შენა ხარ ქრისტე
(მათე 16:16)
ჩვენ გვსურს, ჩვენს შვილებს სწამდეთ იესო ქრისტე, აღთქმის მეშვეობით ეკუთვნოდნენ იესო ქრისტეს და მის ეკლესიას და ცდილობდნენ, დაემსგავსონ იესო ქრისტეს.
როცა ჩვენი ვაჟი, ელი, მეოთხე კლასში იყო, მისმა კლასმა იმიტირებული მთავრობა შექმნა, სადაც ელი თანატოლებმა კლასის მოსამართლედ აირჩიეს. ერთ დღეს, მათ მოქმედი მოსამართლე ეწვია იუტას მეორე ოლქიდან, ელის თავისი მანტია ჩააცვა და შემდეგ კლასის წინაშე ფიცი დაადებინა. ამან ელის ახალგაზრდა სულში სამართლის შესწავლისა და თავად რჯულმდებელის, იესო ქრისტეს, შეცნობის მხურვალე სურვილი აღძრა.
წლების განმავლობაში გულმოდგინე ძალისხმევის შემდეგ, ელიმ მიიღო მოწვევა გასაუბრებაზე მისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამართლის სკოლაში. მან მითხრა: „დედა, 10 კითხვა დამისვეს. ბოლო შეკითხვა იყო: „რომელ მორალურ ორიენტირებს ეყრდნობით“? მე ვთქვი, რომ ისტორიის მანძილზე კაცობრიობა ქმნიდა მორალის სისტემებს და საკუთარ ცხოვრებას არქეტიპებზე დაყრდნობით აწყობდა. მე ვცდილობ, ჩემი ცხოვრება იესო ქრისტეს მორალის არქეტიპზე ავაწყო. მე ვთქვი, რომ მთელ კაცობრიობას იესო ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგების სწავლების მიხედვით რომ ეცხოვრა, მთელი მსოფლიო უფრო კარგი და უფრო მშვიდი ადგილი იქნებოდა“. გასაუბრება რომ დამთავრდა, მან გაიფიქრა: „ეჰ, ჩაყვინთა ჩემმა ბავშვობის ოცნებამ. საერო აკადემიურ წრეებში არავის სურს იესო ქრისტეზე საუბარი“.
ორი კვირის შემდეგ ელი სკოლაში მიიღეს და სტიპენდიაც დაენიშნა. სწავლის დაწყებამდე ჩვენ სკოლის ტერიტორია მოვინახულეთ. სამართლის სკოლის შენობა სასახლეს ჰგავდა. ის ბორცვის მწვერვალზე იდგა და ულამაზეს ტბას გადმოჰყურებდა. აღსანიშნავია, რომ ჩინებულ ბიბლიოთეკასა და დიდებულ დერეფნებში გავლისას ჩვენ ალმებზე დაწერილი და ქვაზე ამოტვიფრული, მთაზე ქადაგების ელემენტები აღმოვაჩინეთ.
მთაზე ქადაგება უდავოდ, ყველა წარმოთქმულ სიტყვათა შორის, ყველაზე ნიშანდობლივია და სწავლებების თვალსაზრისით, პირველი. ვერცერთი სხვა ქადაგება, თავისი ნოვატორობით, ვერ დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ იესო ქრისტეს ბუნება, მისი ღვთიური თვისებები და ჩვენი საბოლოო მიზანი, დავემსგავსოთ მას.
მთელი ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტეს მოწაფეობა ჩვენს სახლებში და დაწყებით საზოგადოებაში 18 თვის ასაკიდან იწყება. ჩვენ გვსურს, ჩვენს შვილებს სწამდეთ იესო ქრისტე, აღთქმის მეშვეობით ეკუთვნოდნენ იესო ქრისტეს და მის ეკლესიას და ცდილობდნენ, დაემსგავსონ იესო ქრისტეს.
გწამდეთ იესო ქრისტე
პირველ რიგში, გწამდეთ იესო ქრისტე.
„პური სიცოცხლისა“ ქადაგების შემდეგ, „[უფლის] ბევრი მოწაფეთაგანი“ თვლიდა, რომ ძნელი იყო მისი სწავლებისა და მოძღვრების მიღება და „გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას.“ შემდეგ იესო მიბრუნდა თორმეტთაკენ და გულში ჩამწვდომი შეკითხვა დაუსვა მათ: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა“?
პეტრემ უპასუხა:
„უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
„ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“
როგორც პეტრე მოციქულმა გვიჩვენა ეს, მრწამსი არის „გწამდეს ვინმე ან რამე ან რამეს ჭეშმარიტად მიღება“. და იმისთვის, რომ ჩვენმა რწმენამ ხსნამდე მიგვიყვანოს, ის უფალ იესო ქრისტეზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ჩვენ ვავლენთ რწმენას იესო ქრისტეში, როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ის არსებობს, გვესმის მისი ჭეშმარიტი ხასიათი და ბუნება და ვიცით, რომ ვცხოვრობთ უფლის ნების თანახმად.
ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა ნელსონმა, განაცხადა: „რწმენა იესო ქრისტეში არის სარწმუნოების საფუძველი და ღვთიური ძალის გამტარი“.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, გააძლიერონ რწმენა იესო ქრისტეში და მის ღვთიურ ძალაზე მიიღონ წვდომა? ამისთვის შორს არ გვჭირდება წასვლა - თავად მხსნელზე უნდა გვქონდეს მიპყრობილი მზერა.
„[უფალმა] ხალხს მიმართა სიტყვებით:
„აჰა, მე ვარ იესო ქრისტე. …
„ადექით და ჩემთან მოდით. …
„ … შეკრებილები წინ მივიდნენ და მას ნეკნებზე შეეხნენ და იგრძნეს ლურსმნების კვალი მის ხელებსა და ტერფებზე; და ასე იქცეოდნენ, მიდიოდნენ რა სათითაოდ, სანამ ყოველმა არ იხილა საკუთარი თვალით და არ იგრძნო საკუთარი ხელით და ნამდვილად სცნო და დაამოწმა, რომ ეს არის ის, რომელზეც წერდნენწინასწარმეტყველები, რომელიც უნდა მოსულიყო“.
გიწვევთ დაფიქრდეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ბავშვების ცხოვრებაში. ესმით მათ დამოწმებები იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ? ხედავენ ისინი მისი მსახურებისა და ღვთიურობის საპატივცემო, სათაყვანისცემო გამოსახულებებს? გრძნობენ ისინი და აღიარებენ, რომ სულიწმინდა მოწმობს უფლის რეალობისა და ღვთაებრიობის შესახებ? იციან მათ მისი გზავნილისა და მისიის შესახებ?
მიეკუთვნებოდეთ იესო ქრისტესა და მის ეკლესიას
მეორე: მიეკუთვნებოდეთ იესო ქრისტესა და მის ეკლესიას.
მეფე ბენიამინის ხალხმა გულის ძლიერი შეცვლა განიცადეს და აღთქმით მიუძღვნეს საკუთარი ცხოვრება ღვთის ნების აღსრულებას. ღმერთთან და იესო ქრისტესთან დადებული ამ აღთქმის გამო, მათ ეწოდათ „ქრისტეს შვილებ[ი], მისი ძეებ[ი] და ასულებ[ი]“. ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, გვაკისრია აღთქმის ვალდებულება - ავაშენოთ მისი სასუფეველი და მოვემზადოთ უფლის დაბრუნებისთვის.
როგორ დავეხმაროთ ბავშვებს წმინდა აღთქმების დადებასა და დაცვაში? მოდი და გამომყევი სახელმძღვანელოს „ა“ და „ბ“ დანართებში ჩვენ ვხედავთ საუბრის წამოწყების ნიმუშებსა და გაკვეთილებს, რომლებიც გააძლიერებს ოჯახებს და მხარს დაუჭერს მასწავლებლებსა და ხელმძღვანელებს მათ წმინდა პასუხისმგებლობაში, მოამზადონ ბავშვები, მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთის აღთქმის გზაზე ცხოვრებისთვის.
დაემსგავსეთ იესო ქრისტეს
მესამე: დაემსგავსეთ იესო ქრისტეს.
მორმონის წიგნში მხსნელმა დამოძღვრა თავისი ახლად მოხმობილი მოწაფეები, რაც შეიძლება მეტად მიებაძათ მისთვის: „ამიტომ, როგორი ხალხი უნდა იყოთ? ჭეშმარიტად გეუბნებით: ისეთი, როგორიც მე ვარ“.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მონათლულ და წევრად დამტკიცებულ ბავშვებს, შეასრულონ თავიანთი აღთქმის პასუხისმგებლობა - შეიკრიბონ და სხვებიც შეკრიბონ იესო ქრისტეს ირგვლივ? მუდმივი მოწაფეობა მოითხოვს ჩვენგან, „[ვიყოთ] სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“.
როცა უფლის ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეებს იწვევთ, გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაუძღვეთ და გაუკვალოთ სავალი გზა, ასწავლეთ და დაეხმარეთ შეუერთდნენ ღმერთს. ითათბირეთ ამ უძვირფასეს პატარებთან, როცა ისინი ემზადებიან ასწავლონ, დაამოწმონ, ილოცონ ან იმსახურონ, რათა იყვნენ თავდაჯერებულები და განიცადონ სიხარული თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულების დროს. ეძიეთ შთაგონებული გზა, რათა დაეხმაროთ მათ შეიტყონ, რომ ეს მათი ეკლესიაა და რომ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მხსნელის დაბრუნებისთვის მოსამზადებლად.
როცა იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტალური ნაწილი ხდება, ჩვენი სურვილები და მათი შესრულების გზა სამუდამოდ იცვლება. მოქცევა ყველაფერს ცვლის! ეს ცვლის ჩვენს ბუნებას ისე, რომ „აღარ გვაქვს სიბოროტის კეთების სურვილი, არამედ მუდმივად გვაქვს სიკეთის კეთების სურვილი“. ეს ცვლის იმას, თუ როგორ ვატარებთ დროს, ვხარჯავთ რესურსებს, რას ვკითხულობთ, ვუყურებთ, ვუსმენთ და ვაზიარებთ. ეს იმასაც კი ცვლის, როგორ ვპასუხობთ გამორჩეულ, აკადემიურ, კარიერასთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე.
იესო ქრისტეს ნათელი ჩვენი ცხოვრების ყველი ასპექტში უნდა შევიტანოთ. თუ ჩვენ, სახლებში და ეკლესიის ყოველ შეკრებაზე, არ ვმოწმობთ მისი წინამიწიერი ღვთიურობის, მისი ღვთიური მისიის და მისი აღდგომის ჭეშმარიტებაზე, მაშინ ჩვენი სიყვარულის, მსახურების, პატიოსნების, თავდადების, მადლიერებისა და თანაგრძნობის გზავნილები შეიძლება გახდეს უბრალოდ სუსტი მოხსენება გააზრებული ცხოვრების შესახებ. იესო ქრისტეს გარეშე არ გვაქვს ძალა შევიცვალოთ, არ გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ და ვერ ვურიგდებით ცხოვრების განსაცდელს. თუ ჩვენ ზედაპირულად მივიღებთ ქრისტეს, ეს ჩვენი შვილებისთვის შეიძლება კატასტროფად იქცეს.
როცა ვეუბნებით შვილებს, რომ ისინი გვიყვარს, ვეუბნებით მათ აგრეთვე, რომ მათ მამაზეციერს და მხსნელს, იესო ქრისტეს, აგრეთვე უყვართ ისინი? ჩვენმა სიყვარულმა შეიძლება ანუგეშოს და შთააგონოს, მაგრამ მათ სიყვარულს შეუძლია განწმინდოს, აამაღლოს, და განკურნოს.
ეს იესო არ უნდა იყოს გამოგონილი იესო, გამარტივებული იესო, უსხეულო იესო, ჩვეულებრივი იესო ან უცნობი იესო, არამედ განდიდებული, ყოვლისმპყრობელი, აღმდგარი, ამაღლებული, სათაყვანო და ძალამოსილი, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომელსაც ძალუძს ხსნა. როგორც ერთმა ფილიპინელმა ბავშვმა მტკიცედ დამიმოწმა ერთ დღეს: „ღირს ჩვენი ხსნა“! იესო ქრისტეს წმინდა სახელით, „რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის [დიდ] მსხვერპლად“, ამინ.