გენერალური კონფერენცია
ქველმოქმედება—ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანი
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:29

ქველმოქმედება—ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანი

მოწაფეობის ნამდვილი დანიშნულება ფაქტობრივად არის, გავხდეთ ისეთი, როგორიც იესო ქრისტეა.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ახლახან მოგვიწვია, რომ „გავხადოთ ჩვენი მოწაფეობა უმთავრეს პრიორიტეტად.“ ამ ძლიერმა მოწვევამ მიბიძგა, ღრმად დავფიქრდე ჩემს საკუთარ იესო ქრისტეს მოწაფეობაზე.

მოწაფეობა მიზანმიმართულია

მოწაფე არის სხვისი მიმდევარი ან მოსწავლე. მოწაფეები არიან „შეგირდები“, რომლებიც სიცოცხლეს უძღვნიან, რომ დაემსგავსონ თავიანთ მასწავლებელს. შესაბამისად, იესო ქრისტეს მოწაფეობა მოიცავს მის სწავლებებისა და მოძღვრების რწმენაზე მეტს. ის უფრო მეტია, ვიდრე იესოს ღვთაებრიობის აღიარება და ჩვენს მხსნელად და გამომსყიდველად მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა განმარტა: „ქრისტეს კვალზე სიარული არ არის ჩვეულებრივი ან პერიოდული პრაქტიკა. ეს არის უწყვეტი ვალდებულება და ცხოვრების წესი, რომელიც ყველგან და ყოველთვის წინ უნდა გვიძღვოდეს.” მოწაფეობა მიზანმიმართული მოგზაურობაა, რომელსაც ვიწყებთ, რომ გარდავისახოთ უფლის გამომსყიდველი მსხვერპლითა და მისი გამაძლიერებელი ძალით. მოწაფეობის ნამდვილი დანიშნულება ფაქტობრივად არის, გავხდეთ ისეთი, როგორიც იესო ქრისტეა - იქამდეც კი, რომ მივიღოთ „მისი ხატება [ჩვენს] სახეებზე.“

იმისათვის, რომ ვიყოთ უფლის მოწაფეები, ჩვენ შეგნებულად უნდა მივბაძოთ მის აზრებსა და ქმედებებს ყოველდღე—მაგალითად, მის მორჩილებას, თავმდაბლობას და მოთმინებას. როდესაც ამ თვისებებს თანდათან ვამკვიდრებთ საკუთარ პიროვნებებში, ჩვენ ვხდებით „[მისი] ღვთიური ბუნების ზიარნი.“ მხსნელის ხასიათის მიბაძვა არის უფლის თაყვანისცემის ცენტრალური ნაწილი. როგორც პრეზიდენტი ნელსონი ასწავლიდა, „ჩვენი თაყვანისცემა იესოსადმი საუკეთესოდ გამოიხატება იესოს მიბაძვით.“

ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანი

იესო ქრისტეს მრავალი ღვთაებრივი თვისებიდან, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ, ერთი გამორჩეულია და განასახიერებს ყველა დანარჩენს. ეს თვისება არის მისი სუფთა სიყვარული ანუ ქველმოქმედება. წინასწარმეტყველი მორმონიც და პავლე მოციქულიც გვახსენებენ, რომ ქველმოქმედების გარეშე „[ჩვენ] არაფერი ვართ.” ან, როგორც წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს გაემხილა, თუ არ გვექნება „გულმოწყალება [ჩვენ] ვერაფერს შე[ვ]ძლებთ .“

თავად მხსნელმა ხაზი გაუსვა სიყვარულს, როგორც ნიშანი მისი ჭეშმარიტი მოწაფეობის ცნობისა, როდესაც განაცხადა:

„ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“

ქველმოქმედება ფართო ცნებაა, რომლის განსაზღვრაც ძნელია, მაგრამ ადვილად აღიქვამს ყველა, ვისაც იგი ეხება. იქადაგე ჩემი სახარება ასწავლის, რომ „გულმოწყალება, რწმენის მსგავსად, ქმედებისკენ გვიბიძგებს.” მართლაც, ქველმოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც „სიყვარული მოქმედებაში.“ ეს აღწერა გვაძლევს ღრმა წვდომას მხსნელის ცხოვრების შემაჯამებელი განცხადების შესახებ—უფალი „დადიოდა [და] ქველმოქმედებდა.”

ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები უნდა ვიღწვოდეთ, რომ მივბაძოთ ჩვენს მოძღვარს სხვების მიმართ მის წმინდა სიყვარულში. მიუხედავად იმისა, რომ მხსნელი ქველმოქმედებას მრავალი გზით ავლენს, მე მინდა გავამახვილო ყურადღება მისი გულმოწყალების სამ კონკრეტულ ნიმუშზე, რომლებიც ადვილად ჩანს მის ჭეშმარიტ მოწაფეებში.

გულმოწყალება არის თანაგრძნობის გამოვლენა

პირველი, მხსნელმა გულმოწყალება თანაგრძნობით გვიჩვენა. როგორც მორმონის წიგნში წერია, უფალმა ნეფიელებს შორის მსახურების დროს, მიიწვია ხალხი, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ და ეფიქრათ იმ ყველაფერზე, რაც მან ასწავლა და მომზადებულიყვნენ მომდევნო დღეს უფლის დაბრუნებისთვის. ჩანაწერი შემდეგ გრძელდება:

„იყვნენ აცრემლებულნი და დაჟინებით შესცქეროდნენ მას, თითქოს სთხოვდნენ, რომ კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყო მათთან.

„და მან უთხრა: აჰა, შიგნეულობა ამევსო სიბრალულით თქვენ მიმართ.”

თანაგრძნობა გულმოწყალების ის ნაწილია, რომელიც ცდილობს სხვების გაჭირვების შემსუბუქებას. თანაგრძნობით აღსავსე უფალი კურნავდა ხალხს შორის სნეულებსა და გაჭირვებულებს. შემდეგ იესომ დალოცა მათი შვილები და ანგელოზები ჩამოვიდნენ ზეციდან და გარს შემოერტყნენ მათ. მან შეასრულა ეს სათუთი, მოსიყვარულე ქმედებები და მრავალი სხვა, რადგან ის „თანაგრძნობით იყო აღძრული.“

როდესაც ახალგაზრდა მისიონერად ვმსახურობდი სამხრეთ ამერიკაში, მეც ასევე ვსარგებლობდი ძვირფასი მეგობრისგან თანაგრძნობით. ერთ საღამოს, როცა მანქანით მივდიოდი ჩემს მეწყვილესთან ერთად ჩვენი მისიის პრეზიდენტის სახლში, ველოსიპედით მიმავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელად მოუხვია ჩემი მანქანის წინ. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერ ავიცილე შეჯახება. შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა. მე განადგურებული ვიყავი მისი სიცოცხლის დაკარგვის გამო. შეშინებული და შოკში ჩავარდნილი უეცრად ჩემს თავს დამტყდარი შემზარავი ფაქტით, ციხეში წამიყვანეს და ჩამკეტეს. ასე შეშინებულად და მარტოდ თავი არასდროს მიგრძვნია. სასოწარკვეთილებამ და შიშმა მომიცვა, რომ მთელ ცხოვრებას პატიმრობაში გავატარებდი.

ერთმა მისიონერმა, უხუცესმა ბრაიან კოჩევარმა, შეიტყო შემთხვევის შესახებ და თანაგრძნობით აღივსო. იგი ციხეში მოვიდა და ოფიცრებს სთხოვდა, რომ ნება მიეცათ მისთვის ჩემთან საკანში დარჩენილიყო, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. სასწაულებრივად, ისინი მას დათანხმდნენ. დღემდე უღრმესად მადლიერი ვარ ამ მოწაფის ქრისტესმიერი სიყვარულით მოქმედებისთვის, რომელმაც დამამშვიდა, მანუგეშა და თავი უკეთ მაგრძნობინა ჩემი ცხოვრების უდიდესი გასაჭირის დროს. მისი გულმოწყალე თანაგრძნობა იყო ამ ადამიანის მოწაფეობის აშკარა ნიშანი. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნესლონმა აღნიშნა: „იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ამოცნობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხია ის, თუ რამდენად თანაგრძნობით ექცევა ეს პიროვნება სხვა ადამიანებს.“.

ქველმოქმედება არის უთქმელ საჭიროებებზე მზრუნველობა

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვიჩვენებს მხსნელი სიყვარულს არის მისი დაკვირვებულობა და ზრუნვა სხვების უთქმელ საჭიროებებზე. კაცი, რომელიც ხეიბარი იყო 38 წლის განმავლობაში და არავინ ეხმარებოდა მას, უფალმა განკურნა და წაახალისა, სამართლიანად ეცხოვრა. ქალს, რომელიც მრუშობაში ამხილეს, მან იმედი და ნუგეში შესთავაზა განაჩენის გამოტანის ნაცვლად. დავრდომილ კაცს, რომელიც ჭერიდან დაუშვეს, არა მხოლოდ სხეული განუკურნა, უფალმა მას ცოდვები მიუტევა.

როდესაც მოწოდებული ვიყავი ეპისკოპოსად მემსახურა, ჩვენი ექვსი ახალგაზრდა შვილი ზიარების შეკრებებს ურთულებდა ჩემს მეუღლეს, კრისტინს, რომელსაც მათთან გამკლავება მარტოს უწევდა, სანამ ტრიბუნაზე ვიჯექი. ალბათ ხვდებით, რომ ჩვენი შვილები ხშირად არც ისე მოწიწებულები იყვნენ. მისი მდგომარეობის შემჩნევის შემდეგ, ჩვენი მეურვეობის ორი წევრი, ჯონი და დები ბენიჩები ყოველ კვირას ჩემს მეუღლესთან ერთად ისხდნენ ხოლმე დასახმარებლად. მათი სიკეთე წლების განმავლობაში გაგრძელდა და ჩვენი ოჯახისთვის მონაცვლე პაპა-ბებიად იქცნენ. უფლის მსგავსად, ამ მოწაფეებმაც უთქმელი საჭიროება შეამჩნიეს და სიყვარულით იმოქმედეს—მათი მოწაფეობის თვალსაჩინო ნიშანი.

ქველმოქმედება არის სხვების დახმარება აღთქმების გზაზე

და ბოლოს, მხსნელის სრულყოფილი სიყვარული ორიენტირებულია იმაზე, რომ ღვთის ყველა შვილმა შევძლოთ ჩვენი ღვთაებრივი პოტენციალის რეალიზება, რათა ჩვენ „[ვ]იგემოთ მისი ხსნა და გამოსყიდვის ძალა“. რაც უფრო ვემსგავსებით ჩვენს მოძღვარს, მით უფრო ბუნებრივად იზრდება ჩვენში სურვილი, რომ აღთქმების გზაზე დავეხმაროთ ჩვენს ძმებსა და დებს.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია განწყობა ავუმაღლოთ და დავიმეგობროთ ისინი, ვინც თავს შეურაცხყოფილად ან დავიწყებულად გრძნობენ, დავეხმაროთ ჩვენი სამრევლოს ახალ წევრებს და მივიღოთ ისინი ან მოვიწვიოთ მეგობრები ჩვენთან ერთად ზიარების შეკრებაზე ღვთისმსახურებისთვის—შესაძლოა, ამ აღდგომას. მრავალი გზა არსებობს სხვების წინსვლისკენ წასახალისებლად და დასახმარებლად, თუ მიზანმიმართულად და ლოცვით ვეცდებით მივიღოთ ზეცის დახმარება, რომ გვქონდეს თვალები დასანახად და გული, რომ ვიგრძნოთ, როგორ ხედავს და თანაუგრძნობს იესო ქრისტე მათ.

აღთქმის გზაზე სხვების დახმარებამ შეიძლება, მიიღოს მსახურების არატრადიციული ფორმა. მაგალითად, ფილიპინებში ჩემი ამჟამინდელი დავალებისას, შევიტყვე აგამატას ოჯახის შესახებ. ისინი 2023 წელს მოინათლნენ და მაშინვე მონდომებით ჩანიშნეს თარიღი ოჯახის ჩაბეჭდვისათვის, ახლომდებარე ურდანეტას ფილიპინების ტაძარში. თუმცა, სწორედ მათი ოჯახის ვიზიტამდე რამდენიმე ტაიფუნი დაატყდა რეგიონს. ძმა აგამატას, ბრინჯის ფერმერს, ძლიერი ქარიშხლის დროს არ შეეძლო მარცვლეულის დათესვა. როდესაც ქარიშხალმა საბოლოოდ გადაიარა, მას სჭირდებოდა ბრინჯის სწრაფად დათესვა, სანამ მიწა წყლით იყო გაჟღენთილი - დათესვისთვის იდეალური პირობები. სამწუხაროდ, ტაძარში გამგზავრება უნდა გადადებულიყო.

მისიონერები ეხმარებიან ბრინჯის დათესვაში.
მისიონერები თესავენ ბრინჯს.

ორმა მოწაფემ, უხუცესმა და და კაუილანებმა, სამ ახალგაზრდა მისიონერთან ერთად, გაიგეს აგამატას ოჯახის გასაჭირი და შესთავაზეს დახმარება, მიუხედავად მეურნეობაში გამოცდილების არქონისა. მცხუნვარე მზის ქვეშ მუშაობით, ისინი დაეხმარნენ ნერგების დარგვაში, რითაც აგამატებს საშუალება მისცეს შეესრულებინათ დავალება და დასწრებოდნენ თავიანთ სატაძრო ჩაბეჭდვას, გეგმის შესაბამისად. უხუცესმა კაუილანმა შეამჩნია, რომ „[აგამატების] სახეები განათებოდათ, როცა უფლის სახლში თეთრებში ჩაცმულნი დავინახეთ. მათზე მზრუნველობისას განცდილი სიხარული შეუდარებელია!”

აგამატების ოჯახი ტაძრის გარეთ.

აგამატები ახლა სარგებლობენ მარადიულ ოჯახად ჩაბეჭდვის ძვირფასი კურთხევით, რამდენიმე მოწაფის გამო, რომლებიც აღვსილნი იყვნენ გულმოწყალებით—ნიშანი მათი მოწაფეობისა—მომართულები თავიანთი ძმებისა და დების აღთქმების გზაზე წინსვლაში დასახმარებლად.

ძმებო და დებო, იესო ქრისტეს მოწაფეობა ერთადერთი გზაა ხანგრძლივი ბედნიერების მოსაპოვებლად. ეს არის გზა, რომელიც სავსეა სხვების მიმართ შეგნებული და მიზანმიმართული სიყვარულის მოქმედებებით. შესაძლოა, მოწაფეობრივი გზა რთული და გამოწვევებით სავსე იყოს, და ზოგჯერ გაგვიჭირდეს და მიზანს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ვინაიდან ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და სურს დაგვეხმაროს ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ. ესაია გვახსენებს, რომ „ღმერთი, [ჩვენი] მარჯვენის დამჭერი [გვე]უბნებ[ა] … , ნუ გეშინია, მე შეგეწევი.“

ჩვენი ზეციერი მამის ამ გარანტიის გათვალისწინებით, გულმოდგინედ ვლოცულობ, რომ მივყვეთ პრეზიდენტ ნელსონის მოწვევას, პრიორიტეტი მივანიჭოთ მოწაფეობას. დაე, „[ვ]ილოც[ოთ] მამისადმი გულის მთელი ძალით“, რათა „აღ[ვ]ივსოთ ამ სიყვარულით, რომელიც მან უბოძა ყველას, ვინც მისი ძის, იესო ქრისტეს მიმდევრები არიან; … და როცა იგი გამოჩნდება, ჩვენ მისი მსგავსნი ვიქნებით,“ ვინაიდან ჩვენ ვატარებთ ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანს, რომელიც არის „გულმოწყალება … ქრისტეს წმინდა სიყვარული.“

მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი დიდებული ცოცხალი მხსნელი, გამომსყიდველი, მისაბაძი ნიმუში და მეგობარი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.