არავინ იჯდეს მარტო
იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება მის აღდგენილ ეკლესიაში ყველასთვის ადგილის პოვნას გულისხმობს.
I.
მე 50 წლის განმავლობაში ვსწავლობდი კულტურას, მათ შორის სახარებისეულ კულტურას. ბედის ორცხობილებით დავიწყე.
სან-ფრანცისკოს ჩინურ უბანში გონგების ოჯახური ვახშამი ბედის ორცხობილითა და ბრძნული გამონათქვამით მთავრდებოდა, როგორიცაა „ათას მილიანი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება.“
ახალგაზრდობაში ბედის ორცხობილებს ვამზადებდი. თეთრი ბამბის ხელთათმანები მეცვა, ღუმელიდან ამოღებულ ცხელ მრგვალ ორცხობილებს ვკეცავდი და ფორმას ვაძლევდი.
ჩემდა გასაკვირად, გავიგე, რომ ბედის ორცხობილა თავდაპირველად ჩინური კულტურის ნაწილი არ იყო. ჩინური, ამერიკული და ევროპული ბედის ორცხობილების კულტურის გასარჩევად, ბედის ორცხობილები სხვადასხვა კონტინენტზე ვეძებე - ისევე, როგორც ტყის ხანძრის ტრიანგულაციისთვის რამდენიმე ადგილს იყენებენ. ჩინური რესტორნები სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში და ნიუ-იორკში ბედის ორცხობილებს გვთავაზობენ, თუმცა — არა პეკინში, ლონდონში ან სიდნეიში. მხოლოდ ამერიკელები აღნიშნავენ ბედის ორცხობილის ეროვნულ დღეს [და] მხოლოდ ჩინური რეკლამები გვთავაზობენ „ნამდვილ ამერიკულ ბედის ორცხობილებს.“
ბედის ორცხობილები სახალისო, მარტივი მაგალითია. თუმცა, სხვადასხვა კულტურულ გარემოში ჩვეულებების შედარების იგივე პრინციპი დაგვეხმარება სახარებისეული კულტურის გამორკვევაში. დღეს, როცა მორმონის წიგნის ალეგორიები და ახალი აღთქმის იგავების წინასწარმეტყველებები სრულდება, უფალი გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს სახარების კულტურის შესასწავლად.
II.
ყველგან ხალხის დიდი მიგრაციაა. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 281 მილიონი მიგრანტია. ეს 1990 წელთან შედარებით 128 მილიონით მეტი ადამიანია და 1970 წლის მონაცემებთან შედარებით სამჯერ მეტი. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას ყველგან რეკორდული რაოდენობის მოქცეულები პოულობენ. ყოველ კვირა დღეს, 195 მშობლიური ქვეყნიდან და ტერიტორიიდან წევრები და მეგობრები იკრიბებიან ეკლესიის 31,916 სამრევლოში. ჩვენ ვსაუბრობთ 125 ენაზე.
ცოტა ხნის წინ, ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოში, შვეიცარიასა და გერმანიაში, მე ვნახე, თუ როგორ ასრულებდნენ ახალი წევრები მორმონის წიგნის ალეგორიას ზეთისხილის ხის შესახებ. იაკობის მე-5 თავში ვენახის პატრონი და მისი მსახურები სხვადასხვა ადგილებიდან გადმოტანილი მცენარეების შეგროვებითა და ერთად დამყნობით აძლიერებენ, როგორც ზეთისხილის ხის ფესვებს, ასევე მის ტოტებს. დღეს ღვთის შვილები იკრიბებიან, როგორც ერთნი იესო ქრისტეში; უფალი გვთავაზობს შესანიშნავ ბუნებრივ საშუალებებს, რათა უფრო მეტი სისრულით ვიცხოვროთ მისი აღდგენილი სახარების მიხედვით.
ზეციური სასუფევლისთვის მოსამზადებლად, იესო დიდი ვახშმისა და საქორწილო წვეულების იგავებს გვიამბობს. ამ იგავებში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა გარემოებებს იმიზეზებენ, რომ არ მივიდნენ. ბატონი ავალებს მის მსახურებს, „გადი[თ] სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში“ და „გზებზე და ორღობეებში“ და „მომგვარე“ გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. სულიერი გაგებით, ეს თითოეული ჩვენგანია.
წმინდა წერილი აცხადებს:
„ვახშამ[ზე] უფლის სახლ[ში] … ყოველი ერი იქნება მოწვეული.“
„მოუმზადეთ გზა უფალს … რათა მისი სასუფეველი გავრცელდეს დედამიწაზე, რათა მისმა მცხოვრებმა მიიღონ ის და მზად იყვნენ დღეებისთვის, რომელნიც უნდა დადგეს.”
დღეს უფლის ვახშამზე მოწვეულნი ყველა ადგილიდან და კულტურიდან მოდიან. მოხუცები თუ ახალგაზრდები, მდიდრები თუ ღარიბები, ადგილობრივები თუ მთელი მსოფლიოდან, ჩვენ საკუთარი ეკლესიის მრევლს ჩვენი საზოგადოებების მსგავსს ვხდით.
როგორც მთავარმა მოციქულმა, პეტრემ ხილვაში ნახა გახსნილი ცა „დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა … მასში იყო ყოველნაირი … ოთხფეხი.“ პეტრემ გვასწავლა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის. … არამედ ყოველ ხალხში [უფლის] მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.“
გულმოწყალე სამარიელის იგავში იესო გვიწვევს, მივიდეთ ერთმანეთთან და მასთან კი მის სასტუმროში — უფლის ეკლესიაში. იგი გვიწვევს, რომ ვიყოთ კარგი მეზობლები. გულმოწყალე სამარიელი გვპირდება, რომ დაბრუნდება და თავის სასტუმროში მყოფებზე მზრუნველობას აანაზღაურებს. იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება მის აღდგენილ ეკლესიაში ყველასთვის ადგილის პოვნას გულისხმობს.
„სასტუმროს ოთახის“ სულისკვეთებაში მოიაზრება, რომ „არავინ იჯდეს მარტო.“ როდესაც ეკლესიაში მოხვალთ, თუ ვინმეს მარტო დაინახავთ, გთხოვთ, მიესალმოთ და მასთან ერთად დაჯდეთ. შესაძლოა, ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს. ადამიანი შეიძლება თქვენგან განსხვავებულად გამოიყურებოდეს ან ლაპარაკობდეს. რა თქმა უნდა, როგორც ალბათ ბედის ორცხობილა იტყოდა, „სახარებისეული მეგობრობისა და სიყვარულის მოგზაურობა იწყება პირველი გამარჯობით და მარტო არავის ჯდომით.“
„არავინ იჯდეს მარტო“ ასევე ნიშნავს, რომ არავინ იყოს მარტო ემოციურად ან სულიერად. გულნატკენ მამას წავყევი შვილის სანახავად. წლების წინ, მისი ვაჟი აღფრთოვანებული იყო, რომ ახალი დიაკვანი გახდებოდა. საქმე ისაა, რომ მის ოჯახის წევრებს მისთვის პირველი ახალი ფეხსაცმელი ეყიდათ.
მაგრამ ეკლესიაში დიაკვნები დასცინოდნენ მას. მისი ფეხსაცმელი ახალი იყო, მაგრამ არა მოდური. შერცხვენილმა და გულნატკენმა ახალგაზრდა დიაკვანმა თქვა, რომ ეკლესიაში აღარასდროს წავიდოდა. გული ისევ მწყდება მასზე და მის ოჯახზე.
იერიხონისკენ მიმავალ მტვრიან გზებზე თითოეული ჩვენთაგანისთვის დაუცინიათ, შეურცხვენიათ ან ტკივილი მოუყენებიათ, შესაძლოა აგდებულად და დამამცირებლადაც მოგვპყრობიან. და სხვადასხვა ხარისხის განზრახვით, თითოეულ ჩვენგანს ასევე სხვები უგულებელყვია, ან არ დაუნახავს ან არ გაუგია მათი, ან შესაძლოა, განზრახაც დაუზიანებია სხვები. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ტკივილი მოუყენებიათ და ჩვენც სხვები გვიწყენინებია, იესო ქრისტეს ყველა თავის სასტუმროში მივყავართ. მის ეკლესიაში და მისი წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით ჩვენ ერთმანეთსა და იესო ქრისტეს ვუახლოვდებით. ჩვენ გვიყვარს და ვუყვარვართ, ვემსახურებით და გვემსახურებიან, მივუტევებთ და მოგვეტევება. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ, „დედამიწაზე არ არის მწუხარება, რომლის განკურნებაც ზეცას არ შეუძლია“; მიწიერი ტვირთი შემსუბუქდება - ჩვენი მხსნელის სიხარული ნამდვილია.
1 ნეფი 19-ში ჩვენ ვკითხულობთ: „დიახ, თვით ისრაელის ღმერთს ადამიანები ფეხით თელავენ; … ისინი მას არად აგდებენ. … ამიტომაც მას გაშოლტავენ და ის ამას აიტანს; და მას სცემენ და ის ამას აიტანს. დიახ, შეაფურთხებენ მას და ის ამას აიტანს.“
ჩემი მეგობარი, პროფესორი ტერი უორნერი, ამბობს, რომ განკითხვა, გაშოლტვა, ცემა და ფურთხება არ იყო შემთხვევითი მოვლენები, რომლებიც მხოლოდ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს ხდებოდა. როგორც ვექცევით ერთმანეთს — განსაკუთრებით მათ ვისაც შიათ, სწყურიათ, ვინც მარტოდმარტო არიან დარჩენილები — ასე ვექცევით უფალსაც.
მის აღდგენილ ეკლესიაში ჩვენ ყველანი უკეთესები ვართ, როდესაც არავინ ზის მარტო. მოდით, უბრალოდ კი არ შევეგუოთ ან ავიტანოთ. გულწრფელად მივესალმოთ, ვაღიაროთ, ვემსახუროთ და გვიყვარდეს. დაე, ყოველი მეგობარი, და, ძმა არ იყოს უცხოელი ან უცნობი, არამედ იყოს სახლში შვილი.
დღეს ბევრი თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობს. სოციალურმა ქსელებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ადამიანური სიახლოვისა და შეხების წყურვილი გაგვიჩინოს. ჩვენ გვსურს ერთმანეთის ხმების მოსმენა. ჩვენ გვსურს ნამდვილი კავშირი და სიკეთე.
ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება ვიგრძნოთ, რომ ეკლესიაში ვერ ვერგებით ხალხს — გადატანითი მნიშვნელობით, მარტო ვსხედვართ. შეიძლება ვღელავდეთ ჩვენს აქცენტზე, ტანსაცმელზე, ოჯახურ მდგომარეობაზე. შესაძლოა, თავს არასრულფასოვნად ვგრძნობთ, კვამლის სუნი გვაწვება, ზნეობრივი სიწმინდისკენ ვისწრაფვით, ვინმეს დავშორდით და თავს განაწყენებულად და უხერხულად ვგრძნობთ, შეშფოთებულები ვართ ეკლესიის ამა თუ იმ პოლიტიკით. შეიძლება ვიყოთ დასაოჯახებლები, განქორწინებულები, დაქვრივებულები. ჩვენი შვილები ხმაურობენ; ჩვენ არ გვყავს შვილები. ჩვენ არ ვმსახურობდით მისიაში ან ადრე დავბრუნდით სახლში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება.
მოსია 18:21 გვიწვევს, რომ ერთმანეთისადმი სიყვარულში გვქონდეს ურთიერთ გადაჭდობილი გულები. გთავაზობთ, ნაკლებად ვინერვიულოთ, ნაკლებად განვსაჯოთ, ნაკლებად მომთხოვნები ვიყოთ სხვების მიმართ და ზოგ შემთხვევაში, ნაკლებად მკაცრი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ სიონს ერთ დღეში ვერ შევქმნით, მაგრამ ყოველი „სალამი,“ ყოველი თბილი ჟესტი სიონთან გვაახლოებს. მოდით, უფრო მეტად ვენდოთ უფალს და სიხარულით ავირჩიოთ მისი ყველა მცნების დაცვა.
III.
დოქტრინალურად, წმინდანთა რწმენისა და მეგობრობის ოჯახში არავინ ზის მარტო იესო ქრისტესთან დადებული აღთქმების გამო.
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა: „ჩვენთვისაა განკუთვნილი, რომ ვნახოთ, მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ უკანასკნელ დღეთა დიდების წინსვლას, „ჟამთა სისრულის წყობაში … ,“ როდესაც ღვთის წმინდანები შეიკრიბებიან თითოეული ერიდან, ტომიდან და ხალხიდან.“
ღმერთი „ისეთს არაფერს აკეთებს, რომ არ იყოს ამა ქვეყნისთვის სასარგებლო; … რათა მოიზიდოს ყველა კაცი [და ქალი] თავისთან. …
„… [უფალი] მოუხმობს ყველას, მივიდნენ მასთან და იგემონ მისი სიკეთე და … ყველა ერთია ღვთისთვის.“
იესო ქრისტეში მოქცევა მოითხოვს, რომ დავთმოთ ხორციელი ადამიანი და ამქვეყნიური კულტურა. როგორც პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი გვასწავლის, ჩვენ უნდა დავთმოთ ნებისმიერი ტრადიცია და კულტურული პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს და გავხდეთ უკანასკნელ დღეთა წმინდანები. იგი განმარტავს, „არსებობს უნიკალური სახარებისეული კულტურა, ღირებულებების, მოლოდინებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც საერთოა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყველა წევრისთვის.“ სახარებისეული კულტურა მოიცავს უბიწოებას, ეკლესიაში ყოველკვირეულ სიარულს, ალკოჰოლის, თამბაქოს, ჩაისა და ყავისგან თავის შეკავებას. ეს მოიცავს კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებას; იმის გააზრებას, რომ ეკლესიის პოზიციებზე ჩვენ წინ მივდივართ და არა მაღლა ან დაბლა.
მე ვსწავლობ ერთგული წევრებისა და მეგობრებისგან ყველა ქვეყანიდან და კულტურიდან. მრავალ ენაზე და სხვადასხვა კულტურული პერსპექტივიდან წმინდა წერილების შესწავლა აღრმავებს სახარების გაგებას. ქრისტესმიერი თვისებების სხვადასხვა გამოვლინება აღრმავებს ჩემს სიყვარულს და გაგებას ჩემი მხსნელის მიმართ. ყველა კურთხეულია, როდესაც ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ კულტურულ იდენტობას, — პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონის სწავლების შესაბამისად — როგორც ღვთის შვილი, აღთქმის შვილი და იესო ქრისტეს მოწაფე.
იესო ქრისტეს მშვიდობა პირადად ჩვენთვისაა განკუთვნილი. ცოტა ხნის წინ, ერთმა ახალგაზრდამ გულწრფელად იკითხა: „უხუცესო გონგ, მაინც შემიძლია სამოთხეში მოვხვდე?“ მას აინტერესებდა, ოდესმე მას მიეტევებოდა თუ არა. მე სახელი ვკითხე, ყურადღებით მოვუსმინე, მის ეპისკოპოსთან საუბარი ვურჩიე და ძლიერად ჩავეხუტე. იგი წავიდა იესო ქრისტეში დაიმედებული.
ეს ახალგაზრდა კაცი სხვა გარემოში ვახსენე. მოგვიანებით, ხელმოუწერელი წერილი მივიღე, რომელიც ასე იწყებოდა: „უხუცესო გონგ, მე და ჩემმა მეუღლემ ცხრა შვილი გავზარდეთ … და ორ მისიაში ვიმსახურეთ.“ მაგრამ „მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ცელესტიალურ სასუფეველში არ შემიშვებენ … რადგან ძალიან მძიმე ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს!“
წერილი ასე გრძელდებოდა: „უხუცესო გონგ, როდესაც თქვენ გვიამბეთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც მიტევების იმედი გაუჩნდა, სიხარულით აღვივსე და დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ მეც [შესაძლებელია მომეტევოს].“ წერილი ასე მთავრდება: „ახლა საკუთარი თავი მომწონს კიდეც!“
აღთქმებისადმი კავშირის გრძნობა ღრმავდება, როდესაც ერთმანეთს ვუახლოვდებით და უფალთან მის სასტუმროში მივდივართ. უფალი ყველას გვაკურთხებს, როდესაც არავინ იჯდება მარტო. და ვინ იცის? ადამიანი, რომლის გვერდითაც ვსხედვართ, შეიძლება ჩვენი ბედის ორცხობილის საუკეთესო მეგობარი გახდეს. დაე, ადგილი გამოვუყოთ და გავუმზადოთ უფალსა და ერთმანეთს კრავის სერობაზე, ამაზე გულმხურვალედ ვლოცულობ, იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.