ოჯახის შესახებ მოწოდება - სიტყვები ღმერთისგან
მოწოდება ღვთიური წარმომავლობისაა, ასე რომ, მას ღვთის სიტყვების შესაბამისი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ.
2025 წლის ოქტომბრის გენერალური კონფერენცია ემთხვევა 30 წლისთავს, რაც „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ გამოცხადდა. ღვთიური ჩანაფიქრის შესაბამისად, ეს მოწოდება, თავისი განმცხადებელი სიტყვებით, შეიქმნა, რომ: „მხარ[ი] დაუჭ[იროს] და გააძლიერ[ოს] ოჯახ[ი], როგორც საზოგადოების ძირითად[ი] შემადგენელ[ი] ნაწილ[ი].“
ყველა ადამიანი ოჯახის წევრია, იქნება ეს დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟი, შვილიშვილი, პაპა-ბებია, დეიდა, ბიძა, ძმა, და თუ ბიძაშვილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველა ჩვენგანი, როგორც მოწოდება აცხადებს, ვართ: „ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძენი ან ასულნი, … ღვთაებრივი ბუნებ[ით]ა და დანიშნულებ[ით].“
2015 წელს, როდესაც წმინდა სამოციქულოში მომიხმეს, განმიმარტეს: „ეს მოწოდება ახლა შენია. შენი სახელი [მიუთითებდნენ წოდების სათაურში სიტყვებზე „თორმეტ მოციქულთა საბჭო“] მასში წერია. შეიგრძენი იგი და ასწავლე, როგორც შენი საკუთრება.“
მე მიყვარს ოჯახის შესახებ მოწოდება. მე მთელ მსოფლიოში, აფრიკიდან ავსტრალიამდე და ყველგან, ღვთის მარადიულ გეგმაში ოჯახის როლის შესახებ ვმოწმობდი. მოწოდება ღვთიური წარმომავლობისაა, ასე რომ, მას ღვთის სიტყვების შესაბამისი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ.
გახსოვდეთ, ძმებო და დებო, როგორც წინა გენერალურ კონფერენციაზე ამ სცენიდან ვთქვი, „სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს.“
ნება მომეცით, მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია ამ მოწოდების შესახებ, როგორც ჩვენი რწმენის ძირითადი გზავნილის.
1994 წელს, მოწოდების წარდგენამდე ერთი წლით ადრე, თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა იმსჯელა იმ საკითხზე, თუ როგორ შორდებოდნენ საზოგადოება და მთავრობები ღვთის კანონებს ოჯახის, ქორწინებისა და სქესის შესახებ. „მაგრამ ეს არ იყო იმის დასასრული, რაც დავინახეთ“, - მოგვიანებით განმარტა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა. „ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა თემის მცდელობებს, გაეუქმებინათ სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებული ყველა სტანდარტი და ზღვარი. ჩვენ ვიხილეთ სქესის შესახებ დაბნეულობა. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს ყველაფერი მოახლოვებული იყო.“
თორმეტმა მოციქულმა გადაწყვიტა მოემზადებინა დოკუმენტი, ოფიციალური მოწოდება, რომელიც შეაჯამებდა ეკლესიის პოზიციას ოჯახთან დაკავშირებით. იმ წელს, ამ მოციქულებმა, ღვთის მიერ მოწოდებულმა წინასწარმჭვრეტელებმა, მოამზადეს განცხადება ოჯახის შესახებ. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გაიხსენა, რომ ისინი ლოცვით მიმართავდნენ უფალს იმის შესახებ, თუ „რა უნდა ეთქვათ [მათ] და როგორ უნდა ეთქვათ.” მათ ეს განსახილველად პირველ პრეზიდენტობას — პრეზიდენტ ჰოვარდ უ. ჰანტერს, პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის და პრეზიდენტ თომას ს. მონსონს — წარუდგინეს.
სულ რამდენიმე თვის შემდეგ, 1995 წლის მარტში, პრეზიდენტი ჰანტერი გარდაიცვალა და პრეზიდენტი ჰინკლი ეკლესიის მე-15 პრეზიდენტი გახდა. მოწოდება ახლა მის ხელში იყო. როდის იქნებოდა შესაფერისი დრო ეკლესიისთვის ამ განცხადების გასაკეთებლად? ეს დრო ექვსი თვის შემდეგ დადგა.
მოწყალების საზოგადოების 23 სექტემბრის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც გენერალურ კონფერენციას უძღოდა წინ, პრეზიდენტი ჰინკლი და მისი მრჩევლები შეხვდნენ მოწყალების საზოგადოების გენერალურ პრეზიდენტობას. დები, მოციქულების მსგავსად, შეშფოთებულები იყვნენ ქალებისა და ოჯახების გამო. მათ მომავალი შეხვედრისას ოჯახებზე გაამახვილეს ყურადღება.
პრეზიდენტ ჰინკლის კონფერენციაზე ქალებისთვის მიმართვა ჰქონდა დაგეგმილი. ის თავისი გამოსვლის მიმართულებაზე ფიქრობდა. დისკუსიის მიმდინარეობისას მან სახელით მოიხსენია ახლად შექმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ გაუსაჯაროებელი „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოსთვის.“ იყო თუ არა ქალთა ეს შეკრება ოჯახის შესახებ გადამწყვეტი განცხადების გასაკეთებლად შესაფერისი გარემო?
მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, ელეინ ჯეკმა, მოგვიანებით განმარტა: „იმ დროს ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო ოჯახის შესახებ მოწოდება. … [ჩვენ] სათაურიდანვე ვხვდებოდით, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ოჯახთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ … დადებითი იქნებოდა … ძალიან მოხარული ვიყავი, რომ გვყავდა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრები, რომლებიც გამოცხადებას იღებდნენ.“
იმ შაბათს მოწყალების საზოგადოების შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა. პრეზიდენტმა ჰინკლიმ ოჯახის შესახებ მოწოდება ამ მნიშვნელოვანი სიტყვებით წარადგინა: „ამდენი დახვეწილი შეფარვების გამო, რომელიც სიმართლედ არის წარმოდგენილი, ამდენი ტყუილების გამო, რომლებიც სტანდარტებსა და ღირებულებებს ეხება, ამდენი ცდუნებითა და მცდელობით, რომ ამქვეყნად ნელ-ნელა მოდებულ ლაქაზე თვალი დავხუჭოთ, ჩვენ ვიგრძენით საჭიროება, რომ გაგაფრთხილოთ და წინასწარ შეგატყობინოთ … ოჯახთან დაკავშირებული სტანდარტების, მოძღვრებისა და ჩვეულების შესახებ, რომლებიც ამ ეკლესიის წინასწარმეტყველებმა, წინასწარმჭვრეტებმა და გამომცხადებლებმა არაერთხელ განაცხადეს მისი ისტორიის განმავლობაში.“
შემდეგ მან მოწოდება მთლიანად წაიკითხა. როგორც მხსნელმა განაცხადა: „გინდა ჩემი ხმით ითქვას და გინდა ჩემი მსახურების ხმით - ეს ერთი და იგივეა“.
მოწოდება აცხადებს, რომ „ოჯახი დადგენილია ღმერთის მიერ.“ მე მომწონს ამ განცხადების სიცხადე. ეს განცხადება მოწოდებაა ჩვენთვის, ისე ვიცხოვროთ მიწიერ ცხოვრებაში, რომ მუდმივად გვახსოვდეს ჩვენში არსებული ღვთიურობა და მარადიული მომავალი, რომელიც ჩვენ წინაშეა. პრეზიდენტმა ნელსონმა გვსწავლა: „თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით ღვთის სულიერი შვილები ხართ. … არ შეცდეთ, თქვენი პოტენციალი ღვთიურია. თქვენი გულმოდგინე ძიებით ღმერთი მოგცემთ საშუალებას დაინახოთ, რანი შეიძლება გახდეთ.”
წარდგენისას, მოწოდება არ ემთხვეოდა მსოფლიოში მრავალი ადამიანის შეხედულებებს. არც მაშინ. არც ახლა. არიან ისეთებიც, ვინც ეჭვქვეშ აყენებს ოჯახის, ქორწინებისა და სქესის შესახებ განცხადებას. ზოგს მიაჩნია, რომ ეკლესიამ ეს მოწოდება უკან უნდა გამოიხმოს, გადახედოს ან საერთოდ გვერდზე გადადოს.
როგორც პრეზიდენტმა ჰინკლიმ განაცხადა, ოჯახის შესახებ მოწოდება არის მოძღვრება ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო. პრინციპები არ არის აცდენილი, არამედ იდეალურად შეესაბამება უფლის გზებსა და მის აღთქმის გზას. მოწოდებაში მოცემული სწავლებები ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს გამოუცხადა ადრეც და ახლაც. ეს არის მისი ეკლესია; მან დაადგინა ის ჭეშმარიტებები, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ.
ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება დაფიქრდეს მოწოდებაზე და თქვას: „ეს ჩემთვის არ მუშაობს“. „ეს არათანამგრძნობი ჩანს“. „ჩემი ოჯახი ასეთი არ არის.“ „მე ვერ ვერგები მას.“
ვინც ასე დარდობთ, იცოდეთ, რომ თქვენ ზეციერი მშობლების შვილი ხართ, თქვენი ზეციერი მამის ოჯახის ნაწილი. არავინ გიცნობთ უკეთესად და არავინ ზრუნავს თქვენზე იმაზე მეტად, ვიდრე მამაზეციერი. მიმართეთ უფალს, გადაუშალეთ მას თქვენი გული, ენდეთ მას და მის დაპირებებს. თქვენ გყავთ ოჯახი თქვენი მხსნელის, იესო ქრისტეს სახით, რომელსაც უყვარხართ. ის დედამიწაზე მოვიდა, რათა გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და საკუთარ თავზე ეტვირთა ჩვენი შეცდომებისა და ძალიან ცუდი დღეების ტვირთი. მას ესმის, რას განიცდით და რას გრძნობთ. მიმართეთ მას, ენდეთ, რომ ის გამოგიგზავნით სულიწმინდას, რათა იყოს თქვენთან, აგამაღლოთ და გიხელმძღვანელოთ. შეიგრძენით მათი სიყვარული, რომელიც „ეფინება ადამიანთა შვილების გულებს … არის ყველაზე მეტად სანატრელი … [და] ყველაზე სასიხარულო სულისთვის.“
უფლის ყველა მოციქულს ძლიერად უყვარხართ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და ვეძიებთ უფლის ხელმძღვანელობას თქვენთვის. დარჩით ჩვენთან. თქვენ ცხოვრობთ რთულ დროში, როდესაც მოწინააღმდეგე ცდილობს, დაგიპყროთ. არ მისცეთ საშუალება, გაგიტყუოთ ღვთისგან. და თუ ასეა, დაბრუნდით. ჩვენი ხელები თქვენკენაა გამოწვდილი, ისევე როგორც სხვების ხელები, რომლებსაც უყვარხართ.
მოწოდება აცხადებს, „მშობლებს აქვთ წმინდა მოვალეობა, რომ აღზარდონ ბავშვები სიყვარულით და სამართლიანად.“ მორმონის წიგნი ამ ჭეშმარიტების მეორე მოწმობას წარმოადგენს. პირველი თავის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: „მე, ნეფი, დავიბადე რა კარგი მშობლებისაგან.“ რამდენმა ჩვენგანმა დაიწყო მორმონის წიგნის კითხვა და შემდეგ ისევ და ისევ ახლიდან უბრუნდება მას, ამ პროცესში კი ეს სიტყვები დაიზეპირა? ჩაიწერეთ ისინი გულში.
ოჯახის შესახებ მოწოდებიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წინადადება არის შემდეგი: „ოჯახში ბედნიერება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახური ცხოვრება დაფუძნებულია უფლის, იესო ქრისტეს, სწავლებებზე.“
განა ყველას არ სურს, რომ ბედნიერი იყოს?
და რა არის იესო ქრისტეს სწავლებები? იმავე მოწოდებაში ვკითხულობთ: „[ოჯახები ყალიბდება და ეფუძნება] რწმენის, ლოცვის, მონანიების, შენდობის, პატივისცემის, სიყვარულის და ჯანმრთელი ცხოვრების კანონებზე.”
ვისი ცხოვრება არ გაუმჯობესდება ამ ძირითადი პრინციპების გამოყენებით? ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება იდეალური; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ პრეზიდენტ ჰინკლის ბრძნულ სიტყვებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.“
მოწოდებაში ვკითხულობთ: „მამებმა უნდა უხელმძღვანელონ თავიანთ ოჯახებს სიყვარულით და სამართლიანად“ და „დედების უმთავრესი მოვალეობა არის შვილების აღზრდა.“ უხელმძღვანელონ არ ნიშნავს დომინირებას და აღზრდა არ ნიშნავს მეორეხარისხოვან როლს. ღმერთმა მამაკაცებსა და ქალებს განსხვავებული, მაგრამ თანაბარი და აუცილებელი როლები მიანიჭა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ.
ნება მომეცით, პირადი ისტორია გაგიზიაროთ.
მე და ჩემმა მეუღლემ ვისწავლეთ გაკვეთილი, როგორ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი თანასწორი პარტნიორობა, მას შემდეგ, რაც ერთ დღეს გადავწყვიტე, მასთან კონსულტაციის გარეშე მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩემმა ქმედებამ ის გააკვირვა, გააოცა და ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდო. შემდეგ მან ხელი მხარზე დამადო და მტკიცედ მითხრა: „რონ, გთხოვ, ასე აღარასდროს მომექცე“. მას შემდეგ თითქმის სულ ერთ აზრზე ვართ.
ოჯახის შესახებ მოწოდებაში ნათქვამია, რომ: „მამები და დედები ვალდებულნი არიან … თანაბრად … დაეხმარონ ერთმანეთს.“
თანაბრად ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. წლების განმავლობაში, როდესაც მე და და რასბანდი ერთად ვმუშაობდით იმის შესახებ, რასაც მოწოდება აღწერს, როგორც „ჩვენს წმინდა პასუხისმგებლობებს,“ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თანაბრად შეუღლებული ქორწინება. რადგანაც ახლა უკვე ჩვენი თითოეული შვილი დაქორწინებულია, ჩვენ განუწყვეტლივ ვურჩევთ მათ და მათ მეუღლეებს, თუ როგორ შეძლონ თანასწორი პარტნიორობა.
როდესაც ვცხოვრობთ ღვთის დიდებისკენ მიმართული თვალებით, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და მხარს ვუჭერთ. სამართლიანობის ამ ღვთაებრივ ნიმუშებს სტაბილურობა მოაქვს ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ოჯახებსა და საზოგადოებაში.
ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგვცა მოწოდება ოჯახის შესახებ, რათა დაგვეხმაროს მასთან დაბრუნებაში, სწავლაში და სიყვარულით, ძალით, მიზნითა და მარადიული გონიერებით აღვსებაში. მთელი ჩემი სულით გევედრებით, იცხოვროთ მასთან და მის საყვარელ ძესთან ახლოს. გპირდებით, რომ ამით სულიწმინდა შთაგაგონებთ, გიხელმძღვანელებთ და დაგეხმარებათ გულში იგრძნოთ მათი დაპირებული სიმშვიდე, რომელიც „ყოველგვარ გაგებას აღემატება.“ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.