გენერალური კონფერენცია
უფრთხილდით მეორე ცდუნებას
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:35

უფრთხილდით მეორე ცდუნებას

ნუ დაემალებით მათ, ვისაც უყვარხართ და მხარში დაგიდგებიან; პირიქით, გაიქეცით მათთან.

ერთი ორი წლის წინ, 12 წლის რომ გავხდი, აარონის მღვდლობის ქვორუმის ჩემთვის პირველ ლაშქრობაზე მომიწვიეს ღამის თევით. ეს იყო მოწვევა, რომელსაც დიდ ხანს ველოდი, რადგან მამაჩემი ქვორუმის ხელმძღვანელი იყო და ხშირად დადიოდა ლაშქრობაზე ჩვენი მეურვეობის ბიჭებთან ერთად, მე კი შინ მტოვებდა.

აღნიშნული დღე რომ დადგა, ვღელავდი. და უნდა გამოგიტყდეთ - სასოწარკვეთილად მსურდა დიდბიჭობა. გადაწყვეტილი მქონდა, თავი გამომეჩინა. მე მალევე გამომცადეს რათა დაედგინათ, შევძლებდი თუ არა ფეხის აწყობას და გავხდებოდი თუ არა ამ ჯგუფის ნაწილი.

მე დამავალეს მამაჩემის მანქანის გასაღების მოტანა, ხელმძღვანელების გასაშაყირებლად. ზუსტად არ მახსოვს, როგორ დავარწმუნე მამა, მაგრამ მალე ბიჭების გჯუფთან მივირბინე გასაღებით ხელში და ძალიან ვამაყობდი ჩემი მიღწევით.

მეორე დავალებამაც არ დააყოვნა. მე მანქანის კარი უნდა გამეღო და მძღოლის სავარძლის საზურგესა და საყვირის შორის ჯოხი უნდა ჩამეჭედა. შემდეგ კარები ისე უნდა ჩამეკეტა, რომ საყვირი ამუშავებულიყო და მანქანა ვერცერთ ხელმძღვანელს ვერ უნდა გაეღო ამ პრიმიტიული მოწყობილობის მოსაშორებლად.

აი აქედან იწყება ჩემთვის ძალიან სამარცხვინო ამბავი. როგორც კი ჯოხი მოვათავსე, მანქანა ჩავკეტე და დამალვის მიზნით რაც შეიძლება მალე ბუჩქებში მოვკურცხლე. მიწაზე რომ მოწყვეტილად დავჯექი, მწვავე ტკივილი ვიგრძენი. სიბნელეში და სიჩქარეში ვერ შევნიშნე, რომ მსხალისებურ კაკტუსზე დავჯექი.

ეკლოვანი მსხალისებრი კაკტუსი

ჩემი კივილი მანქანის საყვირის ხმამ გადაფარა. სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ კოჭლობით, ფრთხილად მანქანისკენ წავსულიყავი, „ცოდვები“ მეღიარებინა და ძალიან სამარცხვინო პირველი სამედიცინო დახმარება მეთხოვა.

იმ ღამის დარჩენილი საათები კარავში, მუცელზე წოლით, გავატარე, მამაჩემი კი, ბრტყელტუჩით ხელში, ეკლებს მაცლიდა იმ ადგილიდან … რომელზედაც რამდენიმე დღის განმავლობაში კომფორტულად ვერ ვიჯექი.

მე ეს მრავალჯერ გამხსენებია. ახლა მეცინება ჩემი ახალგაზრდობის სისულეების გამო, თუმცა ჩემთვის ნათელი გახდა გარკვეული ძირითადი პრინციპები.

მიწიერ ადამიანს, როგორც ჩანს, ახასიათებს ქცევის მრავალი მოდელი— მორგებისა და დამკვიდრების სურვილი, ხელიდან გაშვების შიში და შედეგების თავიდან ასაცილებლად, დამალვის აუცილებლობა. ზუსტადაც რომ ცქევის ამ ბოლო ასპექტზე გავამახვილებ დღეს ყურადღებას—დამალვა მას შემდეგ, რაც გავაკეთეთ რაღაც, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა.

მე არ გავუტოლებ ჩემს ბავშვურ ცელქობას მძიმე ცოდვას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სხვა პარალელების გავლება, რომლებიც გამოგვადგება მიწიერი მოგზაურობის დროს გამოცდების ჟამს.

ედემის ბაღში ადამსა და ევას იდილია ჰქონდათ—უხვი რაოდენობით საკვები, ბაღის შეუდარებელი სილამაზე—ბაღი არ იყო მხოლოდ ლამაზი, მასში არც სარეველა და არც ეკლიანი კაკტუსები იყო.

თუმცა, ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ ამ ბაღში ცხოვრება მათთვის საჭირო წინსვლას ზღუდავდა. ეს ბაღი მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი არა, არამედ მრავალთაგან პირველი ტესტი იყო, რომელსაც ისინი უნდა გამოეცადა, მოემზადებინა და ნება დაერთო მათი წინსვლისთვის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ანუ მამისა და ძის გარემოცვაში დასაბრუნებლად.

გეხსომებათ, რომ ბაღში წინააღმდეგობა ჰქონდათ. ლუციფერს ნება დართეს, გამოეცადა ადამი და ევა. მან პირველად აცდუნა ადამი, რომ მას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ხილი გაესინჯა. ადამმა, ახსოვდა რა მცნება, რომ არ უნდა ეჭამა ეს ხილი, წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ მოვიდა დალოცვილი ევა, რომელმაც არჩია ხილის დაგემოვნება და ადამიც დაარწმუნა.

მოგვიანებით, ადამმა და ევამ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო მამაზეციერის გეგმის აღსასრულებლად. მაგრამ ხილის დაგემოვნებით, მათ დაარღვიეს კანონი—კანონი, რომელიც პირდაპირ მამაზეციერმა დაუწესა. კეთილისა და ბოროტის მკაფიო გააზრებამ ალბათ ისინი სასოწარკვეთამდე მიიყვანა, როცა მამის ხმა გაიგეს და შეიტყვეს, რომ ის დაბრუნდა. ისინი მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ, რადგან მათ მართლაც არ ჰქონდათ სამოსი, ცხოვრობდნენ რა უმანკოების მდგომარეობაში. მაგრამ იმ მომენტში ალბათ უფრო მტკივნეული ტანსაცმლის არქონა კი არა, არამედ იმის გააზრება იყო, რომ მათ შესცოდეს. ისინი დაუცველები და საცოდავები იყვნენ. ისინი შიშველნი იყვნენ - ამ სიტყვის სრული გაგებით.

ლუციფერმა კი, რომელიც არასოდეს არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობებს, იცოდა რა მათი მდგომარეობა, კვლავ აცდუნა ისინი—ამჯერად, დაარწმუნა, დამალოდნენ ღმერთს.

ამ ცდუნებას, მე დავარქმევდი მას „მეორე ცდუნება“, შეიძლება ყველაზე დიდი შედეგი მოჰყვეს, თუკი მას დავნებდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, თავი ავარიდოთ პირველივე ცდუნებას, რათა ღვთის მცნებები არ დავარღვიოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე ყველას ექნება სხვადასხვა ტიპის ცდუნება . მომწიფებისა და წვდომის ზრდის გზაზე იმედია, აგრეთვე გაიზრდება პირველი ცდუნების თავიდან არიდების ძალაც ჩვენს მცდელობაში, დავემსგავსოთ მხსნელს, იესო ქრისტეს.

შეიძლება ვინმემ სცადოს დაემალოს ღმერთს, რადგან არ უნდა, რომ ამხილონ და ის შერცხვენილად ან დამნაშავედ გრძნობს თავს. თუმცა, უამრავი წმინდა წერილი გვასწავლის, რომ შეუძლებელია, დაემალო ღმერთს. რამდენიმეს ახლა გაგიზიარებთ:

უფალი ასწავლის ერემიას შემდეგი შეკითხვის მეშვეობით: „თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას? სიტყვა უფლისა. „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?

იაკობი კი გვასწავლიდა:

რადგან მისი თვალები კაცის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს

არ არის არც ბნელი და არც წყვდიადი, რომ იქ დაიმალოს ავისმოქმედი“.

მეფსალმუნემ, დავითმა, ძალიან პოეტურად წამოიძახა:

„უფალო, გამომცადე და მიცნობ მე.

„შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. …

„თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად. …

„საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?

„ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ შენ“!

ახალმოქცეულნი

მათთვის, ვინც ახლახანს შემოუერთდა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისეს ეკლესიას, მეორე ცდუნება ალბათ განსაკუთრებით რთული ჩანს. ნათლობის მეშვეობით თქვენ დადეთ აღთქმა, რომ აიღებდით საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელს, რაც მრავალი ადამიანისთვის ცხოვრების სტილის შეცვლას ნიშნავს. ცხოვრების სტილის შეცვლა არავისთვის არ არის ადვილი. ეს ხშირად მოითხოვს თქვენგან ჩვევების, წესებისა და კავშირების შეცვლასაც კი, იმისთვის რომ მამაზეციერს დაუახლოვდეთ.

მოწინააღმდეგემ იცის, რომ თქვენ, შესაძლოა, დაუცველი იყოთ მისი ცბიერი თავდასხმის წინააღმდეგ. ის მოგაჩვენებთ წარსულს, რომლითაც თქვენ ასე ხშირად უკმაყოფილონი იყავით, უზომოდ მიმზიდველად. ცილისმწამებელი, როგორც მას გამოცხადების წიგნში უწოდებენ, გაცდუნებთ ასეთი აზრებით: „შენ არ გძალუძს საკუთარი ცხოვრების შეცვლა; შენ ეს არ შეგიძლია; შენ არ ხარ ამ ადამიანების ნაწილი; ისინი არასოდეს მიგიღებენ; შენ მეტისმეტად სუსტი ხარ“.

თუ ეს სიტყვები ნაცნობია შენთვის, ვინც აღთქმის გზაზე ახლახანს დარგული ნერგი ხარ, გევედრები: არ დაუგდო ყური ცილისმწამებელის ხმას. გვიყვარხარ; შენ ეს შეგიძლია; ჩვენ მიგიღეთ; და მხსნელთან ერთად, შენ გექნება ყოველივეს შესრულების ძალა. ზოგჯერ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა, ნუ მოიტყუებ თავს იმის ფიქრით, რომ ხელს გკრავთ, თუკი ერთი ნაბიჯით ძველი ცხოვრების სტილს დაუბრუნდები. იესო ქრისტეს გამოსყიდვის შეუდარებელი ძალის მეშვეობით შენ შეგიძლია კვლავ განიკურნო. მაგრამ თუ მას დაემალე და ახალაღმოჩენილ რწმენას ჩამოშორდი, შენ ამით ჩამოშორდები იმ წყაროს, რომელსაც შეუძლია და მოგცემს კიდევაც ძალას, გადალახო ეს ყველაფერი.

ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ახალმოქცეულმა, გამიზიარა, რაოდენ რთულია განმარტოებაში რწმენის შენარჩუნება. დიდი ძალაა იმაში, რომ გახდე და დარჩე მხარდამჭერი თემის ნაწილი–ყველას შეუძლია წაბორძიკდეს, მაგრამ მაინც წინ მიდიან იესო ქრისტეს სიყვარულის მხარდაჭერით.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ „სოფლის დაძლევა არ არის ერთი ან ორი დღის მოვლენა. ეს ხდება ცხოვრების მანძილზე, როცა კვლავ და კვლავ გულში ვიკრავთ ქრისტეს მოძღვრებას. ჩვენ ვავითარებთ იესო ქრისტეს რწმენას ყოველდღიური მონანიებით და აღთქმების დაცვით, რაც გვაძლევს ძალას. ჩვენ ვრჩებით აღთქმის გზაზე და ვიღებთ სულიერი ძალის კურთხევას, პირად გამოცხადებას, გაძლიერებულ რწმენას და ანგელოზთა მსახურებას.

ფიზიკური დაზიანების მიღებისას თქვენი მდგომარეობა გაუარესდება და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ შესაფერისი სამედიცინო დახმარება არ მიიღეთ. იგივე ითქმის სულიერ ჭრილობებზეც. ხოლო მოუვლელი სულიერი ჭრილობები რისკის ქვეშ აყენებს თქვენს მარადიულ ხსნას. ნუ დაემალებით მათ, ვისაც უყვარხართ და მხარში დაგიდგებიან; პირიქით, გაიქეცით მათთან. კარგი ეპისკოპოსები, მრევლის პრეზიდენტები და ხელმძღვანელები დაგეხმარებიან ქრისტეს გამოსყიდვის ძალაზე წვდომაში.

მათ, ვინც შესაძლოა, იმალებიან, ვევედრებით: დაბრუნდით. თქვენ გჭირდებათ ის, რასაც იესო ქრისტეს სახარება და გამოსყიდვა გთავაზობთ, ჩვენ კი გვჭრდება ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. ღმერთმა იცის თქვენი ცოდვების შესახებ; თქვენ მას ვერ დაემალებით. შეურიგდით მას.

ყოველმა ჩვენგანმა, როგორც უფლის წმინდანმა, უნდა განავითაროს ეკლესიაში კუთვნილების კულტურა; ეკლესიის, რომელსაც უყვარს, იღებს და ამხნევებს ყველას, ვისაც სურს უფლის გზაზე წინსვლა.

უფრთხილდით მეორე ცდუნებას! ყური დაუგდეთ ძველ და თანამედროვე წინასწარმეტყველებს და იცოდეთ, რომ მოსიყვარულე მამას ვერსად დაემალებით.

პირიქით, გამოიყენეთ იესო ქრისტეს გამოსყიდვის საოცარი ძალა. ეს არის ჩვენი არსებობის მიზანი - მივიღოთ დასუსტებული მიწიერი სხეული, „ყოველგვარი უძლურებანის გავლენის ქვეშ“, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრ პირველივე ცდუნებას ვერ გაუძლებს; ვიქონიოთ წინსვლა მაშინაც კი, როცა ვერ გავუძლებთ ამ ცდუნებებს; ამის შემდეგ ვეძიოთ ღვთიური დახმარება, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მხსნელს და მამაზეციერს. ეს მისი გზაა! ეს არის ერთადერთი გზა! ამ ჭეშმარიტებებზე მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.