სახელი, რომელიც გეწოდათ
რას ნიშნავს გიწოდებდნენ ქრისტეს სახელს?
როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, უფალი პირდაპირ რომ გვესაუბრებოდეს, უპირველეს ყოვლისა დარწმუნდებოდა, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ვინაობა გვესმის ანუ ის, რომ ვართ ღვთის შვილები, აღთქმის შვილები და იესო ქრისტეს მოწაფეები. ნებისმიერი სხვა განმარტება დაგვაკნინებდა.
მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა ჩემმა უფროსმა შვილმა პირველი მობილური ტელეფონი მიიღო. დიდი აღფრთოვანებით მან კონტაქტებში ოჯახის წევრებისა და მეგობრების სახელების შეტანა დაიწყო. ერთხელ შევნიშნე, რომ დედამისი რეკავდა. ეკრანზე წარწერა „დედა“ გამოჩნდა. ეს იყო გონივრული და ღირსეული არჩევანი — და, ვაღიარებ, ჩვენს სახლში უკეთესი მშობლის მიმართ პატივისცემის ნიშანი. ბუნებრივია, დამაინტერესა. მე რა სახელით ვყავარ ჩაწერილი?
კონტაქტების სიას ჩავყევი, ლოგიკურად ველოდი, რომ თუ ვენდი „დედაა“, მე „მამა“ უნდა ვიყო. მაგრამ არა. დავიწყე ძიება სიტყვით „მამიკო“. აქაც არაფერი. ცნობისმოყვარეობა მსუბუქ შეშფოთბაში გადაიზარდა. „კორის“ მეძახის? არა. ბოლო ცდა - ვიფიქრე: „ჩვენ ფეხბურთელები ვართ - იქნებ „პელეს“ მეძახის“. მეც მოვინდომე, არა? ბოლოს, მე თვითონ დავურეკე და ეკრანზე ორი სიტყვა გამოჩნდა: „არა დედა“!
დებო და ძმებო, თქვენ რა სახელი გიწოდეს?
იესომ თავის მიმდევრებს მრავალ სახელს უწოდებდა: მოწაფენი, ძენი და ასულნი. წინასწარმეტყველთა შვილები. ცხვრები. მეგობრები. სოფლის ნათელი. წმინდანები. ყოველი ეს სახელი მარადიული მნიშვნელობის არის და ხაზს უსვამს პირად ურთიერთობას მხსნელთან.
მაგრამ ამ სახელებს შორის, ერთი ყველაზე მაღლა დგას – ქრისტე. მორმონის წიგნში მეფე ბენიამინი ძლიერად ასწავლიდა:
„არ არის ბოძებული სხვა სახელი, რომლითაც მოვა ხსნა; ამიტომ, მსურს, რომ აიღოთ საკუთარ თავზედ ქრისტეს სახელი. …
„და იქნება ასე, რომ ყოველი, ვინც ასე მოიქცევა, აღმოჩნდება ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, რადგან მას ეცოდინება სახელი, რომელიც მას ეწოდა; რადგან ის ქრისტეს სახელით იქნება წოდებული“.
ისინი, ვინც საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი აიღეს, მისი მოწაფენი და მოწმენი ხდებიან. საქმეების წიგნში ვკითხულობთ, რომ იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ, რჩეულ მოწმეებს ებრძანათ, ექადაგათ, რომ ყველას, ვინც იწამებდა იესოს, მოინათლებოდა და მიიღებდა სულიწმინდას, მიეტევებოდა ცოდვები. ისინი, ვინც მიიღეს ეკლესიასთან დაკავშირებული ეს წმინდა წეს-ჩვეულებები, გახდნენ მოწაფეები და ქრისტიანები ეწოდათ. მორმონის წიგნი ასევე უწოდებს ქრისტეს მორწმუნეებს ქრისტიანებს, აღთქმის ხალხს კი „ქრისტეს შვილებს, მის ძეებსა და ასულებს“.
რას ნიშნავს, გიწოდებდნენ ქრისტეს სახელს? ეს ნიშნავს აღთქმების დადებას და დაცვას, რომ ყოველთვის გვახსოვდეს იგი, ვიცავდეთ მის მცნებებს, და ვიყოთ მზად, „ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა [ვ]იყოთ, ღმერთის მოწმენი [ვ]იყოთ“. ეს ნიშნავს იდგე წინასწარმეტყველებთან და მოციქულებთან, როცა ისინი მთელ მსოფლიოს უზიარებენ ქრისტეს გზავნილს –თავისი სწავლებით, აღთქმებითა და წეს-ჩვეულებებით. ეს აგრეთვე ნიშნავს, ემსახურებოდე სხვებს ტანჯვის შემსუბუქებაში , იყო სინათლე ყველასთვის და აძლევდე მათ ქრისტეს იმედს. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი გვასწავლიდა, რომ „ეს არის ის სადგური, რომელზეც ერთ წამში არავინ არ მისულა“.
იმის გამო, რომ მოწაფეობის მოგზაურობა დროსა და ძალისხმევას საჭიროებს და ის „სტრიქონი სტრიქონზე, სწავლება სწავლებაზე“ პრინციპით ღრმავდება, ძალიან ადვილია ამა ქვეყნის ტიტულებით გატაცება. ეს მხოლოდ დროებით ღირებულებას იძლევა და თავისთავად არასდროს იქნება საკმარისი. გამოსყიდვა და მარადისობა „მოდის წმინდა მესიაში და მისი მეშვეობით“. ამიტომ, წინასწარმეტყველური რჩევის გათვალისწინება, რომ მოწაფეობა პრიორიტეტად იქცეს, არის როგორც დროული, ასევე გონივრული, განსაკუთრებით ამდენი კონკურენტული მოსაზრებებისა და გავლენის ეპოქაში. ეს იყო მეფე ბენიამინის რჩევის მთავარი აზრი, როცა მან თქვა: „მსურს დაიმახსოვროთ, რომ მუდამ შეინარჩუნოთ [ქრისტეს] სახელი, რომელიც ჩაწერილია თქვენს გულებში, რათა … გესმოდეთ და სცნობდეთ ხმას, რომლითაც მოგიწოდებენ, ასევე სახელს, რომლითაც იგი მოგმართავთ“.
მე ეს ჩემს ოჯახშიც მინახავს. ჩემი დიდი პაპა მარტინ გასნერი სამუდამოდ შეიცვალა, რადგან თავმდაბალმა მრევლის პრეზიდენტმა მხსნელის მოწოდებაზე უპასუხა . 1909 წელს გერმანიაში მძიმე დრო იყო და ფული ძალიან ჭირდა. მარტინი მილების მწარმოებელ კომპანიაში შემდუღებლად მუშაობდა. მისივე აღიარებით, თითქმის ყოველი ხელფასი სმით, სიგარეტის მოწევით და მეგობრებისთვის პაბში სასმელების ყიდვით მთავრდებოდა. ბოლოს და ბოლოს მეუღლემ უთხრა, რომ თუ არ შეიცვლებოდა, მიატოვებდა მას.
ერთ დღეს მარტინს თანამშრომელი შეხვდა პაბისკენ მიმავალ გზაზე. მას ხელში დაჭმუჭნული ქაღალდი ეკავა. მეგობარმა ის ქუჩაში იპოვა და უთხრა მარტინს, რომ მას შემდეგ, რაც წაიკითხა ბუკლეტი სათაურით Was wissen Sie von den Mormonen? ანუ რა იცით მორმონთა შესახებ? მან რაღაც განსხვავებული იგრძნო. დარწმუნებული ვარ, რომ სათაური შეიცვალა.
უკანა მხარეზე მისამართი ეწერა, რომელზეც ძლივს იკითხებოდა ეკლესიის მდებარეობა. ის საკმაოდ შორს იყო, მაგრამ წაკითხულმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტეს, კვირას მატარებლით წასულიყვნენ გასარკვევად. ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ეკლესია კი არა, დამკრძალავი ბიურო იყო. მარტინი ყოყმანობდა, რადგან მართლაც – ეკლესია დამკრძალავ ბიუროში პაკეტურ შეთავაზებას ჰგავდა.
მაგრამ ზედა სართულზე, ნაქირავებ დარბაზში, მათ წმინდანების პატარა ჯგუფი აღმოაჩინეს. ვიღაც მამაკაცმა ისინი ზიარების შეკრებაზე მოიწვია. მარტინს სულიწმინდა შეეხო. მასზე უბრალო, მხურვალე მოწმობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მან თავისი დამოწმებაც გააზიარა. და სწორედ იქ, იმ ყველაზე მოულოდნელ ადგილას, მან თქვა, რომ უკვე იცოდა — ეს სიმართლე უნდა ყოფილიყო.
ამის შემდეგ, მამაკაცი მათ გაეცნო როგორც მრევლის პრეზიდენტი და იკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი კიდევ მოსვლას. მარტინმა აუხსნა, რომ ის ძალიან შორს ცხოვრობდა და ყოველ კვირას ეკლესიაში სიარულს უსახსრობის გამო ვერ შეძლებდა. მრევლის პრეზიდენტმა უბრალოდ უთხრა: „გამომყევი“.
მათ რამდენიმე კვარტალი გაიარეს და მივიდნენ ქარხანაში, სადაც მრევლის პრეზიდენტის მეგობარი მუშაობდა. მოკლე საუბრის შემდეგ, მარტინსა და მის მეგობარს სამსახური შესთავაზეს. შემდეგ, მრევლის პრეზიდენტმა ისინი ბინაში მიიყვანა და მათი ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყო.
ყოველივე ეს ორ საათში მოხდა. მარტინი და მისი ოჯახი მომდევნო კვირას იქ დაბინავდნენ. ექვსი თვის შემდეგ ისინი მოინათლნენ. მამაკაცი, რომელიც ოდესღაც უიმედო ლოთად ითვლებოდა, თავისი ახალი სარწმუნოების მგზნებარე მისიონერად გახდა ცნობილი — იმდენად, რომ ქალაქში ხალხმა მას, შესაძლოა არცთუ ისე სიყვარულით, „მღვდელი“ შეარქვა.
რაც შეეხება მრევლის პრეზიდენტს, მისი სახელი უცნობია – იგი დრომ შთანთქა. მაგრამ მე მას ვეძახი მოწაფეს, ელჩს, ქრისტიანს, კარგ სამარიელსა და მეგობარს. მისი გავლენა 116 წლის შემდეგაც იგრძნობა და მე ამ მოწაფეობის მხრებზე ვდგავარ.
არის ასეთი გამონათქვამი: ვაშლის მარცვლებს დაითვლი, ერთი მარცვლიდან მოსულ ვაშლებს კი ვერა. მრევლის პრეზიდენტის მიერ დათესილმა თესლმა უთვალავი ნაყოფი მოისხა. საიდან იცოდა მან, რომ 48 წლის შემდეგ, მარტინის ოჯახის რამდენიმე თაობა საბურველის ორივე მხრიდან შვეიცარიაში, ბერნის ტაძარში ჩაიბეჭდებოდა.
შესაძლოა, ყველაზე დიდი ქადაგებებია არა ისინი, რომლებიც გვესმის, არამედ რომლებსაც ვხედავთ ჩუმ, თავმდაბალ ქმედებებსა და საქმეებში, რომლებიც შეინიშნება ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ცდილობენ, დაემსგავსონ იესოს, დადიოდნენ და ქველმოქმედებდნენ. ის, რაც ამ მადლიანმა მრევლის პრეზიდენტმა გააკეთა, უბრალო ფორმალობა არ იყო. ის უბრალოდ სახარების მიხედვით ცხოვრობდა, როგორც ეს ალმას წიგნშია აღწერილი: „ისინი … არ ტოვებდნენ არავის, ვინც იყო … მშიერი, მწყურვალი ან ავადმყოფი, … იყვნენ დიდსულოვანნი ყველას მიმართ – მოხუცისა და ახალგაზრდისადმი, … მონებისა და თავისუფლებისადმი“. და, რაც არ უნდა გამოგვრჩეს, ისინი არავის აგზავნიდნენ უკან, „[იყვნენ ისინი] ეკლესიის თუ არა ეკლესიის“.
ისინი, ვინც საკუთარ თავზე ქრისტეს სახელს იღებენ აღიარებენ, როგორც ჯოზეფ სმითმა თქვა, რომ „ღვთის სიყვარულით სავსე ადამიანი არასდროს არ არის კმაყოფილი მხოლოდ თავისი ოჯახის კურთხევებით; იგი ცდილობს, მთელი კაცობრიობა დალოცოს“.
ასე ცხოვრობდა იესო. ფაქტობრივად, მან იმდენი რამ გააკეთა, რომ მისმა მოწაფეებმა ყველაფრის ჩაწერა ვერ შეძლეს. იოანე მოციქულმა ჩაიწერა: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“.
მოდით, ვეცადოთ, მივბაძოთ ქრისტეს მაგალითს, ქველმოქმედება და მოწაფეობა ცხოვრების პრიორიტეტად ვაქციოთ, რათა ყოველ ჯერზე, სხვებთან ურთიერთობისას, მათ იგრძნონ ღმერთის სიყვარული და სულიწმინდის დამადასტურებელი ძალა. შემდეგ ჩვენ შევძლებთ შევუერთდეთ ჩემს დიდ პაპასა და მილიონობით სხვა ადამიანს, რომლებმაც ანდრია მოწაფის მსგავსად განაცხადეს: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ვინაობას სამყარო არ განსაზღვრავს. მაგრამ ჩვენი მოწაფეობა განისაზღვრება ჩვენ მიერ მიღებული წეს-ჩვეულებებით, აღთქმებით, რომლებსაც ვიცავთ და სიყვარულით, რომელსაც უბრალოდ, სიკეთის კეთებით, გამოვხატავთ ღმერთისა და მოყვასის მიმართ. როგორც პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ღვთის შვილები ვართ, აღთქმის შვილები, იესო ქრისტეს მოწაფეები.
მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და მან გამოგვისყიდა. სწორედ მან თქვა: „მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.