ღვთის წინასწარმეტყველები
წინასწარმეტყველის ხმის მოსმენა და მორჩილება აუცილებელია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ყოველივე კარგი ჩვენი მხსნელის მეორედ მოსვლამდე.
ძვირფასო ახალგაზრდებო, რა მშვენიერი საკონფერენციო სესიაა! ჩვენ უკვე მოვისმინეთ იესო ქრისტეს სამი ცოცხალი მოციქულის სიტყვა. რა საოცარი კურთხევაა! და კიდევ ერთის გამოსვლა გველის - პრეზიდენტ ჰენრი ბ. აირინგის. სულიერი ნადიმი გრძელდება!
ჩემი შარშანდელი გამოსვლიდან შევიტყვეთ, როგორ წარვდგეთ ამ სამყაროს წინაშე, გოლიათთან დავითის მიერ მიღებული გამოცდილების გამოყენებით. გახსოვთ ხუთი ქვა? დღეს გაგიზიარებთ ამბავს ძველი აღთქმიდან, რომელიც თქვენს ასაკში წავიკითხე და რომელმაც გამიჩინა სურვილი, მის მთავარ გმირს დავმსგავსებოდი. ბიბლიაში არ წერია მისი სახელი, ასე რომ ჩვენ მას ვუწოდებთ „ქალი შუნემიდან“, რადგან ეს მისი ქალაქის სახელია.
ერთ დღეს, წინასწარმეტყველი ელისე შუნემის გავლით მიდიოდა და როგორც ვკითხულობთ, იქ იყო „ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად“. წარმომიდგენია, როგორ გაუხარდა წინასწარმეტყველ ელისეს, როცა მან მის სახლში პურის საჭმელად მოპატიჟება მიიღო! ის უკვე რამდენჯერმე იყო მისული, როცა ერთ დღეს ქალმა უთხრა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი“.
ქალი ამბობს: „ნამდვილად ვიცი“. როგორც ჩანს, მან ელისე სახლში მოიწვია და არ იცოდა, რომ ის წინასწარმეტყველი იყო: მან სულიწმინდის მეშვეობით დამოწმება მიიღო, როცა ყურადღებით უსმენდა ელისეს ნათქვამსა და ნაქადაგებს. (ხომ იცით, იმ დროს სურათები არ იყო! ასე რომ, რთული იყო წინასწარმეტყველის ამოცნობა სახით).
მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება. ერთხელ, ქალმა უთხრა თავის ქმარს: „მოვუწყოთ მცირე ოთახი … , დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. და, როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.“
ეს ერთგული ქალი მზად იყო, ოთახი მოეწყო თავის სახლში, რათა წინასწარმეტყველს, როდესაც ის ამ ქალაქში გავლით იქნებოდა, გასაჩერებელი ადგილი ჰქონოდა!
დღეს, ჩვენ შეგვიძლია დიდი გაკვეთილი გამოვიტანოთ ამ გამოცდილებიდან.
უფალმა დაუმოწმა ქალს შუნემიდან, რომ ელისე ღვთის წინასწარმეტყველი იყო და პასუხად მან თვისი სახლის კარი გაუღო მას.
ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ დღეს პირადი დამოწმება ღვთის წინასწარმეტყველის შესახებ და გავუღოთ გული და გონება –ჩვენი სახლი – გზავნილს, რომელიც მამაზეციერს აქვს ჩვენთვის ამ უკანასკნელ დღეებში.
ძვირფასო ახალგაზრდებო, მე გიწვევთ, ჰკითხოთ საკუთარ თავს: მაქვს მე პირადი მოწმობა ღვთის ცოცხალი წინასწარმეტყველის შესახებ?
მოდით, თავიდან დავიწყოთ.
რას ნიშნავს წინასწარმეტყველი? წინასწარმეტყველი არის კაცი, რომელიც ღმერთმა მოიხმო, რათა მის ნაცვლად ისაუბროს. დღეს დედამიწაზე, ისევე როგორც ძველად, წინასწარმეტყველები არსებობენ.
წინასწარმეტყველები არიან წინასწარმჭვრეტელები და განმცხადებლები. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ იხილონ ის, რაც სხვებისთვის უხილავია და მათ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მომავალი მოვლენები. მათ ასევე შეუძლიათ, უბედურებისთვის მოგვამზადონ. წინასწარმეტყველები უფლისგან იღებენ მცნებებს და გამოცხადებებს. რწმენის მეცხრე სიმბოლო საუბრობს გამოცხადების შესახებ, რომელიც ჩვენს დღეებშიც გრძელდება. იქ წერია: „ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოაცხადა, ყოველივე, რასაც ის ახლა აცხადებს და ჩვენ გვწამს, რომ ის კიდევ გამოაცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება“.
უხუცესმა გარი ე. სტივენსონმა თქვა: „უფალი უწყვეტად უცხადებს თავის მცნებებსა და ნებას თავის წინასწარმეტყველებს დღეს, რადგან მას სურს, გაგვიძღვეს ბედნიერებისკენ ამ ცხოვრებაში, მომავალ ცხოვრებაში კი - ცელესტიალური დიდებისკენ“.
წინასწარმეტყველები ასევე აცხადებენ სახარებას და ისინი არიან შთაგონებული მასწავლებლები და ღვთის მაცნეები ყოველი ადამიანისთვის დედამიწაზე.
პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ყოველი წევრი წინასწარმეტყველი, წინასწარმჭვრეტი და განმცხადებელია. მსახურობენ რა როგორც საბჭო უფლის მითითებით, მათ აქვთ უფლებამოსილება, გამოაცხადონ და გადმოგვცენ სწავლება და დაადგინონ წესები მისი ეკლესიისთვის. ისინი ყურადღებით ლოცულობენ და მსჯელობენ, რადგან ამ ქვორუმების გადაწყვეტილებები ერთსულოვანი უნდა იყოს. ამ გზით, უფალი გვარწმუნებს, რომ მისი ნება შესრულდება.
წინასწარმეტყველები მოწმობენ ქრისტეზე – მის არსებობაზე, მსახურებაზე და ღვთიურობაზე.
მოდით, წავიკითხოთ წინასწარმეტყველების რამდენიმე მოწმობა მორმონის წიგნიდან.
აბინადიმ განაცხადა:
„ღმერთი თავად ჩამოვა ადამიანთა შვილებს შორის და გამოისყიდის თავის ხალხს.
„და იმის გამო, რომ იქნება ხორციელი, ის წოდებული იქნება ღმერთის ძედ“.
ლამანიელი სამუელი ასევე მოწმობდა, რომ იესო ქრისტე არის „ღვთის ძ[ე], ზეცისა და მიწის მამ[ა], დასაბამიდან ყველაფრის შემქმნელ[ი]“.
წინასწარმეტყველმა მორონიმ თქვა: „ვნახე იესო, [და] … იგი მელაპარაკა პირისპირ“.
როცა ქრისტე ნეფიელებს ეწვია, ერთ-ერთი პირველი რამ, რაც მან მოიმოქმედა, თორმეტი მოციქულის მოხმობა იყო. და მან უთხრა ხალხს: „კურთხეულნი ხართ, თუ ყურს დაუგდებთ ამ თორმეტის სიტყვებს, რომლებიც თქვენგან ამოვირჩიე“.
ნება მიბოძეთ, რამდენიმე სიტყვა გავუზიარო მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს, რომლებიც შვილებს ზრდიან. თავად უფალმა ასწავლა ადამსა და ევას ხსნის გეგმის ჭეშმარიტება. და შემდეგ უთხრა მათ: „გაძლევ მცნებას, ასწავლო ყოველივე ეს თავისუფლად შენს შვილებს“.
რას ნიშნავს ასწავლო თავისუფლად? ეს ნიშნავს სახარების ჭეშმარიტების სწავლას, ამის შესახებ პირადი მოწმობის ქონასა და შვილებისთვის ამ ცოდნის გაზიარებას. ეს ნიშნავს ოფიციალური და არაოფიციალური სწავლების მომენტებისთვის ხელის შეწყობას. ეს ნიშნავს ამ ცოდნისა და დამოწმების მიხედვით ცხოვრებას.
მორმონის წიგნი აღწერს 2 060 ახალგაზრდა მეომარს, როგორც „ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების ადამიანებ[ს], რადგან ისწავლეს ღვთის მცნებების დაცვა, რათა მის წინაშე უბიწოდ ევლოთ“. ეს ახალგაზრდა მამაკაცები ერთგულად ემორჩილებოდნენ ჰელამანს, რომელიც იმ დროს მათი სამხედრო ხელმძღვანელი და აგრეთვე წინასწარმეტყველი იყო და მათ ესმოდათ, რომ დედებმა გულები ჭეშმარიტებითა და რწმენით აუვსეს.
მშობლებო, ამ სამყაროში, სადაც მრავალი ხმა და ზოგჯერ ამდენი სიბნელეა, თავად ღმერთმა გვიბრძანა, გავზარდოთ შვილები სინათლეში და ჭეშმარიტებაში. მან გვაკისრა პასუხისმგებლობა, ჩვენს შვილებს სახარების დამხსნელი ჭეშმარიტებები ვასწავლოთ. თუ ჩვენ ამას არ ვიზამთ, სამყარო ამას არ გააკეთებს.
ძვირფასო ახალგაზრდა მეგობრებო, მინდა, მოგიწვიოთ: მომდევნო დღეებში, სანამ დაიძინებთ, მოიყარეთ მუხლი, გახსენით გული და ილოცეთ რწმენით მამაზეციერისადმი. სთხოვეთ, დაგიდასტუროთ, რომ უფლის მიერ არჩეული წინასწარმეტყველი და მოციქულები არიან უფლის ხმა დღეს დედამიწაზე.
ქალმა შუნემიდან გვასწავლა, რომ ჩვენ ეს დამოწმება სულიწმინდის მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ. მე გპირდებით, რომ როცა გეცოდინებათ, რომ ისინი ღვთის ზეთცხებულნი არიან, ჩვენი ცხოვრება, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უფრო გაადვილდება, როცა მათ ხმას ნდობით, რწმენითა და იმედით დავემორჩილებით. წინასწარმეტყველის ხმის მოსმენა და მორჩილება აუცილებელია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ყოველივე კარგი ჩვენი მხსნელის მეორედ მოსვლამდე.
მსოფლიოში ბოროტება მატულობს, მაგრამ იესო ქრისტეს ეკლესია და მისი სასუფეველი ძლიერია, როგორც არასდროს. სიონი თავისი მშვენიერი სამოსით იმოსება, და ქრისტეს ტახტი არ დაეცემა. უფალი ელის ჩვენგან, ვიყოთ ძლიერნი ჩვენს მოწმობებში, რწმენით აღვსილნი და ყოველდღიურად ვინანიებდეთ. ჩვენს მხსნელს, იესო ქრისტეს, ყოველივე ჩვენგანის იმედი აქვს ამ საქმის შესრულებაში.
ერთხელ, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა თქვა: „ძმებო, ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიდი მიზნით“? თუმცა, ახალგაზრდებო, რადგან ეს გზავნილი ძირითადად თქვენთვის არის განკუთვნილი, მსურს, სიტყვა ახალგაზრდებო გამოვიყენო სიტყვა ძმებო-ს ნაცვლად. მზად ხართ?
„[ახალგაზრდებო], ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიდი მიზნით? იარეთ წინ და არა უკან. სიმამაცით, [ახალგაზრდებო]; და წინ, წინ, გამარჯვებისკენ დაე, გაიხაროს თქვენმა გულმა, და იყოს ძალზედ გახარებული“.
მადლიერი ვარ ცოცხალი წინასწარმეტყველების წინამძღოლობისთვისა და თავდადებული ძალისხმევისთვის. მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ ისინი ღმერთმა მოიხმო, რათა ეს საქმე გააგრძელონ, დაამკვიდრონ და უფლის სასუფეველს დედამიწაზე სათავეში ჩაუდგნენ. და ეს ყოველთვის ასე იქნება. უფალი ყოველთვის თავად აირჩევს თავის მსახურებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.