უფალი აჩქარებს თავის საქმეს
მაშინ, როდესაც უფალი თავის საქმეს აჩქარებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს, ვზრუნავდეთ და ვემსახურებოდეთ მათ, ვინც მიიღო მისი სახარება.
ჩარლზ დიკენსი თავის ცნობილ კლასიკურ ნოველას, ორი ქალაქის ამბავი, ასე იწყებს: „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება.“ გარკვეულ წილად ეს ასეა დღესაც.
ჩვენ ტურბულენტურ დროში ვცხოვრობთ, სადაც „მთელი დედამიწა [არის] მღელვარებაში.“ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწოდებას რომ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, მშვიდობისმყოფელები უნდა ვიყოთ, დღეს დილით შესანიშნავად გაუსვა ხაზი უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა. ეს ერთიანობის, მშვიდობისა და „ყველაზე შემაძრწუნებელი დროისთვის“ განკურნების აუცილებელი ნაწილია.
ჩვენ ასევე „საუკეთესო დროში“ ვცხოვრობთ, რომელსაც მე გავუსვამ ხაზს. უფალმა მოძღვრება და აღთქმების პირველ ნაწილში წინასიტყვაობაშივე ბრძანა, რომ სახარების სისავსე „ამქვეყნის კიდით კიდემდე გამოცხადდე[ბა].“ უფალი მართლაც აჩქარებს თავის საქმეს ჩვენს დროში. ჩვენ ღრმად მადლიერები უნდა ვიყოთ ამ დაჩქარებისთვის, რომელიც ამ რთული პერიოდის მიუხედავად მოხდა და მიმდინარეობს. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც უფლის მიმდევრებს აქვთ პატივი, მოისმინონ მისი ხმა და ღია გულითა და გონებით უპასუხონ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, რომლებიც ერთგულნი არიან მხსნელისა და მისი მცნებების მიმართ, პოულობენ მიზანს და ღრმა პირად სიმშვიდეს.
ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აღთქმის გზას დაადგა. ერთ-ერთი ასეთი პერიოდი იყო 1837 წლიდან 1850 წლამდე. უფლის აღდგენილი ეკლესიის ადრეული პერიოდის ზოგიერთი მოციქული გაერთიანებულ სამეფოში მსახურობდა მისიაში. ამ მისიების შედეგად ეკლესიას ათასობით ადამიანი შეუერთდა და 1850 წლისთვის ეკლესიის უფრო მეტი წევრი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. იმ დროს, უფალმა მითითება მისცა ამ წმინდანებს, რომ იუტაში შეკრებილიყვნენ. მასობრივი ემიგრაცია მიმდინარეობდა, რომელთაგან ნაწილს სესხის საშუალებით ფინანსურად მხარს უჭერდა უვადო ემიგრაციის ფონდი.
ჩემთვის შთამბეჭდავია 1852 წელს ინგლისიდან და უელსიდან მრავალი მოქცეულის სოლთ-ლეიქის ველში ჩასვლის ისტორიები. ჯგუფს ემიგრაციის კანიონის შესართავთან პირველი პრეზიდენტობა დახვდა კაპიტან პიტის ორკესტრის თანხლებით. გაზეთმა დეზერეტ ნიუსმა ისინი აღწერა, როგორც „მომლოცველთა ჯგუფი, მათ შორის დები და ბავშვები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ, მზისგან დამწვარი და ამინდისგან დატანჯულნი, მაგრამ არა მიტოვებულნი; მათი გულები მსუბუქი და მხიარული იყო, რაც აშკარად აისახებოდა მათ ბედნიერ და გახარებულ სახეებზე.“
როდესაც ისინი „თემფლ ბლოკს გასცდნენ, … ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი შეკრებილიყვნენ, რათა გაერთიანებულიყვნენ დიდებული და სიხარულით აღსავსე დახვედრისთვის.“ პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა მიმართა მათ: „დაე, დაგლოცოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა. … ჩვენ განუწყვეტლივ ვლოცულობდით თქვენთვის; ყოველდღიურად ათასობით ლოცვა აღევლინებოდა თქვენთვის უფლისადმი, ვინც გვიბრძანა, შეგვეკრიბა ისრაელი, გადაგვერჩინა ადამიანთა შვილები სახარების ქადაგებით და მოგვემზადებინა ისინი მესიის მოსვლისთვის.”
ამ სასიხარულო შემთხვევის სულისკვეთებით, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა ახლადმოქცეული და უფლის ეკლესიაში დაბრუნებული: ჩვენ გვიყვარხართ; ჩვენ გვჭირდებით; უფალს თქვენ სჭირდებით. ჩვენ შეიძლება ორკესტრის მარშით არ დაგხვდეთ, მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ, რომ ზეციური კურთხევები თან ახლდეს თქვენი აღთქმის გზაზე წინსვლის მცდელობებს, რომელიც მიდის მამა ღმერთთან და იესო ქრისტესთან ცელესტიალურ სასუფეველში.
აშკარაა, რომ ჩვენს დროში იესო ქრისტესადმი რწმენა იზრდება. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მოქცეულთა რაოდენობა და მოქცეულთა მონაწილეობა შესამჩნევად გაიზარდა. ბოლო 36 თვის განმავლობაში დაახლოებით 900,000 ახალმოქცეული შემოუერთდა ეკლესიას. აღნიშნული მოქცეულები ეკლესიის მთლიანი წევრების დაახლოებით 5%-ს წარმოადგენენ. ახალ წევრებს გაშლილი მკლავებით მივესალმებით და თქვენ მიერ არჩეული გზისადმი ღრმა მადლიერებას განვიცდით.
ბოლო 36 თვის განმავლობაში აღნიშნული 900 000 მოქცეული უფრო მეტია, ვიდრე ეკლესიის წევრთა საერთო რაოდენობა 1940 წელს, მისი 110 წლის იუბილეზე, როცა წევრთა რაოდენობა დაახლოებით 860 000 იყო. იმ წელს უხუცესი ჯეფრი რ. ჰოლანდი, უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი და მე დავიბადეთ.
ეს შესანიშნავი ახალმოქცეულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყვნენ. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მოქცეულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონში და ლათინურ ამერიკაში. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა. უფლის საქმე ძლიერად განაგრძობს წინსვლას. ეს მზარდი რიცხვები იმის ნათელი მოწმობაა, რომ სახარება ყველგან ეხება გულებს და ცვლის ადამიანთა ცხოვრებას.
ჩვენს დროში ეს ძვირფასი მოქცეულები აღარ იკრიბებიან ერთ ცენტრალურ ადგილას. ეკლესიის წევრების რწმენისა და მათ მიერ მიძღვნილი წვლილის წყალობით, არსებობს რესურსები სამრევლოების მხარდასაჭერად — მათთვის სამლოცველოებისა და ტაძრების მშენებლობისთვის — მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მღვდლობის საჭირო გასაღებებისა და მოწოდებული რესურსების გამო, ხსნის წეს-ჩვეულებები ახლა ხელმისაწვდომია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში.
სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ამჟამინდელ წევრებს ასობით ათასი ახალი წევრის მიღება სჭირდებათ, როგორც ჩვენ მივიღეთ ინგლისელი და უელსელი წმინდანები, რომლებიც ჩვენი ადრეული ისტორიიდან აღვწერე. ძალიან მომეწონა უხუცესი გერიტ ვ. გონგის გამოსვლა ამ სესიაზე, სადაც მან გვასწავლა, რომ არავინ უნდა იჯდეს მარტო, არც ემოციურად და არც სულიერად.
ჩვენი წმინდა მოვალეობაა მივიღოთ და მივესალმოთ ახალ და დაბრუნებულ წევრებს. მაშინ, როდესაც უფალი თავის საქმეს აჩქარებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს, ვზრუნავდეთ და ვემსახურებოდეთ მათ, ვინც მიიღო მისი სახარება. ჩვენ შეგვიძლია სიონის მშენებლობა, სადაც ხალხი არის „ერთი გულისა და ერთი გონების.“ უფალთან ერთიანობისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი უფლის წინაშე. ყველა წევრს, ნათლობის თარიღის მიუხედავად, ეკისრება სხვების მიღების პასუხისმგებლობა.
ჩემი რჩევა ეკლესიის წევრების მიმართ არის, რომ ჩაეხუტონ ამ ძვირფას რჩეულ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს იესო ქრისტეს სახარება.
პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ გვასწალა, რომ ახალ მოქცეულებს სჭირდებათ „მეგობარი, პასუხისმგებლობა და „ღვთის კეთილი სიტყვით“ კვება“ (მორონი 6:4).” ჩვენ შეგვიძლია ამ ახალმოქცეულებისათვის ის მეგობრები ვიყოთ, ვინც მათ არწმუნებს, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა და ისინი აქ სტუმრები არ არიან. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ იმის გაგებაში, რომ ისინი იესო ქრისტეს მოწაფეები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სხვების დახმარება და მსახურების მოწოდების მიღება. ახალგაზრდა მოქცეულებმა უნდა განიხილონ სრული დროის მისიაში მსახურება. ყველა უნდა ისწრაფვოდეს ქრისტეს მსგავსი ცხოვრებით ცხოვრებისკენ.
ბევრი ადამიანი ეკლესიას დიდი პირადი მსხვერპლის ფასად უერთდება და უკიდურესად სჭირდება მეგობარი წმინდანებისგან სიყვარული და მხარდაჭერა.
თქვენ, ვინც ახალი ხართ ან რწმენას უბრუნდებით, შეიძლება გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ. იყავით მომთმენნი საკუთარი თავის მიმართ. მისიონერებმა გასწავლეს არსებითი მოძღვრება და აგიხსნეს სასუფევლის აღთქმები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც მოცემულია წმინდა წერილებსა და სახელმძღვანელოში იქადაგე ჩემი სახარება.
წეს-ჩვეულებების შესრულება, აღთქმების დადება და მცნებებით ცხოვრება აუცილებელია. ყურადღება გაამახვილეთ ამაღლებისთვის აუცილებელ აღთქმებზე. სახარება შესაძლებელს ხდის ამაღლებას, რაც მოითხოვს ღმერთთან წმინდა აღთქმების დადებას და დაცვას. გარდა ნათლობისა, წევრად დამტკიცებისა და მამაკაცებისთვის მელქიცედეკის მღვდლობის მინიჭებისა, ჩვენ მიერ აღთქმების დადება ტაძარში სრულდება. მიცვალებულთათვის, თითოეული ხსნის წეს-ჩვეულება მხოლოდ ტაძარში სრულდება. შესაბამისად, ტაძრისათვის მომზადება ადამიანისთვის გადაუდებელი მიზანი უნდა იყოს.
ზოგჯერ იგრძნობთ, რომ რაც იცით, არასაკმარისია. სახარების ცოდნა დიდი კურთხევაა, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათანობით მიიღება, მაგრამ ეს არ არის ხსნის წეს-ჩვეულება. სახარება არ არის ცოდნის გამოცდა. თუმცა, პრეზიდენტი ნელსონი დაგვპირდა: „თუ მორმონის წიგნს ლოცვის თანხლებით ყოველდღე შეისწავლით, თქვენ ყოველდღე … უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. როცა ღრმად დაფიქრდებით იმაზე, რასაც სწავლობთ, ცის საქანელნი გაიხსნება და თქვენ მიიღებთ კითხვებზე პასუხებს და მითითებებს საკუთარი ცხოვრებისთვის.“
გარდა ამისა, ყოველ წელს, საკვირაო შეხვედრებზე ეკლესიის სასწავლო გეგმა მონაცვლეობით მოიცავს ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას, მორმონის წიგნსა და მოძღვრება და აღთქმებს. დროთა განმავლობაში, თქვენი სახარების შესახებ ცოდნის ზრდასთან ერთად, თქვენ უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. წმინდა წერილების რეგულარული შესწავლა დალოცავს და გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას იესო ქრისტეს სახარებისადმი თქვენი მოქცევის გაღრმავებით.
იესო ქრისტეს წმინდა მოძღვრების შესწავლა მთელი ცხოვრების პროცესია, როგორც სწავლების გაგების მხრივ, ასევე უშუალოდ ქრისტეს მსგავსად ცხოვრება. აუცილებელი აღთქმები ქმნის ჩარჩოს, რომელსაც ჩვენ აღთქმის გზას ვუწოდებთ. ეს პრინციპები საფუძვლიანად გვასწავლა პრეზიდენტმა ნელსონმა. ყველა წევრი, განსაკუთრებით ახალი და დაბრუნებული წევრები, დალოცვილი იქნება აღთქმებისა და აღთქმის გზის შესახებ მისი წინასწარმეტყველური გზავნილების შესწავლითა და ცხოვრებაში გათვალისწინებით.
თუ მიზნად დაისახავთ ამაღლებისთვის საჭირო თითოეული აღთქმის ღირსეულად მიღებას, თქვენ აღმოჩნდებით გზაზე, რომელიც ცელესტიალურ სასუფევლამდე მიდის. ტაძარი და სატაძრო წეს-ჩვეულებები ჩვენი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. აღთქმების უმრავლესობა ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომია. ერთი აღთქმა, მარადიული ქორწინება, გულისხმობს თქვენი ძალისხმევის პარტნიორთან გაერთიანებას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ მარადიული პარტნიორის პოვნა.
თუმცა, ნუ იდარდებთ, თუ მარადიული ქორწინება ამჟამად შეუძლებელია. წინასწარმეტყველები გვასწავლიდნენ, რომ ერთგულ წევრებს, რომლებიც მცნებებს იცავენ, არცერთი კურთხევა მოაკლდებათ. მორმონის წიგნის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, მეფე ბენიამინი, მშვენივრად ამბობს: „ვინც ერთგულად იცავენ მცნებებს … „კურთხეულნი არიან ყველაფერში“ … და თუ ისინი … ბოლომდე ერთგულნი არიან … [შეუძლიათ] იყვნენ ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“.
თქვენ აღმოაჩენთ, თუ უკვე არ აღმოგიჩენიათ, რომ წევრები სრულყოფილები არ არიან. გამოცხადებული მოძღვრება ცალსახად ამბობს, რომ დედამიწაზე მოგზაურობისას შეცდომებს დავუშვებთ. ჩვენ არასრულყოფილ და დაცემულ სამყაროში ვცხოვრობთ და არა ცელესტიალურ სამყაროში. ეს ცხოვრება გამოცდის პერიოდია, მონანიებისა და საკუთარი თავის დამტკიცების მუდმივი შესაძლებლობებით სავსე.
ყველანი არასრულფასოვნებას განვიცდით, როდესაც ვცდილობთ, იესო ქრისტეს დავემსგავსოთ. მისი გამოსყიდვა საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად მოვინანიოთ, როდესაც ვცდებით. როგორც ნეფიმ, მორმონის წიგნის კიდევ ერთმა წინასწარმეტყველმა თქვა: „[ჩვენ] წინ უნდა მი[ვ]ისწრაფვოდეთ, სიმტკიცით ქრისტეში, იმედის სრულყოფილი ნათელით და ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით. ამიტომ, თუ თქვენ წინ მიისწრაფვით, ქრისტეს სიტყვით ინადიმებთ და გაუძლებთ ბოლომდე, აჰა, ასე ამბობს მამა: თქვენ გექნებათ მარადიული სიცოცხლე.“
როდესაც ჩვენი დროის გამოწვევებზე ვფიქრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მხსნელი, თავისი მიწიერი მსახურების დროსაც, მღელვარე და ძალადობრივ დროში ცხოვრობდა. მისი ყურადღება არ იყო იმდროინდელ პოლიტიკურ გამოწვევებზე მიმართული; ის წმინდანების სრულყოფაზე იყო ორიენტირებული.
მხსნელის, მისი მოძღვრებისა და სწავლებების მიყოლა არასდროს ყოფილა ადვილი სამყაროში, რომელიც მუდმივად არეულობაშია. მხსნელისთვის ადვილი არ იყო არასტაბილურ სამყაროში მისი მიწიერი მოგზაურობის დრო, ეს ადვილი არ იყო ჩვენი ადრეული ხელმძღვანელებისა და წევრებისთვის და ეს ადვილი არც ჩვენთვის არის. საბედნიეროდ, ცოცხალი წინასწარმეტყველები გვაწვდიან უშუალოდ ჩვენი დროისათვის საჭირო მითითებებს. პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გააგრძელებს ამ სულიერად ძლიერ მემკვიდრეობას.
მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტეს ეკლესიის მოძღვრება მარადიული და ჭეშმარიტია. ჩემი მტკიცე და სარწმუნო მოწმობაა, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და მისი გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანნი უფალთან. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.