თავმდაბალი სულები საკურთხეველთან მუხლს იდრეკენ
როდესაც ჩვენ ვდებთ და ღირსეულად ვიცავთ აღთქმებს, ეს გვაკავშირებს ქრისტესთან, რაც უფრო მეტ წვდომას გვაძლევს მის გულმოწყალებაზე, მფარველობაზე, განწმენდაზე, განკურნებასა და დასვენებაზე.
მადლობა გუნდს, ამ ახალი საგალობლის საშუალებით მათი დამოწმებისთვის.
ზიარების ახალი საგალობელი „პური ჩვენი არსობისა, ცოცხალი წყალი“ ავსებს ჩემს სულს. საგალობლის ერთ-ერთი ფრაზა ამბობს, „ახლა, საკურთხევლის წინაშე, უფალს მსხვერპლად ვთავაზობ მოდრეკილ გულს.“
ეს სიტყვები უფრო სიღრმისეულად გავიაზრე მას შემდეგ, რაც ჩვენმა ოჯახმა კალიფორნია, ნიუბერი პარკი დატოვა, რათა 2015 წელს იუტას ოგდენის მისიაში გვემსახურა. იუტას შტატის ქალაქ ლეიტონთან ახლოს, ჰილის საჰაერო ძალების ბაზის დასათვალიერებლად მიმიწვიეს. არასდროს ვყოფილვარ სამხედრო ბაზაზე და არც სამხედრო მღვდელმსახური შემხვედრია ან ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად მუშაობენ.
სამხედრო მღვდელმსახური ჰარპი, ისევე როგორც ათასობით სხვა მოხალისე და პროფესიონალი მღვდელმსახური, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ციხეებში, საავადმყოფოებსა და სამხედრო ობიექტებზე მსახურობენ, შთამაგონებდა და მამხნევებდა. ბაზაზე ჩვენი ბოლო გაჩერება საყდარი იყო. მღვდელს ვკითხე, ატარებდა თუ არა წირვას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურდა ფიქრი, ლოცვა, მედიტაცია და ღვთისთაყვანისცემა. ის სამლოცველოს წინა კედელთან მივიდა და ფარდის უკნიდან ჯვარი გამოიღო. მან თქვა, რომ ჯვარს პროტესტანტული და კათოლიკური მსახურებებისთვის იყენებდა. ვკითხე, რას იყენებდა ჩვენი ებრაელი ძმებისა და დებისთვის და ის წინა კედლის მოპირდაპირე მხარეს გავიდა და დავითის ვარსკვლავი გადმოიღო.
შემდეგ ვკითხე: „რას აკეთებთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა წირვაზე?“ მან ეს სიმბოლოები გვერდზე გაწია და საყდრის შუაგულში მდგარ დიდ ხის საკურთხეველზე მიუთითა. მან თქვა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები საკურთხეველზე ამზადებენ და აკურთხებენ პურსა და წყალს. ვკითხე, ეს დიდი, ერთი შეხედვით უძრავი საკურთხეველი ხომ არ გაჰქონდათ ჩვენი ებრაელი, მუსლიმი, კათოლიკე თუ პროტესტანტი ძმებისა და დების წირვა-ლოცვის წინ. მან მითხრა, რომ საკურთხეველი ადგილზე რჩება, ვინაიდან არაერთი ზემოხსენებული კონფესიისთვისაც ასევე გარკვეული ფორმით იგი ტრაპეზის ფუნქციას ასრულებს.
აბრაამმა ააგო სამსხვერპლო, დააბა ისააკი და მზად იყო, თავისი ერთადერთი ძე შეეწირა, მაგრამ მისი ხელი შეჩერებულ იქნა და მან უფლის მსგავსად განაცხადა, „აქა ვარ!‟ რამდენჯერ უთქვამს დიდებულ „მე ვარ‟-ს ან მის რომელიმე წინასწარმეტყველს: „აქა ვარ‟?
მთაზე ქადაგების დროს მხსნელმა მოგვიწოდა, შევრიგდეთ ჩვენს ძმებთან და დებთან, სანამ საკურთხეველს მივუახლოვდებით. პავლე მოციქული ასწავლიდა, რომ ჩვენ „ვიწმინდებით“ სამსხვერპლოზე იესო ქრისტეს გამოსყიდვის საშუალებით.
წინასწარმეტყველმა ლეხიმ „მიატოვა თავისი სახლი … და ძვირფასი ნივთები. … [შემდეგ] მან … ააგო საკურთხეველი, … გაიღო შესაწირი და მიაგო სამადლობელი უფალს.“
ბიბლია და მორმონის წიგნი გვასწავლის, რომ საკურთხევლებთან ღვთის ძეს ვცეთ თაყვანი. რატომ?
ჩვენმა პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ, ააგეს საკურთხეველი, სადაც თაყვანს სცემდნენ ღმერთს. მას შემდეგ, რაც ისინი ედემის ბაღიდან გაძევებულ იქნენ და „მრავალი დღის“ განმავლობაში ადიდებდნენ ღმერთს, მათ ეწვიათ ანგელოზი და შემაძრწუნებელი კითხვა დაუსვა, რომელიც თითოეულ ჩვენგანსაც ეხება: „რატომ სწირავ მსხვერპლს უფალს?“
ადამმა უპასუხა: „არ ვიცი.“
ადამის თავმდაბლობით სავსე აღიარებაზე ანგელოზის პასუხი გამაოგნებელია: „ეს არის მსგავსი მამის მხოლოდშობილის მსხვერპლშეწირვისა. … ამიტომ, რასაც გააკეთებ, გააკეთე ძის სახელით და უნდა მოინანიო და უფალს მოუხმო ძის სახელით მარად.“
ზიარების მაგიდა და ტაძრის საკურთხეველი სიმბოლურად გამოხატავენ იესო ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს და მის უსასრულო გამოსყიდვას.
როდესაც ჩვენ ვდებთ და ღირსეულად ვიცავთ აღთქმებს, ვიღებთ ზიარებას ეკლესიაში და ვასრულებთ სატაძრო შემოსვისა და ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულებებს, ეს გვაკავშირებს ქრისტესთან, რაც უფრო მეტ წვდომას გვაძლევს მის გულმოწყალებაზე, მფარველობაზე, განწმენდაზე, განკურნებასა და დასვენებაზე.
გულმოწყალება და მფარველობა აღთქმების მეშვეობით
როდესაც 15 წლის ახალგაზრდა ჭაბუკი ვიყავი, მამას ვკითხე, შემეძლო თუ არა ზიარების შეკრების გამოტოვება — იანვრის მხოლოდ ერთ კვირა დღეს, ამერიკული ფეხბურთის განსაკუთრებული თამაშის გამო. მან თქვა, რომ საკმარისად დიდი ვიყავი, რომ ეს არჩევანი თავად გამეკეთებინა და მთხოვა, ერთი რჩევა გამეთვალისწინებინა. მან თქვა: „თუ ერთხელ გააცდენ ზიარებას, უფრო ადვილია მისი კვლავ გაცდენა.“
თუ მხსნელი დიდი დამაკავშირებელია, მაშინ მოწინააღმდეგე გამყოფია. სატანა გვაცდუნებს, რომ მოვშორდეთ ჩვენს კურთხეულ თაყვანისცემის ადგილებს და იესო ქრისტეს მფარველობას. როდესაც თაყვანს ვცემთ მხსნელს, ჩვენ ვიღებთ „ძალას, რომ წავიდეთ ბუნებრივი ამასოფლის დინების საწინააღმდეგოდ.“ როდესაც მასთან ზიარებაში ვატარებთ დროს, გვაქვს დაპირება, რომ „სატანისგან გავთავისუფლდებით.“ „ასე რომ, თუ ვიცავთ აღთქმებს, იგი გვიბოძებს თავის … გამაძლიერებელ ძალას“. რაოდენ ძვირფასია ჩემთვის მხსნელთან ზიარების გამოცდილება, [რომელიც ხელმისაწვდომია] წმინდა სამსხვერპლოებზე დადებული აღთქმების მეშვეობით.
მხსნელის მარადიული გამოსყიდვის სტრიქონ-სტრიქონ და წესიდან წესამდე გაცნობიერება არის სულიერი აცრა, რომელიც გვიცავს მოწინააღმდეგის ხრიკებისგან. მექსიკაში მცხოვრებ ახალგაზრდა უხუცეს იაგის, ზუსტერ იაგის ბელგიაში და მისიონერებს მთელ მსოფლიოში გაცილებით მეტი შანსი აქვთ, რომ მათ მეგობრებს დაეხმარონ ნათლობის კურთხევებისა და სულიწმინდის ძღვენის მიღებაში, თუ მათი მეგობრები ზიარების შეკრებას გაცნობის პირველივე კვირაში დაესწრებიან.
უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ახალგაზრდა ზრდასრული ტონგაში ან სამოაში ჩაიბეჭდება უფლის სახლში, თუ ისინი სკოლის დამთავრებიდან მალევე ემზადებიან და იღებენ შემოსვის წეს-ჩვეულებას. შემოსვისას წევრები მოწვეულნი არიან, რომ იცხოვრონ ხუთი წესის მიხედვით, დაემორჩილონ და დაიცვან ისინი. რაც მათ ცხოვრებას ავსებს ძალითა და მფარველობით. როდესაც უფალთან აღთქმებს ვდებთ, ორმხრივი ურთიერთობა ყალიბდება. ჩვენ ასე გამოვხატავთ უფლის მიმართ ერთგულებასა და სიყვარულს. ჩვენი ძალა და ძლევამოსილება იზრდება თითოეული დაპირების მიცემითა და შესრულებით.
მსჯელობა და განწმენდა
როდესაც ჩვენ თავმდაბლობით და სიმბოლურად მუხლს ვიდრეკთ უფლის სამსხვერპლოსთან, ეს არის მსჯელობის შესაძლებლობა, „[ჩვენი] გულის ამპარტავნობის მორჯულებ[ისა] … თავის დამდაბლებ[ისა] ღმერთის წინაშე.“ ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად გასვლამდე დედა ხშირად მეუბნებოდა: „გახსოვდეს, ვინ ხარ და სახლში რომ დაბრუნდები, გამაგებინე.“ ზოგიერთ ღამეს სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებოდი და ვერ ვახერხებდი მასთან გამოლაპარაკებას. ვნანობ, რომ დედასთან ის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოვტოვე.
დღეს კი, მოუთმენლად ველი ზეციერ მამასთან დავაფიქსირო ხოლმე ჩემი კავშირი. ჩემი ყოველდღიური ლოცვისას მუხლს ვიდრეკ საწოლთან ან ოჯახთან ერთად შეკრებისას, წარმოვიდგენ, როგორ ვდგავარ მუხლებზე საკურთხეველთან, ვფიქრობ და ვაფასებ ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ ზიარებაზე, უშუალოდ პურის მთლიან ნაჭრებზე, ჩვენთვის გატეხილ და გახლეჩილზე, თითოეული მათგანი ხომ ჩვენი მხსნელის დალეწილი სხეულის სიმბოლოა. მახსენდება პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსის სწავლება, რომ „პურის თითოეული ნაჭერი უნიკალურია, ისევე როგორც უნიკალურები არიან მისი მიმღები პირები.“ როდესაც ლოცვისას მუხლს ვიდრეკ, ვფიქრობ, როგორ შემიძლია საკუთარი ნება დავუთმო ღმერთს.
უხუცესი დევიდ ა. ბედნარი გვასწავლიდა: „ზიარების წეს-ჩვეულება არის წმინდა და განმეორებადი მოწვევა გულწრფელი მონანიებისკენ და სულიერი განახლებისკენ. ზიარების მიღების აქტი, როგორც ასეთი, არ გვაშორებს ცოდვას. მაგრამ როცა შეგნებულად ვემზადებით და მონაწილეობას ვიღებთ ამ წმინდა წეს-ჩვეულებაში, მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, მაშინ ჩვენია დაპირება, რომ სულიწმინდა ყოველთვის იქნება ჩვენთან. და სულიწმინდის, როგორც ჩვენი მარადიული თანამგზავრის, განმწმენდი ძალით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ ცოდვათა მიტევება.”
როდესაც მე და ემი ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩვენ აღვნიშნავთ იესო ქრისტეს მიერ ნაჩუქარ სრულყოფილი სიყვარულისა და გამომსყიდველ მსხვერპლს. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ჯოჯოხეთის მძვინვარება გამოთავისუფლებულია. როგორ შეგვიძლია დავძლიოთ განსჯის, შფოთვის, დეპრესიის, კიბოს, დიაბეტის, ონლაინ ბულინგის, მიტაცებული იდენტობის, მუცლის მოშლის, შვილის, ძმისა და მამის დაკარგვის ზემოქმედება? ვინაიდან იესომ შესვა მწარე სასმისი, რისხვის თასი — ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ყველა ჩვენგანისთვის!
გეთსიმანია, შესრულებულია ადამ აბრამის მიერ, 5altusfineart.com © 2025 -ის ნებართვით
„მწარე თასი“ მან შესვა გეთსიმანიის ბაღში და მისი ტანჯვა უფრო ინტენსიური გახდა გოლგოთაზე, რამაც საშუალება მოგვცა უფლის სამსხვერპლოზე მოვათავსოთ მკაცრნი, ქედმაღალნი, მოძალადენი, მძვინვარენი და მთრთოლვარენი, რათა ყოველთვის „განიწმინდონ სულიწმინდის მიღებით“.
და პატრიცია ჰოლანდმა თქვა: „დღეს ჩემი ყველაზე ღრმა ლოცვა თქვენთვის და ჩემთვის არის ის, რომ სრულად დავემორჩილოთ, თავი მივაგოთ ღვთის აღთქმებისა და მშვიდობის სამსხვერპლოს, სადაც არ უნდა ვიყოთ და რაც არ უნდა გვქონდეს ჩადენილი.”
განკურნებისა და დასვენების ადგილი
როდესაც საკურთხეველთან მივდივართ, ჩვენ არ ვიმსახურებთ ჯილდოს; ჩვენ ვსწავლობთ ძღვენის მომცემის შესახებ. ამ სწავლასა და აღთქმის დადებაში მოდის განკურნება. ნეფიმ თქვა: „მან აღმავსო თავისი სიყვარულით ისე, რომ ლამის შთაინთქა ხორცი ჩემი.“ და ჩვენმა მოსიყვარულე მხსნელმა მოგვიწვია: „ნუთუ არ მობრუნდებით და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?“
როდესაც ჩვენი ორი უფროსი ქალიშვილი, მაკენზი და ემა, პატარები იყვნენ, მათი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია იყო ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა. ყველას შეგვიყვარდა ლომი, ასლანი. წიგნის კითხვისას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე ის იყო, როდესაც დიადმა ლომმა ედმუნდისთვის სიცოცხლე გასწირა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან მშობლები და შვილები ტიროდნენ, როდესაც თეთრმა ჯადოქარმა ქვის მაგიდაზე ლომი მოკლა. დასამახსოვრებელია, რადგან ტრაგედიის მიუხედავად იმედი გვქონდა, სანამ გრანდიოზული რამ მოხდებოდა. სიხარულის კივილი გაისმა იმ პატარა საძინებელში, როდესაც ასლანი აღდგა და თქვა: „ჯადოქარს რომ სცოდნოდა მსხვერპლის ნამდვილი მნიშვნელობა, … ის [ეცოდინებოდა], რომ [თუ] მოღალატის ნაცვლად ნებაყოფლობითი მსხვერპლი, რომელსაც ღალატი არ ჩაუდენია, მოკვდებოდა, [ქვის] მაგიდა გაიბზარებოდა და თავად სიკვდილი [დაიწყებდა უკუსვლას].”
იესო ქრისტე კურნავს ყველა ჭრილობას. იესო ქრისტე შესაძლებელს ხდის კვლავ ცხოვრებას.
2022 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აღწერა ტურისტული ჯგუფი, რომელიც ტაძრის ღია კარის დღეს მოდიოდა. მათ შორის იყო ახალგაზრდა ბიჭი. პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა, რომ:
„როდესაც ტურის ჯგუფი შემოსვის ოთახში შემოვიდა, ბიჭმა საკურთხევლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც მუხლმოდრეკილი ადამიანები აღთქმას დებენ ღმერთთან და თქვა: „ვა, ეს კარგია. აი ადგილი, სადაც შეიძლება შეისვენო ტაძარში გადაადგილებისას“.
მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ არსებობდა პირდაპირი კავშირი ღმერთთან ტაძარში აღთქმის დადებასა და მაცხოვრის განსაცვიფრებელ დაპირებას შორის:
„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს .
„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“’ [მათე 11:28–30].”
„კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი,“ მაგრამ იგი მის მოწაფეებს, თქვენ და მე, ზიარების მაგიდასთან გვიწვევს, რათა შევისვენოთ მასთან ერთად. როდესაც „თავმდაბალი სულები საკურთხეველთან მუხლს იდრეკენ,“ მშვიდობა ისადგურებს. ჩვენი მხსნელის მკლავები გადაშლილია; მისი სუფრა გაშლილია. მოდით, თაყვანი ეცით ღვთის ძეს მის წმინდა საკურთხევლებთან. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.