გენერალური კონფერენცია
შეხედე ღმერთს და იცოცხლე
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


14:13

შეხედე ღმერთს და იცოცხლე

მხოლოდ ღმერთზე მინდობით შეუძლიათ აყვავება ინდივიდებს, ოჯახებს და ერებსაც კი.

გასული წლის ივნისში, სამხრეთ აფრიკის ლესოთოში საშინელი ავარია მოხდა. პატარა ავტობუსი, რომელშიც ეკლესიის მაპუცოუს მრევლის 20 ახალგაზრდა ქალი და მათი შვიდი ხელმძღვანელი იმყოფებოდა, დედაქალაქ მასერუში მიემგზავრებოდა, მასერუს ლესოთოს ოლქის ახალგაზრდა ქალების შეკრებაზე. დილის საათებში, როდესაც ისინი ორზოლიან გზატკეცილზე მოძრაობდნენ, საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილი სხვა მანქანის გასწრების მცდელობისას ავტობუსის მიერ დაკავებულ ზოლში გადავიდა. პირდაპირი შეჯახების თავიდან ასაცილებლად არც საკმარისი დრო იყო და არც სივრცე და რამდენიმე წამში მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, გზიდან გადაბრუნდნენ და ცეცხლი გაუჩნდათ.

ავარიის შედეგად სულ თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ახალგაზრდა ქალი, ორი ახალგაზრდა ქალთა ხელმძღვანელი, მრევლის პრეზიდენტი და მისი მეუღლე. გადარჩენილებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა სხვადასხვა ემოციები გამოხატეს, მათ შორის ბრაზის, დეპრესიის და დანაშაულის გრძნობის მომენტებიც იყო. ამ გრძნობებისა და პასუხგაუცემელი კითხვების მიუხედავად, ისინი ერთმანეთს ანუგეშებდნენ და ღმერთს მიმართავდნენ საკრალური მუსიკის, წმინდა წერილებისა და ლოცვის საშუალებით, რომლისგანაც ნუგეშს იღებდნენ. ჩვიდმეტი წლის გადარჩენილი სეცოანა სელებელი მოწმობდა: „იესო ქრისტეს ვუყვარვართ და ჩვენთანაა, მიუხედავად იმისა, რომ გული გვტკივა.“

წევრები ლესოთოში

ახალგაზრდა ქალი და ხელმძღვანელი, რომლებიც დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, ერთად სწავლობდნენ მორმონის წიგნს. ერთ-ერთმა თქვა: „ბოლო დროს მორონის ვკითხულობდით და მორონი ზუსტად იმას ამბობს, რასაც მე ვგრძნობ ეს პერიოდი. … როდესაც ის ლაპარაკობს, თითქოს ამბობს: „ეს სიტყვები უნდა ისწავლო, რადგან ისინი შენთვისაა დაწერილი, რათა ამ ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარონ.“

დაკრძალვა ლესოთოში

დაღუპულთა ერთობლივი დაკრძალვის ცერემონიაზე, სამოცდაათიანთა ქვორუმის უხუცესმა სიაბონგა მხიზემ გვირჩია: „ამ დროს ყველამ უნდა მივმართოთ უფალს და ვთხოვოთ, რომ ანუგეშოს ჩვენი გულები და … შეგვიმსუბუქოს ტკივილი, რომელსაც განვიცდით.‟ მეზობლად არსებული ლერიბეს მრევლის ახალგაზრდა ქალების პრეზიდენტმა, მამფო მაკურამ, მოუწოდა: „მიმართეთ უფალს და იპოვეთ ძალა, რომ მიიღოთ მისი ნება. იესო ქრისტე არის „ჩვენი რწმენის შემქმნელი და დამგვირგვინებელი“ [Hebrews 12:2]. თვალი არ მოაშოროთ მას, არამედ მას შეხედეთ‟.

მიენდეთ მას. მისი სიტყვები იმეორებს ალმას რჩევას თავისი ვაჟის, ჰელამანისადმი: „შეხედე ღმერთს და იცოცხლე.“ ალმა ციტირებდა ლეხისა და მისი ხალხის გამოცდილებას ლიახონასთან დაკავშირებით, როგორც მაგალითს: „ისევე ადვილია ყური დაუგდო ქრისტეს სიტყვას, რომელიც მიგითითებს სწორ მიმართულებას მარადიული ნეტარებისაკენ, როგორც ადვილი იყო ჩვენი მამებისთვის ყურადღების გამახვილება კომპასზე, რომელიც უჩვენებდა მათ სწორ მიმართულებას აღთქმული მიწისკენ.“ ალმამ თქვა: „თუ ისინი შეხედავდნენ, ისინი ცოცხლები დარჩებოდნენ. … და თუ ჩვენ შევხედავთ, ჩვენ მარადიულად ვიცოცხლებთ.”

სხვა შემთხვევაში, ალმამ მოიყვანა მოსეს მიერ აღმართული სპილენძის გველის მაგალითი, როდესაც ძველი ისრაელიელები ცეცხლოვანი გველებით იტანჯებოდნენ. უფალმა მოსეს უთხრა, რომ გველის ფიგურა გაეკეთებინა და ძელზე აემაღლებინა დაპირებით, რომ „ყოველი დაგესლილი, ვინც მას შეხედავს, ცოცხალი დარჩება.“ ალმამ განმარტა, რომ სპილენძის ფიგურა იყო ქრისტეს ნიშანი ან სიმბოლო, რომელიც ჯვარზე ამაღლდებოდა. ბევრმა შეხედა და გადარჩა, მაგრამ სხვებმა, ალმას სიტყვებით, „ისე გაიქვავეს გული“, რომ უბრალოდ არ შეხედეს და დაიღუპნენ.

ალმამ იკითხა:

„რომ შეგძლებოდათ განკურნებულიყავით მხოლოდ მზერით, რათა განკურნებულიყავით, ნუთუ დაუყოვნებლივ არ შეხედავდით, თუ გაიქვავებდით გულს ურწმუნოებაში და იქნებოდით ზანტნი ისე, რომ არ შეხედავდით და ამის გამო დაიღუპებოდით?

„ … მაშინ შეხედეთ და იწამეთ ძე ღვთისა, რომ ის მოვა საკუთარი ხალხის გამოსასყიდად, რომ დაიტანჯება და მოკვდება, რათა გამოისყიდოს მათი ცოდვები; და რომ კვლავ აღდგება მკვდრეთით, რაც მოიტანს აღდგომას და ასე ყოველი ადამიანი წარსდგება მის წინაშე, რომ განიკითხოს უკანასკნელ, განკითხვის დღეს, თავისი საქმეების შესაბამისად.“

რა თქმა უნდა, რჩევას „შეხედე ღმერთს და იცოცხლე“ მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის არა მხოლოდ მარადისობაში, არამედ დიდ გავლენას ახდენს ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხასიათსა და ხარისხზე. გაიხსენეთ ლესოთოში მცხოვრები ახალგაზრდა და სელებელის სიტყვები, რომლებიც უკვე აღვნიშნეთ —„იესო ქრისტეს ვუყვარვართ და ჩვენთანაა, მიუხედავად იმისა, რომ გული გვტკივა.“

სწორედ დაცემული სამყაროს ბუნებაა — სადაც ეშმაკი მძვინვარებს და სადაც ყველა არასრულყოფილია — რომ იქნება იმედგაცრუებები და წყენა, ტანჯვა და მწუხარება, წარუმატებლობა და დანაკარგი, დევნა და უსამართლობა. მხოლოდ ღმერთზე მინდობით შეუძლიათ აყვავება ინდივიდებს, ოჯახებს და ერებსაც კი. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „რადგან მხსნელმა თავისი უსაზღვრო გამოსყიდვით გამოისყიდა თითოეული ჩვენგანი სისუსტისგან, შეცდომებისგან და ცოდვებისგან და განიცადა ყოველი ტკივილი, მწუხარება და ტვირთი, რომელიც ოდესმე გქონიათ [იხ. ალმა 7:11–13],, მაშინ როცა ჭეშმარიტად მოინანიებთ და ეძიებთ მის დახმარებას თქვენ შეძლებთ, ამჟამინდელ არასაიმედო სამყაროზე მაღლა დადგეთ“.

მორმონის წიგნის წმინდა წერილებში არც ერთი დაპირება არ მეორდება ისე ხშირად, როგორც შემდეგი: „რამდენადაც დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად აყვავდებით ამ მიწაზე; მაგრამ რამდენადაც არ დაიცავთ ჩემს მცნებებს, იმდენად იქნებით ჩემი გარემოცვიდან მოკვეთილნი.“ მორმონის წიგნის ხალხების საუკუნეების განმავლობაში ცხოვრებისეული გამოცდილება ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს. „აყვავება“ ნიშნავდა ზეციური ხელმძღვანელობითა და კურთხევით ტკბობას მათ ცხოვრებაში. „აყვავება“ ნიშნავდა ეკონომიკური კეთილდღეობის იმ დონის მიღწევას, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაქორწინებულიყვნენ, შეექმნათ ოჯახები და ეზრუნათ სხვების საჭიროებებზე. „აყვავება“ მოიცავდა სირთულეებისა და განსაცდელების გადალახვის უნარს. ქრისტეს მადლის მეშვეობით, „ყველაფერი ერთად მოქმედებ[და] [მათ] სასიკეთოდ“, რამაც დახვეწა ისინი და გააღრმავა მათი ურთიერთობა ღმერთთან.

ალმამ განმარტა, რომ შეხედო ღმერთს ნიშნავს მისი მცნებების დაცვას, მისგან მხარდაჭერისთვის გამუდმებულ ლოცვას,, მასთან კონსულტაციას ყველა საქმეში და კიდევ იმას, რომ შენი გული დღე და ღამე უფლის მიმართ მადლიერებით იყოს სავსე. ღვთის მცნებები და რჩევები წმინდა წერილებსა და მისი მსახურების სიტყვებშია მოცემული. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ ტექსტში ჩამოყალიბებული პრინციპები და იდეალები ამის საუკეთესო მაგალითია. მსგავსი მითითებები ასევე მოცემულია ბროშურაში ახალგაზრდობის გასაძლიერებლად. ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების წლევანდელი თემაა „დაეყრდენით ქრისტეს“, რომელიც აღებულია უფლის ნუგეშისმცემელი მითითებიდან ჯოზეფ სმითისა და ოლივერ ქაუდერის მიმართ: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ.“ ახალგაზრდების გაძლიერებისთვის ეხება ღვთის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მცნებასა და სტანდარტს და გვასწავლის, თუ როგორ დავეყრდნოთ უფალს კარგი გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს გზამკვლევი არ არის მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვისაა.

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ჟურნალში ახალგაზრდების გასაძლიერებლად მოცემულია თავში დასახელებით, „შენი სხეული წმინდაა“. ის გვასწავლის: „პატივისცემით მოეპყარით თქვენს სხეულს — და სხვების სხეულებს“. როდესაც ტანსაცმელთან, ვარცხნილობასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „პატივს ვცემ თუ არა ჩემს სხეულს, როგორც ღვთისგან ბოძებულ წმინდა საჩუქრს?“

ჟურნალში ახალგაზრდების გასაძლიერებლად დამატებით ნათქვამია: „სექსი და სექსუალური გრძნობები წმინდად შეინარჩუნეთ.“ ეს არ არის ხუმრობის ან გართობის საგანი. ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინების გარეთ, არასწორია სხვა ადამიანის სხეულის ინტიმურ, წმინდა ადგილებზე შეხება, თუნდაც ჩაცმულ მდგომარეობაში. როდესაც ირჩევთ, თუ რას აკეთებთ, უყურებთ, კითხულობთ, უსმენთ, ფიქრობთ, აქვეყნებთ ან წერთ ტექსტს, მოერიდეთ ყველაფერს, რაც განზრახ იწვევს ვნების აღძვრას სხვებში ან თქვენში.“

ეს პრეზიდენტ ნელსონის ბოლოდროინდელ გაფრთხილებას გვახსენებს:

„ცოტა რამ თუ გაართულებს თქვენს ცხოვრებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ამ [უბიწოების] ღვთაებრივი კანონის დარღვევა. მათთვის, ვინც ღმერთთან აღთქმა დადო, უზნეობა არის მოწმობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა.

„ … სიცოცხლის შექმნის ძალა არის ღვთიურობის ერთადერთი პრივილეგია, რომლის განხორციელების ნებას მამაზეციერი აძლევს თავის მოკვდავ შვილებს. ამრიგად, ღმერთმა დაადგინა ნათელი წესები ამ ცოცხალი, ღვთიური ძალის გამოყენებისთვის. ინტიმური ურთიერთობა დასაშვებია მხოლოდ შეუღლებულ მამაკაცსა და ქალს შორის.

მსოფლიოს დიდ ნაწილს ეს არ სწამს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი არ არის სიმართლის არბიტრი. უფალმა განაცხადა, რომ არცერთი უწმინდური არ შევა ცელესტიალურ სასუფეველში. და თუ შესცოდეთ გევედრებით: მოინანიეთ. მოდით ქრისტესთან და მიიღეთ მისი სრული მიტევების დაპირება, თუკი ბოლომდე მოინანიებთ ცოდვებს [იხ. ესაია 1:16–18; მოძღვრება და აღთქმები 58:42–43].”

გახსოვდეთ, რომ მორმონის წიგნის დაპირებაში კეთილდღეობის საპირისპირო არ იყო სიღარიბე - ეს იყო უფლის სუფევიდან მოწყვეტა. მისი სუფევა გულისხმობს ღვთის სულის გავლენას ადამიანის ცხოვრებაზეა. ყველა ქრისტეს სინათლით არის გაჟღენთილი, როდესაც ისინი ამ ქვეყნად მოდიან. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი ნათლობისკენ ისწრაფვის და სულიწმინდის ძღვენსა და დამატებით ნათელს იღებს. მას შთაგონება და ხელმძღვანელობა მოაქვს, აძლიერებს და ხვეწს ადამიანის თანდაყოლილ ნიჭებსა და შესაძლებლობებს და ეხმარება თავიდან აიცილოს ბოროტი გავლენა, არასწორი გადაწყვეტილებები და ჩიხური მდგომარეობები.

თქვენსავით, მეც ვიცნობ ზოგიერთს, ვინც ოდესღაც სულიწმინდის ძღვენით სარგებლობდა, მაგრამ ღვთის მცნებების შეუსრულებლობის გამო ეს კურთხევა დაკარგა. განსაკუთრებით მახსენდება ერთი მათგანი, ვისაც დანაშაულის გამო გაუუქმდა ეკლესიის წევრობა. მან თქვა, რომ თავდაპირველად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მას მიაჩნდა, რომ არასრულყოფილი ხელმძღვანელები განიკითხავდნენ. მან იცოდა, რომ მისი საქციელი არასწორი იყო, მაგრამ ამას სხვების ნაკლოვანებებსა და შეცდომებზე მითითებით ამართლებდა. გარკვეული დროის შემდეგ, მან თავი კომფორტულად იგრძნო ეკლესიის მიღმა ცხოვრების წესში, მოწოდებების ვალდებულების, ღვთისმსახურებაზე დასწრებისა და სხვების მსახურების პასუხისმგებლობის გარეშე.

ეს გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ მან სულ უფრო და უფრო მკვეთრად იგრძნო სულიწმინდის - ღვთის თანდასწრების - არარსებობა მის ცხოვრებაში. გამოცდილებიდან გამომდინარე, მან იცოდა, როგორი იყო ყოველდღიურად სულიწმინდისგან მომდინარე ნუგეშის, ხელმძღვანელობისა და თავდაჯერების მიღება და ეს ენატრებოდა. საბოლოოდ, მან გააკეთა ის, რაც საჭირო იყო მონანიებისთვის და რათა წყლითა და სულიწმინდით ნათლობისთვის კვლავ შესაფერისი გამხდარიყო.

როგორც ჩანს, უსაზღვროა სხვადასხვა წყაროები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ეძებენ ცხოვრების აზრს,, ბედნიერებასა და დახმარებას. უმრავლესობა „იყურებ[ა] მიზნის მიღმა.“ მაგრამ შესაძლებელია „აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების [ან მოდის] ყოველგვარი ქარი.“ ღმერთზე მინდობით, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სიმშვიდე სირთულეებისას და ჩვენი რწმენა განაგრძობს ზრდას ეჭვებისა და სულიერი გამოწვევების პერიოდშიც კი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ძალა წინააღმდეგობისა და იზოლაციის დროს. ჩვენ შეგვიძლია შევათავსოთ ჩვენი იდეალი არსებულ რეალობასთან. ნამდვილად არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რაც თავად ღმერთმა დაადგინა: „მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა.“

ღმერთისკენ მოქცევა ნიშნავს, რომ ის ჩვენი პრიორიტეტებიდან არა ერთ-ერთი, არამედ ერთადეთი უმაღლესია. ისევ მახსენდება გასული წლის ივნისში ლესოთოში მომხდარი საშინელი ავარია. საავადმყოფოს საწოლიდან ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალთა ხელმძღვანელმა, რომელიც გადარჩა და ეკლესიაში გაწევრიანებამდე ღმერთის არ სწამდა, თქვა, რომ მისი მიზანი ახლა იმის გარკვევაა, თუ რატომ გადაარჩინა [ღმერთმა] მისი სიცოცხლე. „ღმერთისადმი მუდმივი მსახურებით მივიღებ პასუხს, თუ მისი მიღება შესაძლებელია,“ განაცხადა მან. „ადრე მეგონა, რომ მიყვარს ღმერთი, მაგრამ ახლა ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად, ნამდვილად მიყვარს იგი. ახლა ის ჩემს ცხოვრებაში [ნომერ პირველი] პრიორიტეტია.”

მე ვმოწმობ მამაზე, ძეზე და სულიწმინდაზე, რომლებიც სიტყვის, აზრის, მიზნისა და მოქმედების სრულყოფილ ერთიანობაში არიან ერთი ღმერთი, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ ყველა სიკეთისთვის. მე ვმოწმობ იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, საიდანაც მოდის ძალა, ამ შესანიშნავი დაპირების შესასრულებლად: „მენდეთ, ბოლომდე გაუძელით და იცოცხლებთ; ვინაიდან მას, რომელიც ბოლომდე გაუძლებს, მარადიულ სიცოცხლეს ვუბოძებ.“ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. რაიან ჯენსენი, “Survivors of Deadly Bus Crash in Lesotho Share Grief—and Faith—in Wake of Tragedy,” Church News, July 18, 2025, thechurchnews.com; Ryan Jensen, “‘God Is Still God’—Remembering the Lives Lost in Lesotho Bus Accident,” Church News, July 19, 2025, thechurchnews.com.

  2. იხ. ალმა 37:47.

  3. იხ. ალმა 37:44.

  4. იხ. ალმა 37:46.

  5. იხ. რიცხვნი 21:5-6.

  6. იხ. რიცხვნი 21:8.

  7. იხ. ალმა 33:19.

  8. იხ. ალმა 33:20.

  9. იხ. ალმა 33:21-22. ალმას შვილიშვილი, ნეფი, მხსნელის შესახებ ჩანაწერში ამატებს, „და როგორც ყველა, ვინც იმ გველს შეხედავდა, ცოცხალი გადარჩებოდა, ასევე ყოველი, ვინც რწმენით და მომნანიებელი სულით შესცქერის ძეს ღვთისას, იცოცხლებს იმ სიცოცხლით, რომელიც მარადიულია.“ (ჰელამანი 8:15).

  10. იხ. რასელ მ. ნელსონი, „სძლიეთ სოფელს და შეისვენეთ“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2022.

  11. იხ. 2 ნეფი 1:20.

  12. იხ. რომაელთა 8:28.

  13. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ირგვლივ დავინახოთ ღმერთისკენ სწრაფვისა და ღვთის სულის თანდასწრების ნაყოფი. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ „სულიერი განვითარება დაკავშირებულია დეპრესიისა და ნარკომანიისგან დაცვასთან და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ურთიერთობების, უფრო მიზანმიმართული სამუშაოსა და უფრო მეტი ემოციური მდგრადობის ჩამოყალიბებასთან.“ (Cornelia Powers, “The New Spiritual Leader on Campus,” Atlantic [May 18, 2025], theatlantic.com).

    ქრონიკული მარტოობის, ემოციური იზოლაციისა და შფოთვის დონე ძირითად მოსახლეობაში შედარებისთვის აღემატება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა მაჩვენებელს, რომლებიც ხასიათდებიან ზოგადად უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესით, ფიზიკური და გონებრივი სიცოცხლისუნარიანობით, განათლების მაღალი დონით და რწმენაზე დაფუძნებული პოზიტიური შეხედულებებით. საქმე იმაში არ არის, რომ ჩვენ, როგორც ხალხი, არასდროს განვიცდით მსოფლიოში ჩვეულებრივ არსებულ გამოწვევებს. უფრო სწორად, იესო ქრისტესკენ სწრაფვით შეგვიძლია გავიმარჯვოთ.

  14. იხ. ალმა 37:35-37.

  15. იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:4.

  16. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  17. იხ. ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევნის გზამკვლევი (2022), 24, 25.

  18. იხ. რასელ მ. ნელსონი „იაზროვნეთ ცელესტიალურად,“ გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023 წელი.

  19. იხ. იოანე 1:9; მორონი 7:16; მოძღვრება და აღთქმები 84:45–46; 93:2.

  20. იხ. იაკობი 4:14..

  21. იხ. ეფესელთა მიმართ 4:14.

  22. იხ. ესაია 45:22.

  23. Mapule Joyce Takane, in Jensen, “Survivors of Deadly Bus Crash in Lesotho Share Grief—and Faith—in Wake of Tragedy,” thechurchnews.com.

  24. იხ. 1 იოანე 5:7; 3 ნეფი 11:36; მოძღვრება და აღთქმები 20:28; Guide to the Scriptures, “God, Godhead,” სახარების ბიბლიოთეკა.

  25. იხ. 3 ნეფი 15:9.