გენერალური კონფერენცია
თაყვანისცემა
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


14:14

თაყვანისცემა

რას ნიშნავს ღმერთის თაყვანისცემა თქვენთვის და ჩემთვის?

„როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:

„სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“

მოგვები, როგორც მათ უწოდებენ ხოლმე, ბრძენნი იყვნენ, ვინაიდან ესწრაფოდნენ მესიის პოვნას და თაყვანისცემას. მათთვის თაყვანისცემა გულისხმობდა უფლის წინაშე დამხობას და ძღვენის სახით ოქროსა და ძვირფასი, სურნელოვანი სანელებლების მირთმევას.

რას ნიშნავს ღმერთის თაყვანისცემა თქვენთვის და ჩემთვის?

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ თაყვანისცემაზე, ძირითადად მოვიაზრებთ რელიგიურ თავდადებას, როგორც პირად, ასევე ეკლესიურ მსახურებაში. მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის, ჩვენი მხსნელის, თაყვანისცემის შესახებ მსჯელობისას, ოთხი ძირითადი საკითხი ჩამომიყალიბდა გონებაში: პირველი, ის მოქმედებები, რომლებიც შეადგენს ჩვენს თაყვანისცემას; მეორე, დამოკიდებულებები და გრძნობები, რომლებიც თაყვანისცემის მიმდინარეობის ნაწილია; მესამე, ჩვენი თაყვანისცემის ექსკლუზიურობა; და მეოთხე, იმ წმინდა არსებების მიბაძვის აუცილებლობა, რომლებსაც თაყვანს ვცემთ.

პირველი, ის მოქმდებები, რომლებიც შეადგენენ ჩვენს თაყვანისცემას

თაყვანისცემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ფორმა არის წმინდა ადგილებში შეკრება და რელიგიური წესების შესრულება. უფალი ამბობს: „იმისთვის, რომ უფრო სრულად დაიცვათ თავი და ლაქა არ მოგეცხოთ ამაქვეყნიდან, წადით ლოცვის სახლში და ჩემს წმინდა დღეს ჩაატარეთ ზიარება.” ეს, რა თქმა უნდა, არის მთავარი მიზეზი სამლოცველოების მშენებლობისა. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, სივრცე, რომელიც არ არის მიძღვნილი, ასევე შესაძლებელია გამოდგეს, თუ მას გარკვეულწილად სიწმინდეს შევძენთ.

ზიარების შეკრება.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ვაკეთებთ უფლის დღეს შეკრებისას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაცვია საუკეთესოდ, ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად - არა ექსტრავაგანტულად, არამედ მოკრძალებულად, იმ ფორმით, რაც გამოხატავს ჩვენს პატივისცემას და მოწიწებას ღმერთის მიმართ. ჩვენი საქციელიც ასევე არის მოკრძალებული და თავაზიანი. ჩვენ თაყვანს ვცემთ ლოცვაში გაერთიანებით; ჩვენ თაყვანს ვცემთ საგალობლების გალობით (არამხოლოდ მოსმენით, არამედ ერთად სიმღერით); ჩვენ თაყვანს ვცემთ ერთმანეთისგან სწავლითა და დარიგებით. იესო ამბობს: „დაიმახსოვრე: უფლის ამ დღეს უნდა შესწირო შენი შესაწირი [იგულისმება „თქვენ მიერ გაღებული … დრო, ნიჭი, ან საშუალებები ღმერთისა და მოყვასის მსახურებისთვის“] და ზიარება ყოვლად მაღალს, აღიარო შენი ცოდვები ძმებისა და უფლის წინაშე.“ ჩვენ არ ვიკრიბებით, რომ გავერთოთ ან სხვები გავართოთ - როგორც მუსიკალური ჯგუფი, მაგალითად - არამედ უფლის მოსახსენიებლად და „რათა უფრო სრულყოფილად [ვ]იყოთ განსწავლულნი“ მის სახარებაში.

როგორც უახლეს გენერალურ კონფერენციაზე უხუცესმა პატრიკ კირონმა შეგვახსენა, „ჩვენ არ ვიკრიბებით კვირადღეს მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ დავესწროთ ზიარების შეკრებას და ვალი მოვიხადოთ. ჩვენ ერთად ვიკრიბებით ღვთის თაყვანისცემისთვის. ამ ორ იდეას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დასწრება ნიშნავს ფიზიკურად ყოფნას. მაგრამ თაყვანისცემა არის ჩვენი ღმერთის გააზრებული ქება-დიდება ისე, რომ ჩვენც გარდავიქმნათ ამ პროცესში!”

კვირა დღის უფლისთვის და ღვთის მიზნებისთვის მიძღვნა თავისთავად არის თაყვანისცემა. წლების წინ, იმდროისათვის უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა, შეამჩნია: „როგორ ვეპყრობით წმინდად შაბათის დღეს? როცა ბევრად ახალგაზდა ვიყავი, მე სხვების ნაშრომებს ვსწავლობდი, რომლებსაც შეედგინათ ჩამონათვალი, რისი კეთება შეიძლებოდა და რისი კეთება არ შეიძლებოდა კვირა დღეს. მოგვიანებით შევიტყვე წმინდა წერილიდან, რომ ჩემი ქცევა და დამოკიდებულება კვირა დღის მიმართ იყო მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორის ნიშანი [იხილეთ გამოსვლა 31:13; ეზეკიელი 20:12, 20]. ამის გააზრების შემდეგ, მე აღარ მჭირდებოდა „შეიძლება“ და „არ შეიძლებას“ გრძელი სია. როცა მიწევდა გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, იყო თუ არა ესა თუ ის ღონისძიება კვირისთვის შესაფერისი, მე უბრალოდ ვეკითხებოდი ჩემს თავს: „რა ნიშანი მინდა მივცე ღმერთს?“

უფლის დღეს თაყვანისცემისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იესო ქრისტესმიერ დიდებულ გამომსყიდველ მსხვერპლს. ჩვენ შესაბამისად და განსაკუთრებულად აღვნიშნავთ უფლის მკვდრეთით აღდგომას აღდგომის დღესასწაულისას, მაგრამ ასევე ყოველ კვირას ჩვენ ზიარებით ვიღებთ უფლის გამოსყიდვის სიმბოლოებს, მათ შორის მისი აღდგომისა. ვინც ცოდვებს ინანიებს, მისთვის ზიარების მიღება არის კვირა დღის თაყვანისცემის მთავარი ნაწილი.

უფლის ერთად თაყვანისცემას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ განსაკუთრებული ძალა აქვს და გვეხმარება ერთმანეთის სწავლებაში, მსახურებაში და მხარდაჭერაში. საინტერესოა, რომ ერთი ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, ვინც საკუთარ სულიერ ცხოვრებას მიიჩნევს როგორც მთლიანად პირადს ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრიორიტეტად მიიჩნიონ სულიერი ზრდა ან თქვან, რომ მათი რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, ან სულიერების დრო ხშირად მიუძღვნან ღმერთს. როგორც წმინდანების საზოგადოება, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ თაყვანისცემასა და რწმენაში.

მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ყოველდღიური მოქმედებები უფლის სადიდებლად, რომლებსაც ვასრულებთ ინდივიდუალურად და სახლში. მხსნელი გვახსენებს: „მაგრამ აღთქმები უნდა დადო სამართლიანობაში, ყოველ დღესა და ჟამს.“ ერთ-ერთმა დამ ბრძნულად აღნიშნა: „მე არ მეგულება უფრო სიღრმისეული გზა ღმერთის თაყვანისცემისთვის, ვიდრე უფლის პატარა ბავშვების ჩვენს ცხოვრებაში მიღებისა და მათზე ზრუნვისა და მათთვის უფლის გეგმის სწავლისა.“

ალმა და ამულეკი ასწავლიდნენ ზორამიელებს, რომლებსაც სინაგოგებში ღმერთის თაყვანისცემა აკრძალული ჰქონდათ, არამხოლოდ კვირაში ერთხელ, არამედ ყოველთვის და „სადაც არ უნდა იყოთ.“ ისინი ლოცვას განიხილავდნენ, როგორც თაყვანისცემას:

„უნდა გადმოღვაროთ სული თქვენს ოთახებში და საიდუმლო ადგილებში და თქვენს უდაბნოში.

„დიახ, როდესაც არ შეჰღაღადებთ უფალს, დაე, აგევსოთ გულები მისადმი განუწყვეტელი ლოცვით.”

ისინი ასევე საუბრობდნენ წმინდა წერილებში ძიებაზე, ქრისტეს შესახებ დამოწმებაზე, ქველმოქმედებასა და მსახურებაზე, სული წმინდის მიღებაზე, და ყოველდღიურ მადლიერებაში ცხოვრებაზე. იფიქრეთ ამ ნააზრევზე: „ყოველდღიურ მადლიერებაში ცხოვრება.“ ეს ჩემ მიერ ზემოაღნიშნულ მეორე საკითხთან მჭიდრო კავშირშია:

თაყვანისცემისას თანდაყოლილი განწყობა და გრძნობები

ღმერთის მიმართ მადლიერების შეგრძნება და გამოხატვა სწორედ ისაა, რაც თაყვანისცემას სძენს განახლების სიხარულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ისევე შევხედავდით, როგორც კიდევ ერთ მორიგ ვალდებულებას.

ნამდვილი თაყვანისცემა ნიშნავს უფლის სიყვარულს და ჩვენი ნების მოდრეკას მის წინაშე - ყველაზე ძვირფასი ძღვენი, რაც ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ. როდესაც ჰკითხეს, თუ რომელი იყო ყველაზე დიდი მცნება მთელ რჯულში, იესომ უპასუხა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.” მან ამას ასევე პირველი მცნება უწოდა.

ეს იყო თავად იესოს მიერ მამაზეციერის თაყვანისცემის ნიმუში. უფლის ცხოვრება და გამომსყიდველი მსხვერპლი მიეძღვნა მამის დიდებას. მტკივნეულად გვახსოვს იესოს გულშემზარავი ვედრება წარმოუდგენელი ტანჯვისა და წამების შუაგულში: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი,“ მაგრამ შემდეგ მორჩილად ამბობს, „თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი.“

ქრისტე გეთსიმანიაში

თაყვანისცემა გულისხმობს, ვცდილობდეთ ამ სრულყოფილი მაგალითის მსგავსად ვიმოქმედოთ. ჩვენ ამ მიმართულებით სრულყოფილებას ვერ მივაღწევთ ერთ ღამეში, მაგრამ თუ ყოველდღე „მსხვერპლშესაწირად [უფალს მივუტანთ] მოდრეკილ გულსა და მომნანიებელ სულს,“ უფალი კვლავ მოგვნათლავს თავისი სულით და აგვავსებს ღვთიური მადლით.

მესამე, ჩვენი თაყვანისცემის ექსკლუზიურობა

მოძღვრება და აღთქმების პირველ ნაწილში უფალი აცხადებს ამა სოფლის ბრალს:

„ვინაიდან განუდგნენ ჩემს წეს-ჩვეულებებს და დაარღვიეს ჩემი მარადიული აღთქმა;

„ისინი არათუ ისწრაფიან უფლისკენ, რათა დაამკვიდრონ მისი სამართლიანობა, არამედ ყოველი ადამიანი დადის საკუთარი გზით, მისდევს რა საკუთარი ღმერთის ხატს, ხატს, რომელიც არის ამქვეყნის.“

ჩვენთვის სასარგებლოა, რომ გვახსოვდეს სამი ებრაელი ყმაწვილის ამბავი: ხანანია, მისაელი და აზარია, რომლებიც შეიპყრეს და ბაბილონში გაგზავნეს, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც ლეხიმ და მისმა ოჯახმა იერუსალიმი დატოვეს. ბაბილონიელმა თავადმა მათ სახელები გადაარქვა - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მოგვიანებით სამივე მათგანმა უარი თქვა ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის თაყვანისცემაზე და მან მათი ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში შეყრა ბრძანა და უთხრა: „რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“

თქვენ გაგახსენდებათ მათი გამბედავი პასუხი:

„ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!

„თუ არადა, იცოდე, … ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“

შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გადარჩნენ გავარვარებულ ღუმელში.

ღუმელი ისეთი ცხელი იყო, რომ მათი შიგნით ჩამყრელები დახოცა, მაგრამ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო უვნებელნი დარჩნენ. „მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც … იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, … და საკუთარი სხეულიც კი გადადეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.” ისინი ენდობოდნენ იეჰოვას, რომ გადაარჩენდა მათ, „მაგრამ თუ არადა,“ ე.ი. მაშინაც, თუ ღმერთი საკუთარი სიბრძნით არ ააცილებდა მათ სიკვდილს, ისინი მაინც უფლის ერთგულები დარჩებოდნენ.

რასაც არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა მამაზეციერისა და ძის თაყვანისცემაში, ხდება კერპი. ისინი, ვინც უარყოფენ ღმერთს, როგორც ჭეშმარიტების წყაროს ან უარყოფენ რამე პასუხისმგებლობას უფლის წინაშე, ფაქტობრივად საკუთარ თავს მათ ღმერთად ანაცვლებენ. ის, ვინც ვინმეს ან რამეს მიმართ ერთგულებას ღვთაებრივ მიმართულებაზე მაღლა აყენებს, თაყვანს სცემს ცრუ ღმერთს. ისინიც კი, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ თაყვანს სცემენ ღმერთს, მაგრამ მის მცნებებს არ იცავენ, თავიანთი გზით დადიან: „მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან.“ ჩვენი თაყვანისცემის ობიექტი არის მხოლოდ და მხოლოდ „ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ვინც [მან] მოავლინა - იესო ქრისტე“.

დასასრულს, მამისა და ძის მიბაძვის საჭიროება

საბოლოოდ, ჩვენი ცხოვრების წესი შეიძლება საუკეთესო, ყველაზე ნამდვილი თაყვანისცემის ფორმა იყოს. ჩვენი თავდადების გამოხატვა გულისხმობს მამისა და ძის მიბაძვას - მათი თვისებებისა და ხასიათის ჩვენს თავში განვითარებას. თუ, როგორც ანდაზა ამბობს, იმიტაცია კომპლიმენტის ყველაზე გულწრფელი ფორმაა, მაშინ, ღვთაებასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ მიბაძვა თაყვანისცემის ყველაზე გულწრფელი ფორმაა. აღნიშნული მოიაზრებს ჩვენი მხრიდან აქტიურ, მუდმივ ძალისხმევაზე ვიღწვოდეთ სიწმინდისკენ. მაგრამ თუ უფრო მივემსგავსებით ქრისტეს, ესეც იქნება ჩვენი თაყვანისცემის ბუნებრივი შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა ხნის წინ ციტირებული უხუცესი კირონის ფრაზა თაყვანისცემის შესახებ, „ისე, რომ ჩვენც შევიცვალოთ.“ ნამდვილი თაყვანისცემა გარდამქმნელია.

ეს არის აღთქმების გზის მშვენიერება - ღმერთის თაყვანისცემის, სიყვარულისა და ერთგულების გზა. ჩვენ ამ გზაზე ვდგებით ნათლობით, როდესაც ვდებთ პირობას, საკუთარ თავზე ავიღოთ ქრისტეს სახელი და რომ დავიცავთ უფლის მცნებებს. ჩვენ ვიღებთ სულიწმინდის ძღვენს, მაცნეს მხსნელის მადლისა, რომელიც გამოგვისყიდის და გვწმენდს ცოდვისაგან, როდესაც ვინანიებთ. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მონანიებისას ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს.

ამას მოჰყვება მღვდლობის დამატებითი წეს-ჩვეულებები და უფლის სახლში დადებული აღთქმები, რომლებიც უფრო განგვწმენდს. სატაძრო ცერემონიები და წეს-ჩვეულებები წარმოადგენენ თაყვანისცემის ამაღლებულ ფორმას.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ხაზი გაუსვა, რომ „ყოველ ქალსა და მამაკაცს, ვინც ღირსეულად იღებს მღვდლობის წეს-ჩეულებებს, დებს და იცავს ღმერთის აღთქმებს, აქვს პირდაპირი წვდომა ღვთის ძალაზე.” ამ ძალას მხოლოდ იმისათვის არ ვიღებთ, რომ სხვები დავლოცოთ და მათ ვემსახუროთ. აღნიშნული ღვთიური ძალა ასევე მოქმედებს ჩვენში, რომ დაგვხვეწოს და განგვწმინდოს. აღთქმების გზაზე სიარულისას, ჩვენში „გამოვლინდება ღვთისმოსაობის [წმინდამყოფელი] ძალა.“

დაე, ჩვენც, როგორც უძველესი ნეფიელები და ლამანიელები, „იესოს ფერხთით და[ვ]ეც[ეთ] და თაყვანი [ვ]ცე[თ] მას.“ დაე, ჩვენ, როგორც იესომ ბრძანა, „ფერხთით დავეცეთ და თაყვანი ვცეთ მამას [ძის სახელით].” დაე, მიგვეღოს სული წმინდა და მოგვედრიკოს გულები ღმერთის მიმართ, არ გვყოლოდეს სხვა ღმერთები მის გარდა და როგორც იესო ქრისტეს მოწაფეები, საკუთარ ცხოვრებაში თვისობრივად მივემსგავსოთ უფალს. მე ვმოწმობ, რომ როდესაც ასე მოვიქცევით, ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს ღვთის თაყვანისცემაში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.