ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს
(საქმეები 3:21)
ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული „კარგი ამბავი“ არის გზავნილი, რომ უფალმა იესო ქრისტემ აღადგინა თავისი სახარება და ეკლესია ამ უკანასკნელ დღეებში.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ზუსტად 195 წლის წინ, 1830 წლის 6 აპრილს დაარსდა.
ამ ნიშანდობლივი და სასიხარულო შემთხვევის გამო მხოლოდ მეგობრებისა და მორწმუნეთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა. ყოველ იქ მყოფზე სულიწმინდა უხვად გადმოიღვარა, როცა ზიარების წეს-ჩვეულება, სულიწმინდის ძღვენის გადაცემა და მღვდლობის წეს-ჩვეულებები ჩატარდა და იესო ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებანი იქადაგეს.
თავისი ეკლესიის ხელახლად დაარსებისას უფალმა გამოცხადებით განაწესა 24 წლის ჯოზეფ სმითი ეკლესიის მიწიერ ხელმძღვანელად: „მჭვრეტი, თარჯიმანი, წინასწარმეტყველი და იესო ქრისტეს მოციქული, ეკლესიის უხუცესი, მამა ღმერთის ნებითა და თქვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით“.
მე გულმოდგინედ ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის, როდესაც ერთად განვიხილავთ მსოფლიო ისტორიაში ამ ერთადერთი მოვლენის მნიშვნელობასა და ხანგრძლივ გავლენას.
პირველი ხილვა
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ოფიციალური დაარსება თანმიმდევრული სასწაული მოვლენების კულმინაცია იყო. ამ მოვლენათა შორის პირველი, 10 წლის წინ, ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
1820 წლის გაზაფხულს ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ჯოზეფ სმითი, თავის სახლთან მდებარე პატარა ტყის კორომში გაემგზავრა სალოცავად. მას საკუთარი სულის ხსნასთან დაკავშირებული შეკითხვები ჰქონდა და ძალზედ სურდა გაეგო, „რომელი [ეკლესია] იყო ჭეშმარიტი, რათა „სცოდნოდა, რომელს შეერთებოდა“. ჯოზეფს სწამდა, რომ ღმერთი უპასუხებდა მის ლოცვას და მიმართულებას მისცემდა.
გთხოვთ შენიშნოთ, რომ ჯოზეფს არ ულოცია უბრალოდ იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გაეგო. ის უფრო იმისთვის ლოცულობდა, რომ გაეგო, რა იყო სწორი, რათა რაც სწორია, ის ეკეთებინა. ჯოზეფმა რწმენით იკითხა და გადაწყვეტილი ჰქონდა, მიღებული პასუხის თანახმად ემოქმედა.
„პასუხად ამ გულწფელ ლოცვაზე მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, მოევლინნენ ჯოზეფს და დაიწყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები „[ყველაფრის აღდგენა]“ (საქმე 3:21). ამ ხილვაში მან შეიტყო, რომ თავდაპირველი წინასწარმეტყველების სიკვდილის შემდეგ ქრისტეს ახალი აღთქმის ეკლესია აღარ არსებობდა დედამიწაზე“. ჯოზეფ სმითი მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მხსნელის უძველესი ეკლესიის სწავლების, უფლებამოსილების, აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების თავიდან აღდგენაში.
ჯოზეფმა დაადასტურა: „ვიხილე ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჰაერში ჩემს ზემოთ, რომელთა სიკაშკაშისა და ბრწყინვალების აღწერა შეუძლებელია. ერთი მათგანი დამელაპარაკა, სახელით მომმართა, მიუთითებდა რა მეორისაკენ და თქვა:ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მოუსმინე მას!“
ამ ხილვისა და შემდეგ ღვთიური გამოცდილებების მეშვეობით, ჯოზეფ სმითმა გაიაზრა, რომ ღმერთი და იესო ქრისტე იცნობდნენ მას, როგორც პიროვნებას, ზრუნავდნენ მის მარადიულ ხსნაზე და მათ მისთვის მისია ჰქონდათ, რომელიც ჯოზეფს უნდა შეესრულებინა. მან აგრეთვე შეიტყო უმნიშვნელოვანესი რამ სამების თვისებების, ბუნებისა და სრულყოფილების შესახებ და რომ მამა და ძე არიან ორი განსხვავებული ქმნილება. იესო ქრისტე არის ღვთის სულიერი და ხორციელი ძე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ჯოზეფ სმითმა განაცხადა, რომ ზეციური მამა და იესო ქრისტე ხორციელი არსებები არიან. მან თქვა: „მამას აქვს ხელშესახები სხეული, ხორცითა და ძვლებით, როგორც ადამიანს, ასევე ძეს; მაგრამ სულიწმინდას არ აქვს სხეული ხორცითა და ძვლებით, ვინაიდან სულიერი არსებაა“.
მე ვმოწმობ, რომ მამისა და ძის გამოცხადება იყო ის მოვლენა, რომლითაც დაიწყო დიდებული [აღსრულება] ყოველივე[სი], რაც ითქვა, ყოველი წმინდა წინასწარმეტყველის პირით, ამაქვეყნის დასაბამიდან“.
მორმონის წიგნი
სასწაულ გამოცდილებათა თანმიმდევრობაში მეორე, რომელმაც მხსნელის აღდგენილი ეკლესიის ოფიციალურ დაარსებამდე მიგვიყვანა, მორმონის წიგნის თარგმნა და მისი გამოჩენა იყო.
„ჩვენ ასევე ვმოწმობთ, რომ ჯოზეფ სმითს ებოძა ღვთის ძალა და ძღვენი, ეთარგმნა უძველესი ჩანაწერი - მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ეს წმინდა ტექსტი მოიცავს აღდგომიდან მალევე დასავლეთ ნახევარსფეროში იესო ქრისტეს პირადი მსახურების ჩანაწერს. მორმონის წიგნი ასწავლის ცხოვრების მიზნის შესახებ და გვიხსნის ქრისტეს მოძღვრებას, რომელიც ამ მიზნის ცენტრალური ნაწილია. მორმონის წიგნი, არის რა ბიბლიის თანმხლები, მოწმობს, რომ ყოველი ადამიანი არის მოსიყვარულე ზეციური მამის ძე ან ასული, რომ მას აქვს ღვთიური გეგმა ჩვენი ცხოვრებისთვის და რომ მისი ძე, იესო ქრისტე, დღესაც გვესაუბრება ისევე, როგორც ძველ დროში“.
როგორც მხსნელის აღდგენილი ეკლესიის წევრებს ჩვენ გვწამს, რომ „ბიბლია არის ღმერთის სიტყვა, რამდენადაც იგი სწორად არის თარგმნილი; ჩვენ ასევე გვწამს, რომ მორმონის წიგნი ღმერთის სიტყვაა“. მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ის მოწმობს ბიბლიის ჭეშმარიტების შესახებ და აღადგენს უბრალო, ძვირფას ჭეშმარიტებას, რომელიც დაიკარგა ბიბლიიდან.
მღვდლობა აღდგა
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ასწავლის, რომ თავდაპირველი, მხსნელის მიერ დაარსებული ეკლესია თავისი ღვთიური უფლებამოსილებით, სწავლებით, აღთქმებითა და წეს-ჩვეულებებით, აღარ არსებობდა დედამიწაზე. ძველი დროის წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა, უკანასკნელ დღეებში ყოველივეს აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველების თანახმად, პირადად გადასცეს მღვდლობის უფლებამოსილება ჯოზეფ სმითს და დაამტკიცეს მასზედ მღვდლობის გასაღებები. ეს იყო სასწაულ გამოცდილებათა თანმიმდევრობაში მესამე, რომელიც წინ უძღვოდა მხსნელის აღდგენილი ეკლესიის ოფიციალურ დაარსებას.
მღვდლობის უფლებამოსილება ნებას რთავს ღვთის მსახურებს, „[წარმოადგენდნენ უფალს] და [მოქმედებდნენ] მისი სახელით“. „მღვდლობის გასაღებები არის უფლებამოსილება, წარმართო მღვდლობის გამოყენება ღვთის შვილებისთვის“.
მამისა და ძის ხელმძღვანელობით, აღმდგარმა იოანე ნათლისმცემელმა 1829 წ. აღადგინა ცოდვების მისატევებელი, წყალში სრული ჩაძირვით ნათლობის უფლებამოსილება. იმავე წელს, პირველთაგან სამმა მოციქულმა - პეტრემ, იაკობმა და იოანემ, აღადგინეს მოციქულობა, მღვდლობის დამატებითი უფლებამოსილება და გასაღებები.
ეკლესიის ოფიციალური დაარსების ექვსი წლის შემდეგ, კირტლანდის ტაძარში, მოსემ, ელიასმა და ელიამ გადასცეს ჯოზეფს დამატებითი უფლებამოსილება, რომელიც საჭირო იყო უკანასკნელ დღეებში ღვთის საქმის დასასრულებლად.
მოსემ გადასცა ისრაელის შეკრების გასაღები.
ელიასმა გადასცა აბრაამის სახარების წყობა, მათ შორის აბრაამის აღთქმის აღდგენა.
ელიამ გადასცა ჩაბეჭდვის ძალის გასაღებები, უზრუნველყო რა უფლებამოსილება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დედამიწაზე შევასრულოთ წეს-ჩვეულებები, რომლებიც სამარადისოდ შეგვკრავს, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობების მარადიულობა, რომელსაც სიკვდილი ვერ დაძლევს.
იესო ქრისტეს ეკლესია დაარსდა
მორმონის წიგნის თარგმნისას ჯოზეფ სმითმა მიიღო გამოცხადებები, რომლებიც მიუთითებდა იმაზედ, რომ იესო ქრისტეს ეკლესია თავიდან დაარსდებოდა. მაგრამ უფალმა მისცა ჯოზეფს მითითება, მაშინვე არ დაეწყო უფლის ეკლესიის დაარსება. „წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების სულით“ უფალმა გაუმხილა ჯოზეფს „ზუსტი თარიღი, … როდესაც [მას] ხელახლა უნდა ჩამო[ეყალიბებინა] მისი ეკლესია აქ, დედამიწაზე.“
ეკლესია დაარსდა შესაფერისი თანმიმევრობით, მღვდლობის აღდგენისა და მორმონის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ. მორმონის წიგნის პირველი ასლები ხელმისაწვდომი გახდა 1830 წ. 26 მარტს, ეკლესია კი ოფიციალურად 6 აპრილს დაარსდა.
„უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია … ქრისტეს ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესიაა. ეკლესიამ მყარად დაისადგურა თავისი ქვაკუთხედის, იესო ქრისტეს, სრულყოფილ ცხოვრებაში, მის გამომსყიდველ ძალასა და მის აღდგენაში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იესო ქრისტემ კიდევ ერთხელ მოიხმო მოციქულები და უბოძა მათ მღვდლობის უფლებამოსილება. იგი გვიწვევს ყველას, მივიდეთ მასთან და მის ეკლესიასთან, რათა მივიღოთ სულიწმინდა, ხსნის წეს-ჩვეულებები და ხანგრძლივი სიხარული“.
ჟამთა სისრულის წყობა
ჯოზეფ სმითისადმი მამისა და ძის გამოცხადება, მორმონის წიგნის თარგმანი და გამოჩენა და მღდლობის უფლებამოსილებისა და გასაღებების აღდგენა, 195 წლის წინ უფლის აღდგენილი ეკლესიის დაარსების აუცილებელი წინაპირობები იყო.
ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველმა დანიელმა ახსნა სიზმარი, რომელშიც ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ლოდი და მთელი დედამიწა აღავსო. ეკლესიის დაარსების ერთი წლის შემდეგ უფალმა მისცა მითითება ჯოზეფ სმითს, რომ ღვთის სასუფევლის გასაღებები კვლავ „გადაეცა ადამიანს დედამიწაზე“ და „იქიდან გავრცელდება [იესო ქრისტეს] სახარება დედამიწის კიდეებამდე, ვითარცა მთიდან მოწყვეტილი ლოდი, ხელთუქმნელი“.
მე ვმოწმობ: უფალი ასრულებს თავის დაპირებას. მხსნელის აღდგენილი ეკლესია მთელ მსოფლიოში ყალიბდება და ის გახლავთ იარაღი, რომლითაც ღმერთმა „ქრისტეში [უნდა მოუყაროს თავი] ყოველივე[ს], რაც ცაშია და რაც მიწაზეა“.
უკანასკნელ დღეთა უფლის საქმე არის საკითხი, რომელიც ღვთის ხალხს ყოველ ეპოქაში აინტერესებდა; ამ თემაზე წინასწარმეტყველები, მღვდლები და მეფეები განსაკუთრებული სიამოვნებით მსჯელობდნენ; ისინი სიხარულით, მოუთმენლად ელოდებოდნენ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ; და ზეციური, სასიხარული მოლოდინით მღეროდნენ და წერდნენ წინასწარმეტყველებებს ამ დღესთან დაკავშირებით“.
სახარების ამ უდიდეს და ბოლო წყობაში, უნდა მოხდეს „სავსე, მთელი და სრულყოფილი დაკავშირება და გაერთიანება წყობებისა და გასაღებების, ძალებისა და ბრწყინვალებების და გამოცხადდეს ადამის ჟამიდან დღევანდელ დღემდე. და არა მარტო ეს, ასევე ის, რაც არასდროს ყოფილა გამოცხადებული ამაქვეყნის დასაბამიდან … გამოეცხადებათ … ჟამთა სისრულის წყობაში“.
წინასწარმეტყველმა ჯოზფმა შემდგომ ახსნა: ყველა წეს-ჩვეულება და ვალდებულება, რომელიც ოდესმე მოეთხოვებოდა მღვდლობას, ყოვლისშემძლის მითითებებისა და ბრძანებების მიხედვით ნებისმიერ წყობაში, უნდა იყოს ბოლო წყობაში, … ყოველი წინასწარმეტყველის პირით ნახსენები აღდგენის განხორციელებისთვის“.
დაპირებები და დამოწმება
მე ვეცადე, შემეჯამებინა ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული „კარგი ამბავის“ ძირითადი ელემენტები რომლის მიღებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია - გზავნილი, რომ უფალმა იესო ქრისტემ აღადგინა თავისი სახარება და ეკლესია ამ უკანასკნელ დღეებში.
მე გიწვევთ ყველას, შეისწავლოთ ეს გზავნილი და დაადასტუროთ იგი. მე გპირდებით, რომ „ვინც ლოცვით სწავლობენ აღდგენის გზავნილს და რწმენით მოქმედებენ, იქნებიან დალოცვილნი და იპოვიან საკუთარ მოწმობას მის ღვთიურობაზე და მის დანიშნულებაზე - მოამზადოს სამყარო ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს დაპირებული მეორე მოსვლისთვის“. როდესაც მხურვალედ ლოცულობთ მოლოდინით, რომ მიიღებთ ღმერთისგან პასუხს და შესაბამისად იმოქმედებთ, როგორც ეს ახალგაზრდა ჯოზეფ სმითის შემთხვევაში იყო, ამ ღვთიური მოწმობის ამოცნობისა და მასზე საპასუხოდ მოქმედების თქვენი უნარი გაიზრდება.
მე ვმოწმობ, რომ ღმერთი, მარადიული მამა, არის ჩვენი მამა. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის მამის საყვარელი ძე და მისი ხორციელად მხოლოდშობილი. იგი ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველია.
და მე ასევე სიხარულით ვმოწმობ, რომ მამა და ძე მოევლინნენ ყმაწვილ ჯოზეფ სმითს, რათა დაწყებულიყო მხსნელის სახარების აღდგენა ამ უკანასკნელ დღეებში. მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ და ის ღვთის სიტყვას შეიცავს. მღვდლობის უფლებამოსილება —წარვადგინოთ უფალი და ვიმოქმედოთ მისი სახელით, კვლავ არსებობს დედამიწაზე. და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ქრისტეს ახალი აღთქმის აღდგენილი ეკლესია. მე დაბეჯითებით ვმოწმობ ყოველივე ამ ჭეშმარიტების შესახებ, უფალი იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.