გენერალური კონფერენცია
შეიტანეთ თქვენი წვლილი მთელი თქვენი გულით
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


15:22

შეიტანეთ თქვენი წვლილი მთელი თქვენი გულით

ენდეთ მხსნელს იმდენად, რომ მოთმინებითა და სიბეჯითით, მთელი გულით ჩაერთოთ უფლის საქმეში.

შარშან, ევროპაში ყოფნისას, ჩემს ძველ სამუშაო ადგილას მივედი – ლუფტჰანზას გერმანულ ავიახაზებში, ფრანკფურტის აეროპორტში.

პილოტების გადასამზადებლად, ლუფტჰანზა რამდენიმე დახვეწილ, სრულმასშტაბიან საფრენ ტრენაჟორებს იყენებს, რომლებსაც თითქმის ნებისმიერი ნორმალური და საგანგებო ფრენის პირობის შექმნა შეუძლიათ. ავიაკომპანიის კაპიტნად მუშაობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიწევდა სატესტო ფრენის გავლა ტრენაჟორზე, რათა პილოტის მოქმედი ლიცენზია შემენარჩუნებინა. კარგად მახსოვს ის სტრესი და შფოთვა, თუმცა იმავდროულად - მიზნის მიღწევის გრძნობა, ტესტის გავლის შემდეგ. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გამოწვევები მიყვარდა.

ჩემი სტუმრობისას ლუფტჰანზას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მკითხა, ხომ არ მინდოდა, კიდევ ერთხელ მეფრინა 747 ტრენაჯორით.

სანამ ამ შეკითხვას სრულად გავიაზრებდი, მე ხმა გავიგონე – ის გამაოგნებლად ჩემს ხმას ჰგავდა, რომელიც ამბობდა: „კი, ძალიან მინდა“.

როგორც კი ეს სიტყვები ვთქვი, გონებაში აზრთა ცუნამი დამეწყო. დიდი ხანია, 747-ით არ მიფრენია. იმ დროს ახალგაზრდა და თავდაჯერებული კაპიტანი ვიყავი. ახლა, ყოფილი მთავარი პილოტის რეპუტაცია უნდა შემენარჩუნებინა. ამ პროფესიონალების წინაშე ხომ არ შევირცხვენ თავს?

მაგრამ უკან დახევა უკვე ძალიან გვიანი იყო, ასე რომ კაპიტნის სავარძელში მოვეწყვე, ხელები ჩემს ასე კარგად ნაცნობ, საყვარელ კონტროლის პანელზე მოვათავსე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ფრენით გამოწვეული აღტაცება, როდესაც დიდი რეაქტიული თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ღრიალით შევიდა და ველურ ლურჯ სივრცეში აფრინდა.

სიხარულით ვაცხადებ,რომ ფრენა წარმატებით დასრულდა, არც ხომალდი დაზიანებულა და არც ჩემი თვითშეფასება.

მიუხედავად ამისა, ამ გამოცდილებამ უფრო თავმდაბალი გამხადა. ჩემს ოქროს წლებში ფრენა თითქმის ჩემს სტიქიად იქცა. ახლა კი, ელემენტარულის შესასრულებლად დიდი კონცენტრაცია დამჭირდა

მოწაფეობას დისციპლინა სჭირდება

ჩემი გამოცდილება საფრენ ტრენაჟორზე იყო მნიშვნელოვანი შეხსენება: ნებისმიერი საქმის კარგად შესრულებისთვის—იქნება ეს ფრენა, ნიჩბოსნობა, თოხნა თუ ცოდნა—საჭიროა მუდმივი თვითდისციპლინა და პრაქტიკა.

შესაძლოა წლები დაგჭირდეს რომელიმე უნარის მიღწევისთვის ან ნიჭის განვითარებისთვის. შეიძლება იმდენს შრომობდე, რომ ეს შენს სტიქიად იქცეს. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ შეგიძლიათ შეწყვიტოთ პრაქტიკა და სწავლა, თანდათან დაკარგავთ ასე მაღალ ფასად შეძენილ ცოდნასა და უნარებს.

ეს ეხება უცხო ენის შესწავლას, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრასა თუ ავიალაინერის მართვას. იგივე ითქმის იესო ქრისტეს მოწაფეობაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, მოწაფეობა თვითდისციპლინას მოითხოვს.

ეს არ არის ჩვეულებრივი მცდელობა და ის არც შემთხვევით ხდება.

იესო ქრისტეს რწმენა არის ძღვენი, მაგრამ მისი მიღება არის შეგნებული არჩევანი, რომელიც მოითხოვს ჩვენგან თავდადებას „მთელი გულით, გონებითა და ძალით“ .“ ეს ჩვენგან ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს. ყოველი საათის განმავლობაში. ეს მოითხოვს მუდმივ სწავლას და სიბეჯითეს. ჩვენი რწმენა, მხსნელისადმი ერთგულება უფრო ძლიერდება, როცა მიწიერებაში იგი წინააღმდეგობისას გამოიცდება. ის უძლებს გამოცდას, რადგან ჩვენ მას ვკვებავთ,აქტიურად ვიყენებთ და არასოდეს ვნებდებით.

მეორე მხრივ, თუ არ ვიყენებთ რწმენასა და მის დამარწმუნებელ ძალას, აღარ ვართ იმდენად დარწმუნებულნი საკითხებში, რომლებიც ოდესღაც ჩვენთვის წმინდა იყო და ნაკლებად გვწამს იმისი, რაც ოდესღაც ვიცოდით, იყო ჭეშმარიტი.

ცდუნებები, რომლებიც ოდესღაც არასოდეს გვიზიდავდა, ნაკლებად საშიში და უფრო მიმზიდველი ჩანს.

გუშინდელი დამოწმების ცეცხლი შეიძლება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გვათბობდეს. მას მუდმივი ყურადღება სჭირდება, რათა კაშკაშად გიზგიზებდეს.

ახალ აღთქმაში მხსნელმა გვასწავლა იგავი ბატონის შესახებ, რომელმაც ყოველ თავის მსახურს წმინდა ნდობა გამოუცხადა - ერთი ტალანტი ფული მისცა. მსახურები, რომლებიც ბეჯითად იყენებდნენ თავიანთ ტალანტებს, სარგებელიც მიამატეს მათ. მსახურმა, რომელმაც მიწაში ჩამარხა თავისი ტალანტი, საბოლოო ჯამში დაკარგა იგი.

გაკვეთილი? ღმერთი გვიბოძებს ტალანტებს—ცოდნას, უნარებს ან შესაძლებლობებს და მას სურს, გამოვიყენოთ ისინი და მოვამრავლოთ, რათა მათ ჩვენი და ღვთის სხვა შვილები დალოცონ. ეს არ მოხდება, თუ ამ ძღვენებს მაღლა თაროზე შემოვდებთ, გამარჯვებულის თასის მსგავსად და მათი მზერით დროდადრო დავტკბებით. ჩვენ განვადიდებთ და ვამრავლებთ ძღვენს მხოლოდ მაშინ, როცა ვიყენებთ მას.

შენ ნიჭიერი ხარ

შესაძლოა თქვათ: „კი, მაგრამ, უხუცესო უხტდორფ, მე არ მაქვს არანაირი ნიჭი – ყოველ შემთხვევაში, არცერთი ღირებული.“ იქნებ უყურებთ სხვებს, რომლებსაც აშკარა ნიჭი აქვთ და ის აშკარა და ძალიან შთამბეჭდავია და მასთან შედარებით თქვენ თავს ძალიან ჩვეულებრივ ადამიანად გრძნობთ. შეიძლება იფიქროთ, რომ წინამიწიერ ცხოვრებაში, დიდი ძღვენისა და ნიჭის შვედურ მაგიდაზე, თქვენი თეფში საშინლად მწირი ჩანდა - განსაკუთრებით სხვების ერთმანეთზე დაწყობილ და სავსე თეფშებთან შედარებით.

როგორ მინდა ჩაგეხუტოთ და დაგეხმაროთ გაიგოთ ეს დიადი ჭეშმარიტება: თქვენ სინათლით კურთხეული არსება ხართ; უსასრულო ღმერთის სულიერი შვილი. და თქვენში იმაზე დიდი პოტენციალია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

როგორც პოეტებმა აღნიშნეს, თქვენ მოდიხართ დედამიწაზე „დიდების ღრუბლებით“!

თქვენი წარმოშობა ღვთიურია, ასევე თქვენი დანიშნულებაც. თქვენ ზეცა მიატოვეთ, რათა დედამიწაზე ჩამოსულიყავით, მაგრამ ზეცას არ მიუტოვებიხართ!

თქვენ ჩვეულებრივი ადამიანის გარდა ყველაფერი ხართ.

თქვენ ნიჭიერი ხართ!

მოძღვრება და აღთქმებში ღმერთმა განაცხადა:

„რამეთუ არის მრავალი ძღვენი და ყოველ ადამიანს ღვთის სულით ნაბოძები აქვს საკუთარი ძღვენი.

„ზოგს ეძლევა ერთი და ზოგს—მეორე, რათა ამით ყოველმა იხეიროს.“

ზოგიერთი ჩვენი ძღვენი ჩაწერილია წმინდა წერილში. თუმცა მრავალი მათგანი - არა.

როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა მორონიმ თქვა: „არ უარყოთ ღვთის ძღვენნი, ვინაიდან ისინი მრავალია და მოდის იმავე ღმერთისგან. და არსებობს ამ ძღვენთა [გამოვლენის] სხვადასხვა გზები. მაგრამ ეს არის იგივე ღმერთი, რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში.“

შეიძლება მართალი იყოს, რომ ჩვენი სულიერი ძღვენნი ყოველთვის არ ბრწყინავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ნება მომეცით, გაგიზიაროთ რამდენიმე სულიერი ძღვენი, რომელიც წევრებში შევნიშნე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დაფიქრდით, თუ ხართ ასეთი ერთი ან მეტი ძღვენით კურთხეული:

  • თანაგრძნობის გამოხატვა.

  • ისეთი ადამიანების შემჩნევა, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ.

  • სიხარულისთვის მიზეზის პოვნა.

  • მშვიდობისმყოფლობა.

  • პატარა სასწულების შემჩნევა.

  • გულწრფელი ქათინაურებით შემკობა.

  • მიტევება.

  • მონანიება.

  • გამძლეობა.

  • საკითხების მარტივად ახსნა.

  • ბავშვებთან საერთო ენის გამოძებნა.

  • ეკლესიის ხელმძღვანელების მხარდაჭერა.

  • სხვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

შესაძლოა ეს ძღვენები მეურვეობის ტალანტების შოუში ვერ ნახოთ. მაგრამ იმედი მაქვს, ხედავთ, რაოდენ ძვირფასია ისინი უფლის საქმისთვის და როგორ შეეხეთ, დალოცეთ ან შესაძლოა გადაარჩინეთ კიდევაც თქვენი ძღვენის წყალობით, ღვთის რომელიმე შვილი. გახსოვდეთ: „პატარა და უბრალო საქმეებით ხდება დიდი საქმეების კეთება“.

ასე რომ, მოდით, ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

შეიტანეთ თქვენი პატარა წვლილი

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, მე ვლოცულობ, რომ სულიწინდა დაგეხმაროთ ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ძღვენებისა და ტალანტების ამოცნობაში. და შემდეგ, დაე, ჩვენ, უფლის იგავში აღწერილი ერთგული მსახურების მსგავსად, გავზარდოთ და განვადიდოთ ისინი.

დადგება დრო, როცა მოწყალე მამაზეციერის წინაშე წარვსდგებით, რათა ჩვენი ცხოვრების ანგარიში ჩავაბაროთ, ის ისურვებს გაიგოს, რა მოვუხერხეთ მის მიერ ბოძებულ ძღვენებს—განსაკუთრებით, როგორ გამოვიყენეთ ისინი მისი შვილების დალოცვისთვის. ღმერთმა იცის, ვინ ვართ სინამდვილეში, რანი უნდა გავხდეთ და ის ჩვენგან ბევრს ელის.

მაგრამ ის არ ელის ჩვენგან ამის მისაღწევად რამე გრანდიოზულს, გმირულს ან ზებუნებრივს. მის მიერ შექმნილ სამყაროში ზრდა ეტაპობრივად და მოთმინებით ხდება –თუმცაღა თანმიმდევრულად და შეუპოვრად.

იესო ქრისტე არის ის, ვინც უკვე შეიტანა ზეადამიანური წვლილი, როდესაც სიკვდილი და ცოდვა დაამარცხა.

ჩვენი წვლილია—მივყვეთ ქრისტეს. ჩვენი წვლილია, უარი ვთქვათ ცოდვაზე, შემოვბრუნდეთ მხსნელისკენ და ნაბიჯ-ნაბიჯ მის კვალზე ვიაროთ. როცა ამას ბეჯითად და ერთგულად შევასრულებთ, ჩვენ საბოლოო ჯამში ჩამოვყრით არასრულყოფილების ბორკილებსა და ნაკლოვანებებს და ნელ-ნელა განვიწმინდებით, სანამ არ დადგება ის სრულყოფილი დღე, როცა უფალში გავხდებით სრულყოფილნი.

კურთხევები ისე ახლოა. დაპირებები ძალაშია. კარი ფართოდ ღიაა. ჩვენზეა არჩევანი, შევიდეთ და დავიწყოთ.

დასაწყისი შეიძლება პატარა იყოს. არა უშავს.

როცა რწმენა სუსტია, იესო ქრისტეს განმწმენდი ძალის იმედით დაიწყეთ.

ჩვენი მამა გვთხოვს, რომ ამ რწმენისა და მოწაფეობის გამოწვევას არა როგორც ჩვეულებრივი ტურისტები, არამედ როგორც ერთგული მორწმუნეები მივუდგეთ, რომლებმაც ბაბილონი მიატოვეს და გული, გონება და გეზი სიონისკენ მიმართეს.

ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით ვერ გავხდებით ცელესტიალურები. მაგრამ მათი წყალობით შეგვიძლია გავხდეთ იესო ქრისტეს ერთგულნი და მას შეუძლია, გაგვხადოს ცელესტიალურები.

ჩვენი საყვარელი მხსნელის გამო ჩვენი მარცხი გამორიცხულია. თუ ჩვენ მასში იმედსა და რწმენას დავამყარებთ, ჩვენი გამარჯვება გარანტირებულია. იგი გვთავაზობს თავის ძალაზე, ძალაუფლებასა და უხვ მადლზე წვდომას. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდებით იმ დიად, სრულყოფილ დღეს, როცა ღმერთთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრებთ მარადიულ დიდებაში.

მაგრამ ამისთვის, ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. ჩვენ მადლიერნი ვართ გუშინ გადადგმული ნაბიჯებისთვის, მაგრამ იქ არ ვჩერდებით. ვიცით, რომ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ამის გამო იმედი არ უნდა გაგვიცრუვდეს

ეს არის ჩვენი, როგორც ქრისტეს მიმდევრების, არსი.

მე მოვუწოდებ ეკლესიის ყოველ წევრს და ყველას, ვისაც სურს, გახდეს მისი ნაწილი, ენდოს მხსნელს იმდენად, რომ მოთმინებითა და ბეჯითად, მთელი გულით ჩაერთოს საკუთარი წვლილის შეტანის პროცესში, რათა თქვენი სიხარული სავსე იყოს და ერთ დღესაც მიიღოთ ყოველივე, რაც მამას გააჩნია, მთელი მისი სისავსით. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. ავიახაზების კაპიტნებს მოეთხოვებათ ყოველ ექვს თვეში საფრენ სიმულაციაში შემოწმების გავლა, უნარების შენარჩუნებისა და ლიცენზიის განახლების მიზნით. ეს ინტენსიური ტრენინგი არის ავია კომპანიების, მაგალითად, ისეთის, როგოიცაა FAA, აუცილებელი მოთხოვნა.

  2. იხ. 1 კორინთელთა 12:9.

  3. მორონი 10:32.

  4. „ზუსტად როგორც ფიზიკური კუნთების განვითარება ან შენარჩუნება შეუძლებელია მიზიდულობის ძალასთან გამკლავების გარეშე, ასევე მიწიერი ზრდა მოითხოვს ჩვენგან, სატანის მიერ ცდუნებასთან და სხვადასხვა ზნეობრივ წინააღმდეგობებთან შერკინებას“. (დალინ ჰ. ოუქსი, „ღვთიური დახმარება მიწიერი ცხოვრებისთვის“, გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2025, 104).

  5. იხ. ალმა 32:37-43.

  6. იხ. მათე 25:14–30. აღდგენის პირველ დღეებში უფალმა ახსენა ეს იგავი, როცა საყვედურობდა მათ, ვინც დამალა მის მიერ მოცემული ნიჭი. მან ისინი გააფრთხილა კიდევაც, რომ თუ გააგრძელებდნენ თავიანთი ნიჭის დამარხვას, „მათ წაერთმევათ ისიც, რაც აქვთ“ (მოძღვრება და აღთქმები 60:2-3).

  7. ზოგჯერ ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ ნიჭს მუდმივი ძალისხმევის ხარჯზე. ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ავტორმა დაწერა ასეთი რამ: „რა თქმა უნდა, რაღაც ნიჭი უნდა იყოს, მაგრამ ნიჭი საშინლად იაფი საქონელია, სუფრის მარილზე იაფი. ნიჭიერ ადამიანს წარმატებული ადამიანისგან განასხვავებს დიდი შრომა და სწავლა; მუდმივი დახვეწის პროცესი“ (Stephen King, Danse Macabre [2011], 88).

  8. “Ode: Intimations of Immortality from Recollections of Early Childhood,” The Poetical Works of William Wordsworth (1835), 249.

  9. იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:11-12.

  10. მორონი 10:8.

  11. წლების წინ, უხუცესმა მარვინ ჯ. აშტონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მნიშვნელოვანი გზავნილი გაგვიზიარა ნაკლებად აშკარა ნიჭის შესახებ; (იხ.“There Are Many Gifts,” Ensign, Nov. 1987, 20–23).

  12. ალმა 37:6.

  13. იხ. კოლოსელთა 3:23; მოძღვრება და აღთქმები 64:34.

  14. იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:24.

  15. See Guide to the Scriptures, “Agency.”

  16. იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:38.