გენერალური კონფერენცია
მონაწილეობა მიიღეთ ქრისტეს დაბრუნებისთვის მზადებაში
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:23

მონაწილეობა მიიღეთ ქრისტეს დაბრუნებისთვის მზადებაში

მოწოდებები და სხვადასხვა გზა, რომელსაც გავდივართ ღვთის მსახურებისას, ცალსახად გვამზადებს მხსნელთან შესახვედრად.

რამდენიმე თვის წინ დერეფანში ვიდექი, როდესაც უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა ჩამიარა. მე ახლახან მომიხმეს, როგორც ახალი მთავარი ხელმძღვანელი. ალბათ, იგრძნო ჩემი არასრულფასოვნების განცდები, გამიღიმა და თქვა, „კეთილი, როგორც ჩანს, ამ კაცს წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს.“

და მე გავიფიქრე, „აი, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და წინასწარმჭვრეტელი“.

უხუცესმა ანდერსენმა შემდეგ ჩაიჩურჩულა, „ნუ ღელავ, უხუცესო შამვეი. გაგიადვილდება—ხუთი ან ექვსი წლის შემდეგ.“

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ გვთხოვენ ღვთის სასუფეველში ისეთი საქმეების კეთებას, რომელიც თითქოს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება? ცხოვრების საჭიროებასთან ერთად, გიკითხავთ, საერთოდ რაში გვჭირდება მოწოდებები ეკლესიაში? მე მიკითხავს.

და პასუხი მივიღე გენერალურ კონფერენციაზე, როდესაც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა თქვა, „ახლა არის დრო თქვენთვის და ჩემთვის, მოვემზადოთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის.“ როდესაც პრეზიდენტმა ნელსონმა ეს თქვა, სულიწმინდამ მასწავლა, რომ როცა ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ღვთის საქმეში, საკუთარ თავსა და სხვებს ვამზადებთ ქრისტეს დაბრუნებისთვის. უფლის დაპირება დამაჯერებელია, რომ მოწოდებები, მზრუნველობა, სატაძრო თაყვანისცემა, სულიწმინდის კარნახით მოქმედება და სხვადასხვა გზა, რომელსაც გავდივართ ღვთის საქმის შესრულებისას, ცალსახად გვამზადებს მხსნელთან შესახვედრად.

ღმერთი კმაყოფილია, როდესაც ჩვენ მის საქმეში ვერთვებით

„ამ მომენტის სიდიადეში,“ როდესაც ღვთის სასუფეველი ფართოვდება და დედამიწა ტაძრებით ივსება, მზარდი მოთხოვნაა, სულები საკუთარი ნებით ჩაერთონ საღვთო საქმეში. უანგარო მსახურება არის ქრისტესმიერი მოწაფეობის არსი. მაგრამ მსახურება იშვიათადაა ხელსაყრელი. სწორედ ამიტომაც, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით, აღთქმების დამცველო მოწაფეებო, ვინც საკუთარი სურვილებისა და გამოწვევების მიუხედავად თავდაუზოგავად ემსახურებით ღმერთს მისი შვილებისთვის მსახურებით. ღმერთი „პატივს [მოგაგებთ თქვენ], ვინც ბოლომდე ემსახურებ[ით] სამართლიანობაში.“ უფალი გვპირდება, „დიადი იქნება [თქვენი] ჯილდო და მარადიული იქნება [თქვენი] დიდება.“ როცა ვირჩევთ მსახურებას, ჩვენ დიახს ვეუბნებით იესო ქრისტეს. და როდესაც ქრისტეს ვეუბნებით - დიახ, ჩვენ ვთანხმდებით ყველაზე უხვ სიცოცხლეს.

მე აღნიშნული გაკვეთილი ვისწავლე, როდესაც ვმუშაობდი და ქიმიურ ინჟინერიას ვსწავლობდი უნივერსიტეტში. [იმავდროულად,] დასაოჯახებელთა მეურვეობის ღონისძიებების ორგანიზატორობა მთხოვეს. ეს ჩემი კოშმარი იყო. მე მაინც დავთანხმდი და თავდაპირველად დამღლელი, მოსაწყენი საქმე იყო. შემდეგ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ლამაზი გოგონა მოიხიბლა ჩემი ნაყინით გამასპინძლების ფორმით. იგი სამჯერ დაბრუნდა, იმ იმედით, რომ ჩემს ყურადღებას მიიქცევდა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და მან ორი კვირის შემდეგ დაქორწინება შემომთავაზა. კარგი, შეიძლება, ასე სწრაფადაც არ განვითარებულა მოვლენები და სულაც მე შევთავაზე მას დაქორწინება, მაგრამ სიმართლე არის შემდეგი: მაკანკალებს იმის გაფიქრებისას, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმა ჰაიდის დამაკარგინებდა.

ჩვენი მონაწილეობა არის მზადება ქრისტეს დაბრუნებისთვის

ჩვენ ღვთის საქმეში ვერთვებით არა იმიტომ, რომ ღმერთს ვჭირდებით, არამედ ჩვენ გვჭირდება ღმერთი და მისი დიდებული კურთხევები. იგი გვპირდება, „ვინაიდან, აჰა, ძლევამოსილი კურთხევით ვაკურთხებ ყოველ მათგანს, რომელიც ჩემს ვენახში შრომობს.“ ნება მომეცით, გაგიზიაროთ სამი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჩვენი მონაწილეობა ღვთის საქმეში გვაკურთხებს და გვამზადებს მხსნელთან შესახვედრად.

პირველი: მონაწილეობის მიღებისას, ჩვენ წინ მივიწევთ „[ჩვენი] შექმნის დანიშნულებ[ისაკენ]“.

ეს ნიმუში გვხვდება შექმნის შესახებ ჩანაწერშიც. ყოველი დღის შრომის შემდეგ ღმერთი აღნიშნავდა საკუთარ წინსწვლას სიტყვებით, რომ „კარგი იყო“. მას არ უთქვამს, რომ საქმე დამთავრებული ან სრულყოფილი იყო. არამედ, მან თქვა, რომ ყოველდღე წინსვლა იყო და ეს ღმერთის შეფასებით, კარგია!

მოწოდებები არ განსაზღვრავს ან ადასტურებს პიროვნების ღირებულებას ან ღირსეულობას. არამედ, როდესაც ღმერთთან ერთად ვშრომობთ, როგორი ფორმითაც არ უნდა გვთხოვოს ეს, ჩვენ ვიზრდებით ჩვენი შექმნის დანიშნულებისაკენ.

ღმერთს ახარებს ჩვენი წინსვლა და ეს ჩვენც უნდა გვიხაროდეს, მაშინაც კი, როდესაც საქმე კიდევ დაგვრჩა. ზოგჯერ შესაძლოა, გვაკლდეს ძალა ან საშუალებები ჩვენი მოწოდების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ საქმეში და დავიცვათ საკუთარი დამოწმებები ისეთი მნიშვნელოვანი გზებით, როგორიცაა ლოცვა და წმინდა წერილის შესწავლა. ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი არ გვკიცხავს, როდესაც სურვილის მიუხედავად არ გამოგვდის მსახურება.

მეორე: მსახურება ჩვენს სახლებსა და ეკლესიებს ამაღლებს და აქცევს წმინდა ადგილებად, სადაც შეგვიძლია აღთქმების მიხედვით ვიცხოვროთ.

მაგალითად, ჩვენ ინდივიდუალურად ვდებთ აღთქმას, რომ მუდამ გვემახსოვრება ქრისტე, მაგრამ იგი ცხოვრებაში სხვების მსახურებით სრულდება. მოწოდებები გვავსებენ შესაძლებლობებით, რომ „ვატაროთ … ერთმანეთის ტვირთი და ამით აღვასრულ[ოთ] ქრისტეს რჯულ[ი].“ როდესაც ვმსახურობთ, ვინაიდან გვიყვარს ღმერთი და ჩვენ საკუთარი აღთქმებით ცხოვრება გვსურს, სავალდებულო და დამღლელი მსახურება სასიხარულო და გარდამქმნელი ხდება.

წეს-ჩვეულებები ვერ გვიხსნის იმის გამო, რომ ამით ზეციურ სიას ვავსებთ. არამედ, როდესაც აღთქმებით ვცხოვრობთ, რომლებიც ამ წეს-ჩვეულებებთანაა დაკავშირებული, ჩვენ ვხდებით ისეთი პიროვნებები, ვისაც სურთ ღმერთის სუფევაში ყოფნა. ასეთი აღქმით გადაილახება მსახურებაზე ყოყმანი ან მასზე უარის თქმა. ჩვენი იესო ქრისტესთან შეხვედრის მზადება ძლიერდება, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ვკითხულობდეთ, რა არის ღმერთისთვის დასაშვები, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ რას ანიჭებს ღმერთი უპირატესობას.

მესამე: ღვთის საქმეში მონაწილეობა გვეხმარება ღვთიური ძღვენის – მადლის მიღებაში და უფლისგან მეტი სიყვარულის შეგრძნებაში.

ჩვენ ფინანსურ ანაზღაურებას არ ვიღებთ მსახურებაში. არამედ, წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენი „შრომით [მივიღებთ] ღმერთის მადლ[ს], რომ [ჩვენ] სულით [განმტკიცებულნი] ღმერთის შესახებ ცოდნით, [და შეგვეძლოს ვასწავლოთ] ღვთის ძალითა და უფლებამოსილებით.“ ეს ძალიან კარგი გაცვლაა.

ღვთის მადლის გამო ჩვენი შესაძლებლობები თუ უძლურებანი არ წარმოადგენს მოწოდების მიღების ან შეთავაზების მთავარ საფუძველს. ღმერთი არ მოელის სრულყოფილ მუშაობას ან განსაკუთრებულ ნიჭს ჩვენგან, როდესაც ღვთის საქმეში ვმონაწილეობთ. ასე რომ იყოს, დედოფალი ესთერი ვერ გადაარჩენდა საკუთარ ერს, პეტრე მოციქული ადრეულ ეკლესიას ვერ უხელმძღვანელებდა და ჯოზეფ სმითი ვერ იქნებოდა აღდგენის წინასწარმეტყველი.

როდესაც რწმენით ვაკეთებთ რამე ისეთს, რაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენი სისუსტე გამოჩნდება. ეს არასდროსაა კომფორტული, მაგრამ უნდა „ვიცოდეთ, რომ მხოლოდ [ღვთის] მადლით … გვაქვს ძალა გავაკეთოთ ეს საქმენი.“

ჩვენ არაერთხელ დავეცემით ღვთის საქმეში მონაწილეობისას. თუმცა, ჩვენი ძალისხმევისას, იესო ქრისტე დაგვიჭერს. უფალი ნელ-ნელა წამოგვაყენებს, რომ შევიგრძნოთ ხსნა წარუმატებლობებისგან, შიშებისგან და იმ შეგრძნებისგან, რომ თითქოს ჩვენ არასდროს ვიქნებით საკმარისი. როდესაც საკუთარ მწირ, მაგრამ საუკეთესო ძალისხმევას შევწირავთ, ღმერთი უფრო ადიდებს მას. როდესაც ჩვენ მსხვერპლს ვიღებთ ღმერთისათვის, უფალი განგვწმენდს. ეს არის ღვთის მადლის გარდამქმნელი ძალა. მსახურებისას გვემატება მადლი, სანამ მივაღწევთ მზაობას, რომ „[ვიყოთ] მამის მიერ აღმართულნი, რათა [იესო ქრისტეს] წინაშე წარ[ვ]სდგ[ეთ].“

დაეხმარეთ სხვებს, მიიღონ და გაიხარონ მოწოდებების ძღვენით

მე არ ვიცი ყველაფერი, რასაც მხსნელი მკითხავს, როდესაც მის წინაშე წარვსდგები, მაგრამ შესაძლოა, ერთ-ერთი კითხვა იყოს, „შენთან ერთად ვინ მოიყვანე?“ მოწოდებები წმინდა ძღვენია მამაზეციერისგან, რათა დავეხმაროთ სხვებს ჩვენთან ერთად იესო ქრისტესთან მისვლაში. ასე რომ, მე ვიწვევ ხელმძღვანელებსა და თითოეულ ჩვენგანს, უფრო მიზანმიმართულად მოვძებნოთ მოწოდების გარეშე მყოფნი. წაახალისეთ ისინი და დაეხმარეთ მათ, ჩაერთონ ღვთის საქმეში, რათა მოემზადონ ქრისტეს დაბრუნებისთვის.

იოანე არ აქტიურობდა ეკლესიაში, როდესაც მას ეპისკოპოსი ეწვია და უთხრა, რომ უფალს მისთვის საქმე ჰქონდა განკუთვნილი. მან იოანეს მოუწოდა, თავი დაენებებინა მოწევისათვის. მართალია, იოანეს მანამდეც ბევრჯერ უცდია თავის დანებება, მაგრამ ამჯერად მან უხილავი ძალის დახმარება იგრძნო.

მხოლოდ სამი კვირის შემდეგ, მას პალოს პრეზიდენტი ეწვია. მან ეპისკოპოსად მსახურების მოწოდება შესთავაზა. იოანე შოკში იყო. მან პალოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ახლახანს მოწევას დაანება თავი. თუ აღნიშნული მოწოდება გულისხმობდა იმას, რომ კვირაობით იგი ტრადიციულად პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის თამაშებს ვეღარ დაესწრებოდა, ეს უკვე მისთვის ზედმეტის მოთხოვნა იქნებოდა. პალოს პრეზიდენმა შთაგონების შესაბამისად მარტივად უპასუხა: „იოანე, ამას მე არ გთხოვ; არამედ უფალი გთხოვს.“

რასაც იოანემ უპასუხა, „კეთილი, თუ ეს ასეა, მაშინ თანახმა ვარ, ვიმსახურო.“

[მოგვიანებით] მან მითხრა, რომ მსახურებისათვის მის მიერ გაღებული მსხვერპლი იყო სულიერი გარდატეხის მომენტი მისთვის და მისი ოჯახისათვის.

მაინტერესებს, იქნებ, ვერ ვამჩნევდეთ ჩვენი მიწიერი ხედვით იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ვთავაზობდეთ მოწოდებებს და შეიძლება, ისინი მიგვაჩნდეს საამისოდ უღირსად ან შეუსაბამოდ. ან იქნებ, ჩვენ უფრო მეტად გვაღელვებდეს შესრულების კულტურა, ვიდრე წინსვლის მოძღვრება, რა დროსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, რომ მხსნელს შეუძლია გაზარდოს საეჭვო და არადამაჯერებელი ადამიანების შესაძლებლობები, მათთვის მსახურების შესაძლებლობების მინიჭებით.

უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლის, რაოდენ მნიშვნელოვანია წმინდა წერილის განაწესი, რომ „დაე, ყოველმა [ქალმა და კაცმა] შეისწავლო[ნ] თავი[ანთი] მოვალეობა და იმოქმედო[ნ].“ ასე ვიქცევით? როდესაც ხელმძღვანელები და მშობლები სხვებს საშუალებას აძლევენ, რომ ისწავლონ და იმოქმედონ თავადვე, ისინი იფურჩქნებიან და აყვავდებიან. შესაძლოა უფრო მარტივი იყოს, ერთგულ წევრებს მეორე მოწოდება მივცეთ, მაგრამ უმჯობესია, რომ ვისგანაც ნაკლებად მოსალოდნელია მსახურება, სწორედ ისინი მოვიწვიოთ, რათა მათ შეძლონ სწავლა და გაზრდა.

ქრისტე რომ ფიზიკურად აქ იყოს, იგი მოინახულებდა ავადმყოფებს, ასწავლიდა საკვირაო სკოლის გაკვეთილს, გულნატკენ ახალგაზრდა ქალბატონთან ჩამოჯდებოდა და დალოცავდა ბავშვებს. უფალს შეუძლია საკუთარი საქმის თავადვე განხორციელება. მაგრამ უფალი ამ პრინციპით ცხოვრობს, მოქმედებისა და სწავლის საშუალებას გვაძლევს, ამიტომაც თავის ნაცვლად გვაგზავნის.

ღვთის საქმეში მონაწილეობასთან ერთად მოდის „უფლება, პრივილეგია და პასუხისმგებლობა, [წარმოადგინო] უფალი [იესო ქრისტე].” როდესაც ჩვენ ვმსახურობთ ქრისტეს განდიდებისთვის და არა საკუთარი თავისთვის, ჩვენი მსახურება სიხარულს იძენს. თუ ჩვენი გაკვეთილის, შეხვედრის, მზრუნველობის ვიზიტის ან ღონისძების შემდეგ სხვებს ქრისტე უფრო დაამახსოვრდებათ, ვიდრე ჩვენ, ე.ი. ენერგიულად ვმუშაობთ.

როდესაც გულმოდგინედ ვცდილობთ, მხსნელი წარმოვადგინოთ, ჩვენ უფალს ვემსგავსებით. ასეთია საუკეთესო მზადების გზა იმ წმინდა მომენტისათვის, როდესაც თითოეული ჩვენგანი მოიდრეკს მუხლს და აღიარებს, რომ იესო არის ქრისტე, რასაც ვმოწმობ, რომ იგი ჭეშმარიტად არის, და რომ პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი არის უფლის „ხმა … დედამიწის კიდეებ[ამდე]“, რომელიც გვეხმარება „[მოვემზადოთ] … იმისთვის, რაც მოვა.“ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. რასელ მ. ნელსონი, „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა“, ლიახონა, ნოემბერი, 2024, 121.

  2. იხ. მოძღვრება და აღთქმები 4:2–4.

  3. რასელ მ. ნელსონი „უფალი იესო ქრისტე ისევ მოვა,“ 121.

  4. იხ. მოძღვრება და აღთქმები 76:5-6.

  5. იხ. იოანე 10:10.

  6. იხ. მოძღვრება და აღთქმები 21:9.

  7. იხ. მოძღვრება და აღთქმები 88:19.

  8. იხ. დაბადება 1.

  9. მხსნელის ტალანტების იგავში, ბატონი „მცირედ“ პასუხისმგებლობას ანიჭებს თითოეულ მსახურს. ბატონი ყურადღებას ამახვილებდა თითოეული მსახურის მიერ „მრავალზე“ გაბატონებისკენ წინსვლაზე და ნაკლებად აღელვებდა მისი საქონლის ამონაგები. ის ერთი მსახური, რომელსაც ეშინოდა და არ იშრომა, საბოლოოდ განიკიცხა და ვერ განვითარდა. (იხ. მათე 25:14-28.)

  10. იხ. ლუკა 21:19. უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლის, რომ „სამართლიანი საქმე აუცილებელია სულიერი განვითარებისათვის“ (“Things as They Really Are 2.0” [worldwide devotional for young adults, Nov. 3, 2024], Gospel Library).

  11. იხ. მოძღვრება და აღთქმები 10:4.

  12. იხ. მოსია 4:24.

  13. See Russell M. Nelson, “What We Are Learning and Will Never Forget,” Liahona, May 2021, 79: „ღმერთს სურს, რომ ჩვენ ერთად ვშრომობდეთ და ერთმანეთს ვეხმარებოდეთ. ამიტომ გვგზავნის იგი დედამიწაზე ოჯახებით და გვაყალიბებს მეურვეობებად და პალოებად. აი, ამიტომ გვთხოვს უფალი, რომ ვიმსახუროთ და ვემსახუროთ ერთმანეთს. … ჩვენ ერთად გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე ცალ-ცალკე. ღმერთის ბედნიერების გეგმა ჩაიშლებოდა, მისი შვილები რომ ერთმანეთისგან დაშორებული დარჩენილიყვნენ.“

  14. იხ. გალატელთა 6:2; იხ. ასევე მოსია 18:8–9.

  15. პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი ასწავლიდა, „იყო მსახურებისთვის მოწოდებული არის მოწოდება გვიყვარდეს ბატონი, რომელსაც ვემსახურებით. ეს არის მოწოდება, რომ შეიცვალოს ჩვენი ბუნება“ (“As a Child,” Liahona, May 2006, 17).

  16. See Henry B. Eyring, “Should a Latter-day Saint Sell a Product When Its Use Violates the Word of Wisdom?,” Ensign, Apr. 1977, 30.

  17. იხ. მოსია 18:26; იხ. ასევე მოსია 27:5.

  18. იხ. 2 ნეფი 3:13, 24.

  19. იხ. იაკობი 4:7.

  20. იხ. ესაია 40:29-31; 2 კორინთელთა 12:9.

  21. იხ. მათე 14:15-21. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცირედი ხუთი ცალი პური და ორი თევზი მიუტანეს უფალს უამრავი ხალხის რაოდენობის გამოსაკვებად, მხსნელმა მადლიერებით მიიღო ის, რაც შესთავაზეს და გაამრავლა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სჭირდებოდათ. ამ სასწაულის ერთ-ერთი დიდებული გაკვეთილი ისაა, რომ რასაც მხსნელი გვთავაზობს, ყოველთვის საკმარისზე მეტია!

  22. სიტყვა sacrifice[მსხვერპლის] ლათინური ფუძე არის sacer, რაც წმინდას ან სიწმინდეს ნიშნავს, და facere, რაც კეთებას ნიშნავს. როდესაც მსხვერპლს ვიღებთ ღმერთისათვის, უფალი გვხდის წმინდას. (იხ. ჰელამანი 3:35; მოძღვრება და აღთქმები 132:50).

  23. იხ. 3 ნეფი 27:14.

  24. იხ. მოძღვრება და აღთქმები 15:6; 16:6; 18:10-16.

  25. იხ. მორონი 7:2; ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 4.1, სახარების ბიბლიოთეკა.

  26. იხ. „მოდით განვაგრძოთ“ საგალობლები და საბავშვო სიმღერები, გვ. 10.

  27. პირადი გამოცდილება და მიმოწერა, 2025 წ. 4 იანვარი. სახელი შეცვლილია.

  28. იხ. მათე 10:5–8; ლუკა 10:1–9; ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 4.2.6.

  29. იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:99; უხუცეს დევიდ ა. ბედნართან საუბრიდან, დეკემბერი, 2024.

  30. იხ. ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:20. ჩვენი ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ ეკლესიის მომავალი ხელმძღვანელები. მათ ახლაც შეუძლიათ ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან წილად: ეს ჭეშმარიტება შევნიშნე, როდესაც ვმსახურობდი იესო ქრისტეს 744 შესანიშნავ მოწაფესთან ერთად, ილინოისის ჩიკაგოს მისიაში, 2019 წლიდან 2022 წლამდე. კოვიდის პერიოდში, ქრისტეს ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერი მოწაფეები ღვთის საქმეს წინ მიუძღვოდნენ ახალი სიმაღლეებისაკენ შესანიშნავი და ინოვაციური გზებით.

  31. იხ. 2 ნეფი 27:20-21.

  32. იხ. იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო (2023), 3.

  33. იხ. იაკობი 1:17, 19, სადაც იაკობის დავალება იყო უფლის დავალება. მან არ განადიდა თავისი თანამდებობა საკუთარი თავისთვის, არამედ უფლისთვის, რათა ესწავლებინა ღვთის სიტყვა და ამგვარად, უმწიკვლო აღმოჩენილიყო ბოლო დღეს.

  34. იხ. 3 ნეფი 27:27.

  35. იხ. მოძღვრება და აღთქმები 1:11–12.