გენერალური კონფერენცია
ერთგულნი იმ რწმენისა, რომელსაც ჩვენი მშობლები ეტრფოდნენ
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:0

ერთგულნი იმ რწმენისა, რომელსაც ჩვენი მშობლები ეტრფოდნენ

გთხოვთ, ისწავლოთ და მიიღოთ ძალა თქვენი წინამორბედების რწმენიდან და დამოწმებებიდან.

როდესაც ტენესის ნეშვილის ტაძარში ვიმყოფებოდი ტაძრის შემოწმების მიზნით, მე, ამ დავალების ფარგლებში, მქონდა პრივილეგია, დამეთვალიერებინა უფლის ეს ულამაზესი სახლი. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მერი უონლასის ტილომ სახელწოდებით გააგრძელეთ რომელიც წინამძღვარი დების ოთახში ეკიდა.

ამ სურათს შემდეგი ამბავი უკავშირდება:

მისურის შტატში 1862 წელს, 14 წლის მერი უონლასი დაჰპირდა თავის მომაკვდავ დედინაცვალს, რომ იზრუნებდა, რომ მისი ინვალიდი მამა და მისი ოთხი ბევრად უმცროსი და-ძმა, ყველანი მოხვდებოდნენ დიდი მლაშე ტბის ველზე. … მერი მართავდა ხარებს და მეწველ ძროხებს, რომლებიც ფურგონში იყვნენ ჩაბმულები, სადაც მისი ლოგინს მიჯაჭვული მამა იმყოფებოდა და ის აგრეთვე ზრუნავდა თავის … და-ძმებზე. მოგზაურობის ყოველ დღეს ის კვებავდა ოჯახს საკვები მცენარეებით, ყვავილებითა და კენკრით. მისი ერთადერთი კომპასი იყო მითითება, რომელიც მან მიიღო: გააგრძელე დასავლეთისკენ მოძრაობა, სანამ ღრუბლები მთებად არ იქცევა.

ისინი იუტას ველში სექტემბერში მივიდნენ, მთელი გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში მოგზაურობის შემდეგ. მამამისი, მას შემდეგ, რაც ისინი იუტას ოლქში დასახლდნენ, მალევე გარდაიცვალა. მერი კი მოგვიანებით გათხოვდა და საკუთარი ოჯახი შექმნა.

ეს არის 14 წლის ახალგაზრდა ქალის დიადი ამბავი რწმენისა და ძალის შესახებ, რომელსაც შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ასწავლოს დღეს: „უბრალოდ გააგრძელეთ“.

„უბრალოდ გააგრძელეთ“, რაც ჩემს მშობლიურ ჰოლანდიურ ენაზე ჟღერს როგორც Gewoon Doorgaan, დედაჩემისა და მამაჩემის ცხოვრების დევიზია.

ჩემი მშობლები და მძახლები ჩვენი ოჯახის პიონერები არიან. მათ საკუთარი „დაბლობები“ გადაკვეთეს, ისევე როგორც უამრავმა სხვა ადამიანმა, რომელიც ეკლესიაში, უფლის ფარაში, ყოველდღე მოდიოდა. მათი ისტორიები ნაკლებად უკავშირდება ხარებსა და ფურგონებს, თუმცა იგივე გავლენას ახდენენ მომავალ თაობებზე.

მათ მიიღეს სახარება და ახალგაზრდა წლებში მოინათლნენ. ჩემს ორივე მშობელს რთული ბავშვბობა ჰქონდათ. მამაჩემი ინდონეზიაში, ჯავას კუნძულზე, გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის ოჯახს მოსწყვიტეს და საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს, სადაც მან ენით აღუწერელი სირთულეები გადაიტანა.

დედაჩემი არასრულფასოვან ოჯახში გაიზარდა და მასაც შეეხო მეორე მსოფლიო ომის შიმშილი და გაჭირვება. ზოგჯერ მას ტიტების ბოლქვების ჭამაც კი უწევდა. მამამისის ქმედებების და შემდგომ, დედასთან განქორწინების გამო, მისთვის ზოგჯერ რთული იყო, დაენახა მამაზეციერი როგორც მოსიყვარულე მამა.

ჩემმა მშობლებმა ეკლესიის ღონისძიებაზე გაიცნეს ერთმანეთი და მალევე გადაწყვიტეს დაქორწინება და შვეიცარიის, ბერნის ტაძარში ჩაბეჭდვა. რკინიგზის სადგურში ლოდინისას, ისინი ფიქრობდნენ, როგორ გაეტანათ თავი, რადგან ტაძარში წასასვლელად ისედაც მწირი დანაზოგის დახარჯვა მოუწიათ, მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. და ასეც მოხდა!

მათ შექმნეს ოჯახი და ამსტერდამის ცენტრში მდებარე სახლის სხვენში მოწყობილ, ძალიან მოკრძალებულ ოთახში ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი ტანსაცმელს ხელით რეცხავდნენ და როგორც იქნა, საკმარისი თანხა შეაგროვეს იმისთვის, რომ სარეცხი მანქანა ეყიდათ. სანამ ისინი მანქანის საყიდლად წავიდოდნენ, მათ ეპისკოპოსი ეწვიათ და სთხოვა, ამსტერდამში სამლოცველოს აშენებაში წვლილი შეეტანათ. მათ გადაწყვიტეს, რომ სარეცხი მანქანისთვის შეგროვებულ თანხას გაიღებდნენ და ხელით რეცხვას გააგრძელებდნენ.

ჩვენც, როგორც ოჯახმა, სხვა ოჯახების მსგავსად, გარკვეული სირთულეები გამოვიარეთ. თუმცა ამან უფრო გაგვაძლიერა და გააღრმავა ჩვენი რწმენა უფალი იესო ქრისტეს მიმართ, ზუსტად ისე, როგორც ეს ალმას შემთხვევაში იყო, როცა ის თავის ვაჟს, ჰელემანს, საკუთარ ისტორიას უზიარებდა და მოუყვა, რომ მას ყოველგვარი განსაცდელისა და უბედურების ჟამს მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან იგი უფალ იესო ქრისტეს მიენდო.

როგორ მოხდა, რომ ორი ადამიანი, რომლებმაც ახალგაზრდობაში ამდენი განსაცდელი განიცადეს, საუკეთესო სანატრელი მშობლები გახდნენ? პასუხი მარტივია: მათ სრულად მიიღეს სახარება და ყოველდღე მისი აღთქმებით ცხოვრობდნენ!

65 წლიანი ქორწინების შემდეგ დედაჩემი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, თებერვალში გარდაიცვალა. ჩემი 92 წლის მამა, რომელიც ჯერ კიდევ სახლში ცხოვრობდა, მეუღლეს გარდაცვალებამდე რაც შეიძლება ხშირად სტუმრობდა. რამდენიმე ხნის წინ მან ჩემს უმცროს და-ძმას უამბო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინდონეზიის ბანაკში მომხდარმა საშინელმა გამოცდილებამ მოამზადა იგი, ამდენი წლის განმავლობაში მოთმინებით ეზრუნა მეუღლეზე, როცა ის ავად გახდა და მისი მდგომარეობა გაუარესდა ამ საშინელი დაავადების გამო, ასევე იმ საბედისწერო დღისთვის, როცა მას მისი პირველადი ზრუნვა სხვებისთვის უნდა მიენდო და აღარ შეეძლო მის გვერდით ყოფნა. მათი დევიზი იყო და არის „უბრალოდ გააგრძელე“, იქონიე სრულყოფილი რწმენა ქრისტეში, რათა აღდგე ბოლო დღეს და მის ბრწყინვალებაში იმყოფებოდე მარადის.

მათი რწმენა და დამოწმებები არის მათი მოდგმის მამოძრავებელი ძალა.

სოფელში, სადაც ჩემი მეუღლე გაიზარდა, მისმა ეკლესიურმა მშობლებმა სახარება მიიღეს, როდესაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ. იმ დროს ჩემი მეუღლე, მათი ერთადერთი ქალიშვილი, ორი წლის იყო. გადაწყვეტილებამ - გამხდარიყვნენ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, მათ ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან თანასოფლელები და მათი ოჯახები მათ თავს არიდებდნენ. მრავალი წელი დასჭირდათ მათ, ოჯახის წევრებისთვის სასიყვარულო ბარათების გაგზავნა და თემისთვის მსახურება, სანამ ისინი, საბოლოო ჯამში, მიიღეს.

ერთხელ, ჩემი მეუღლის მამას, როცა ის ეპისკოპოსად მსახურობდა, ცილი დასწამეს და ის უმალვე გაათავისუფლეს. ჩემი სიდედრი იმდენად გულნატკენი იყო, რომ ჰკითხა ქმარს, უნდა გაეგრძელებინათ თუ არა ეკლესიაში სიარული. მან უპასუხა, რომ აუცილებლად უნდა გაეგრძელებინათ ეკლესიაში სიარული, რადგან ეს ადამიანთა ეკლესია კი არა, არამედ იესო ქრისტეს ეკლესია იყო.

გარკვეული დრო გავიდა, სანამ სიმართლე გამოაშკარავდა და ბოდიში მოუხადეს. რასაც მათი გატეხვა შეეძლო, უფრო გააძლიერა ისინი და რწმენა გაუღრმავა.

რატომ არის, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ბუნებრივად მიაჩნია რწმენა და მოწმობები ჩვენი მშობლებისა, რომლებიც მთელი გაჭირვების ჟამს ერთგულები დარჩნენ? ხომ არ ვფიქრობთ, რომ მათ კარგად არ ესმით გარკვეული საკითხები? მათ არ მოატყუეს და არ ატყუებენ! მათ უამრავი გამოცდილება ჰქონდათ სულიწმინდასთან და შეუძლიათ თქვან, როგორც ეს წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა თქვა: „მე ვიცოდი ეს … და არ შემეძლო … ამის [უარყოფა]“.

ხომ გიყვართ სიმღერა ჰელამანის ჯარის შესახებ საბავშვო სიმღერებიდან?

ჩვენ დავიბადეთ, მსგავსად ნეფისა,

ღვთის მოშიშე მშობლების შვილები,

ჩვენ გვასწავლეს და გვესმის,

რომ უნდა შევასრულოთ უფლის ბრძანებები.

გინდაც ეს ასე არ იყოს, როგორც დედაჩემის ბავშვობაში, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის „ღვთის მოშიშე მშობლები“ და სხვებისთვის სიმართლის მაგალითად იქცეთ.

როცა ამ სიტყვებს ვმღერით, თუ ვგრძნობთ, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა? გრძნობთ, რომ თქვენ ხართ „ჰელამანის ჯარი“ და „იქნებით უფლის მისიონერები, რომ სამყაროს მისი ჭეშმარიტება მოუტანოთ“? მე ეს იმდენჯერ მიგრძვნია, როცა ამ სიმღერას ა.გ.-ს და ახალგაზრდების სხვა შეკრებებზე ვმღეროდით.

რას ვგრძნობთ, როცა ვმღერით ჰიმნს “True to the Faith” [ჭეშარიტების ერთგულნი]?

განა შედრკებიან სიონის ახალგაზრდები

ჭეშმარიტებისა და სიმართლის დაცვისას?

მტერი რომ გვიტევს

უკან დავიხევთ ან თავს ავარიდებთ ბრძოლას? არა!

ერთგულნი იმ რწმენისა, რომელსაც ჩვენი მშობლები ეტრფოდნენ.

ახალგაზრდა თაობავ, სადაც არ უნდა იყოთ და რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, გთხოვთ, ისწავლოთ და მიიღოთ ძალა თქვენი წინამორბედების რწმენიდან და დამოწმებებიდან. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ მოწმობის მისაღებად და მის გასაძლიერებლად საჭიროა მსხვერპლის გაღება და რომ „მსხვერპლს ზეციური დალოცვები მოაქვს“.

როცა ფიქრობთ მსხვერპლზე, რომელიც ჭეშმარიტად დალოცავს თქვენს ცხოვრებას, გაითვალისწინეთ და ილოცეთ ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის, მოწვევის შესახებ, როდესაც მან სთხოვა „ყველა ღირსეულ, უნარიან ახალგაზრდა მამაკაცს, მოემზადოს მისიისთვის და იმსახუროს მასში. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, მისიონერული მსახურება მღვდლობის პასუხისმგებლობაა. …

თქვენთვის, ახალგაზრდა და უნარიანო დებო, მისია აგრეთვე ძლიერი, თუმცა არჩევითი, შესაძლებლობაა.“

თქვენ შესაძლოა მოგიხმონ მსახურების ან მასწავლებელი მისიონერის მოწოდებაზე. ორივე ტიპის მისიონერებს შეაქვთ წვლილი ქრისტესთან სულების მიყვანაში, თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური და ძლიერი გზით.

ორივე ტიპის მსახურებისას თქვენ ამჟღავნებთ უფლისადმი სიყვარულს და გამოხატავთ სურვილს, უკეთ იცნობდეთ მას. „რადგან როგორ იცნოს ადამიანმა მეუფე, რომელსაც არ ემსახურებოდა და რომელიც უცხოა მისთვის და შორს არის მისი გულის ფიქრებისა და ზრახვებისაგან“?

ჩვენ ყველამ - ვართ პირველი თუ მეხუთე თაობა სახარებაში, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რწმენის, ძალისა და ცელესტიალური ვალდებულების რა ისტორიებს გადავცემ მომავალ თაობას?

მოდით, გავაგრძელოთ მცდელობა, უკეთ გავიცნოთ ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, და გავხადოთ იგი ჩვენი ცხოვრების შუაგული. ის არის კლდე, რომელზედაც უნდა ავაშენოთ, რათა რთულ დროში შევძლოთ მტკიცედ ვიდგეთ.

მოდით, ვიყოთ „ერთგულნი იმ რწმენისა, რომელსაც ჩვენი მშობლები ეტრფოდნენ და რომლისთვისაც მოწამენი დაიღუპნენ, ღვთის ბრძანებებისადმი, სულის, გულისა და ხელის, ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარადის ვიდგებით“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.