გენერალური კონფერენცია
ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


14:26

ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე

ჩვენ იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ და გვსურს როგორც მისი სინათლის მიღება, ასევე მისი გაზიარება .

შესავალი

მე და ჩემი მეუღლე, ლისა, საზღვარგარეთ ხანგრძლივი დავალებით ყოფნის შემდეგ, შინ ვბრუნდებოდით. ჩვენ აეროპორტის ტერმინალში ვიმყოფებოდით და კიდევ ერთი, შუაღამის ფრენისთვის ვემზადებოთ. როცა სხვებთან ერთად გრძელ რიგებში ვიდექით და კუს ნაბიჯებით წინ მივიწევდით, ვგრძნობდით, როგორ იძაბებოდნენ სხვა მგზავრები - ყველას სურდა, არ დაეგვიანებინა თვითმფრინავზე, დროულად გაევლო პასპორტისა და ვიზის კონტროლი და უსაფრთხოების პუნქტები.

როგორც იქნა, საბაჟოს თანამშრომელთან მივედით. როგორც ჩანს, მას საერთოდ არ აღელვებდა ოთახში მყოფი ადამიანების შფოთვა და სტრესი. მან თითქმის მექანიკურად, თვალის კონტაქტის გარეშე, საბუთები გამომართვა, სურათი დაადასტურა, სათითაოდ ყველა საბუთი გადაფურცლა და საბოლოოდ, პასპორტში ხმაურიანად ბეჭედი ჩამირტყა.

შემდეგ ის ლისას საბუთებს მიადგა. ემოციების გარეშე, თავჩაღუნული, თავის საქმეზე კონცენტრირებული, მან მეთოდურად გადაფურცლა საბუთები და ექსპერტის თვალით მის წინაშე მდებარე საბუთებში დეტალებს ამოწმებდა. ჩვენ, ცოტა რომ არ იყოს, გაგვიკვირდა, როცა ის უცებ შეჩერდა, თავი ასწია, ლისას დაბლიდან მაღლა ახედა და სითბოთი და ინტერესით თვალი თვალს გაუყარა. თბილი ღიმილით, მან ლისას პასპორტში ნაზად ჩაურტყა ბეჭედი და საბუთები დაუბრუნა. ჩემმა მეუღლემაც გაუღიმა, საბუთები აიღო და თბილად დაემშვიდობა.

ეს რა იყო?“ გაოგნებულმა ვკითხე მე.

ლისამ მაჩვენა ის, რაც საბაჟოს თანამშრომელმა ნახა —პატარა ბარათი, რომელზეც მხსნელი იყო გამოსახული. ის ლისას შემთხვევით ჩანთიდან გადმოუვარდა და პასპორტის ფურცლებს შორის აღმოჩნდა. და ზუსტად ეს დაინახა მებაჟემ. და ამან მთლიანად შეცვალა მისი განწყობა.

მხსნელის სურათი პასპორტში.

Grace and Truth [ჭეშმარიტება და მადლი], by Simon Dewey,[სიმონ დიუი], courtesy of altusfineart.com, © 2025, გამოყენებულია ნებართვით

მხსნელის პატარა სურათმა ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანის გული დააკავშირა. მან არაპირადული პირადულში გადაიყვანა, ასახა რა იესო ქრისტეს სინათლის სილამაზე, სასწაული და რეალობა. იმ დღის განმავლობაში და მას შემდეგ კიდევ არაერთხელ, მე იმ ტკბილ, უბრალო მომენტს აღფრთოვანებით ვიხსენებდი და იესო ქრისტეს სინათლის დიდებული ეფექტით ვხარობდი.

ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე

ჩვენ იესო ქრისტეს მიმდევრები ვართ და ჩვენ გვსურს როგორც მისი სინათლის მიღება ასევე მისი გაზიარება . უშუალოდ ეკლესიის სახელში ჩადებულია თეოლოგია, რომ თავად იესო ქრისტე არის მთავარი ქვაკუთხედი“. მამაზეციერმა, ძველი დროის და თანამედროვე წინასწარმეტყველების მეშვეობით, გვიბრძანა: „მოუსმინე მას“! და „მოდით ქრისტესთან“. „ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე [და] ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე“.

ჩვენ ვასწავლით, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, და რომ მისი დედამიწაზე მსახურების დროს იესო ასწავლიდა თავის სახარებას და დააარსა თავისი ეკლესია.

ჩვენ ვმოწმობთ, რომ მიწიერი ცხოვრების ბოლოს, იესომ გამოისყიდა ყველა ჩვენი ცოდვა, როცა გეთსიმანიის ბაღში ეწამა, ჯვარზე რომ გააკრეს და შემდეგ აღდგა.

ჩვენ ვხარობთ, რომ მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მიტევება და ცოდვებისგან განვიწმინდოთ, თუკი მოვინანიებთ. ამას ჩვენთვის სიმშვიდე და იმედი მოაქვს, გარდა ამისა, შესაძლებელს ხდის ღვთის გარემოცვაში დაბრუნებას და სიხარულის სრულად მიღებას.

ქრისტე და მარიამ მაგდალელი აკლდამასთან.

ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ, რომ იესოს აღდგომის გამო, სიკვდილი დასასრული კი არა, არამედ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ყოველი ჩვენგანი სიკვდილის შემდეგ აღდგება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი პიროვნების სული და სხეული გაერთიანდება და უკუნისამდე ერთად იქნება“.

მიეახლეთ ქრისტეს

ჩვენი დროის ცოცხალი წინასწარმეტყველები—რომლებიც ღმერთისგან იღებენ გამოცხადებას, რათა გვასწავლონ და წინ გაგვიძღვნენ, დაჟინებით გვიწვევენ, მივეახლოთ ქრისტეს. ისინი გვეხმარებიან გულით, თვალებითა და ყურებით უფრო მეტად მოვახდინოთ მასზე კონცენტრაცია. შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველი პრეზიდენტობის მიერ განხორციელებული გაუმჯობესებისა და ცვლილებების უამრავი მაგალითი, რომლის ჩანაფიქრია იესო ქრისტეზე ფოკუსირება. მაგალითად:

  • გადაწყვეტილება, სახელი „მორმონთა ეკლესია“ შეიცვალოს სწორი სახელწოდებით: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

  • ახალი, ქრისტეს თემატიკაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების ხელმისაწვდომობა შეკრებების სახლებში.

  • ახალგაზრდა ქალების და აარონის მღვდლობის ქვორუმის თემები და ქრისტეზე ფოკუსირებული მუსიკა, მაგალითად, “Disciple of Christ” [„ქრისტეს მოწაფე“] და “Look unto Christ” [მიბაძეთ ქრისტეს]”.

  • იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე და აღდგომაზე, როგორც ისტორიაში ყველაზე დიდებულ მოვლენაზე, უფრო მეტი ხაზგასმა.

  • აქცენტით იესო ქრიტეზე აღდგომის, როგორც პერიოდის და არა როგორც უბრალოდ დღესასწაულის, ზეიმი.

  • იესო ქრისტეს ეკლესიის ვიზუალური იდენტიფიკატორისა და მისი სიმბოლური ბუნების შემოღება.

მოდით, უფრო კარგად განვიხილოთ ზოგიერთი მათგანის გავლენა. პირველი: ეკლესიის ემბლემა.

ეკლესიის ემბლემა

ეკლესიის ემბლემა.

2020 წ. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა წარადგინა ეკლესიის ახალი ვიზუალური იდენტიფიკატორი. ეს ემბლემა ასახავს ჭეშმარიტებას, რომ ქრისტე არის თავისი ეკლესიის შუაგული და ის ჩვენი ცხოვრების შუაგულში უნდა იყოს. ახლა ჩვენ ვხედავთ ამ ნაცნობ ემბლემას სატაძრო რეკომენდაციებზე, ეკლესიის ვებგვერდებზე და ჟურნალებზე, სახარების ბიბლიოეკის ხატულაზე და შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ეკლესიის მრავალი წევრის სამხედრო საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნებზეც კი. ემბლემა მოიცავს ეკლესიის სახელს, რომელიც ქვაკუთხედშია მოთავსებული როგორც შეხსენება იმისა, რომ იესო ქრისტე არის მთავარი ქვაკუთხედი და აქ ეს წარწერა ქმერულ ენაზეა, მაგრამ 145 ენაზე გამოიყენება.

ეკლესიის სიმბოლო ქმერულზე.

ემბლემის ცენტრში ბერტელ თორვალდსენის საყვარელი მარმარილოს ქანდაკებაა, Christus რომელიც ფართოდ ასოცირდება ეკლესიასთან და რომელსაც იხილავთ ვიზიტორთა ცენტრებში და ტაძრის ტერიტორიებზე მთელ მსოფლიოში. ეკლესიის ემბლემაში მისი მდებარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტე უნდა იყოს ჩვენი ყოველი მოქმედების ცენტრში. მხსნელის გაშლილი მკლავები კი მეტყველებს მის დაპირებაზე, რომ ის გულში ჩაიკრავს ყველას, ვინც მას მიეახლება. ეს ემბლემა არის მხსნელი იესო ქრისტეს სიყვარულის ვიზუალური გამოხატულება და ცოცხალი ქრისტეს მუდმივი შეხსენაბა.

სამარხიდან ამომავალი იესო.

ცნობისმოყვარეობის გამო, მრავალ ოჯახსა და მეგობარს გამოვკითხე ქრისტეს ემბლემის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის შესახებ. გასაკვირია, რომ მრავალმა მათგანმა არ იცის იმ წმინდა თვისების შესახებ, რომელსაც ის განასახიერებს. იესო ქრისტე თაღის ქვეშ დგას. ეს არის აღმდგარი მხსნელის სამარხიდან გამოსვლის სიმბოლო. ჩვენ ჭეშმარიტად ვზეიმობთ აღმდგარ, ცოცხალ ქრისტეს, ეკლესიის სიმბოლოს გამოყენებაშიც კი.

უფრო ამაღლებული და წმინდა აღდგომა

ახლა, მოდით განვიხილოთ აღდგომის მნიშვნელობა. პირველი პრეზიდენტობის აღდგომასთან დაკავშირებულ ბოლო გზავნილებში ჩვენ მოგვიწოდეს, „ვიზეიმოთ ცოცხალი ქრისტეს აღდგომა მისი სწავლებების შესწავლითა და ჩვენს საზოგადოებაში სააღდგომო ტრადიციების დანერგვით, განსაკუთრებით ჩვენს საკუთარ ოჯახებში“. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვაგულიანებენ, უფრო ამაღლებულად და წმინდა განწყობით ვიზეიმოთ აღდგომა.

მომწონს უწყვეტი გამოცხადებები აღდგომის შესახებ და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი მრავალი მცდელობისთვის, გახადოთ აღდგომა წმინდა მოვლენად. კარგი იქნება, რომ აღდგომის კვირას მხოლოდ ერთსაათიანი ზიარების შეკრების ჩატარების გარდა სხვა ღირსეული ღონისძიებებიც ჩატარდეს, მათ შორის მეურვეობისა და პალოს სულიერების საათი და ღონისძიებები ბზობის კვირას, აგრეთვე ბრწყინვალე შვიდეულზე. ასეთი ღონისძიებები მოიცავს ბავშვებს, ახალგაზრდებს და ხშირად სხვადახვა კონფესიების გუნდს. ზოგან ჩაუტარებიათ ღია კარის დღე - „ცოცხალი ქრისტე“, წევრებისა და მეგობრებისთვის და მონაწილეობა მიუღიათ მრავალდენომინაციური თემების სააღდგომო ღონისძიებებში.

ასეთი ღონისძიებები ასახავს იერუსალიმში მყოფი ადამიანების ხმებს, რომლებიც ერთად შეიკრიბნენ მხსნელის სადიდებლად ქალაქში მისი საზეიმო შესვლის დროს. არანაკლებ შთამბეჭდავია თქვენი პასუხი პირველი პრეზიდენტობის მოწვევაზე, ამ მნიშვნელოვანი დღის მოსაგონებლად ოჯახებში სცეთ თაყვანი ღმერთს.

მწამს, რომ ოჯახებში სააღდგომო ღვთის თაყვანისცემამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ორი წლის წინ მე ვისაუბრე, თუ როგორ გადაწყვიტა ჩვენმა ოჯახმა აღდგომის უფრო საპატივცემოდ აღნიშვნა. გამოგიტყდებით, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე. ჩვენ ყოველთვის გვსიამოვნებდა განსაკუთრებული სააღდგომო სადილი, სააღდგომო კალათები და სააღდგომო კვერცხებზე ნადირობა და ეს ახლაც ასეა. თუმცა, ჩვენი ზეიმისთვის გააზრებულად სულიერების ასპექტზე —ქრისტეზე და მის გამოსყიდვაზე ფოკუსირებამ, ჩვენს ამ ყველაზე წმინდა მოვლენის აღნიშვნას სასიამოვნო წონასწორობა შესძინა.

სტივენსონების სააღდგომო დადგმა.

წელს ჩვენ მესამე მცდელობა გვექნება, გავხადოთ აღდგომა უფრო მეტად ფოკუსირებული ქრისტეზე. ზუსტად როგორც შობის დროს, ჩვენი ოჯახი აღდგომის დღესაც იყენებს კოსტუმებს, კითხულობს ამონარიდებს ახალი აღთქმიდან და მორმონის წიგნიდან, მუსიკას, სააღდგომო სურათებს, პალმის რტოებს და რა დაგიმალოთ, პატარა ქაოსსაც აქვს ხოლმე ადგილი. შვილები და შვილიშვილები კითხულობენ და ზეპირად ამბობენ ბზობის კვირასთან დაკავშირებულ ფრაზებს: „ოსანა … კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ და „ეს იესოა … გალილეი[დან]“ რაც ისეთივე აქტუალურია, როგორც „მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“ შობის დროს.

ახლა ჩვენ დეკორაციების ნაზავით ვტკბებით. ის, რაც ოდესღაც თითქმის ექსკლუზიურად კურდღლები და სააღდგომო კვერცხები იყო, ახლა Christus -ის, ცარიელი საფლავის, ბაღში, სამარხის გარეთ, მკვდრეთით აღმდგარი მხსნელისა და მისი ნეფიელებთან გამოჩენის გამოსახულებებით არის გაწონასწორებული. ჩვენ აგრეთვე ვცდილობთ, აღდგომა ერთი დღით კი არ აღვნიშნოთ, არამედ სეზონად ვაქციოთ იგი. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უფრო გაცნობიერებულები, გააზრებული და ვიქონიოთ საზეიმო განწყობა ბზობის კვირას, წითელ პარასკევს და სხვა წმინდა მოვლენების დღეებში ბრწყინვალე შვიდეულის დროს.

აღდგომა გვაძლევს საშუალებას, პატივი მივაგოთ როგორც იესო ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს, აგრეთვე მასში სიხარულით აღდგომას—ამ სიტყვის სრული გაგებით. გულს გვიმძიმებს იმის წარმოდგენა, თუ როგორ ეწამა მხსნელი ბაღში და გოლგოთაზე, მაგრამ გულს გვიხარებს ცარიელი სამარხის წარმოდგენა და ზეციდან გაგონილი სიტყვები: „[იგი] აღდგა“!

აღდგომა პირდაპირი მნიშვნელობით

პირველი პრეზიენტობის ბოლო რჩევა: „მოუთმენლად ელოდეთ აღდგომას და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას - ყველაზე დიდებულ გზავნილს კაცობრიობისთვის“, ხაზს უსვამს ამ პერიოდის სიდიადეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, სხვადასხვა ქრისტიან თეოლოგებს შორის აღინიშნება მზარდი ტენდენცია, განიხილონ აღდგომა გადატანითი და სიმბოლური თვალსაზრისით, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს მოძღვრებას: „აღდგომა ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ოდესმე ცხოვრობდა, აღდგება, და ეს აღდგომა არის პირდაპირი მნიშვნელობით“. „ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“ იესო ქრისტემ დაამსხვრია სიკვდილის ბორკილები ყოველი ცოცხალი სულისთვის.

რა ამაღლებული ვართ [ყველანი] ქრისტეს მადლით. ჩვენ გულში ვიკრავთ მის სიტყვებს: „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის“.

ქ. ს. ლუისმა განაცხადა, რომ „ქრისტიანობის ქადაგება [მოციქულებისთვის] ძირითადად მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგებას ნიშნავდა. … საქმეებში ჩაწერილი ყოველი ქრისტიანული ქადაგების ცენტრალური თემა აღდგომაა. აღდგომა და მისი შედეგი იყო „სახარება“ ანუ ქრისტიანების მიერ მოტანილი კარგი ამბავი“.

მე ვაცხადებ, რომ „აღდგომა არსებობს, … საფლავმა ვერ გაიმარჯვა და ქრისტეში შთაინთქა სიკვდილის ნესტარი“.

დასკვნა და დამოწმება

და ბოლოს, მე ვმოწმობ, რომ ყველანი, ვინც მიიღებენ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველის მოწვევას და მის რჩევას —უფრო გაცნობიერებულად გაიხსენონ წმინდა მოვლენები აღდგომის სახით, აღმოაჩენენ, რომ მათი კავშირი იესო ქრისტესთან კიდევ უფრო ძლიერდება.

სულ რამდენიმე დღის წინ მე შევიტყვე, რომ ერთ-ერთი ბებია აღდგომის ამბავს თავის ოთხი წლის შვილიშვილთან ერთად იზეპირებდა. ის სამარხის, ლოდის, მარიამის, მოწაფეებისა და ანგელოზების უბრალო ფიგურებს იყენებდა. პატარა ბიჭი გაფაციცებით უსმენდა დაკრძალვის, სამარხის დახურვისა და გახსნის ამბავს, ასევე აღდგომის სცენას ბაღში. შემდეგ მან დეტალებში გაუმეორა ეს ამბავი მშობლებს, თანაც ამ დროს დამოუკიდებლად გადააადგილებდა ფიგურებს. ამ ტკბილი მომენტის შემდეგ მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რატომ გვაქვს აღდგომა. ბიჭუნამ ზემოთ აიხედა და ბავშვურად ახსნა: „რადგან ის ცოცხალია“.

პატარა ბიჭი სააღდგომო ამბავს ჰყვება.

მე ვამატებ ჩემს მოწმობას მის, თქვენს, ანგელოზებისა და წინასწარმეტყველების მოწმობას და ვამბობ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია და მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.