ზომიერების სათნოებით შემკულნი
ყველას გულწრფელად მოგიწოდებთ, რომ ჩვენი გონება და გული ზომიერების ქრისტესმიერი სათნოებით შევამკოთ.
2021 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა სოლთ-ლეიქ ტაძარზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, მან აღფრთოვანება გამოხატა იმ პიონერების ძალისხმევის მიმართ, რომლებიც შეზღუდული რესურსებითა და ურყევი რწმენით ეს წმინდა ნაგებობა, ფიზიკური და სულიერი შედევრი აღმართეს, რომელმაც დროთა გამოცდას გაუძლო. თუმცა, მან აგრეთვე დაათვალიერა ეროზიის შედეგი, რამაც დროთა განმავლობაში ტაძრის პირვანდელ საძირკველში ბზარები და დაწყობილი ქვის წყობაში რყევა გამოიწვია, რაც გამაგრების საჭიროების უტყუარი ნიშნებია.
ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა აგრეთვე გვასწავლა, რომ ზუსტად ისე, როგორც საჭირო იყო ბუნების ძალების გამკლავებისთვის ტაძრის საძირკველის გასამაგრებლად ძირითადი ზომების მიღება, ჩვენც გვესაჭიროება განსაკუთრებული ზომების მიღება – ალბათ ისეთი ზომების, რომლებიც აქამდე არ გვიცდია, იესო ქრისტეში ჩვენი სულიერი საძირკველის გასამყარებლად. თავის სამახსოვრო გზავნილში მან დასაფიქრებლად ორი ღრმა შეკითხვა დაგვიტოვა: „რაოდენ მყარია თქვენი საძირკველი? და „თქვენი დამოწმებებისა და სახარების წვდომის რა გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი“?
იესო ქრისტეს სახარება უზრუნველყოფს ჩვენთვის სულიერი ეროზიის პროფილაქტიკის შთაგონებულ და ეფექტურ საშუალებებს, რაც მეტად აძლიერებს ჩვენს საძირკველს და გვეხმარება ჩვენს რწმენაში და დამოწმებებში და სახარების წმინდა ჭეშმარიტებების გაგებაში არასტაბილურობის ნაპრალების გაჩენისგან თავის არიდებაში. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრინციპი მოცემულია მოძღვრება და აღთქმების მე-12 ნაწილში, გამოცხადებაში, რომელიც წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით მიეცა ჯოზეფ ნაითს, მართალ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ცდილობდა უფლის ნების გაგებას, არა მხოლოდ გარეგნული ცვლილებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ურყევად დარჩენილიყო თავის მოწაფეობაში - მტკიცედ, როგორც ცის სვეტები. უფალმა განაცხადა:
„აჰა, მე გეუბნები შენ და ყველას, რომლებსაც სურთ, წინ წაიყვანონ და განახორციელონ ეს საქმე;
„და ვერავინ ვერ დაგეხმარება ამ საქმეში, გარდა იმისა, რომელიც არის თავმდაბალი, აღვსილი სიყვარულით, რწმენით, იმედითა და გულმოწყალებით, ზომიერი ყველაფერში, რასაც მას მიანდობენ“.
მხსნელის მითითება, რომელიც ჩაწერილია ამ წმინდა გამოცხადებაში, გვახსენებს, რომ ზომიერება იესო ქრისტეში მყარი საძირკველის გაძლიერების აუცილებელი პირობაა. ეს ერთ-ერთი აუცილებელი ღირსებაა არა მხოლოდ მათთვის, ვინც მსახურებისთვის არის მოწოდებული, არამედ ყველასთვის, ვინც უფალთან წმინდა აღთქმა დადო და მიიღო პირობა, რომ ერთგულად ივლიდა მის კვალზე. ზომიერებას ჰარმონიაში მოჰყავს და აძლიერებს ამ გამოცხადებაში ნახსენებ სხვა ქრისტესმიერ თვისებებს: თავმდაბლობას, რწმენას, იმედს, გულმოწყალებასა და უფლისგან მომდინარე წმინდა სიყვარულს. ამაზე მეტიც: ზომიერების განვითარება, ჩვენი სულების ამქვეყნიური გავლენებით გამოწვეული, თვალით შეუმჩნეველი, მაგრამ მუდმივი, იესო ქრისტეში ჩაყრილი საძირკველის სულიერი ეროზიისგან დაცვის მნიშვნელოვანი გზაა.
იმ თვისებათა შორის, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს ამშვენებს, ზომიერება თავად მხსნელის ანარეკლის მსგავსად დგას, ის სულიწმინდის ძვირფასი ნაყოფია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ღვთიური გავლენისთვის იხსნება. ზომიერება ის სათნოებაა, რომელსაც გულში ჰარმონია შემოაქვს, სურვილებს და ემოციებს კი სიბრძნესა და სიმშვიდეს ჰგვრის. წმინდა წერილში ზომიერება წარმოდგენილია როგორც ჩვენი სულიერი მოგზაურობის წინსვლის აუცილებელი ნაწილი, რომელსაც მოთმინებისკენ, ღვთიურობისკენ და თანაგრძნობისკენ მივყავართ ჩვენი გრძნობების, სიტყვებისა და მოქმედებების დახვეწის პროცესში.
ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც ცდილობენ ქრისტეს მსგავსი ამ თვისებების განვითარებას, ხდებიან უფრო და უფრო თავმდაბალნი და სიყვარულით აღვსილნი. მათში მშვიდი ძალა იბადება და ისინი უკეთესად ახერხებენ წყრომის შეკავებას, მოთმინების განვითარებას და ადამიანების ტოლერანტობით, პატივისცემითა და ღირსებით მოპყრობას, მაშინაც კი, როდესაც უბედურების ქარი სასტიკად უბერავს. ისინი ცდილობენ, იმოქმედონ არა იმპულსიურად, არამედ სულიერი სიბრძნით და ირჩევენ სულიწმინდის წინამძღოლობითა და ნაზი გავლენით მოქმედებას. ამგვარად, ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან სულიერ ეროზიას, რადგან როგორც პავლე მოციქულმა გვასწავლა, მათ იციან, რომ ქრისტეს მეშვეობით, რომელიც მათ აძლერებთ, ყველაფერი შეუძლიათ მაშინაც კი, თუ უბედურება შეარყევს უფალში მათ მოწმობას.
ტიტესადმი მიწერილ ეპისტოლეში პავლე მოციქულმა მისცა წმინდა რჩევა მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა, მხსნელის წარმომადგენელი ყოფილიყო და რწმენითა და ერთგულებით შეესრულებინა მისი ნება. მან თქვა, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა ანუ უნდა ჰქონოდათ თვისებები, რომლებიც ზომიერებას ასახავდენენ.
თუმცა პავლე მოციქულს სურდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ „არა თვითნებ[ნი], არა გულფიცხ[ელნი], არა , … მოჩხუბარ[ნი]“. ასეთი თვისებები ეწინააღმდეგება მხსნელის ბუნებას და აკავებს ჭეშმარიტ სულიერ ზრდას. წმინდა წერილის კონტექსტში „არა თვითნება“ არის მასში, ვინც უარს ამბობს ამპარტავნობასა და ქედმაღლობაზე; „არა გულფიცხი“ არის ის, ვინც თავს არიდებს მოუთმენლობისა და გაღიზიანების ბუნებრივ რეაქციას; და „არა მოჩხუბარი“ არის ის, ვინც სიტყვიერად, ფიზიკურად და ემოციურად უარს ამბობს კამათზე და აგრესიულობითა და უხეშობით სავსე საქციელზე. როცა ვცდილობთ, რწმენითა და თავმდაბლობით შევცვალოთ ჩვენი საქციელი, ჩვენ შევძლებთ მტკიცედ ჩავეჭიდოთ უფლის მადლის ძლიერ კლდეს და გავხდეთ სუფთა, გაშალაშინებული ინსტრუმენტი უფლის წმინდა ხელებში.
ზომიერების თვისების განვითარების აუცილებლობაზე ფიქრისას, მახსენდება წინასწარმეტყველ სამუელის დედის, ხანას სიტყვები - შესანიშნავი რწმენის მქონე ქალის, რომელმაც დიდი განსაცდელების შემდეგაც კი მადლიერების სიმღერა მიუძღვნა უფალს. მან თქვა: „აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია“. მისი სიმღერა ლოცვაზე მეტია – ეს არის საკუთარი თავის თავმდაბლობისკენ, თვითკონტროლისკენ და მოკრძალებისკენ მოწვევა. ჰანა გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი სულიერი ძალა არ გამოიხატება იმპულსურ რეაქციაში ან ამპარტავნულ სიტყვაში, არამედ უფლის სიბრძნესთან შერწყმულ ზომიერებაში და მზრუნველ დამოკიდებულებაში.
სამყარო, ზოგადად, მიესალმება აგრესიულობით, ამპარტავნებით, მოუთმენლობითა და გადაჭარბებულობით გამოწვეულ საქციელს და ხშირად ამართლებს ასეთ დამოკიდებულებას ყოველდღიური ცხოვრებისეული წნეხით და შეფასებისა და პოპულარობისკენ მიდრეკილებით. როცა ზომიერების სათნოებიდან ყურადღებას სხვაგან გადავიტანთ და უგულებელვყოფთ სულიწმიდის ნაზ და მომთვინიერებელ გავლენას ჩვენს ქმედებებსა და საუბარში, ჩვენ ადვილად მოვექცევით მტრის ხაფანგში, რაც გარდაუვლად გვაიძულებს წარმოვთქვათ სიტყვები და მივიღოთ ისეთი განწყობა, რომლებსაც ღრმად ვინანებთ, იქნება ეს სოციალურ, ოჯახურ თუ თუნდაც საეკლესიო ურთიერთობებში. იესო ქრისტეს სახარება გვიწვევს სათნოების გამოვლენისკენ, განსაკუთრებით გამოწვევების ჟამს, რადგან ზუსტად ასეთ შემთხვევებში თავს იჩენს პიროვნების ჭეშმარიტი ბუნება. როგორც მარტინ ლუთერ კინგ უმცროსმა ერთხელ თქვა: „ადამიანის უმაღლესი საზომი კომფორტისა და მოხერხებულობის მომენტებში კი არა, არამედ გამოწვევებისა და შეწინააღმდეგების დროს ჩანს“.
ჩვენ, როგორც აღთქმის ხალხი, მოხმობილნი ვართ ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენმა გულებმა ფესვი გაიდგან უფლისადმი მიცემულ წმინდა დაპირებებში და ყურადღებით მისდიონ უფლისავე სრულყოფილ მაგალითს. ამის სანაცვლოდ ის დაგვპირდა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით: ეს არის ჩემი მოძღვრება და რომელიც მასზე ააშენებს, ჩემს კლდეზე ააშენებს და ვერ დასძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი“.
ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება, ჰოვარდ ლიონი, Havenlight -ის ნებართვით.
მხსნელის მსახურება დედამიწაზე ხასიათდება ზომიერებით, მისი ბუნების ყოველივე ასპექტში. ის, თავისი სრულყოფილი მაგალითის მეშვეობით, გვასწავლიდა: „მომთმენი იყავი გაჭირვებაში, ნუ გალანძღავ მათ, ვინც ილანძღება“. მხსნელი გვასწავლიდა, რომ არ უნდა ავყვეთ წყრომას დისპუტებისა და კამათის გამო და განაცხადა: „უნდა მოინანიოთ და პატარა ბავშვებად იქცეთ“. უფალი აგრეთვე გვასწავლიდა, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ისურვებს მასთან მისვლას გულის სრული მოწადინებით, უნდა შეურიგდეს მათ, ვისზეც გაბრაზებულია ან ვისაც რაღაც აქვს მათ წინააღმდეგ. ზომიერებითა და თანამგრძნობი გულით, მაცხოვარმა დაგვარწმუნა, რომ როდესაც უხეშად, არაკეთილად, უპატივცემლოდ ან იგნორირებით გვეპყრობიან, მისი სიკეთე არ მიგვატოვებს ჩვენ და მისი სიმშვიდის აღთქმა არ დატოვებს ჩვენს ცხოვრებას.
რამდენიმე წლის წინ მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა წმინდა პრივილეგია, შევხვედროდით ეკლესიის ერთგულ წევრებს მეხიკოში. მრავალი მათგანი თავად ან მათი საყვარელი ადამიანები გახდნენ ენით აღუწერელი გამოწვევების მონაწილენი - გატაცების, მკვლელობისა და სხვა მტკივნეული ტრაგედიისა.
როცა ამ წმინდანებს სახეში ვუყურებდით, ჩვენ ვერ ვხედავდით გაბრაზებას, წყრომას ან შურისძიების სურვილს. ნაცვლად ამისა ჩვენ ჩუმ თავმდაბლობას ვხედავდით. მათი იერი, მართალია, მწუხარებას გამოხატავდა, თუმცა განკურნებისა და ნუგეშის გულწრფელ ლტოლვასაც ასხივებდა. მიუხედავად იმისა, რომ ტანჯვის გამო გულგატეხილნი იყვნენ, ეს წმინდანები იესო ქრისტეს რწმენით წინ მიიწევდნენ, გააკეთეს რა არჩევანი, არ დაეშვათ, რომ ტანჯვას მათ რწმენაში ბზარები გაეჩინა ან სახარების მოწმობაში არასტაბილურობა.
იმ წმინდა შეკრების ბოლოს ჩვენ ყოველ მათგანს მივესალმეთ. ხელის ყოველი ჩამორთმევა, ყოველი ჩახუტება გახდა ჩუმი მოწმობა იმისა, რომ უფლის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ზომიერებით ვუპასუხოთ ცხოვრების გულგატეხილობასა და გამოწვევას. მათი ჩუმი და მოკრძალებული მაგალითი იქცა მოწვევად ჩვენთვის - ყველაფერში ზომიერებით ვიაროთ მხსნელის გზაზე. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ ანგელოზთა გარემოცვაში ვიმყოფებოდით.
იესო ქრისტე, ყველაზე დიადი, ეწამა ჩვენთვის, ისე რომ ყოველი ფორიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა არასოდეს არ დაუშვია, რომ მის გულში წყრომის ცეცხლი ანთებულიყო. მისი ბაგიდან არც აგრესიული, საწყენი ან უხამსი სიტყვა გამოსულა, ასეთი ტანჯვის ჟამსაც კი. სრულყოფილი ზომიერებითა და შეუდარებელი მოკრძალებით ის საკუთარ თავზე კი არა, არამედ ღვთის ყოველ შვილზე ფიქრობდა – წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან. პეტრე მოციქული მოწმობდა ქრისტეს ამაღლებულ განწყობაზე, როდესაც განაცხადა: „რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს“. საშინელი აგონიის დროსაც კი, მხსნელმა სრულყოფილი, ღვთიური ზომიერება გვიჩვენა. მან განაცხადა: „ამისდა მიუხედავად, დიდება მამას, მივიღე ფიალა და დავასრულე ჩემი მზადება ადამიანთა შვილებისთვის“.
ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ყველას მხურვალედ გიწვევთ, შევამკოთ ჩვენი გონება და გული ქრისტესმსგავსი ზომიერების სათნოებით პასუხად ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველის, რასელ მ. ნელსონის მოწოდებისა. როდესაც რწმენითა და მონდომებით ვცდილობთ, ჩვენს ქმედებებსა და სიტყვებში ზომიერება ჩავაქსოვოთ, მე ვმოწმობ, რომ ჩვენ უფრო მტკიცედ გავაძლიერებთ და დავაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ჩვენი გამომსყიდველის მტკიცე საძირკველზე.
მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ ზომიერებისკენ მუდმივი სწრაფვა წმენდს ჩვენს სულს და განწმენდს ჩვენს გულს მხსნელის წინაშე, ნაზად გვაახლოებს მასთან და გვამზადებს იმედითა და მშვიდობით იმ დიდებული დღისთვის, როდესაც მისი მეორედ მოსვლისას შევხვდებით მას. მე გიზიარებთ ამ წმინდა სიტყვებს ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, სახელით, ამინ.