გენერალური კონფერენცია
და ახლა ვხედავ
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


17:23

და ახლა ვხედავ

მორმონის წიგნის ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არანაკლებ სასწაულებრივია, ვიდრე უსინათლოს თვალებზე მიწითა და ნერწყვით აზელილი საცხის ცხება.

უპირობო სიყვარულით ყველანი ვიმეორებთ პრეზიდენტ ოუქსის მიერ, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ სიტყვებს. თანაბარი სიყვარულითა და ღრმა გლოვით, ჩვენ ყველანი ვაღიარებთ მიჩიგანში ბოლო დროს მომხდარ, მთელ მსოფლიოში კი თითქმის ყოველდღიურ, ტრაგედიებს. ჩვენ ამას ვაღიარებთ სიყვარულითა და რწმენით უფალ იესო ქრისტეში.

იოანეს მეცხრე თავშიჩაწერილია შემთხვევა, როცა იესომ და მისმა მოწაფეებმა დაბადებიდან ბრმა მათხოვარს ჩაუარეს. მოწაფეებმა ამასთან დაკავშირებით იესოს რამდენიმე რთული რელიგიური შეკითხვა დაუსვეს ამ კაცის მდგომარეობის შესახებ. მოძღვარმა პასუხად ძალიან უბრალო და გასაოცარი რამ გააკეთა. მან მიწაზე დაანერწყვა და ნერწყვით ტალახი მოზილა. შემდეგ ეს ტალახი თვალებზე წაუსვა ბრმას და დაარიგა, რომ შილოახის საბანელში უნდა მოებანა თვალები უსინათლომ ყოველივე ეს მორჩილად შეასრულა და როგორც წმინდა წერილი ამბობს, „მოვიდა თვალახელილი“. რაოდენ მნიშვნელოვანია მტკიცებულება, სურვილების, არგუმენტის ან თუნდაც ბოროტებისგან განსხვავებით, რომელნიც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება.

ეშინოდათ რა, რომ ეს სასწაული კიდევ უფრო გააძლიერებდა იმ საფრთხეს, რომელსაც იესო უკვე უქმნიდა მათ სავარაუდო ავტორიტეტს, მხსნელის მტრები დაუპირისპირდნენ თვალახელილ კაცს და გაბრაზებულებმა უთხრეს: „ჩვენ ვიცით, რომ [იესო] ცოდვილია“. კაცმა მოუსმინა ერთი წუთი და შემდეგ თქვა: „არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“

თავად იესომ მიანიჭა ამ სცენას დიდი მნიშვნელობა, ეუბნებოდა რა თავის მოწაფეებს, რომ ეს მოხდა, „რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს“. გახსოვდეთ, რომ ამ მონათხრობში მხსნელის ქმედება ორჯერ მოხსენიებულია, როგორც ბრმის თვალების „ცხება“, რაც განბანით უნდა დასრულებულიყო. ეს განსაზღვრება: „ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში“, წეს-ჩვეულების შესრულებას გულისხმობს.

მეორე აშკარა ჭეშმარიტებაა ის იარაღები, რომლებსაც ცისა და დედამიწის შემოქმედი იყენებს ამ სასწაულის მოსაწყობად: ნერწყვი და ერთი მუჭა მიწა! ეს ძალიან უჩვეულო შემადგენლები ამტკიცებს, რომ ღმერთს შეუძლია დაგვლოცოს ნებისმიერი მეთოდით, რომელსაც აირჩევს. ისევე როგორც ნაყამანი ყოყმანობდა მდენარე იორდანეში შესვლის გამო ან ისრაელის შვილები არ უყურებდნენ კვერთხზე აღმართულ გველს, , ჩვენთვისაც ძალიან ადვილია ჩვენი გამოსყიდვის წყაროს უარყოფა, რადგან შემადგენელი ნაწილები და ხერხი სამარცხვინოთ ადვილი გვეჩვენება.

მაგრამ ჩვენ გვახსოვს მორმონის წიგნიდან, რომ ზოგიერთი რამ ადვილი და ძვირფასიადა რომ იესოს დაბადებამდე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „არც ტანადობა აქვს მას, არც სილამაზე; და როდესაც ვიხილავთ მას, არც მშვენებით იქნება მიმზიდველი“. რამდენჯერ გამოუგზავნია ღმერთს თავისი სასწაული გზავნილი ახლად მოხმობილი მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტის, ან ნიუ-იორკის ფერმაზე მომუშავე გაუნათლებელი ბიჭის, ან ახალბედა მისიონერის, ან ბაგაში მწოლიარე ჩვილის მეშვეობით.

მერე რა, რომ ჩვენს ლოცვებზე პასუხები მარტივი ან რთული გზებით მოდის? მზად ვართ, შეუპოვრად გავაგრძელოთ ქრისტეს სახარებით ცხოვრება, რამდენი ნერწყვი და თიხაც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის? შეიძლება ჩვენთვის გაუგებარი იყოს, რა და რისთვის კეთდება და დროდადრო ყველანი თავს ცოტათი უფროსი ასაკის დის მსგავსად ვიგრძნობთ, რომელმაც თქვა: „უფალო, რა იქნება, არა შენიღბული კურთხევის ღირსი რომ გამხადო“?

მოდით, კიდევ ერთი ჭეშმარიტების მტკიცებულება განვიხილოთ, ამჯერად წმინდა სამღვდელოებასთან დაკავშირებით. მერიდიანული ეკლესიის ორგანიზების დოკუმენტირებისას, ლუკას სახარების პირველ სტრიქონში ჩაიწერა: „მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება“, ძღვენნი, რომლებიც არ იყო მინიჭებული შთამბეჭდავი სიგელების, ტრადიციის ან პირმშოობის საფუძველზე. მათ არ ანიჭებს ღვთისმეტყველების სკოლა ან თეოლოგიური საზოგადოება. ისინი მტკიცდება მხოლოდ ხელდასხმით, იმ პირის მიერ, ვინც უწყვეტი თანმიმდევრობით, ღვთიური უფლებამოსილების წყაროდან, უფალ იესო ქრისტესგან, ხელდასხმით მიიღო ეს ძალა.

ამ ეკლესიაში ესმით, რა არის მოწყალების ძღვენი. განა ამ ეკლესიის ჭეშმარიტების კიდევ ერთი საოცარი დასტური არ იქნებოდა იხილო, რომ ეს კურთხევები და აღთქმები ჩვენს გარდაცვლილ ნათესავებზე, ჩვენი წინაპრების ოჯახებზე ვრცელდება? უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სახარებაზე წვდომა ან იმიტომ, რომ ისინი დაიბადნენ იმ დროს ან ადგილას, როდესაც ღვთიური წეს-ჩვეულებები და აღთქმები მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო? უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას აქვს უფლის წმინდა, მიძღვნილი სახლები, რომლებშიც ყოველ დღე გარდაცვლილთათვის ჩანაცვლებითი ხსნის საქმე სრულდება, ცოცხალთათვის კი ღვთის თაყვანისცემის შესაძლებლობები და წეს-ჩვეულებებია შესაძლებელი? რამდენადაც ვიცი, ღმერთის ჭეშმარიტების ამ კონკრეტულ მტკიცებულებას, მის უნივერსალურ სიყვარულს ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ გარდა ერთი ეკლესიისა, რომელიც ამ მხრივ ჭეშმარიტებას ავლენს და ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

ჩემი პირველი თვალთახელვისა და სიცოცხლის მომცემი შეხება ჭეშმარიტების რეალურ მტკიცებულებასთან არ მომხდარა თიხის ცხებით ან შილომის აუზთან. ჭეშმარიტების იარაღი, რომლითაც უფლისგან ჩემი განკურნება მოხდა, წიგნის გვერდების სახით მოვიდა, დიახ, მორმონის წიგნიდან: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ! ამ წიგნთან დაკავშირებულმა განცხადებებმა ურწმუნოთა მხრიდან განრისხებული უარყოფა გამოიწვია, ზოგჯერ რისხვას ემატებოდა იმ ადამიანების მკაცრი განცდა, რომლებიც განკურნებულ კაცს ეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელიიყო მომხდარიყო ის, რაც მოხდა.

მეუბნებოდნენ, რომ ამ წიგნის შექმნის საშუალებები არაპრაქტიკული, წარმოუდგენელი, სამარცხვინო და უწმინდურიც კი იყო. ეს უხეში სიტყვებია ადამიანისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ იცის წიგნის შექმნის საშუალებები, რადგან ამ საშუალებების ერთადერთი აღწერა ის არის, რომ მისი თარგმნა „ღვთის ნიჭითა და ძალით“ მოხდა. ესა და ეს. სულ ეს არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მორმონის წიგნმა ჩემს ცხოვრებაზე არანაკლებად სასწაული გავლენა მოახდინა, ვიდრე უსინათლოს თვალებზე მიწითა და ნერწვით აზელილმა საცხმა. ეს ჩემთვის ჩემი სულის უსაფრთხოების კვერთხი იყო, გამოცხადების ტრანსცენდენტული და გამჭოლი შუქი, განათება გზაზე, რომელზეც უნდა ვიარო, როდესაც მასზე სიბნელის ნისლი ჩამოწვება. ეს ადრეც ყოფილა და მომავალშიც იქნება.

და ჩემი მხსნელის უნივერსალური სიყვარულისა და გამომსყიდველი მადლის შესახებ მიღებული ხედვის გათვალისწინებით, გიზიარებთ ჩემს მოწმობას და ვთვლი, რომ ეს გამართლებულია, რადგან ახლად კურთხეული კაცის მშობლების თქმით, მათ შვილს უნდა მოუსმინონ, რადგან ის „სრულწლოვანი იყო“. მეც სრულწლოვანი ვარ. მას ასაკი ხელს უწყობდა იმისთვის, რომ სერიოზულად აღექვათ. ჩემზეც იგივე ითქმის. ორ თვეში 85 წლის გავხდები. სიკვდილის პირას ვმდგარვარ და უკან დავბრუნებულვარ. მე მეფეებსა და წინასწარმეტყველებს, პრეზიდენტებსა და მოციქულებს შევხვედრივარ. და რაც ყვეალზე მთავარია, ღვთის სულიწმინდის უძლიერესი გავლენის ქვეშ ვყოფილვარ. და მჯერა, რომ ჩემს მოწმობას ცოტათი მაინც უნდა დაუგდოთ ყური.

დებო და ძმებო, მე მთელი სულით დავრწმუნდი, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ახალი აღთქმის ეკლესიის ჭეშმარიტი აღდგენაა და მეტიც – რადგან ვერ უარვყოფ იმ აღდგენის მტკიცებულებას. იმ პირველი გამოცდილების შემდეგ, ვფიქრობ, კიდევ ათასი — თუ ათი ათასი სხვა მტკიცებულება მქონდა იმისა, რომ ყველაფერი, რაზეც დღეს ვისაუბრე, ჭეშმარიტებაა. ამიტომ, სიამოვნებით ვუერთდები ჩემს მეგობარს იერუსალიმის ქუჩებიდან, სადაც დასუსტებული ხმით ვმღერი:

საოცარი მადლი – რა ტკბილი ჰანგია,

ჩემნაირი უბედური რომ გადაარჩინა!

დაკარგული ვიყავი, მაგრამ მიპოვეს,

უსინათლო ვიყავი, მაგრამ ახლა ვხედავ..

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.