დაჯერება ღმერთის გარემოცვაში
როცა ბეჯითად ვცდილობთ, ვიქონიოთ გულმოწყალება და სათნოება ჩვენს ცხოვრებაში, იზრდება ჩვენი ღმერთთან მიახლოების დაჯერება.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის, გესაუბროთ დღეს, ამ მნიშვნელოვან გენერალურ კონფერენციაზე. თვალები უფრო და უფრო მიბერდება. მადლობას გიხდით, რომ შედიხართ ჩემს მდგომარეობაში, თქვენთვის ამ გზავნილის გაზიარებისას.
ჩვენ ვცხოვრობთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დიდი აღმავლობის ეპოქაში. სიხარულით ვივსები, როდესაც ვხედავ წინსვლას ამდენ სფეროში.
მე განსაკუთრებით შთამაგონებენ ჩვენი ახლგაზრდები. მათი დიდი რაოდენობა მსახურებაშია ჩართული. ისინი თავიანთ წინაპრებს ეძიებენ და ტაძარში წეს-ჩვეულებებს ატარებენ. ჩვენი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები რეკორდული რაოდენობით აგზავნიან მისიონერული მსახურების აპლიკაციებს. მოზარდი თაობა იზრდება იესო ქრისტეს მტკიცე მიმდევრებად.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ მე ჩემს ახალ შვილთაშვილს შევხვდი. როცა წარმოვიდგენ გამოწვევებს, რომლების წინაშეც ის აღმოჩნდება ცხოვრებაში, დიდი სურვილი მიჩნდება დავეხმარო მას იესო ქრისტეს რწმენის გაძლიერებაში. უფლის სახარებით ცხოვრება აუცილებელია ამ გოგონას ბედნიერებისთვის.
ისიც, როგორც ყოველი ჩვენგანი, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. ყოველივე ჩვენგანს მოუწევს ავადმყოფობასთან, იმედგაცრუებასთან, ცდუნებასთან და დანაკარგთან გამკლავება. ამ გამოწვევებს შეუძლია ჩვენი თავდაჯერების შელახვა. თუმცა, იესო ქრისტეს მოწაფეებს აქვთ წვდომა სხვა სახის დაჯერებაზე.
როცა ჩვენ ღმერთთან აღთქმებს ვდებთ და ვიცავთ მათ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დაჯერება, რომელიც სულიწმინდისგან იბადება. უფალმა უთხრა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, რომ ჩვენი დაჯერება „გაძლიერდება ღმერთის გარემოცვაში“. წარმოიდგინეთ ღმერთის გარემოცვაში დაჯერების ნუგეში!
როცა ღმერთის გარემოცვაში დაჯერების შესახებ ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ ამწუთასღმერთთან მიახლოების დაჯერებას! მე ვგულისხმობ ლოცვას დაჯერებით, რომ მამაზეციერს ესმის ჩვენი, რომ მას ჩვენზე უკეთ ესმის ჩვენი საჭიროებები. მე ვგულისხმობ დაჯერებას, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ იგი ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს უგზავნის ანგელოზებს. მე ვგულისხმობ დაჯერებას, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგვიდგენია.
როგორ ვიღებთ ამგვარ დაჯერებას? უფალმა ასეთი სიტყვებით უპასუხა ამ კითხვას: „დაე, შენი წიაღი სავსე იყოს გულმოწყალებით ყოველი ადამიანისადმი, … და მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები; მაშინ გაძლიერდება შენი [დაჯერება] ღმერთის გარემოცვაში“.
ეს არის გასაღები! უფლისავე სიტყვებით, გულმოწყალება და სათნოება არის ღმერთის წინაშე დაჯერების მოპოვების გზა! დებო და ძმებო, ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი დაჯერება მართლაც შეიძლება გაძლიერდეს ღმერთის გარემოცვაში, ამწუთას!
მოდით, განვიხილოთ გულმოწყალებაც და სათნოებაც.
პირველი: გულმოწყალება. ორი წლის წინ მე მოვუწოდე იესო ქრისტეს აღთქმის ყველა მიმდევარს, მათ შორის მეც, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი. გავიმეორებ ჩემს მაშინ ნათქვამ სიტყვებს: „წყრომა არ არწმუნებს. მტრობას არავინ არ აუშენებია. კამათს არასოდეს მივყავართ შთამაგონებელ გადაწყეტილებამდე.
ყველასადმი ჭეშმარიტი გულმოწყალება არის მშვიდობისმყოფელის ნიშანი! გულმოწყალება ძალზედ მნიშვნელოვანია პირად თუ საჯარო საუბარში. მადლობას გიხდით ყველას, ვინც გულთან მიიტანეთ ჩემი წინა რჩევა. მაგრამ ჩვენ მაინც უფრო მეტი შეგვიძლია.
ამჟამინდელი მტრობა საჯარო დიალოგებში და სოც.ქსელებში საგანგაშოა. სიძულვილის სიტყვები სასიკვდილო იარაღია. კამათი ხელს უშლის სულიწმინდას, იყოს ჩვენი მუდმივი თანამგზავრი.
ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები, უნდა გავუდგეთ გზას როგორც მშვიდობისყოფელნი. როცა გულმოწყალება ჩვენი ბუნების ნაწილი ხდება, ჩვენ სხვების დამცირების იმპულსს დავკარგავთ. ჩვენ აღარ განვიკითხავთ სხვებს. ჩვენ ყველა ფენის ადამიანების მიმართ გვექნება გულმოწყალება. ყველასადმი გულმოწყალება ჩვენი ზრდის საწინდარია. გულმოწყალება ღვთიური ხასიათის საფუძველია.
მოდით, შევევედროთ მამაზეციერს, უფრო მეტი გულმოწყალებით აღავსოს ჩვენი გულები—განსაკუთრებით მათ მიმართ, ვისი შეყვარებაც ასეთი რთულია,რადგან გულმოწყალება არის იესო ქრისტეს ჭეშარიტი მიმდევრებისთვის ბოძებული, მამაზეციერის ძღვენი. მხსნელი არის მშვიდობის უფლისწული. ჩვენ უნდა ვიყოთ მისი იარაღი მშვიდობისთვის.
ახლა მოდით, კეთილშობილებაზე ვისაუბროთ. უფალი გვეუბნება, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი ჩვენი ფიქრები. წარმოიდგინეთ, რამხელა ბიძგს მიიღებთ ყოველ პოზიტიურ ფიქრზე, როცა მას სათნოებით გააძლიერებთ. სათნოება ყველაფერს აუმჯობესებს და აბედნიერებს! მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა სათნოებას ბინძურ, სასტიკ ან დამთრგუნავ აზრს დაამატებთ. სათნოება ასეთ აზრებს განდევნის. სათნოება გაგანთავისუფლებთ მღელვარე, მშფოთვარე ფიქრებისგან.
დებო და ძმებო, რადგან სამყარო უფრო და უფრო ბოროტი ხდება, ჩვენ უფრო და უფრო სუფთანი უნდა გავხდეთ. ჩვენი აზრები, სიტყვები, მოქმედებები უნდა იყოს უსათოდ სათნო და იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულით სავსე ყოველი ადამიანისადმი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, გავხდეთ ისეთი ადამიანები, როგორებიც ღმერთს სურს.
უფლის სახლში რეგულარულად ღვთის თაყვანისცემა ზრდის ჩვენი სათნოებისა და გულმოწყალების უნარს. მაშასადამე, ტაძარში გატარებული დრო ზრდის ღვთის წინაშე ჩვენს დაჯერებას. ტაძარში გატარებული უფრო მეტი დრო დაგვეხმარება მოვემზადოთ ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს, მეორე მოსვლისთვის. ჩვენ არ ვიცით მისი მოსვლის დღე ან საათი. მაგრამ მე ვიცი, რომ უფალი მკარნახობს მოგიწოდოთ, მოემზადოთ იმ „დიდი და საშინელი დღ[ისთვის]“
როცა ბეჯითად ვცდილობთ, ვიქონიოთ გულმოწყალება და სათნოება ჩვენს ცხოვრებაში, იზრდება ჩვენი ღმერთთან მიახლოების დაჯერება. მე გიწვევთ, გადადგათ გააზრებული ნაბიჯები, რათა გაიზარდოს თქვენი დაჯერება უფლის წინაშე. შემდეგ, როდესაც მამაზეციერისკენ გაზრდილი დაჯერებით ვივლით, ჩვენ აღვივსებით მეტი სიხარულით, იესო ქრისტესადმი თქვენი რწმენა კი გაღრმავდება. ჩვენ ვიგრძნობთ სულიერ ძალას, რომელიც ჩვენს ყველაზე დიდ იმედებს აღემატება.
ჩვენ მადლიერნი ვართ უფლისა, ბოლო წლებში ტაძრების მშენებლობის დაჩქარებისთვის. მისი მითითებით, ჩვენ ვაცხადებთ დღეს ტაძრების მშენებლობის გეგმებს შემდეგ ადგილებში:
-
რეინოსა, მექსიკა
-
ჩორიასი, პერუ
-
რივერა,ურუგვაი
-
კამპო გრანდე, ბრაზილია
-
პორტო, პორტუგალია
-
უიო, ნიგერია
-
სან ხოსე დელ მონტე, ფილიპინები
-
ნუმეა, ახალი კალედონია
-
ლივერპული, ავსტრალია
-
ქოლდველი, აიდაჰო
-
ფლაგსტაფი, არიზონა
-
რეფიდ სითი, სამხრეთი დაკოტა
-
გრინვილი, სამხრეთი კაროლინა
-
ნორფოლკი, ვირჯინია
-
სპენიშ ფორკი, იუტა
მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე, ისრაელის გამომსყიდველი, ხელმძღვანელობს ამ, თავის, ეკლესიას. ის ემზადება მეორედ მოსვლისთვის. დაე, ჩვენც, მის მსგავსად, მოვემზადოთ მის მისაღებად. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.