან ერთად მივიდა. როდესაც პროფესორმა ჰკითხა, ახალგაზრდამ უპასუხა: „თქვენ თქვით, რომ შემიძლია მოვიტანო ერთი ფურცელი, რომელზეც ნებისმიერი რამ იქნება.“ შემდეგ მან ფურცელი მაგიდის გვერდით იატაკზე დადო და თქვა: „მინდა, რომ ჩემი მასწავლებელი ჩემს ფურცელზე დადგეს.“
სულიწმინდა
როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, ღვთაების ერთ-ერთი წევრის თანხლებით დალოცვილებს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იდეალური მასწავლებლის დახმარება. სულიწმინდამ ყველაფერი იცის, მოწმობს ჭეშმარიტებაზე, და „ყველაფერს გაგახსენებთ.“ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ხშირად საუბრობდა უფლის ხმის მოსმენის მნიშვნელობაზე. ის გვასწავლიდა, თუ როგორ მოვიწვიოთ სულიწმინდის ხელმძღვანელობა და არაერთხელ გვთხოვა, რომ გამოცხადების მიღების ჩვენი სულიერი უნარი განვავითაროთ.
დღეს მე გიწვევთ, განიხილოთ სულიწმინდის როლი, კერძოდ, სახარების შესწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებით სახლში და ეკლესიაში. სულიწმინდა რწმენითი ლოცვით გვეძლევა, როდესაც ვცდილობთ, ამ ძვირფასი ძღვენით ღირსეულად ვიცხოვროთ. ეკლესიის შთაგონებული სახელმძღვანელო მხსნელის მსგავსად სწავლება ასახავს უფლის მიერ დამკვიდრებულ სხვადასხვა პრინციპს, რომლებიც ხელს უწყობს სულიწმინდის გავლენის მოწვევას.
მოიწვიე ბეჯითი სწავლისკენ
ერთ-ერთი ასეთი პრინციპია „მოიწვიე ბეჯითი სწავლისკენ“ წარსულში, შეიძლება ვფიქრობდით, რომ სწავლება იყო შანსი მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის მოეწვია სულიწმინდა საკუთარ მზადებაში და შემდეგ გაეზიარებინა ნასწავლი ბავშვებისთვის ან კლასის წევრებისთვის, რომელთა როლი მხოლოდ მოსმენა იყო. მაგრამ კიდევ უფრო ეფექტურია, როდესაც ჩვენ, როგორც მოსწავლეები, ასევე მომზადებულები ვართ, როდესაც მასწავლებლები ქმნიან სასწავლო გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს პიროვნული გამოცხადების პირდაპირ ჩვენს გულებსა და გონებაში გავრცელებას. შემდეგ როცა გვეძლევა შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს ის, რასაც ვსწავლობთ ჩვენით და სულიწმინდისგან, ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს მივიღოთ მითითებები და ცოდნა . როდესაც სახარების პრინციპებს ვიყენებთ, სულიწმინდა კვლავ მოწმობს მათ ჭეშმარიტებაზე.
როგორც ყველაფერში, იესო ქრისტე იდეალური მაგალითია. მან თითეულ ჩვენთაგანს მოუწოდა, ვიყოთ ბეჯითი მოსწავლეები და საკუთარ დამოწმებაზე ვიზრუნოთ. მან თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ სწავლისთვის მომზადებულიყვნენ გაეზიარებინათ ის, რაც ისწავლესდა რწმენით ემოქმედათ. ის ლოცულობდა მათთვის, ხედავდა მათ ღვთაებრივ პოტენციალს, უსმენდა და ეხმარებოდა იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი უყვართ და საჭირონი იყვნენ.
ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მოსწავლის წინსვლაზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მთელი ცხოვრების მანძილზე მოწაფეობის სულიერი ჩვევების განვითარებაში დახმარებაზე. როგორც მოსწავლეები, როდესაც სწავლის პროცესში ვახორციელებთ ჩვენს თავისუფალ არჩევანს, ჩვენ სულიწმინდას ვაძლევთ ნიშანს, რომ მზად ვართ, მისგან ვისწავლოთ.
მადლიერი ვარ მასწავლებლის, რომელმაც მომიწვია უკეთესი მოსწავლე გავმხდარიყავი. როდესაც უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, მცდარი წარმოდგენა მქონდა, რომ სკოლა იმის გამო უნდა ამეტანა, რათა სპორტით დაკავების უფლება მომეპოვებინა. ერთ დღეს, ჩემი დაწერილი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, ჩემმა პროფესორმა მითხრა, რომ მისი აზრით, ნიჭიერი ანალიტიკური მოაზროვნე ვიყავი. მე არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს. მან თქვა, რომ უფრო კონცენტრირებული ძალისხმევით შემეძლო კარგი სტუდენტი ვყოფილიყავი. ეს აზრი არასდროს გამვლოდა თავში. მისმა ინტერესმა, წახალისებამ და მოწვევებმა შეცვალა ჩემი განათლების მიმდინარეობა და დიდად დალოცა ჩემი ცხოვრება.
ასწავლე მოძღვრება
სულიწმინდის მოწვევასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრინციპი ჭეშმარიტი მოძღვრების სწავლებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სახარების შესწავლა და სწავლება ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული და ჩვენ არ ვახდენთ სენსაციურ ზეგავლენას ან სპეკულაციას იმაზე, რაც უფალმა არ გამოგვიცხადა. სამაგიეროდ, ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას სახარების აუცილებელ და მარადიულ პრინციპებზე, რაც სულიწმინდას საშუალებას აძლევს, დაამოწმოს ჭეშმარიტება. ჩვენ კვლავ მივყვებით მხსნელის მაგალითს. მან თქვა, „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.“
ჭეშმარიტი მოძღვრება წმინდა წერილებსა და თანამედროვე წინასწარმეტყველების სწავლებებშია მოცემული. უფლის მოწოდება, შევისწავლოთ წმინდა წერილი ინდივიდუალურად და ოჯახურად და ყოველ კვირა ეკლესიაში ვიაროთ მისი სახარების შესასწავლად, შესანიშნავ ხარაჩოს ქმნის უფლის მოძღვრების შესასწავლად და მისი ხმის მოსასმენად. ჩვენ ვეძებთ წმინდა წერილებს, რათა გავიგოთ მონაყოლი, მათში მოცემული პრინციპები და ამ ჭეშმარიტებების გამოყენება შევძლოთ ჩვენს ცხოვრებაში. რა დიდი კურთხევაა, რომ წმინდა წერილები ხელთ გვაქვს. წარმოიდგინეთ, ადამი და ევა, აბინადი, ან თუნდაც ოსტატი მასწავლებელი, იესო ქრისტე, რომ სახლებში ან კლასებში გვესტუმრონ და გვასწავლონ. მათ ეს შეუძლიათ, როცა ღმერთის სიტყვით ვნადიმობთ. მუდმივი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ წმინდა წერილის გაგება და სიყვარული და ვენდოთ, რომ მათში სულის კითხვებზე პასუხებია მოცემული.
ჩვენს ქორწინებამდე იყო დრო, როდესაც ჩემს მეუღლეს, კრისტის, უჭირდა ზეციერი მამის სიყვარულის შეგრძნება და მისი გეგმის გაგება. როდესაც ის მითითებისთვის ლოცულობდა, გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ინსტიტუტს უნდა დასწრებოდა, ამიტომ ახალი აღთქმის გაკვეთილებზე ჩაირიცხა. მისი ინსტიტუტის მასწავლებელი წმინდა წერილებიდან ასწავლიდა და ისიც კი, თუ როგორ ეჭირა ხელში მას ისინი, იმაზე მეტყველებდა, თუ რამდენად უყვარდა მას ღვთის სიტყვა. როდესაც ის დაესწრო, სულიწმინდამ ჩასჩურჩულა, რომ წმინდა წერილებში იყო რაღაც, რაც მას სჭირდებოდა. მისი მასწავლებლის სიყვარულმა წმინდა წერილებისადმი და სულიწმინდის შთაგონებამ მისცა სურვილი, დაეწყო ღვთის სიტყვის სერიოზული შესწავლა, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ღრმა მოქცევისა და თავდადებული მსახურების მოგზაურობად იქცა.
ყურადღება გაამახვილეთ იესო ქრისტეზე
და ბოლოს, როგორც მხსნელის მსგავსად სწავლება გვთავაზობს, ჩვენი სწავლა და სწავლება ყოველთვის იესო ქრისტეზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენ შეგვიძლია უფრო ხშირად და უფრო პატივისცემით ვისაუბროთ მასზე და ვეძიოთ მეტი შესაძლებლობა მის მიმართ დამოწმების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად. გარემოს მიუხედავად, როდესაც მას ვიხსენებთ, შესაძლებელია „მისი სული იყოს [ჩვენთან]“
ერთ-ერთი გზა, რომ იესო ქრისტე ჩვენი სწავლების ცენტრში მოვაქციოთ არის იმის ხაზგასმა, რომ ის სრულყოფილი მაგალითია, სახარების ყველა პრინციპის განსახიერება და გამოხატულებაა. მაშინაც კი, როდესაც წმინდა წერილში მასზე პირდაპირ არ საუბრობენ, ჩვენ მაინც შეგვიძლია მივუთითოთ მასზე, როგორც იმ პრინციპის მაგალითზე, რომელსაც ასწავლიან. შეგვიძლია უბრალოდ ვიკითხოთ: „შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როდესაც იესო ქრისტემ ეს პრინციპი განასახიერა?“
ჩვენ ასევე შეგვიძლია ყურადღება მივაპყროთ მას, მისი წოდებების, როლებისა და თვისებების შესწავლით, ვცადოთ გავიგოთ არა მხოლოდ ის, რაც მან გააკეთა, არამედ უკეთ შევიცნოთ, ვინ არის იგი. მაგალითად, მონანიების პრინციპის შესწავლისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ უნდა მოვინანიოთ. მაგრამ ასევე აუცილებელია გვახსოვდეს, რა გააკეთა იესო ქრისტემ, რათა მონანიება შესაძლებელი გამხდარიყო, და გავიგოთ, რას გვასწავლის მონანიება მის შესახებ, მისი ჭეშმარიტი ბუნებისა და თვისებების შესახებ. ჩვენი მონანიების შესაძლებლობა რას ამბობს მის სიყვარულზე, მოთმინებასა და წყალობაზე, ჩვენი ღვთაებრივი პოტენციალისადმი მის რწმენაზე, ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის სურვილზე და იმ სიხარულზე, რომელსაც ის მიტევებაში პოულობს? და მისი წოდებების — როგორიცაა ღმერთის კრავი, მხსნელი და მკურნალი — გაგება გვეხმარება დავინახოთ, რომ მონანიება არის მისი მოწოდება გაგვწმინდოს, შეგვცვალოს და გვიშველოს. იმაზე ფოკუსირება, თუ რა გააკეთა მან ჩვენთვის და რას ამბობს ეს მის შესახებ, დაგვეხმარება გვქონდეს „მონანიებისთვის რწმენის გამოვლენა“.
ზოგჯერ, შესაძლოა, წმინდა წერილის მონათხრობში მხსნელის თვისებები მაშინვე ვერ დავინახოთ. მაგალითად, როდესაც ნეფის მიერ ნავის აგების შესახებ ვკითხულობთ, შეიძლება მხოლოდ ნეფიზე გავამახვილოთ ყურადღება. მაგრამ მხსნელზე ყურადღების გამახვილება გვეხმარება დავინახოთ, რომ ეს ჩანაწერი არ შემონახულა იმისთვის, რომ ნეფის დიდება გვესწავლა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენთვის დაემოწმებინა ღვთის სიდიადე — რომ ის გვაძლევს ძალას მისი აღთქმების შესანარჩუნებლად და გვიხსნის გაჭირვების ჟამს.
ასევე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იესო ქრისტეს ცენტრალურ როლზე ზეციერი მამის ბედნიერების სრულყოფილ გეგმაში. მას შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობა, თუ ჩვენს გარემოებებს ღვთის მარადიული გეგმის პრიზმით შევხედავთ და არა ჩვენი მიწიერი გარემოებების. სახარება არ არის მოთხოვნების სია; ეს არის სასიხარულო ცნობა იმისა, რომ იესო ქრისტემ დაამარცხა ცოდვა და სიკვდილი. სწორედ მისი საოცარი მადლის გამოყენებით, ღმერთთან დადებული აღთქმების დაცვით, შეგვიძლია სიხარულით ვიცხოვროთ ახლა და მოვემზადოთ ჩვენს ზეციერ მამასთან მარადისობაში ცხოვრებისთვის. როდესაც წმინდა წერილებში ზეციერი მამისა და მხსნელის დანახვას ვსწავლობთ, უკეთ გავიცნობთ მათ და უფრო ხშირად და უფრო ძლიერად დავინახავთ მათ სიყვარულსა და გავლენას ჩვენს ცხოვრებაში.
ყოველთვის მემახსოვრება სული, რომელიც ვიგრძენი ახალგაზრდობაში, როცა ჩვენი მასწავლებელი მხსნელის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე ასწავლიდა. ის დაგვეხმარა გაგვეაზრებინა იმ მოვლენების მნიშვნელობა, რომლებიც ზედა ოთახში, გეთსიმანიაში, გოლგოთაზე და ცარიელ საფლავთან მოხდა. მან გაგვიზიარა თავისი ღრმა მადლიერება მხსნელის მიმართ და მისი მიმდევრობის ძლიერი სურვილი. მისი სწავლება იყო მოწვევა სულიწმინდისთვის, რათა დაემოწმებინა იესო ქრისტეს შესახებ. სულიწმინდამ, რომელიც იმ გაკვეთილზე ვიგრძენი, გააღრმავა ჩემი რწმენა და გაზარდა ჩემი სიყვარული და მადლიერება მხსნელის მიმართ. ამ მასწავლებლის გავლენას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობ. როგორც სხვა მასწავლებელმა თქვა: „შეგვეძლო ჩვენი ხელები გაგვეთბო მისი რწმენის ცეცხლთან.
შეჯამება
ჩვენს ოჯახებში და ეკლესიის შეკრებებზე, როცა ყურადღებას ვამახვილებთ იესო ქრისტეზე, ვასწავლით მის მოძღვრებას და გულმოდგინედ ვსწავლობთ, ვიწვევთ სულიწმინდას, რათა გააღრმავოს ჩვენი რწმენა იესო ქრისტეში და დაგვეხმაროს მას კიდევ უფრო მივემსგავსოთ, სწორედ ეს არის სახარების სწავლებისა და სწავლის მიზანი.
მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში მყოფი მასწავლებლების; კეთილი მშობლების, ადგილობრივი ლიდერების და მასწავლებლებისა, იმ მამაკაცებისა და ქალების ჩათვლით, რომლებიც მოწოდებულნი არიან ასწავლონ და მოწმობდნენ ამ სცენიდან, რომელიც გვეხმარებიან იესო ქრისტეს გაცნობასა და მის მიმდევრობაში. და მადლიერი ვარ სულიწმინდის, სრულყოფილი მასწავლებლისა. სულიწმიდის საშუალებით მე ვიცი, რომ ზეციურ მამას ვუყვარვართ და ჩვენთვის სრულყოფილი გეგმა აქვს, რომ იესო არის ქრისტე, სამყაროს გამომსყიდველი და მხსნელი და რომ მისი სახარება და ეკლესია აღდგენილია. მე ვმოწმობ მასზე იესო ქრისტეს სახელით, ამინ.