გენერალური კონფერენცია
მიიღეთ უფლის ძღვენი
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


14:4

მიიღეთ უფლის ძღვენი

თქვენ ღვთის საყვარელი ასული ხართ, თქვენ ღვთის ძვირფასი ვაჟი ხართ, და მან საკუთარი სრულყოფილი, წმინდა ძე გიბოძათ ძღვენის სახით.

საჩუქრის ჩუქება

საჩუქრის ჩუქება არის სოციალური ჩვეულება, რომელიც მოიცავს ყველა კულტურას, ცივილიზაციას და ათასწლეულს. დროთა განმავლობაში, ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიდნენ საჩუქრებს ურთიერთობების გასაძლიერებლად, სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატად და მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად, როგორიცაა ქორწილები, დაბადების დღეები და დღესასწაულები. მაგრამ ადამიანები არ არიან ღმერთის ერთადერთი ქმნილებები, რომლებიც საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს! სხვა მრავალ მაგალითს შორის, რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, ცნობილია, რომ პინგვინები თავიანთ მომავალ მეუღლეებს ჩუქნიან მბზინავ კენჭებს, ბონობოები (შიმპანზეს ბიძაშვილები) ხილს აძლევენ ერთმანეთს სამეგობრო წრის გასაფართოვებლად.

პინგვინები აძლევენ კენჭებს.
ბონობოები იყოფენ ხილს.

თქვენ რა საჩუქრები გაგიღიათ? გაიხსენეთ დრო, როდესაც იდეალური საჩუქარი აღმოგიჩენიათ—ან გაგიკეთებიათ—ვინმესთვის, ვინც გიყვართ. თქვენ უბრალოდ იცოდით, რომ ეს საჩუქარი ზუსტად ის იყო, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს სურდა და რაც მისთვის ძვირფასი იქნებოდა. რა იყო ეს საჩუქარი? დედათქვენისთვის იყო ეს? მეგობრისთვის? თქვენი შვილისთვის? მასწავლებლისთვის? პაპისთვის? როგორ იგრძენით თავი, როცა ამ საჩუქარს მიაგენით? როგორ იგრძენით თავი, როდესაც წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანი ამ საჩუქრის გახსნისას? ამის მსგავსად, თქვენ როდის გაჩუქათ ვინმემ იდეალური საჩუქარი და როგორი იყო მისი მიღება?

მამაჩემის საჩუქარი ჩემთვის

როდესაც დაახლოებით შვიდი წლის ვიყავი, მშობლებთან ერთად არაბეთში ვცხოვრობდი. იმ დროს საბავშვო ფილმი Chitty Chitty Bang Bang გამოვიდა. ფილმი ჯადოსნურ მანქანაზეა, რომელსაც თვითმართვა შეუძლია, წყალზე ტივტივი და ფრენაც კი! ვიცოდი, რომ სამშობლოში, ინგლისში, მათ მინიატურული სათამაშო მანქანა დაამზადეს, ზუსტად ისეთი, როგორიც „Chitty Chitty Bang Bang“-ში არის, და ოჰ, როგორ მინდოდა იგი! თქვენ შეგეძლოთ ბერკეტის გამოწევა და სათამაშო მანქანის ფრთები გამოხტებოდა! მამაჩემი საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა ინგლისში და მკითხა, რამე თუ მსურდა, რომ ჩემთვის ჩამოეტანა. მე ვუპასუხე, რომ ძალიან მინდოდა ერთი ასეთი „Chitty Chitty Bang Bang“ მანქანა მყოლოდა.

იგი დაბრუნდა მოგზაურობიდან და მანქანა არ ჩანდა. მე ძალიან დავსევდიანდი და ვიფიქრე, რომ დაავიწყდა. მაგრამ დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩემი დაბადების დღე იყო და პატარა, მშვენივრად შეფუთული ყუთი მელოდა. დიდი მოლოდინით, თუმცა ვერ ვბედავდი რა რამე მნიშვნელოვანის იმედს, გავხსენი საჩუქარი და აღმოვაჩინე ჩემი მანქანა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვიტირე. მე გამოვწიე ბერკეტი და ფრთები გაიშალა მანქანიდან, ზუსტად ისე, როგორც ფილმში! როგორი მადლიერი ვიყავი მამაჩემის ამ ყველაზე ძვირფასი საჩუქრისთვის. წლების განმავლობაში ვთამაშობდი ამ მანქანით და კიდევ მრავალი წელიც ვინახავდი. ვფიქრობ, მამაჩემს ძალიან უხაროდა იმ მანქანის ჩუქება ჩემთვის, სულ მცირე ისე, როგორც მე გამიხარდა მისი მიღება.

გაცემა, თანხმობა და გახსნა, და მიღება

შეგვიძლია, სამ ნაწილად გავიაზროთ საჩუქრის მიცემა.

  1. საჩუქრის მიცემა, როდესაც გამცემი არჩევს, დაამზადებს ან ამზადებს საჩუქარს და საყვარელ ადამიანს გადასცემს მას. აღნიშნული მოიცავს გამცემის მხრიდან გააზრებულ განზრახვას და ძალისხმევას, რომ რამე მნიშვნელოვანი მისცეს.

  2. საჩუქარზე თანხმობა და მისი გახსნა, როდესაც მიმღები იღებს საჩუქარს მჩუქებლისგან, ხშირად მის გახსნას წინ უძღვის გაკვირვება, მადლიერება და აღელვება, ზოგჯერ ბანტის გახსნა და ყუთისთვის შეფუთვის მოშორება, რათა გაირკვეს რა საჩუქარია.

  3. და შემდეგ, ამას მოსდევს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საჩუქრის მიღება. გულწრფელად ნაჩუქარი საჩუქრის მიღება უფრო მეტია, ვიდრე მისი უბრალოდ მიღება და შემდეგ გახსნა. ეს ასევე უფრო მეტია, ვიდრე საჩუქრის ღირებულების აღიარება და გამცემისადმი მადლიერების გამოხატვა. ჭეშმარიტად რომ მივიღოთ საჩუქარი, ჩვენ თავადვე უნდა დავაფასოთ იგი, სრულად გამოვიყენოთ საკუთარ ცხოვრებაში და შემდეგ მჩუქებელი მადლიერებით მოვიხსენიოთ.

საჩუქრის მიღება არა პასიური, არამედ მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც სცდება უბრალოდ შეფუთვის გახსნას. მიღება გულისხმობს დაფასებას და კავშირს, როგორც საჩუქართან, ასევე მჩუქებლის გულთან, იმ გზით, რომელიც გამცემსა და მიმღებს შორის კავშირს აძლიერებს. იმ სათამაშო მანქანაზე ფიქრი, ოქროს მოგონებებს მახსენებს, რადგან კიდევ ერთხელ ვგრძნობ მამაჩემის ღრმა სიყვარულსა და ზრუნვას ჩემდამი, რომელსაც ეს საჩუქარი წარმოადგენს, მრავალ სხვა გულუხვ მოქმედებასთან ერთად.

ჩვენი ზეციური მამის ძღვენნი

ჩვენს ზეციურ მამას უთვალავი ძღვენნი აქვს მომზადებული თითოეული ჩვენგანისთვის, მისი ძვირფასი შვილებისთვის. ისინი ჩვენი გულუხვი მბოძებლისგან მოედინება მისი კეთილმოსურნე გულიდან, როგორც წყარო უდაბნოში. „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან.“ მამაზეციერთან ჩვენი აღთქმების კავშირში, იგი ყოველთვის არის მწყალობელი, ჩვენ კი თავმდაბალი მიმღებელნი.

მამაზეციერის უდიდესი ძღვენი, რომლის საშუალებითაც ყველა დანარჩენი მოედინება

მაგრამ ჩვენ ვერაფრის მიღებას შევძლებდით, მამაზეციერის უდიდესი ძღვენის გარეშე - მისი საყვარელი კრავი, ღვთის ძე, იესო ქრისტე. მამაზეციერის ყველა ძღვენი მისგან მოედინება და ცოცხლდება მხსნელის მიერ ნებაყოფლობით გაღებული შესაწირით გეთსიმანიაში და ჯვარზე და უფლის ბრწყინვალე აღდგომით. იესო ქრისტე, ჩვენი მოწყალე გამომსყიდველი, არის უზენაესი ძღვენი ჩვენი ნათელთა მამისგან. „თავისი ძის ძღვენის მეშვეობით ღმერთმა [ჩვენთვის] მოამზადა უკეთესი გზა.”

მარადიული ჭეშმარიტების ერთი ყოვლისმომცველი ძღვენი

მსურს, ვისაუბრო ერთ ყოვლისმომცველ ძღვენზე მარადიული ჭეშმარიტებისა, რომელიც ამყარებს ჩვენს უნარს. რომ მივიღოთ სხვა ყველაფერი, რაც მამაზეციერს სურს, გვიბოძოს—ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძღვენი ცოდნისა, რომლის სრული თანხმობისას და მისი ღრმა სულიერი მიღებისას, მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ცხოვრებისეულ სიხარულს, გაჭირვებასა და პასუხგაუცემელ კითხვებს: ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ღვთის შვილები. ჭეშმარიტება საოცარია! განსაცვიფრებელია! და ეს სიმართლე მეტაფორული არაა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ამას პირველად ისმენთ! თქვენ ჭეშმარიტად ხართ ღვთის საყვარელი ასული. თქვენ ჭეშმარიტად ხართ ღვთის ძვირფასი ძე. და გზა, რომელზეც იმყოფებით, მისი ბედნიერების გეგმის ნაწილია. თავისი ყოვლისმცოდნე სიყვარულით უფალმა ზუსტად იცის, ვინ იყავით დედამიწაზე მოვლენამდე და თქვენს მიწიერ ცხოვრებაში რა გაქვთ უკვე გამოვლილი და მას თქვენი ყოველი ხვალინდელი დღე გულმოწყალედ აქვს დაგეგმილი. და ო, როგორ სურს მას, რომ ერთ დღეს თქვენ დაბრუნდეთ მასთან, რათა მიიღოთ მისი ყველა მშვენიერი ძღვენის საბოლოო მიზანი, მარადიული ცხოვრება ღმერთთან ერთად.

საკითხავი არ არის ამ ნამდვილი ძღვენის ჭეშმარიტება, არამედ ის, თუ აღმოვაჩენთ და მივიღებთ მას. ეს ძღვენი მამაზეციერმა უკვე მოგვანიჭა. მხსნელმა უკვე გადაიხადა ძღვენის საბოლოო მიზნის საფასური. მაგრამ, თუ ამ ჭეშმარიტებას წლების განმავლობაში გასწავლიდნენ, გეუბნებოდნენ და გიმღეროდნენ, შესაძლოა ამ დიდებულმა საოცრებამ თქვენთვის დიდი ხანია ელფერი დაკარგა და მის ძალასა და სიმშვიდეს ვეღარ გრძნობთ.

მაგრამ თუ ამ გააზრების ფასდაუდებელი ძღვენი—და მთელი სიკეთე, სიმშვიდე და იმედი, რომელიც მისგან მოდის—დარჩა ჩაუბარებელი, გაუხსნელი და მიუღებელი, რა საშინელი დანაკარგი იქნება! როგორი სამწუხარო იქნება მისი მწყალობლისთვის! „რამეთუ რას არგებს ადამიანს, თუკი მას ძღვენს მიართმევენ და იგი ამ ძღვენს არ მიიღებს? აჰა, იგი ხარობს არც იმით, რასაც აძლევენ და არც იმით, ვისი ხელიდან იღებს ამ ძღვენს.”

მე გიწვევთ, რომ პირველად ან უფრო დიდი გაღრმავებით, მიიღოთ, როგორც აქამდე არასდროს და გაიაზროთ ეს ბრწყინვალე ჭეშმარიტება, რომ თქვენ ხართ ღვთის საყვარელი შვილი. თქვენ უნდა გახსნათ ლენტის ბანტი, მოახიოთ შეფუთვის ქაღალდი, გახსნათ ყუთი და აქტიურად მიიღოთ მადლიერებითა და თავმდაბლობით ნამდვილი, სუფთა გააზრება ამ ფუნდამენტური ჭეშმარიტებისა. სულიწმინდას შეუძლია გულში დაგიმოწმოთ, რომ თქვენ ნამდვილად ხართ უზენაესის შვილი.

როდესაც მიესალმებით ამ დიდებულ სინამდვილეს თქვენს სულში და ნუგეშსა და სასიამოვნო აღელვებას იგრძნობთ, თქვენი მთლიანი პარადიგმა შეიცვლება. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ უფლის სიყვარული, გაიგოთ მისი ხმა, და იცნოთ ღმერთის ხელი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ან არ ხდება თქვენს ცხოვრებაში. თქვენ შეგიძლიათ გადააფასოთ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს და სხვებს. მხსნელთან თქვენი აღთქმის კავშირი უფრო ძლიერდება და ამ ტკბილი საჩუქრის გადმოსახედიდან ცხოვრება ახალ ბრწყინვალებას, მშვენიერებასა და იმედს იძენს.

ილოცებთ, რომ ნამდვილად გაიაზროთ ეს გარდამქმნელი ცოდნა, თქვენი სულის სიღრმეში? შეგიძლიათ, მიიღოთ ეს ძღვენი? გააკეთებთ ამას უფრო ღრმად, თავისუფლად და გულუხვად, ვიდრე აქამდე ოდესმე—და ამის შემდეგ მიიღებთ ყველა სხვა დანარჩენ თქვენზე გადმოღვრილ კურთხევას, რომლებიც თან ახლავს ამ ძღვენს?

ამ მარადიული ჭეშმარიტების ძღვენის მიღება

შესაძლოა, ფიქრობდეთ, „რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ მივიღო ეს ძღვენი ღმერთისგან?“ სინამდვილეში, არაფერი. ეს არის ძღვენი მწყალობლისგან. ეს უბრალოდ ფაქტია. უბრალოდ გაიაზრეთ. თქვენ ხართ მისი შვილები. თქვენ მას უყვარხართ. არ გაართულოთ. არ შეუშალოთ ხელი ამ ძღვენის მიღებას, იმის ფიქრით, რომ თქვენ რამე მიზეზით არ იმსახურებთ ამას. სიმართლე ისაა, რომ ამას არცერთი ჩვენგანი „ვიმსახურებთ“—მამაზეციერის ძღვენნი მიიღება მხოლოდ წმინდა მესიის ღვაწლის, მოწყალებისა და მადლის მეშვეობით, მაგრამ რაოდენ დიდია მისი სურვილი, რომ ღვთის შვილებმა მიიღონ ისინი! მაშინ, როცა თქვენი ახალი ან განახლებული აღქმა ნათელი გახდება, გიხაროდეთ და მადლიერები იყავით ძღვენის მომნიჭებლის მიმართ.

საკუთარი 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩემი რწმენის აღმოჩენის შემდეგ, მე გააზრებული მაქვს, რომ ჭეშმარიტად ღვთის შვილი ვარ. ჩემში რაც უფრო მეტი სისავსით ვაცნობიერებ ამ ძღვენს, მით უფრო ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რაოდენ სრულად ვუყვარვარ [ღმერთს]. ზოგიერთი რამ, რაც მე დამეხმარა გაცნობიერების გაღრმავებაში, არის წმინდა წერილი, ჩემი პატრიარქის კურთხევა, ტაძარში ღვთის თაყვანისცემა, სხვების მსახურება, მადლიერების გამოხატვა და წმინდა ლოცვა მამაზეციერისადმი. მაოცებს, როგორ გარდაიქმნებოდა, დამშვიდდებოდა და დიდწილად გადაილახებოდა ჩემი ადრეული უბედურება, ტკივილი და მწუხარება, რომ მცოდნოდა ეს მშვენიერი ჭეშმარიტება.

მოდით ქრისტესთან და მიიღეთ

მორონი მოგვიწოდებს, რომ „არ უარ[ვ]ყოთ ღვთის ძღვენნი,“ არამედ „მ[ი]ვიდეთ ქრისტესთან, და ჩა[ვ]ეჭიდოთ ყოველ კეთილ ძღვენს.“ თქვენ შეგიძლიათ ქრისტესთან მიხვიდეთ დარწმუნებულნი მის მოსიყვარულე სიკეთეში და მიიღოთ მთელი მისი სიხარული, მშვიდობა, იმედი, სინათლე, ჭეშმარიტება, გამოცხადება, ცოდნა და სიბრძნე— თავაწეული, მკლავებგაშლილები და ხელისგულებ-გაშლილები, მზად, რომ მიიღოთ. და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს ძღვენნი, ვინაიდან დაზღვეულები და დაცულები ხართ იმის ცოდნით, რომ თქვენ ღვთის საყვარელი ასული ხართ, ან თქვენ ღვთის ძვირფასი ძე ხართ და მან თქვენს გამოსასყიდად საკუთარი წმინდა, სრულყოფილი ძე გიბოძათ, თქვენს გასამართლებლად და განსაწმენდად.

თქვენ ხართ შვილი ღვთისა. ეს უბრალოდ სასიამოვნო სიმღერა არ არის. გთხოვთ, დათანხმდეთ, გახსნათ და მიიღოთ ცოდნისა და გაგების ძღვენი მისგან. მას ძვირფასი განძივით მოუფრთხილდებით? ხელახლა მიიღეთ ეს ძღვენი ან შესაძლოა, პირველად იღებდეთ მას მისი სრული ჭეშმარიტებით და დაე, ამან თქვენი ცხოვრების ყოველი ასპექტი შეცვალოს. ეს არის ის უკეთესი გზა, რომელიც ღმერთმა მოამზადა თქვენთვის, საკუთარი ძის ძღვენის საშუალებით. თქვენ მართლაც იმისთვის არსებობთ, რომ განიცადოთ სიხარული! იესო ქრისტეს სახელით, ამინ.