გენერალური კონფერენცია
ქრისტეში გამოცდილნი და გაძლიერებულნი
2025 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


13:11

ქრისტეში გამოცდილნი და გაძლიერებულნი

გამოცდის მომენტები არ არის მტკიცებულება იმისა, რომ უფალმა მიგატოვათ. პირიქით, ისინი მოწმობს, რომ თქვენ უფალს უყვარხართ იმდენად, რომ თქვენი განწმენდა და გაძლიერება სურს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ახლა, ჩვენი ერთად ყოფნისას, უფლის სიყვარულს ვგრძნობ. თქვენთან საუბარი დიდი პატივია ჩემთვის. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდამ მიიტანოს თქვენს გულებამდე ის, რაც უფალს სურს, რომ გაიგონოთ, იმაზე გაცილებით უფრო მეტი, რასაც ვილაპარაკებ.

დიდი ხნის წინ, უნივერსიტეტში, ფიზიკისა და მათემატიკის სწავლას ვცდილობდი. დამთრგუნველი იყო. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ვცდილობდი მესწავლა ის, რაც ჩემს წვდომას აღემატებოდა. და რაც უფრო მეტად ვითრგუნებოდი, მით უფრო ნაკლებად მსურდა, გამეგრძელებინა სწავლა. იმედგაცრუებამ მიმიყვანა იმის შეგრძნებამდე, რომ ჩემი მცდელობები თითქმის უშედეგო იყო. მე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ რამე უფრო ადვილი უნდა ამერჩია.

სუსტად ვგრძნობდი თავს. დავიწყე ლოცვა და ვიგრძენი უფლის ჩუმი დარწმუნება. ვიგრძენი, როგორ მეუბნებოდა გონებაში: „მე გცდი, მაგრამ შენთან ვარ“.

მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მაგრამ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა — საქმეს შევუდექი.

მომდევნო წლების განმავლობაში ფიქრითა და შრომით მივხვდი წმინდა წერილში ჩაწერილ ამ წახალისების გზავნილს: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“.

შევიტყვე, რომ ფიზიკასთან დაკავშირებული სირთულეები უფლის ძღვენი იყო. ის მასწავლიდა, რომ მისი დახმარებით მე შემეძლო გამეკეთებინა ის, რაც თითქოს და შეუძლებელი იყო, თუკი მექნებოდა რწმენა, რომ ის დამეხმარებოდა. ამ ძღვენის მეშვეობით უფალი მცდიდა და მაძლიერებდა.

სიტყვას გამოცდა რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. რაღაცის გამოცდა არ არის უბრალოდ შემოწმება. ეს გაძლიერების მიზნით ხდება. ფოლადის გამოცდა მის წნეხის ქვეშ მოქცვას გულისხმობს. სიცხე, წონა და წნევა მატულობს მანამ, სანამ ფოლადის ნამდვილი ბუნება გაუმჯობესდება და გამოვლინდება. გამოცდის შედეგად ფოლადი არ სუსტდება. ფაქტობრივად, ის ხდება სანდო, უფრო ძლიერი და გამძლე მასალა.

უფალი ამის მსგავსად ჩვენც გვცდის, ჩვენი გაძლიერების მიზნით. ეს გამოცდა არ ხდება ლხენისა ან კომფორტული ცხოვრების დროს. ის იწყება იმ მომენტში, როცა ვფიქრობთ, რომ იმაზე მეტი გვერგო წილად, რისი ატანაც შეგვიძლია. უფალი გვასწავლის, რომ უნდა გავაგრძელოთ ზრდა და არ დავიღალოთ მცდელობებით, რომ არასოდეს დავნებდეთ და გავაგრძელოთ ცდა .

როცა იესო ქრისტეში რწმენას არ ვკარგავთ — მაშინაც კი, როცა იმ მომენტში რაღაც შეუძლებლად გვეჩვენება — ჩვენ სულიერად ვძლიერდებით. წმინდა წერილის ჩანაწერები ხაზს უსვამს ამ ჭეშმარიტებას.

წინასწარმეტყველი მორონი, მაგალითად, ასეთნაირად გამოიცადა და გაძლიერდა. სიცოცხლის ბოლო წლები მან მარტოობაში გაატარა. მან დაწერა, რომ არ ჰყავდა მეგობრები, მამა მოუკლეს, მისი ხალხი კი გაანადგურეს. მის მოსაკლავად ნადირობდნენ.

მაგრამ მორონი მაინც არ იყო სასოწარკვეთილებაში. პირიქით, მან თავისი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ ფირფიტებზე ამოტვიფრა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ნახვასაც ვეღარ მოესწრებოდა, მათ შორის იმ ადამიანების შთამომავლებისთვისაც, რომლებსაც მისი განადგურება სურდათ. მან ჩვენთვის გააკეთა ჩანაწერები. მან იცოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი სასაცილოდ აიგდებდა მის სიტყვებს. იცოდა, რომ ზოგიერთნი უარყოფდნენ მას. და მაინც, აგრძელებდა წერას.

მორონის რწმენა ამ გამოცდისას განიწმინდა და გაძლიერდა. ის უფრო წმინდა გახდა. მისი სიტყვები ატარებს ძალას ისეთი ადამიანისა, რომელმაც ბოლომდე გაუძლო. შეგვიძლია ვიგრძნოთ ეს ძალა, მისი მოწმობის წაკითხვისას.

„ახლა, მე, მორონი, ვწერ ცოტაოდენს, რასაც სასარგებლოდ ვთვლი; და მე ვწერ ჩემი ძმებისთვის, ლამანიელებისთვის; და მინდა, მათ იცოდნენ, რომ ოთხას ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიშანი იქნა მოცემული ქრისტეს მოსვლის შესახებ.

და მე ჩავბეჭდავ ამ ჩანაწერებს მას შემდეგ, რაც გეტყვით რამდენიმე სიტყვას მოწოდების სახით.

აჰა, მოგიწოდებთ, როდესაც ყოველივე ამას წაიკითხავთ, თუ ღვთის სიბრძნით მოგიწევთ ამის წაკითხვა, გახსოვდეთ, როგორი მოწყალე იყო უფალი ადამიანთა შვილების მიმართ ადამის შექმნიდან იმ დრომდე, როდესაც მიიღებთ ამას და გულში იმსჯელებთ.

და როდესაც ყოველივე ამას მიიღებთ, მე მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ღმერთს, მარადიულ მამას, ქრისტეს სახელით, ჭეშმარიტია თუ არა ყოველივე ეს; და თუ ჰკითხავთ გულწრფელად, ნამდვილი მოწადინებითა და ქრისტეში რწმენით, იგი გამოგიცხადებთ ამის ჭეშმარიტებას სულიწმინდის ძალით.

და სულიწმინდის ძალით თქვენ ჩაწვდებით ჭეშმარიტებას ყოველივეს შესახებ.“

მორონის მოწმობა განიწმინდა სიმარტოვეში, მაგრამ ის ანათებს ისე, რომ გზას უნათებს ყველა თაობას, რომელიც მამაზეციერსა და მხსნელ იესო ქრისტეს ეძიებს.

მორმონის წიგნის კიდევ ერთი წინასწარმეტყველი, იაკობი, ბავშვობაში გამოიცადა, გადაიტანა რა მრავალი ტანჯვა და მწუხარება. მაგრამ მისმა მამამ, ლეხიმ, ასწავლა, რომ ღმერთი ამ გამოცდების მეშვეობით დალოცავდა.

„აჰა, ბავშვობისას იგემე გაჭირვება და საკმაო დარდი შენი ძმების უხეშობის გამო.

„მიუხედავად ამისა, იაკობ, ჩემო უდაბნოში გაჩენილო პირმშო, შენ იცი ღვთის სიდიადე და ის აკურთხებს შენს გაჭირვებას შენსავე სასარგებლოდ.

„ამიტომაც, შენი სული იქნება კურთხეული; და იცხოვრებ მშვიდობით შენს ძმასთან, ნეფისთან და გაატარებ დღეებს შენი ღმერთის მსახურებაში. „ვინაიდან ვიცი, გამომსყიდველის სამართლიანობის გამო ხარ გამოსყიდული, ვინაიდან ჩაწვდი, რომ ჟამთა სისრულის დროს ის მოვა, რათა მოუტანოს ხსნა კაცობრიობას.“

წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითსაც ჰქონდა ასეთი გამოცდისა და გაძლიერების გამოცდილება, როცა ლიბერთის ციხეში იმყოფებოდა. ტანჯვის ყველაზე მძიმე წუთებში, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა წამოიძახა:

„ო, ღმერთო, სად ხარ? …

„რამდენი ხანი შეაკავებ ხელს?“

ჯოზეფის ტანჯვაში უფალმა იხილა ამ ტანჯვის ღირსეულად ატანის განმწმენდი შედეგი და უპასუხა:

„შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს; შენი გასაჭირი და ტანჯვა ხანმოკლე იქნება;

„და შემდეგ, თუ მას კარგად გაუძლებ, ღმერთი აგამაღლებს სიმაღლეებში; შენ ყველა მტერზე გაიმარჯვებ.“

განწმენდისა და გაძლიერების უდიდესი მაგალითი მხსნელის გამოსყიდვაა. მან ამქვეყნიური ცოდვები საკუთარ თავზე აიღო. მან იტვირთა ჩვენი მწუხარება და ტკივილი. მან შესვა მწარე თასი. ის მუდამ ერთგული იყო.

თავისი დიდებული გამოსყიდვის გამო, იესო ქრისტეს შეუძლია გაგვაძლიეროს განსაცდელის ჟამს. მან იცის, როგორ დაგვეხმაროს, რადგან იგრძნო ყოველი ჩვენი გამოწვევა, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში გვექნებოდა. „ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას, … რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად.“

მხსნელი გეთსიმანიაში

ჩვენ ვიცით, რომ გეთსიმანიის ბაღის ყოფნისას მხსნელმა სთხოვა მამას, აეცილებინა მისთვის ეს ტანჯვა, თუმცა შემდეგ დააყოლა, რომ თუ ეს მამის ნება იყო, ის მას შეასრულებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხსნელმა საკუთარ თავზე ეჭვი და გაურკვევლობაც კი აიღო, მაგრამ მას მამაზეციერის რწმენა ჰქონდა.

დებო და ძმებო, თქვენი გამოცდა და გაძლიერება შეიძლება არ იყოს მორონის, იაკობის ან წინასწარმეტყველ ჯოზეფის მსგავსი. მაგრამ ის მოვა. ის შესაძლოა ჩუმად მოგეპაროთ, ოჯახური ცხოვრების განსაცდელის ჟამს. ის შეიძლება მოგევლინოთ ავადმყოფობის, იმედგაცრუების, გლოვის ან სიმარტოვის სახით.

მე ვმოწმობ, რომ ეს მომენტები არ არის მტკიცებულება იმისა, რომ უფალმა მიგატოვათ. პირიქით, ისინი მოწმობს, რომ თქვენ მას უყვარხართ იმდენად, რომ თქვენი განწმენდა და გაძლიერება სურს. ის საკმარისად გაძლიერებთ მარადიული ცხოვრების ტვირთის ტარებისთვის.

თუ ჩვენს მსახურებაში ერთგულნი დავრჩებით, უფალი განგვწმენდს. ის გაგვაძლიერებს. და ერთ დღეს, ჩვენ უკან მოვიხედებით და ვიხილავთ, რომ ის განსაცდელები უფლის სიყვარულის დასტური იყო. ჩვენ ვიხილავთ, რომ ის გარდაგვქმნიდა ისე, რომ მის დიდებაში ყოფნა შევძლოთ. როგორც უფლის მოციქულმა, პავლემ განაცხადა თავისი ცხოვრების დასასრულს, „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.“

მე ვმოწმობ, რომ ღმერთი გიცნობთ. მან იცის თქვენი გამოცდების შესახებ. იგი თქვენთანაა. ის არ მიგატოვებთ. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა. ის არის ჩვენი ძალა, ჩვენი გამომსყიდველი და იმედი. თუ მას ვენდობით, ის ჩვენს სულიერ ძალას გაუტოლებს ნებისმიერ განსაცდელს, რომლის ატანაც მოგვიწევს. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.