გენერალური კონფერენცია
ღვთიური უფლებამოსილება, ამაღლებული ახალგაზრდა მამაკაცები
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:44

ღვთიური უფლებამოსილება, ამაღლებული ახალგაზრდა მამაკაცები

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმის გამო, რომ აარონის მღვდლობის მფლობელნი, მისი ძალაუფლებით, წეს-ჩვეულებებით და მოვალეობებით, ყველა ჩვენგანს აკურთხებენ.

გმადლობთ, უხუცესო ანდერსენ, მღვდლობის ძალის და მხსნელის გამოსყიდვის ძალის ასეთი შესანიშნავი გამოხატვისთვის.

ერთ კვირადღეს ამ იანვარს, როცა ზიარების შეკრებაზე ვიჯექი, ათზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი იქნა მხარდაჭერილი აარონის მღვდლობაში წინსვლივთვის. მე ვიგრძენი, რომ მსოფლიო იცვლებოდა ჩვენს ფეხქვეშ.

უცებ გავიაზრე, რომ მთელ დედამიწაზე, ყველა დროის სარტყელში, ზუსტად ასეთ წირვის შეკრებებზე, ათიათასობით დიაკვანი, მასწავლებელი და მღვდელი, პრეზიდენტ ჰოლანდის მეგობრის, ისტონის მსგავსად, ამ დილით იყო მხარდაჭერილი, რათა მათთვის ხელი დაესხათ სამღვდელოების სამუდამო მსახურებისთვის, რაც მოიცავს ისრაელის შეკრების მთელ განფენილობას.

ყოველ იანვარს, დაახლოებით 100 000 ახალგაზრდა მამაკაცს თავზე ხელებს ადებენ, რის შედეგადაც ისინი ხელდასხმის წესით ერთვებიან ნათელ ხაზში, რომელიც უფლებამოსილებით უწყვეტად უკავშირდება აღდგენის ეპოქას—ჯოზეფსა და ოლივერს, იოანე ნათლისმცემელსა და თავად იესო ქრისტეს.

ჩვენი ეკლესია ყოველთვის არ იჩენს თავს. აქ ჩვენ თავშეკავებულნი ვართ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, როდესაც ვიხილე დედამიწაზე გავრცელებული ახლად ხელდასხმული მღვდლობის მფლობელთა ეს მძლავრი, მქუხარე ტალღა, ვიფიქრე—„სიხარულის ეკლესი[ის]“ სულისკვეთებით—ხომ არ აჯობებდა ეს ამბავი სახურავებიდან ხმამაღლა გვეყვირა. „დღეს“ გავიფიქრე მე, „უნდა გაისმოდეს საყვირები, დრამის თეფშების რახარუხი და ფოიერვერკები. უნდა იყოს აღლუმები!“

ღვთის ძალის ჭეშმარიტების ცოდნით ჩვენ ვიხილეთ, როგორ ირღვევა ამ ქვეყნის წესები ღვთიური უფლებამოსილებით, რომელიც დედამიწას მოეფინა.

ეს ხელდასხმები ახალგაზრდა მამაკაცებს სამუდამო მსახურებაში გზავნის. გადამწყვეტ დროს ისინი მოხვდებიან და იქნებიან ისეთ გარემოებაში, სადაც მათი ყოფნა, ლოცვები და უფლის მღვდლობა, რომელსაც ატარებენ, უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.

ეს კონტროლირებადი ჯაჭვური რეაქცია დაიწყო ღვთის მიერ გამოგზავნილი მსახური ანგელოზით. უძველესი დროის აღმდგარი იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა ჯოზეფს და ოლივერს, დაადო ხელი თავზე და თქვა: „თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო, მესიის სახელით განიჭებთ აარონის მღვდლობას, რომელიც მოიცავს ანგელოზთა მსახურების, მონანიების სახარებისა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვით ნათლობის გასაღებებს“ (მოძღვრება და აღთქმები 13:1).

იოანემ ამ უფლებამოსილებას უწოდა „აარონის მღვდლობა“, მოსეს ძმისა და მისი სამღვდელოებრივი თანამოსაქმის პატივსაცემად. ძველ დროში, აარონის მღვდლობის მფლობელებს ევალებოდათ სწავლება და წეს-ჩვეულებებში დახმარება — წეს-ჩვეულებები, რომლებიც მოწაფეობას მომავალი მესიისკენ, უფალ იესო ქრისტესკენ მიმართავდა (იხ. მეორე რჯული 33:10).

რიცხვთა წიგნში უშუალოდ არის მითითებული, რომ აარონის სამღვდელოების მფლობლებს დაევალათ წეს-ჩვეულებებში გამოყენებული ჭურჭლის მოვლა. „აარონსა და მის ძეებს დაავალე … და მათ ებარათ .… ტაბლა, … და წმიდა ჭურჭლეული მსახურებისათვის“ (რიცხვნი 3:10, 31).

ძველი აღთქმის ცხოველთა მსხვერპლშესაწირვის წეს-ჩვეულება აღსრულდა და შეიცვალა მხსნელის სიცოცხლისა და გამოსყიდვის მეშვეობით. უძველესი წეს-ჩვეულება შეიცვალა იმ წეს-ჩვეულებით, რომელსაც დღეს უფლის სერობის ანუ ზიარების სახელით ვიცნობთ.

დღეს უფალი ენდობა აარონის მღვდლობის თანამედროვე მფლობელებს, შეასრულონ თითქმის იგივე მოვალეობები, რასაც უძველეს დროში ასრულებდნენ: ასწავლონ და აღასრულონ წეს-ჩვეულებები—რათა ყოველივე ეს გვახსენებდეს უფლის გამოსყიდვას.

როდესაც დიაკვნები, მასწავლებლები და მღვდლები მონაწილეობენ ზიარების შესრულებაში, ისინი სხვების მსგავსად იღებენ მის კურთხევებს: ისინი იცავენ აღთქმას პურისა და წყლის მიღებით. მაგრამ, ამ წმინდა მოვალეობების შესრულებით, ისინი ასევე უფრო ღრმად აცნობიერებენ სამღვდელოების ფარგლებში საკუთარ პასუხისმგებლობას.

აარონის მღვდლობას უწოდებენ მოსამზადებელ მღვდლობას ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი წეს-ჩვეულებები აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, შეიგრძნონ უფლის საქმეებზე მსახურების სიმძიმე და სიხარული. ეს ამზადებს მათ მომავალი მღვდელმსახურებისთვის, როცა შესაძლოა მოუწიოთ მსახურება მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი გზებით — მათ შორის, შთაგონებული კურთხევების გამოცხადება იმ დროს, როცა იმედები და ოცნებები, სიცოცხლე და სიკვდილი, სასწორზე დევს.

ასეთი სერიოზული მოლოდინები სერიოზულ მომზადებას მოითხოვს.

მოძღვრება და აღთქმები განმარტავს, რომ დიაკვნებმა და მასწავლებლებმა „უნდა გააფრთხილონ, განუმარტონ, მოუწოდონ, ასწავლონ და მოუხმონ ყველას ქრისტესთან მისვლა“ (მოძღვრება და აღთქმები 20:59). ამ შესაძლებლობებთან ერთად, მღდვლები ვალდებულნი არიან „იქადაგო[ნ] … და მონათლო[ნ]“ (მოძღვრება და აღთქმები 20:50).

ეს ყველაფერი მრავლად ჟღერს, მაგრამ რეალურ სამყაროში ასეთი რაღაცები ბუნებრივად ხდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ერთმა ეპისკოპოსმა თავის დიაკვანთა ქვორუმის ახალ პრეზიდენტობას ასწავლა ეს მოვალეობები. ახალგაზრდა პრეზიდენტობამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს გამოჩენილიყო ქვორუმსა და მეურვეობაში. მათ გადაწყვიტეს, რომ უნდა მოენახულებინათ მეურვეობის მოხუცი წევრები, გაეგოთ მათი საჭიროებები და შემდეგ, ამის მიხედვით, ემოქმედათ.

მათ შორის, ვისაც ემსახურებოდნენ, იყო ალანი, მკაცრი, ხშირად უხეში და ზოგჯერ მტრულად განწყობილი მეზობელი. ალანის ცოლი, ვანდა, ეკლესიის წევრი გახდა, მაგრამ ალანი, როგორც იტყვიან, რთული ადამიანი იყო.

მიუხედავად ამისა, დიაკვნები შეუდგნენ საქმეს და იუმორით უგულებელყოფდნენ მის შეურაცხყოფებს, როცა თოვლს ხვეტდნენ და ნაგავი გაჰქონდათ. დიაკვნები ის ადამიანები არიან, რომლების შეძულებაც ძნელია და ალანს საბოლოო ჯამში შეუყვარდა ისინი. ერთხელაც მათ ალანი ეკლესიაში მიიწვიეს.

„ეკლესია არ მომწონს“ უპასუხა მან.

„ჩვენ ხომ მოგწონვართ“? უთხრეს დიაკვნებმა. „ასე რომ, მოდი ჩვენთან. შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე ჩვენთან ქვორუმის შეხვედრაზე, თუ გინდა“.

და ეპისკოპოსის თანხმობით, ის მოვიდა—და განაგრძობდა მოსვლას.

დიაკვნები მასწავლებლები გახდნენ და რადგან მსახურებას აგრძელებდნენ, ალანმა მანქანებზე მუშაობა და სხვადასხვა ნივთების შექმნა ასწავლა მათ. იმ დროისთვის, როცა ეს მასწავლებლები მღვდლები გახდნენ, ალანი მათ „ჩემი ბიჭები“-ით მოიხსენიებდა.

ისინი ახლა მისიონერული მსახურებისთვის ემზადებოდნენ და ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა მასთან ჰქონოდათ გაკვეთილების პრაქტიკა. მან დაფიცებით თქვა, რომ არც მოუსმენდა და არც დაიჯერებდა. თუმცა, მათ შეეძლოთ გაკვეთილების ჩატარებაში ევარჯიშათ მის სახლში.

შემდეგ ალანი ცუდად გახდა. და იგი მოლბა.

ერთ დღეს, ქვორუმის შეკრებაზე, მან სათუთად სთხოვა, ელოცათ მისთვის, რომ სიგარეტის მოწევისთვის თავი დაენებებინა და მათაც ილოცეს. მაგრამ შემდეგ ისინი სახლამდე გაჰყვნენ მას და მთელი თამბაქოს მარაგი ჩამოართვეს.

როცა ალანის გაუარესებულმა ჯანმრთელობამ იგი საავადმყოფოებსა და რეაბილიტაციის ცენტრებში მოათავსა, „ალანის ბიჭები“ მას ემსახურებოდნენ, მშვიდად ავლენდნენ მღვდლობის ძალასა და პირუთვნელ სიყვარულს (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 121:41).

ამით სასწაულები არ დამთავრებულა. ალანმა ითხოვა, მოენათლათ იგი, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ის გარდაიცვალა. მისი თხოვნით, მისი დიაკვნებიდან მღვდლებად ქცეული ბიჭები იყვნენ მისი კუბოს მატარებლები და გამომსვლელები დასაფლავების ცერემონიაზე, სადაც მათ—სრულიად შესაფერისად—გააფრთხილეს, განუმარტეს, მოუწოდეს, ასწავლეს და ყველა ქრისტესთან მოიწვიეს.

შესაბამის დროს, ტაძარში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა „ალანის ბიჭები“-დან მონათლა იმ დროინდელი დიაკვანთა ქვორუმის პრეზიდენტი, ალანის ნაცვლად.

მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც იოანე ნათლისმცემელმა თქვა, რომ გაეკეთებინათ. მათ გააკეთეს ის, რასაც დიაკვნები, მასწავლებლები და მღვდლები აკეთებენ მთელ ჩვენს ეკლესიასა და მსოფლიოში.

ერთ-ერთი იმ საქმეებიდან, რაც აარონის მღვდლობის მფლობელებს ევალებათ, დაკავშირებულია ზიარების წეს-ჩვეულებასთან.

შარშან შევხვდი შესანიშნავ ეპისკოპოსსა და მის მეუღლეს. ახლახანს, შაბათ დილას, როდესაც საკუთარი ვაჟის ნათლობაზე მიდიოდნენ, მათ ტრაგიკული და მოულოდნელი დანაკარგი განიცადეს — გარდაიცვალა მათი საყვარელი ორი წლის ქალიშვილი, ტესი.

მეორე დილით, მათი მეურვეობის წევრები შეიკრიბნენ ზიარების შეკრებაზე, თანაგრძნობით აღსავსენი და თავადაც ტკივილით მოცულნი ამ შესანიშნავი პატარა გოგონას დაკარგვის გამო. არავინ ელოდა, რომ ეპისკოპოსის ოჯახი იმ დილას ეკლესიაში იქნებოდა, მაგრამ შეკრების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ისინი ჩუმად შემოვიდნენ.

ეპისკოპოსმა ჩაუარა თავის ჩვეულ ადგილს მრჩევლებს შორის და ზიარების მაგიდასთან მღვდლებს შორის დაჯდა.

იმ მტანჯველ და უძილო ღამეს, როდესაც ის გაგებასა და სიმშვიდეს ეძებდა, მან მიიღო ძლიერი შეგრძნება იმის შესახებ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მის ოჯახს – და რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მის მეურვეობას. ეს იყო, მოესმინათ თავიანთი ეპისკოპოსის, თავიანთი მეურვეობის აარონის მღვდლობის პრეზიდენტის, თავიანთი მგლოვიარე მამის ხმა, რომელიც წარმოთქვამდა ზიარების აღთქმის დაპირებებს.

და აი, შესაბამის დროს, მან მღვდლებთან ერთად დაიჩოქა და თავის ზეციერ მამას მიმართა. იმ მომენტში არსებული ემოციით მან წარმოთქვა რამდენიმე ყველაზე ძლიერი სიტყვა, რაც კი ადამიანს ამ სიცოცხლეში ხმამაღლა თქმის უფლება ეძლევა.

მარადიული მნიშვნელობის სიტყვები.

წეს-ჩვეულების სიტყვები.

აღთქმის სიტყვები.

მითითება, რომელიც გვაკავშირებს ამ ცხოვრების არსთან—და ზეციური მამის გეგმის ყველაზე დიდებულ შედეგებთან, რომლებიც ჩვენთვის აქვს განზრახული.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოისმინა იმ დღეს მრევლმა იმ სამლოცველოში—იმ სიტყვებში, რომლებსაც, ჩვენ ყოველ კვირა ვისმენთ?

„ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს პური ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც მიიღებს მას; რათა მიირთვან შენი ძის სხეულის მოსაგონებლად და მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ მზად არიან აიღონ საკუთარ თავზე შენი ძის სახელი, ყოველთვის ახსოვდეთ იგი და დაიცვან მის მიერ მათთვის მიცემული მცნებანი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ“ (მოძღვრება და აღთქმები 20:77).

და შემდეგ: „ო ღმერთო, მარადიულო მამავ, ჩვენ გთხოვთ, შენი ძის, იესო ქრისტეს სახელით, რომ აკურთხო და განწმინდო ეს წყალი ყოველი ადამიანის სულისთვის, ვინც შესვამს მას, რათა ეს აკეთონ შენი ძის, მათთვის დაღვრილი სისხლის მოსაგონებლად; რათა მოწმედ დაგიდგნენ ისინი, ო, ღმერთო, მარადიულო მამავ, რომ ყოველთვის ახსოვდეთ იგი, დაე, მისი სული მარადჟამს იყოს მათთან. ამინ“ (მოძღვრება და აღთქმები 20:79).

ეს კარგი მამა და დედა მოწმობენ, რომ აღთქმა აღსრულდა. მათ მართლაც, სამუდამო ნუგეშის შენარჩუნების მიზნით, ექნებათ „მისი სული მარადჟამს“.

მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმის გამო, რომ აარონის მღვდლობის მფლობელები, მისი ძალაუფლებით, წეს-ჩვეულებებითა და მოვალეობებით, აკურთხებენ თითოეულ ჩვენგანს იმ გასაღებებით, რომლებიც მოიცავს „ანგელოზთა მსახურებ[ა]ს, მონანიების სახარებ[ა]სა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვით ნათლობას“ (მოძღვრება და აღთქმები 13:1). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხილეთ პატრიკ კირონი, „მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაშილიახონა, ნოემბერი, 2024, 36.

  2. თავის საკვანძო სიტყვაში გენერალურ კონფერენციაზე „მოგესალმებით სიხარულის ეკლესიაში“, უხუცესმა კირონმა მე-10 სქოლიოში მოგვიწოდა პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის სწავლებაზე: „როცა შენ, როგორც მღვდელი, მუხლს მოიყრი ზიარების მაგიდასთან და წარმოთქვამ ლოცვას, რომელიც გამოცხადებით იქნა მიღებული, შენ მთელ მრევლს აღთქმის ადებინებ უფალთან.“ განა ეს არაფერი არ არის? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი რამ“ (“The Aaronic Priesthood—a Gift from God,” Ensign, მაისი 1988, 46).