უშუალოდ ჩვენ თვალწინ
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში იზრდება წევრების, ოჯახების, მისიებისა და მისიონერების, შეკრების შენობებისა და ტაძრების რაოდენობა.
დებო და ძმებო, მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები. გვიყვარხართ; მადლიერნი ვართ თქვენთვის; თავს დალოცვილად ვგრძნობთ თქვენი ლოცვების გამო.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ბოლო კონფერენციაზე თქვა: „ხედავთ, რა ხდება უშუალოდ ჩვენ თვალწინ? ვლოცულობ იმაზედ, რომ არ გამოვტოვოთ ამ მომენტის სიდიადე! უფალი მართლაც აჩქარებს თავის საქმეს“.
აჩქარებს თავის საქმეს. „აჩქარებს“ მნიშვნელოვანი სიტყვაა. ის გულისხმობს სწრაფ მოძრაობას, დაჩქარებას და გადაუდებლობასაც კი. ეკლესიის ზრდასა და ქრისტეს გეგმაში აჩქარებას აქვს ადგილი. და ჩვენ ყველანი მისი ნაწილი ვართ.
1834 წ. აპრილში, კირტლანდში, ოჰაიოში, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მღვდლობის მატარებელი ყველა პირი, სკოლის პატარა შენობაში, დაახლოებით 14 ფუტის (4.3 კვ.მ. ფართობზე), შეკრიბა. ამ საკონფერენციო დარბაზში ათობით ასეთი სკოლა მოთავსდებოდა და თავისუფალი ადგილიც დარჩებოდა. ჯოზეფ სმითმა თქვა: „ამ საღამოს, თქვენ ხედავთ ერთ მუჭა სამღვდელოებას, მაგრამ ეს ეკლესია აავსებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას, იგი აავსებს მსოფლიოს“.
ეს წინასწარმეტყველება სრულდება „უშუალოდ ჩვენ თვალწინ“. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში იზრდება წევრების, ოჯახების, მისიებისა და მისიონერების, შეკრების შენობებისა და ტაძრების რაოდენობა, აგრეთვე მთელ მსოფლიოში იზრდება სტუდენტთა რაოდენობა ჩვენს სემინარიებში, ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში.
ჩვენ მადლიერნი ვართ დედამიწაზე ყოფნისთვის ამ დროს, როცა ეკლესია რიცხობრივად იზრდება და მატულობს მისი გავლენა, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ჩვენი წევრების ცხოვრებაში და გულებში ხდება. ჩვენ გვიცნობენ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს. ჩვენ ვაზიარებთ დამოწმებებს მისი, მისი ეკლესიის, მისი გზებისა და მისი აღთქმის გზის შესახებ. ჩვენ მისი ხალხი ვართ, ის კი ჩვენი მხსნელია.
გაოცებული ვარ იმით, რასაც პრეზიდენტი ნელსონი „ამ მომენტის დიდებას“ ეძახის და ღრმა მადლიერებას გამოვხატავ უფლისადმი მისი საქმისთვის. მე გიწვევთ, მტკიცედ ვიდგეთ, როგორც უფლის მოწაფენი, როგორც ძველი, ისე ახალი წინასწარმეტყველებების აღსრულების მოწმენი.
არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ყვირიან: „აჰა, აქ და აჰა, იქ“, ზუსტად როგორც ეს ჯოზეფ სმითის დროს ხდებოდა. თუმცა, ისინი არიან და იქნებიან მხოლოდ სქოლიოები ამ კეთილშობილ ნაშრომში. გახსოვდეთ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის სიტყვები: „ვერცერთი უწმინდური ხელი ვერ შეაჩერებს ამ საქმის წინსვლას; დევნა შეიძლება გამძაფრდეს … მაგრამ ღვთის ჭეშმარიტება ივლის წინ თამამად, ღირსეულად და დამოუკიდებლად, სანამ არ შეაღწევს ყოველ კონტინენტზე, მოინახულებს ყოველ მხარეს, მოივლის ყველა ქვეყანას და გაიჟღერებს ყოველ ყურში, სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიადი იეღოვა არ იტყვის, რომ საქმე შესრულდა“.
ამ წლის დავალებებში, მე წინა რიგიდან ვუცქერდი, როგორ „აჩქარებს [უფალი] თავის საქმეს. ეკლესია არნახული ტემპით აშენებს ტაძრებს, აძლევს რა უფრო მეტ წევრს შესაძლებლობას, იმსახურონ უფლის სახლში. მეორე: მისიონერული საქმე მწყემსი კეთილის, იესო ქრისტეს, ფარაში რეკორდული რაოდენობის წევრებს კრებს. და მესამე: ეკლესიური განათლება მრავალი ფორმით ახალ სიმაღლეზე ავიდა მათ განსწავლაში, რომლებიც „ეძიებენ ამ იესოს“.
დღეს ეკლესიის 367 ტაძარი დიზაინის, აშენებისა თუ ფუნქციონირების სხვადასხვა სტადიაში იმყოფება. რა მიზნით? პასუხი ყოველ ტაძარზეა გამოცხადებული: „სიწმიდე უფლისა“. ტაძარი გვიხსნის კარს ყველაზე მაღალი დალოცვების მისაღებად, რომლებიც მამაზეციერს ყოველი ჩვენგანისთვის აქვს. დებო და ძმებო, ჩვენ ვაჩქარებთ ჩვენს სიწმიდეს, როცა ვცხოვრობთ ისე, რომ ტაძარში შესვლის ღირსნი ვართ, როცა უფლის სახლში თაყვანს ვცემთ ღმერთს და როცა ღმერთთან აღთქმებს ვდებთ ჩვენთვის და საბურველის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი წინაპრებისთვის.
პრეზიდენტმა ნელსონმა თქვა: „მოწინააღმდეგის იერიში უფრო და უფრო იზრდება თავისი ინტენსიურობითა და მრავალფეროვნებით. არასდროს არ ყოფილა ამაზე დიდი საჭიროება, სისტემატურად ვიაროთ ტაძარში. გევედრებით, ლოცვით გადახედეთ იმას, როგორ ხარჯავთ დროს“. უფლის სახლში ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ უფლის წმინდა გარემოცვა და ამაღლებული სიმშვიდე.
გასულ წელს მე არგენტინის მენდოზას ტაძრის მიძღვნაზე თავმჯდომარეობის პატივი მერგო. ჩემი გზავნილი ეყრდნობოდა უხუცეს მელვინ ჯ. ბალარდის 1926 წ. წინასწარმეტყველებას, რომ ცოტა ხნით, უფლის საქმე ნელი ტემპით წავიდოდა სამხრეთ ამერიკაში, „როგორც მუხა, რომელიც რკოდან ნელ-ნელა იზრდება. „ის ერთ დრეში არ ამოვა, მაგრამ ათასობით ადამიანი შეუერთდებოდა ეკლესიას და სამხრეთ ამერიკის ხალხები გახდებიან „ეკლესიის ძალა“. მე ვიხილე, როგორ აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება უშუალოდ ჩემ თვალწინ.
მენდოზა, ოდესღაც პატარა რკო, ძლიერ მუხად იქცა. ასეთივე ზრდა აღინიშნება ოკეანის კონტინენტებსა და კუნძულებს მიღმა.
ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი თავის საქმეს მისიებშიც აჩქარებს. 2024 წელს 80 000 მისიონერმა 450 მისიაში იმსახურა. აქედან ოცდათექვსმეტი ახალი მისიაა. გასულ წელს მისიონერულმა საქმემ 300 000-ზე მეტი ახალი წევრი შემატა ეკლესიას. რიცხვებზე მეტად, შეკრების სულს მოჰყავს სულები იესო ქრისტესთან და მის სახარებასთან.
მე ვფიქრობ მოციქულებზე ბრიგამ იანგზე და ჰიბერ ს. კიმბალზე, რომლებიც 1839 წელს ბრიტანეთის კუნძულებზე მისიონერებად გააგზავნეს. ისინი შეუძლოდ იყვნენ; მათ მოუწიათ ავადმყოფი, გაჭირვებული ოჯახის წევრების დატოვება. მიუხედავად ამისა, ეს ორი ფურგონში ავიდა, და სანამ მათ ჯერ კიდევ საყვარელი ადამიანები ხედავდნენ, ჰიბერმა თქვა: „მოდი, ავდგეთ და ხელი დავუქნიოთ“. ორივეს ფეხზე დგომა უჭირდა, მაგრამ მათ მაინც დაიყვირეს: „ვაშა, ვაშა ისრაელს“.
მე უფლის საქმისადმი ასეთივე ენთუზიაზმი ლიმაში, პერუში ვიხილე, როცა შევხვდი მისიონერებს მისიონერთა მომზადების ცენტრიდან და მისიებიდან ლიმაში. რა სანახაობა იყო! მე უშუალოდ ჩემ თვალწინ აჩქარება ვიხილე. ახლა, მხოლოდ ქ. ლიმაში შვიდი მისიაა.
ჩვენი შეკრების ბოლოს, მისიონერებმა ჩემთვის განსაკუთრებული სიურპრიზი მოამზადეს. ისინი ფეხზე ადგნენ და დაიყვირეს: „ვაშა ისრაელს“. არასოდეს დამავიწყდება ეს მომენტი; ნეტავ, ყოველი თქვენგანი იქ ყოფილიყო. უშუალოდ ჩემ თვალწინ იყვნენ მისიონერები, რომლებმაც გვერდზე გადადეს „ამაქვეყნიური“ რათა უფალს ემსახურონ და დააჩქარონ მისი მოსვლა.
ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი აჩქარებს განათლების შესაძლებლობებს ჩვენი წევრებისთვის და სხვა მრწამსის ადამიანებისთვისაც კი, მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი რამ, რითიც გამოვირჩევით როგორც ეკლესია, არის დიდი ყურადღება განათლებაზე. უფალმა უბრძანა აღდგენის ადრეულ დღეებში, „ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“. ზუსტად ეს ხდება დღეს და ეს ხმამაღალ „ვაშას“ იმსახურებს.
ამჟამად 800 000-ზე მეტმა სტუდენტმა მთელი მსოფლიოდან ჩააბარა სემინარიასა თუ ინსტიტუტში. ეს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა გზით იკრიბებიან — დილის ადრეულ საათებში, დღისით და საღამოს, აგრეთვე საშინაო განათლების მიზნით. ისინი არიან ძლიერი, მართალი ბატალიონი. ისინი ერთმანეთისგან ძალას იღებენ, როცა ეცნობიან იესო ქრისტეს, მისდევენ მას და მოწმობენ მასზე, როგორც ღვთის ძეზე.
გასულ შემოდგომას, იუტას უნივერსიტეტში ჩატარებულ ღვთისმსახურებაზე, მე ვესაუბრე სემინარიისა და ინსტიტუტის სტუდენტებსა და მათ მშობლებს. აუდიტორია სავსე იყო. მათი დასწრება ბევრს მეტყველებდა იესო ქრისტეს შეცნობისა და მის კვალზე სიარულის სურვილის შესახებ. ჩემი გზავნილი მათთვის ნათელი იყო: დაუთმეთ უფალს სათანადო დრო. მე ვურჩიე მათ, დაებალანსებინათ სწავლა ჭეშმარიტი, უმაღლესი განათლებით, „ცოცხალი ღვთის ძის“ შეცნობითაც კი.
დღეს იმავეს ვთხოვ ყველას: რა აუცილებელი საქმეებიც არ უნდა გქონდეთ, დაუთმეთ იმდენივე დრო (არა დარჩენილი დრო) უფალს, წმინდა წერილის პირადი სწავლისთვის, ოჯახთან ერთად მოდი და გამომყევისსწავლას, ლოცვას, ეკლესიის მოწოდებებს, მსახურებას, ზიარების მიღებას, ტაძარში ღვთისმსახურებას და ღვთის საქმეზე ფიქრს. ჩვენმა უფალმა და მხსნელმა თქვა: „ისწავლეთ ჩემგან … და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“. დაუჯერეთ მას. და დაუთმეთ შესაფერისი დრო.
პრეზიდენტმა ნელსონმა დაამატა: „გევედრებით, მიანდეთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში. დაუთმეთ უფალს თქვენი დროის სამართლიანი ნაწილი. და მაშინ იხილავთ, რა მოუვა თქვენს პოზიტიურ სულიერ იმპულსს“.
ჩვენ ვხედავთ, როგორ იკრებს ძალას ეს იმპულსი სემინარიებში, ინსტიტუტებში და ეკლესიის უნივერსიტეტებში. ასეთ გარემოცვაში უფალი პირველ ადგილზე დგას. ასე უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში.
კიდევ ერთი სფერო, რომელიც გვიჩვენებს ეკლესიაში განათლების გავლენის ზრდას, არის BYU–Pathway Worldwide. მთელ მსოფლიოში ჩარიცხულ სტუდენტთა რიცხვმა 75 000 მიაღწია და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. მათი უმეტესობა წევრები არიან, ერთ მესამედზე მეტი აფრიკიდან. Pathway განათლებაზე წვდომას ეხება. კურსის დამთავრება ნიშნავს დასაქმების შესაძლებლობას, დასაქმება კი ოჯახების უკეთეს ცხოვრებას და უფლისთვის მსახურების უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.
უგანდაში პალოს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მე შევიტყვე, რომ პალოს მთლიანი პრეზიდენტობა BYU–Pathway პროგრამის სტუდენტები იყვნენ. რაც უფრო მეტად ვართ მომზადებულნი მიწიერად და სულიერად, მით უფრო მეტად შევძლებთ მოწინააღმდეგის ცბიერი თავდასხმების აღკვეთას. გახსოვდეთ პეტრე მოციქულის სიტყვები: „ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“.
მესმის, რომ სახარების სასიხარულო ამბების მიუხედავად არსებობენ გასაჭირში მყოფი ადამიანები, რომლებსაც რწმენასთან დაკავშირებით აქვთ გამოწვევები, ეჭვები და შეკითხვები, რომლებზედაც პასუხი არ აქვთ. დებო და ძმებო, პასუხია იესო ქრისტე. ქრისტეთი დაიწყეთ. ეძებეთ მისი ხელი თქვენს ცხოვრებაში. მოუსმინეთ მას. „ნუ შეკრთება თქვენი გული“, უთხრა მან მოწაფეებს თავისი ცხოვრების ბოლო საათებში, გეთსიმანიამდე, სანამ იერუსალიმის ქუჩებში ჯვრის ტარება მოუწევდა, გოლგოთამდე, სადაც მან თავისი გამომსყიდველი მსხვერპლი დაასრულა, რაც მხოლოდ მას, ღვთის ერთადერთ ძეს, შეეძლო.
იცოდეთ, რომ მას ესმის თქვენი. მან თავის თავზე აიღო ყველა ჩვენი ცოდვა, შეცდომა, უბედურება და ყველაზე მძიმე დღეები, რათა კვლავ შევძლოთ მამაზეციერთან მარადისობაში ცხოვრება. მან თქვა: „მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ“. იესო ქრისტეს რწმენას შეუძლია „აგამაღლოს“ და განკურნოს შენი დაჭრილი სული. ენდეთ მას და თქვენ დააჩქარებთ დაბრუნებას „მისი სიყვარულის მკლავებში“.
მე კვლავ ხაზს ვუსვამ ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ხედავთ, რა ხდება უშუალოდ ჩვენ თვალწინ? ვლოცულობ იმაზედ, რომ არ გამოვტოვოთ ამ მომენტის სიდიადე! უფალი მართლაც აჩქარებს თავის საქმეს“. დაე, ჩვენ, როგორც ჩვენი დროის მოწაფეებმა, ჩვენი უფლისა და მხსნელის დაბრუნებისთვის მზადებისას, ვიყვიროთ: „ვაშა ისრაელს“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.