იესო ქრისტე და თქვენი ახალი დასაწყისი
ყოველ ჩვენგანს შეუძლია ჰქონდეს ახალი დასაწყისი იესო ქრისტეს მეშვეობით და მისი მადლით. შენც.
წმინდა წერილის დაკნინება: იესო დადიოდა, ქველმოქმედებდა
იესო „დადიოდა, ქველმოქმედებდა“. ჩვენ ამ მოკლე მოხსენებას ვკითხულობთ მოციქულთა „საქმეებში“. რამხელა დაკნინებაა! რა თქმა უნდა, იესო დადიოდა და ქველმოქმედებდა! იგი ყოველივე კეთილის არსი და წყაროა! მან მთელი მიწიერი სიცოცხლე მიუძღვნა ქველმოქმედებას. იგი არის „მოწყალე და შემბრალე, სულგრძელი, სიკეთითა და ჭეშმარიტებით სავსე“.
მისი სიკეთისა და წყალობის შეჯამების ან აღწერის ნებისმიერი მცდელობა დაკნინება იქნება. ჭეშმარიტად, როგორც მოციქული იოანე ცდილობდა გამოეხატა, თუ ჩვენ შევეცდებოდით ჩაგვეწერა მხსნელის სიკეთის ყველა გამოვლინება, „მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“.
იესო ქრისტე თითოეულ ჩვენგანს ახალ დასაწყისს სთავაზობს
წმინდა წერილებში იესოს „ქველმოქმედების“ კონკრეტული უკვდავყოფილი მაგალითი ღრმა მოწიწებასა და გაოცებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნამდვილად ვფიქრობთ, როგორი იქნებოდა იქ ყოფნა, მისი სასწაულების ხილვა, მისი სწავლებების მიღება და მისი განკურნების განცდა. ის ესაუბრებოდა საზოგადოებისგან გარიყულებს, ეხებოდა ავადმყოფებსა და უწმინდურებს, ანუგეშებდა დაქანცულებს, ასწავლიდა განმათავისუფლებელ ჭეშმარიტებას და მოუწოდებდა ცოდვილებს მონანიებისკენ. ყოველ კეთროვანს, უსინათლოს, მრუშ ქალს, კოჭლს, ყრუსა და მუნჯს, ყოველ შვილმკვდარ დედას, სასოწარკვეთილ მამას და მგლოვიარე ქვრივს, განკითხულს, შერცხვენილსა და ტანჯულს, სხეულითა თუ სულით მკვდარს, ის ახალ დასაწყისს სთავაზობდა. დიახ, კიდევ ერთი გასაოცარი დაკნინება!
ყველაფერი, რასაც ამბობდა და აკეთებდა, უზრუნველყოფდა ახალ დასაწყისს ყოველი მათგანისთვის, ვისაც ის კურნავდა, ლოცავდა, ასწავლიდა და ცოდვისგან ათავისუფლებდა. ის მათ არ შორდებოდა და რა თქმა უნდა, თქვენც არ დაგშორდებათ. წარმოიდგინეთ, ამ მომენტში გაიგეთ მისგან რომელიმე ამ სიცოცხლის მომგვრელი სიტყვებიდან:
„შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“.
„გოგონა, შენ გეუბნები, ადექი“.
„არც მე გდებ მსჯავრს: წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“.
„ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“.
მხსნელის სიტყვები ამ ადამიანებისთვის მოკლე იყო, მაგრამ მათთან ერთად მან მიტევების, განკურნების, აღდგენის, მშვიდობისა და მარადიული სიცოცხლის ფართო ახალი ჰორიზონტები დახატა. და დიდებული ამბავი ის არის, რომ ის შენც და მეც იგივე ახალ დასაწყისს გვთავაზობს. ყოველ ჩვენგანს შეუძლია ჰქონდეს ახალი დასაწყისი იესო ქრისტეს მეშვეობითა და მისი მადლით. შენც შეგიძლია. ახალი დასაწყისი ზეციური მამის გეგმის ცენტრალური ნაწილია. ეს არის ახალი დასაწყისების ეკლესია! ეს არის განახლების ეკლესია!
ეს არის ახალი დასაწყისების ეკლესია
წყლითა და სულიწინდით ნათლობით ჩვენ „ხელახლად ვიშვებით“ და შეგვიძლია „ვიაროთ სიცოცხლის განახლებით“. რამდენ იმედს აძლევს ეს ახალი დასაწყისი ადამიანს, რომელიც ცოდვის ტვირთს ატარებდა ან პრობლემური ცხოვრებისა და დისფუნქციური ურთიერთობების შედეგებისგან იტანჯებოდა? იესოს არ სჭირდებოდა ცოდვების მიტევება ან ცხოვრების ახალი დასაწყისი, მაგრამ მაინც მოინათლა და დიდი შვებით გვიჩვენა გზა ახალი დასაწყისისკენ, რომელიც მან თითოეული ჩვენგანისთვის გამოკვეთა.
და ჩვენი ახალი დასაწყისი მხოლოდ ერთხელ არ ხდება. ჩვენ გვახასიათებს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი ნათლობა არის ახალი დასაწყისისთვის ბიძგი. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთი შანსი. ეს ახალი დასაწყისები შეიძლება ყოველ დღე გვქონდეს! და რა თქმა უნდა, ყოველ კვირას, როცა პურის პატარა ნატეხს ვიღებთ და წყლის პაწაწინა ჭურჭლიდან ვსვამთ წყალს სრულყოფილი მხსნელის მოსაგონებლად, რომელიც აღესრულა ერთადერთი მიზნის გამო – მოგვცეს იმდენი ახალი დასაწყისი, რამდენიც გვჭირდება! იესო იმდენ ახალ დასაწყისს გვაძლევს, რამდენიც გვჭირდება.
ქრისტეში ახალი ცხოვრებისადმი ერთგულებითა და სიხარულით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ „ახალი ქმნილება“, სადაც ძველი წარსულს ჩაბარდება და ყველაფერი განახლდება. რა შვება მოაქვს ამ ახალ განთიადს სულისთვის, რომელიც აგრძელებს მცდელობას, ირჩევს რა რწმენას ჩვენი მხსნელის განკურნებისა და აღდგენის ძალაში, დაცემულ სამყაროში ცხოვრების დამანგრეველი წარუმატებლობის მიუხედავად? მხსნელს არასდროს უთქვამს უარი მამის ნების შესრულებისა და ღვთაებრივი გამომსყიდველი მისიის დასრულების ვალდებულებაზე, ტკივილის დროსაც კი, რომლის გამოც ის კანკალებდა, ყოველი ფორიდან სისხლი სდიოდა, ხორციელად და სულიერად იტანჯებოდა და ლოცულობდა, რომ მწარე თასი მისთვის აეცილებინათ. და კვლავ, ის გვაჩვენებდა, თუ როგორია ღმერთთან ერთგული დათმენა.
ყოველი დადებული აღთქმით და ყოველი ძალისხმევით მის შესანარჩუნებლად, შეგვიძლია უფრო უხვად მივიღოთ „ახალი გული“ და „ახალი სული“. ნელ-ნელა, რაც უფრო მეტად მოვიწვევთ მის სიკეთეს ჩვენს გულებში და განვდევნით საკუთარი თავის გამართლების ხმებს, მით უფრო მისი ხალხი ვხდებით, რადგან ჭეშმარიტად ვაქცევთ მას ჩვენს ღმერთად. იესოს ძალიან სურს, იყოს ჩვენი მეფე, ჩვენი მწყემსი და ჩვენი მშვიდობის მთავარი და ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომ ის ასეთად ვაქციოთ ჩვენს გულებსა და გონებაში.
ახალი დასაწყისი მონანიების ხედვაში
მონანიება ჩვენი ახალი დასაწყისისთვის, თავიდან დაწყებისთვისა და მეორე შანსისთვის კარს ხნის. ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტის, რასელ მ. ნელსონის სწავლებებმა გაფანტა მცდარი წარმოდგენები მონანიების ღვთაებრივი ნიჭის შესახებ და ვფიქრობ, ჩვენ საბოლოოდ ვიწყებთ მის გააზრებას.
საინტერესოა ჩვენი ახალგაზრდებისგან იმის მოსმენა, თუ რას ნიშნავს მათთვის მონანიება. ცოტა ხნის წინ გავიგონე, ახალგაზრდა ქალი რომ ამბობდა სახეზე ღიმილით: „მონანიებაზე რომ ვფიქრობ, ყოველდღიურ მონანიებაზე, არაჩვეულებრივ სიხარულსა და იმედს ვგრძნობ. მე ვგრძნობ ჩემი მამაზეციერისა და მხსნელის სიყვარულსა და ბედნიერებას. არ მეშინია ლოცვაში მივმართო ზეციურ მამას და ვთხოვო დახმარება ნებისმიერ პრობლემაში. მე ვიცი, რომ ისინი არ ცდილობენ ჩემს გამოჭერას რომელიმე საქმეში. მათი მკლავები გაშლილია. მე ასე მესმის მონანიება“, - თქვა მან. ახალგაზრდა ქალს ესმის, რომ იესო ქრისტეს გამო მას აქვს ახალი დასაწყისი!
ახალი დასაწყისი ყველასთვის, ყოველ ჯერზე
თქვენ გჭირდებათ ახალი დასაწყისი? შეგიძლიათ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, პირადად თქვენ? იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებსაც მხსნელმა გაუწია მზრუნველობა –ვისაც ასწავლიდა, კურნავდა, პატიობდა და აღადგენდა. ირჩევდა ის მათ განსაკუთრებული ეკონომიკური კლასიდან ან წარმომავლობიდან? განასხვავებდა ის მართალსა და ცოდვილს? გამოარჩევდა ის ადამიანებს იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ამას თუ უფრო მეტად უყვარდათ? არა.
ზოგიერთი ადამიანი მასთან დიდი რწმენით მოდიოდა, სწამდა რა მისი განკურნების ძალა –მაგალითად, ქალი, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა,რომაელი მეთაური, რომელსაც მსახური უკვდებოდა, კეთროვანი, იაიროსი და ბრმა ბარტიმაიოსი. ყოველმა მათგანმა საკუთარი რწმენა რისკის ქვეშ დააყენა იმ იმედით, რომ ნაზარეველი რაბინის სიკეთე და ძალა მათ ცხოვრებასა და პერსპექტივებს შეცვლიდა. და ასეც იყო. მას არ შეუკავებია განკურნების ნაკადი.
მაგრამ იესომ ასევე აკურთხა ისინი, ვისაც რწმენა მერყევი ჰქონდა, როგორც ავადმყოფი ბავშვის მამა, რომელმაც შესძახა, შესაძლოა თქვენ მსგავსად: „მწამს, უფალო, შემეწიე ჩემს ურწმუნოებაში“. მან თანაგრძნობა მათ მიმართაც კი გამოავლინა, რომლებიც არ ეძებდნენ მასთან სიახლოვეს, როგორც ქალი, რომელიც მრუშობაში გამოიჭირეს, ნაინის ქვრივი, ხეიბარი ბეთ-ხაზდას აუზთან და კაცი, რომელიც უსინათლო დაიბადა. გიგრძვნიათ, როგორ დადიოდა ის და ქველმოქმედებდა, მაშინაც კი, როცა არ ეძიებდით მას ან მის კვალზე არ დადიოდით?
თითოეულ ამ წმინდა წერილების პერსონაჟს და ყველას, ვინც მოუსმენდა და გამოეხმაურებოდა, მან ახალი დასაწყისი მისცა, იქნებოდა ეს ცოდვებისგან მიტევებული ახალი ცხოვრება, დაავადებისგან განკურნებული ახალი ცხოვრება თუ სიკვდილისგან აღდგომის ახალი სიცოცხლე.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის და ჩემთვის? მის სიკეთეს, წყალობას და მოსიყვარულე სიკეთეს საზღვარი არ აქვს. ახალი დასაწყისი მამის გეგმის ცენტრალური ნაწილია. თავიდან დაწყება ძის მისიაა! ახალი რიჟრაჟი, სუფთა ფურცელი და ახალი შესაძლებლობები არის სახარების კარგი ამბის უბრალო შუაგული.
დიდ ხანს იყავით თქვენს აღთქმებს დაშორებული, ახალი დასაწყისის მისაღებად? არა. ეს ძალიან ბევრჯერ გაიმეორეთ იმისთვის, რომ მეორე შანსი მოგეცათ? არა. ძალიან შორს წახვედით ქრისტესგან იმისთვის, რომ ახალი ისტორიის დაწერაში დაგეხმაროს? არა. მოწინააღმდეგე არის ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს იმ იდეისგან, რომ თქვენ იძირებით. თქვენ მარტონი არ ხართ.
და ახალი დასაწყისის დანიშნულება გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი ცოდვები და შეცდომები. მხსნელის სიკეთისა და მადლის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ახალი დასაწყისი, რაც ხელს შეუწყობს ძველი აზროვნების, ცუდი ჩვევების, გაღიზიანების, ნეგატიური დამოკიდებულების, უძლურების გრძნობის, სხვების დადანაშაულებისა და პირადი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ტენდენციების შეცვლას. სინამდვილეში, შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარ თავში ის, რაც წლების განმავლობაში გამძიმებდათ. ახალი დასაწყისის ოსტატის ძალით შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ. ის არასოდეს იღლება ჩვენთვის ახალი დასაწყისის შანსის მიცემით.
ვინც ერთსა და იმავე ცოდვას ან წარუმატებლობას ებრძვით – გააგრძელეთ მცდელობა. მას არ დაუყენებია თქვენ წინაშე დაბრკოლება. მას არ დაუყენებია შეზღუდვა თქვენთვის მეორე შანსის მისაცემად. არ გაჩერდეთ. გააგრძელეთ მცდელობა. ეძიეთ დახმარება ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. და ენდეთ ახალ დასაწყისს, რომელიც თქვენთვისაა ყოველთვის, როცა წრფელი გულით მამასთან ბრუნდებით. უკან მოვიტოვეთ ცოდვების განზრახ ჩადენა, ჩვეულებრივი გამეორებები და სიამაყის ჯანყი . არ არის აუცილებელი, იყოთ ის, რაც წარსულში იყავით. მიიღეთ თქვენი ახალი დასაწყისი, თქვენი მეორე, მესამე, მეოთხე ან მეასე შანსი, რომელსაც იესო ქრისტეს გამომსყიდველი სისხლით გვთავაზობენ.
ენით აღუწერლად მადლიერი ვარ იმ მრავალი ახალი დასაწყისისთვის, რომელიც მომეცა და იმისთვის, რასაც კიდევ შემომთავაზებენ.
შეჯამება
ჩვენმა მხსნელმა წარმოთქვა საბოლოო სათანადოდ დაუფასებელი ფრაზა, რომლის გარეშეც დღეს იმედისა და სიხარულის საფუძველი არ იქნებოდა. გეთსიმანიის ბაღის აგონიის და ბოლოს, ჯვარზე დასასრულით, მან უბრალოდ თქვა: „აღსრულდა“. მესიანური წინასწარმეტყველება შესრულდა და კაცობრიობის ცოდვებისა და ტანჯვის ვალი სრულად დაიფარა. მან თავისი უსასრულო და მარადიული მსხვერპლი „აღსრულებულად“ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მისი გამოსყიდვა არ იქნებოდა დასრულებული მანამ, სანამ თავად არ გაცოცხლდებოდა მესამე დღეს ანუ არ დადგებოდა მისთვის, მამის ძალით, ახალი დასაწყისი, როგორც განდიდებული, აღმდგარი არსებისთვის.
რადგან ის ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც მამამისს სიამოვნებდა, და რადგან მან „აღ[ასრულა] მამის ნება ყოველივე ამაში“, თქვენ და მე შეგვიძლია ახალი დასაწყისი გვქონდეს. გთხოვთ, მიიღეთ თქვენი ახალი დასაწყისი, დღეს, ამ წუთას. იესო ქრისტე არის ჩვენი რწმენის ავტორი და დამაგვირგვინებელი, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი ცხოვრების უამრავ ახალ თავს წერს. ის არის დასაწყისი და დასასრული –ჩვენი ტანჯვისა და სირცხვილის დასასრული და მასში ახალი ცხოვრების დასაწყისი, რომელიც უფლის მადლს მიგვაღებინებს, წარსულს უკან დაგვატოვებინებს და ცხოვრების ახალ დილას გაგვითენებს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს დაგვჭირდება. ჭეშმარიტად, მისი „სიკეთე და წყალობა [დაგვდევს] და და[მკვიდრდება] დღენი მრავალნი“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.