იესო ქრისტეს გამოსყიდვა უზრუნველყოფს საბოლოო ხსნას
როდესაც იესო ქრისტესკენ, სამყაროს მხსნელისკენ, შემოვბრუნდებით, იგი გვიხსნის ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან თავისი გამოსყიდვით.
იესო ქრისტეს გამოსყიდვა უზრუნველყოფს საბოლოო ხსნას იმ განსაცდელებისაგან, რომლებსაც ამ ცხოვრებაში ვუპირისპირდებით. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გასული წლის ბოლოს დამავალა კასპერ უაიომინგის ტაძრის მიძღვნა. ეს იყო ღრმა, ემოციური და სულიერი გამოცდილება. ნათლად წარმოჩნდა ტაძრების როლი მაცხოვრის გამოსყიდვის გზით ღვთის შვილების გადარჩენაში.
პალოები კასპერ უაიომინგის ტაძრის ოლქში მოიცავს სახმელეთო ბილიკის ნაწილს, რომელიც გამოიყენებოდა პიონერი უკანასკნელ დღეთა წმინდანდანების მიერ 1847 წლიდან 1868 წლამდე პერიოდში. ტაძრის მიძღვნისთვის მოსამზადებლად ხელახლა წავიკითხე ბილიკის ისტორია მდინარე პლატეს გასწვრივ, კასპერთან ახლოს, რომელიც სოლთ-ლეიქ სითიმდე გრძელდება. ეს ბილიკი ასობით ათასი დასავლელი ემიგრანტის მთავარი გასასვლელი იყო. მე ყურადღება გავამახვილე 60,000-ზე მეტ პიონერ უკანასკნელ დღეთა წმინდანდანზე, რომლებმაც გაიარეს ეს ბილიკი.
პიონერების უმრავლესობა ფურგონით მოდიოდა, მაგრამ დაახლოებით 3,000-მა მათგანმა 10 ხელის ურიკის ჯგუფით გამოიარეს ეს გზა. აქედან რვა ხელის ურიკის ჯგუფმა ეს მნიშვნელოვანი ლაშქრობა შესანიშნავი წარმატებით დაასრულა და რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. 1856 წლის უილი და მარტინის ხელის ურიკების ჯგუფები გამონაკლისი იყო.
მე მიმოვიხილე უილი და მარტინის ხელის ურიკების ჯგუფების იმდროინდელი ჩანაწერები, მათ საშინელი ამინდი დაემთხვათ. დეტალურად გავიაზრე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ მდინარე სვითვოთერის გადალახვისას, მარტინის ქოუვთან, როკი რიჯთან და როკ კრიკ ჰოლოუსთან.
Between Storms [ქარიშხლებს შორის], ავტორი ალბინ ვესელკა
კასპერის ტაძარში მიძღვნის ცერემონიამდე არ ვყოფილვარ. როდესაც ფოიეში შევედი, ჩემი ყურადღება მყისიერად მიიპყრო ხელის ურიკის ორიგინალმა ნახატმა, სახელწოდებით Between Storms [ქარიშხლებს შორის]. ნახატი აშკარად არ იყო გამიზნული მომხდარი ტრაგედიების გამოსახატად. როდესაც მას ვაკვირდებოდი, გავიფიქრე: „ეს ნახატი სწორია; ხელის ურიკების დიდ უმრავლესობას არ შემთხვევიათ ტრაგედიები.“ არ შემეძლო იმ გრძნობისთვის თავის არიდება, რომ ეს ზოგადად ცხოვრებას ჰგავდა. ზოგჯერ ქარიშხლებს შორის ვართ, ზოგჯერ კი ღრუბლებსა და მზის სინათლეს შორის.
Heaven’s Portal [სამოთხის კარი], ავტორი ჯიმ უილქოკსი
როდესაც შევტრიალდი სხვა კედელზე არსებული ორიგინალი ნახატისაკენ, სახელწოდებით Heaven’s Portal [სამოთხის კარი], მივხვდი, რომ ეს მშვენიერი ზაფხულის ნახატი ასახავდა ადგილს, რომელსაც „ეშმაკის კარიბჭე“ ეწოდებოდა, მასში მიედინებოდა სვითვოთერის მშვიდი და კამკამა მდინარე, ყოველივე ეს წარმოადგენდა უფლის მშვენიერ შემოქმედებას და არა მხოლოდ იმ სირთულეებს, რომლებიც პიონერებმა გაიარეს იმ საშინელი ზამთრის პერიოდში.
შემდეგ წინ გავიხედე, რეკომენდაციის მაგიდის მიღმა, და მხსნელის მშვენიერი ნახატი დავინახე. ამან ჩემში მყისიერად გამოიწვია მადლიერების შეგრძნება. დიდებული სილამაზით სავსე სამყაროში ამავდროულად დიდი გამოწვევები არსებობს. როდესაც იესო ქრისტესკენ, სამყაროს მხსნელისკენ შემოვბრუნდებით, იგი გვიხსნის ცხოვრებისეული ქარიშხლებისგან თავისი გამოსყიდვით, მამაზეციერის გეგმის შესაბამისად.
ფოიემ იდეალურად მომამზადა სატაძრო წეს-ჩვეულებების ოთახებისათვის, რომელნიც საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ ამაღლების წეს-ჩვეულებები, რომ დავდოთ წმინდა აღთქმები და სრულად მივიღოთ და განვიცადოთ მხსნელის გამოსყიდვის კურთხევები. მამაზეციერის ბედნიერების გეგმა დამყარებულია მხსნელის გამოსყიდვით გადარჩენაზე.
პიონერების გამოცდილება უკანასკნელ დღეთა წმინდანებისთვის უნიკალური ისტორიული ტრადიცია და ძლიერი კოლექტიური სულიერი მემკვიდრეობაა. ზოგიერთისათვის მიგრაცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მას შემდეგ რაც იძულებით განდევნეს მისურიდან და ნავუდან. დანარჩენებისათვის იგი დაიწყო პრეზიდენტი ბრიგამ იანგის მიერ ხელის ურიკების გეგმის გამოცხადების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ემიგრაციის უფრო ხელმისაწვდომობას. ხელის ურიკები გაცილებით უფრო იაფი იყო, ვიდრე ფურგონები და ხარები.
ხელის ურიკების გეგმის გამოცხადებისას, მისიონერმა ინგლისში, მილენ ეთვუდმა, თქვა, რომ ეს ამბავი „მშრალ ნამჯაზე მოდებული ცეცხლივით სწრაფად გავრცელდა და გაჭირვებული წმინდანების გულები სიხარულითა და ხალისით დახტოდნენ.“ ბევრმა უკვე „ილოცა და იმარხულა მრავალი დღე და მრავალი ღამე, რათა მათ მთებში საკუთარ ძმებთან და დებთან ერთად ყოფნის ბედნიერება ჰქონოდათ.“
ხელის ურიკების წმინდანთა უმრავლესობამ განიცადა სირთულეები, მაგრამ თავიდან აიცილეს მნიშვნელოვანი საზიანო მოვლენები. მაგრამ ხელის ურიკების ორმა ჯგუფმა, უილის ჯგუფმა და მარტინის ჯგუფმა განიცადეს შიმშილი, მყინავი ამინდის ზემოქმედება და მრავალი სიკვდილი.
ამ მოგზაურთა უმრავლესობა ლივერპულიდან, ინგლისიდან, 1856 წლის მაისში ორი გემით იყო ჩამოსული. ისინი ხელის ურიკების აღჭურვის ადგილზე, აიოვა სითიში, ივნისში და ივლისში ჩავიდნენ. გაფრთხილებების მიუხედავად, სოლთ-ლეიქ ველისაკენ გაეშურნენ სეზონის ზედმეტად გვიან პერიოდში.
პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა პირველად ამ ჯგუფების სახიფათო სიტუაციის შესახებ შეიტყო 1856 წლის 4 ოქტომბერს. შემდეგ დღეს იგი სოლთ-ლეიქ სითის წმინდანების წინაშე წარდგა და თქვა, „მრავალი ჩვენი ძმები და დები ხელის ურიკებით დაბლობზე არიან, … და აქ უნდა მოვიყვანოთ; ჩვენ მათთვის დახმარება უნდა გავგზავნოთ … სანამ ზამთარი დაისადგურებს.“
მან ეპისკოპოსებს 60 ჯორის გუნდის, 12 ან მეტი ფურგონისა და 12 ტონა (10,886 კგ) ფქვილის უზრუნველყოფა სთხოვა და განაცხადა: „წადით და მოიყვანეთ ახლა დაბლობიდან ის ხალხი.“
პიონერების საერთო რიცხვი უილი და მარტინის ხელის ურიკების ჯგუფებში დაახლოებით 1,100 იყო. ამ ძვირფასი წმინდანებიდან 200-მდე მათგანი გზაში გარდაიცვალა. დროული დახმარების გარეშე, ბევრად მეტი მათგანი დაიღუპებოდა.
ზამთრის ქარიშხლები დაიწყო დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, რაც პირველმა მაშველებმა დატოვეს სოლთ-ლეიქ სითი. უილი და მარტინის ხელის ურიკების ჯგუფების წევრების ჩანაწერები აღწერს თავზარდამცემ გამოწვევებს ქარიშხლების დაწყების შემდეგ. ეს ჩანაწერები ასევე გადმოსცემს დიდ სიხარულს, როდესაც მაშველები ჩავიდნენ.
ჩასვლის სცენის აღწერისას, მერი ჰურენმა თქვა: „კაცებს ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდათ და ბავშვები სიხარულისგან ცეკვავდნენ. როგორც კი ხალხმა გრძნობების მოთოკვა შეძლო, ყველამ თოვლში დაიჩოქა და მადლობა გადაუხადეს ღმერთს.“
ორი დღის შემდეგ უილის ჯგუფს უნდა გაეარა ბილიკის ყველაზე რთული მონაკვეთი, როკი რიჯის გადავლით, მყინვარე ქარიშხალში. უკანასკნელმა მათგანმა ბანაკს შემდეგი დილის 5:00 საათისთვის მიაღწია. ცამეტი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც საერთო საფლავებში დამარხეს.
7 ნოემბერს, უილის ჯგუფი უახლოვდებოდა სოლთ-ლეიქის ხეობას, მაგრამ იმ დილას სამი ადამიანის სიკვდილის მოწმენი მაინც გახდნენ. ორი დღის შემდეგ, უილის ჯგუფმა საბოლოოდ მიაღწია სოლთ-ლეიქამდე, სადაც მათ საოცრად დახვდნენ წმინდანები და შეიპატიჟეს სახლებში.
იმავე დღეს, მარტინის ჯგუფი კვლავ 325 მილით (523 კმ-ით) ჩამორჩებოდათ მათ ბილიკზე. ისინი ჯერ კიდევ იტანჯებოდნენ სიცივისა და არასაკმარისი საკვების პირობებში. რამდენიმე დღით ადრე, მათ გადალახეს სვითვოთერის მდინარე იმ ადგილამდე მისასვლელად, რომელსაც დღეს მარტინის ქოუვი ეწოდება, სადაც მათ ბუნებისგან თავშესაფრის პოვნის იმედი ჰქონდათ. ერთ-ერთმა პიონერმა თქვა: „ეს იყო ექსპედიციისას მდინარის ყველაზე ცუდი გადაკვეთა.“ ზოგიერთმა მაშველმა—როგორიც იყო ჩემი დიდი პაპა, დევიდ პატენ კიმბალი, რომელიც იმ დროს მხოლოდ 17 წლის იყო, თავის ახალგაზრდა მეგობრებთან — „ჯორჯ უ. გრანტთან, ალენ ჰანთინგტონთან, სტეფენ ტეილორთან და აირა ნებეკერთან ერთად—საათები დაჰყვეს ცივ წყალში,“ როცა ისინი გმირულად ეხმარებოდნენ ჯგუფს მდინარე სვითვოთერის გადალახვაში.
მართალია, ამ მოვლენამ დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა როცა მეტი რამ გავიგე უშუალოდ მაშველების შესახებ, გავიაზრე, რომ თითოეული მათგანი მიჰყვებოდა წინასწარმეტყველს და მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩარჩენილი წმინდანების გადარჩენაში. ყველა მაშველი გმირია, ისევე როგორც ის ემიგრანტები.
მათი ისტორიის შესწავლისას, მე ვაფასებდი ემიგრანტებს შორის ძვირფას ურთიერთობებსა და მათ გრძელვადიან მარადიულ ხედვას. ჯონი და მარია ლინფორდები და მათი სამი ვაჟი უილის ჯგუფის წევრები იყვნენ. ჯონი გარდაიცვალა მაშველების მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე. მან მარიას უთხრა, რომ მოხარული იყო მათი გავლილი მოგზაურობით. „მე სოლთ-ლეიქამდე ვერ მივალ ცოცხალი,“ მან თქვა, „მაგრამ შენ და ბიჭები მიაღწევთ მას, და მე არ ვნანობ არაფერს, რაც გადავიტანეთ, თუკი ჩვენი შვილები გაიზრდებიან და ოჯახებს შექმნიან სიონში.”
პრეზიდენტი ჯეიმს ე. ფაუსტი გვთავაზობს ამ შესანიშნავ შეჯამებას: „ხელის ურიკების გადარჩენის გმირული ძალისხმევისას, ჩვენ დიდი სიმართლე შევიმეცნეთ. ყველამ უნდა გაიაროს გამწმენდის ცეცხლში და ჩვენს ცხოვრებაში არაარსებითი და უმნიშვნელო დეტალები ჭუჭყივით დადნეს, რომ ჩვენი რწმენა გაბრწყინდეს, იყოს შეუვალი და ძლიერი. როგორც ჩანს, ყველა განიცდის სრულ ტანჯვას, მწუხარებასა და ხშირად გულისტკივილსაც, მათ შორის ისინიც, ვინც თავდაუზოგავად ცდილობენ სწორად მოქცევასა და ერთგულებას. მაგრამ ეს განწმენდის ნაწილია, ღმერთის გასაცნობად.“
თავისი მარადისობის განმსაზღვრელი გამოსყიდვითა და აღდგომით, მხსნელმა დაამსხვრია „სიკვდილის ბორკილები, გაიმარჯვა რა სიკვდილზე“ ყველასათვის. მათთვის, ვინც ცოდვები მოინანიეს, მან „აიღო თავის თავზე მათი ურჯულოება და შეცოდებანი, გამოისყიდა რა ისინი და დააკმაყოფილა სამართლის მოთხოვნილებანი.“
იესო ქრისტეს გამოსყიდვის გარეშე ვერ ვიხსნით თავს ცოდვისა და სიკვდილისგან. მიუხედავად იმისა, რომ ცოდვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს განსაცდელებში, ცხოვრებისეულ უბედურებებს ემატება შეცდომები, ცუდი გადაწყვეტილებები, სხვების ბოროტი ქმედებები და სხვა მრავალი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა.
იქადაგე ჩემი სახარება ასწავლის: „როცა იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას ვეყრდნობით, მას შეუძლია დაგვეხმაროს, გავუძლოთ განსაცდელს, ავადმყოფობასა და ტკივილს. ჩვენ შეგვიძლია აღვივსოთ სიხარულით, სიმშვიდითა და ნუგეშით. ყოველივე უსამართლო ცხოვრებაში შეიძლება გამოსწორდეს იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით“.
ამ აღდგომის პერიოდში, ჩვენი ყურადღება მიმართულია მაცხოვრისაკენ და მის მიერ გაღებული გამომსყიდველი მსხვერპლისადმი. გამოსყიდვა გვაძლევს იმედსა და ნათელს იმ დროს, რომელიც ბევრისათვის შეიძლება ბნელი და მოჟამული ჩანდეს. პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ განაცხადა: „როდესაც მთელი ისტორია გამოიკვლევა, … არაფერია … ასეთი მშვენიერი, დიდებული, გრანდიოზული, როგორიც მადლის ეს მოქმედება.“
მე გიზიარებთ სამ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით აქტუალურია.
უპირველეს ყოვლისა, სათანადოდ შეაფასეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გადავარჩინოთ სხვები ფიზიკური და განსაკუთრებით სულიერი გამოწვევებისგან.
მეორე, მადლიერებით მიიღეთ მხსნელის გამოსყიდვა. ჩვენ ყველა უნდა ვცდილობდეთ სიხარულისა და ბედნიერების გამოხატვას თუნდაც ცხოვრებისეული სირთულეებისას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ოპტიმისტურად ცხოვრება ქუჩის ნათელ მხარეს. მე ვაკვირდები ჩემს ძვირფას მეუღლეს, მერის, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას აკეთებს. მე ვაფასებ მის ცქრიალა, ამაღლებულ მიდგომას ცხოვრებისადმი, მაშინაც კი, როდესაც წარსულში პრობლემები გვქონია.
ჩემი მესამე რჩევა არის, რომ რეგულარულად გამოყოთ დრო, რათა რწმენით აღვსილებმა დაკვირვებით განიხილოთ მხსნელის გამოსყიდვა. არსებობს უამრავი ხერხი საამისოდ ჩვენს პირად რელიგიურ მსახურებაში. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიარების შეკრებაზე დასწრება და ზიარების მიღება.
ასევე, თანაბარმნიშვნელოვანია ტაძარში ხშირი სიარული, სადაც ეს შესაძლებელია. ტაძარი უზრუნველყოფს მაცხოვრის გამოსყიდვის მუდმივ ხსოვნას და იმას, რასაც იგი გადალახავს. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ტაძარში მისვლა საშუალებას გვაძლევს სულიერად ვიხსნათ ჩვენი გარდაცვლილი საყვარელი ახლობლები თუ შორეული წინაპრები.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, ჩვენს ბოლო კონფერენციაზე, ხაზი გაუსვა ამ პრინციპს და დაამატა, „[სატაძრო] კურთხევები … გვეხმარება მოვამზადოთ ადამიანები, რომელნიც დაეხმარებიან სამყაროს უფლის მეორედ მოსვლისათვის მომზადებაში!“
ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ წინა თაობების მიერ გაღებული მსხვერპლი და მოცემული მაგალითები, მაგრამ ჩვენი ქედის მოდრეკა, მადლიერება და თაყვანისცემა უნდა იყოს ორიენტირებული სამყაროს მხსნელზე და მის მიერ გაღებულ გამომსყიდველ მსხვერპლზე. მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერის ბედნიერების გეგმის გასაღები არის ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, გამოსყიდვა. იგი ცოცხალია და წინამძღოლობს თავის ეკლესიას. იესო ქრისტეს გამოსყიდვა უზრუნველყოფს საბოლოო ხსნას იმ განსაცდელებისაგან, რომლებსაც ამ ცხოვრებაში ვუპირისპირდებით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.