მარადისობის დიადი ძღვენები: იესო ქრისტეს გამოსყიდვა, აღდგომა და აღდგენა
აღდგომაში ჩვენ ვპოულობთ იესო ქრისტეში სიმშვიდეს, გარდაქმნასა და კუთვნილებას, რაც არის რეალური და სასიხარულო, ბედნიერი და მარადიული.
წლების წინ, დილით ადრე, ჩვენი სახარების კლასი ბიბლიიდან ნაწყეტებს იზეპირებდა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მოკლე მუხლები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. მათ შორის, იოანე 11:35–ყველაზე მოკლე მუხლი წმინდა წერილში, სულ ორი სიტყვით: „აცრემლდა იესო“.
ჩემთვის ის, რომ იესო ტირის მწუხარებისა და სიხარულის ჟამს, მოწმობს საოცარ რეალობაზე: ღმერთის ღვთაებრივი ძე ფიზიკურ სამყაროს მოევლინა და ხორციელად ისწავლა, თუ როგორ იყოს ყოველთვის ჩვენთან და დაგვლოცოს.
როცა ჩვენ სიხარულის ან მწუხარების ჟამს ხმამაღლა ვტირით, იესო ქრისტეს სრულყოფილად ესმის ჩვენი. მას შეუძლია ჩვენთან იყოს იმ მომენტებში, როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება მარადიული დიადი ძღვენები—იესო ქრისტეს გამოსყიდვა, აღდგომა და აღდგენა.
მარიამი და მართა დასტირიან თავიანთ გარდაცვლილ ძმას, ლაზარეს. თანაგრძნობით გულაჩუყებული, იესო ტირის. ის ლაზარეს გააცოცხლებს.
იესო ხედავს იერუსალიმს პასექის წინა ღამეს. ის ტირის, რადგან ვერ შეკრიბა თავისი ხალხი ისე, როგორც კრუხი კრებს თავის წიწილებს. დღეს მისი გამოსყიდვა გვაძლევს იმედს, როცა ვწუხვართ იმის გამო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ვენახის უფალი ტირის, როცა ეკითხება თავის მსახურებს (და ჩვენც, მზრუნველი დებისა და ძმების როლში): „ამაზე მეტი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის“?
დაობლებული მარიამი სამარხთან დგას. იესო რბილად ეკითხება: „ქალო, რატომ სტირი“? მან იცის, „ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება“. აღდგომა ყველასთვის განთიადის მომტანია.
მორმონის წიგნში, როცა უამრავი ერთგული ადამიანი მივა იესოსთან, მისი სიხარული სრულია. ის ტირის.
„მან კი აიყვანა მათი პატარები, რიგრიგობით, და დალოცა ისინი, და მათთვის ლოცულობდა მამის მიმართ.
„და როდესაც მან ეს დაასრულა, კვლავ იტირა“.
ეს არის იესო ქრისტეში აღდგომა: ის პასუხობს ჩვენი გულის საწადელს და ჩვენი სულის შეკითხვებს. ის მოგვწმენდს ცრემლს, თუმცა არა სიხარულის ცრემლებს.
ცრემლები რომ მოგვდის, ჩვენ ზოგჯერ ბოდიშს ვიხდით, გვრცხვენია. მაგრამ ცოდნამ, რომ იესო ქრისტეს ესმის ცხოვრებისეული ტკივილი და სიხარული, შეიძლება ძალა მოგვგვაროს, მწარესა და ტკბილს შორის მოგზაურობის დროს.
სამხრეთ აფრიკაში მამა ქვითინებს. მისი სიცოცხლის ნაპერწკალი, მისი პატარა ქალიშვილი, გარდაიცვალა. „ყველაფერს დავთმობდი იმისთვის,, რომ ისევ მენახა“, - ტირის ის ჩემს მკლავებში. მეც ვტირი.
პუებლა მეხიკოს ტაძრის მიძღვნაზე, ძვირფას დას ღაპაღუპით ჩამოსდის ბედნიერების ცრემლები. მისი სახე რწმენასა და მსხერპლს ანათებს. ის ამბობს: „Todos mis hijos están aquí en el templo hoy“—ყველა ჩემი შვილი დღეს აქ, ტაძარშია“. უფლის სახლში შეკრებილი თაობები სიხარულის ცრემლებისა და მადლიერების მიზეზია.
სასტიკ სამოქალაქო ომში ოჯახები და მეზობლები ერთმანეთის მიმართ ენით აღუწერელ მოქმედებებს ახორციელებდნენ. მწარე ცრემლები ნელ-ნელა იმედს უთმობს გზას. ქალბატონი პატარა სოფლიდან ამბობს აკანკალებული ხმით: „მეზობელო, საფლავში ჩასვლამდე უნდა გითხრა, სად არიან დამარხულები შენი ოჯახის წევრები“.
გაბრწყინებული პატარძალი და სიმპათიური ნეფე უფლის სახლში ჩაიბეჭდებიან. ორივენი 70 წლის არიან. მშვენიერი პატარძალი, რომელიც ღირსეულად ელოდა ამ დღეს. ის მორცხვად აშრიალებს საპატარძლო კაბას. ჩვენ სიხარულის ცრემლები დავღვარეთ. ღვთის დაპირებები შესრულდა. მის აღთქმებს დალოცვები მოაქვს.
დაქვრივებულ დასთან სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში მისულმა ახალგაზრდა ბოიდ კ. პაკერმა გულისამაჩუყებელი გაკვეთილი ისწავლა. ამ დამ, ქმართან უთანხმოებისას, ბოლოს მტკივნეული საყვედური უთხრა მას. იმ დღეს, მისი მეუღლეს სიცოცხლე შემთხვევითმა ავტოავარიამ იმსხვერპლა. „ორმოცდაათი წლის განმავლობაში“ - ჰყვება ქვრივი, „ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი, ვიცოდი რა, რომ მისთვის ნათქვამი ბოლო სიტყვები საზიზღარი და მტკივნეული იყო“.
ქრისტეში აღდგომა გვეხმარება გამოვასწოროთ, გავაუმჯობესოთ, სწორ კალაპოტში გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები საბურველის ორივე მხარეს. იესოს შეუძლია გლოვის განკურნება. ის მიტევებას შესაძლებელს ხდის. მას შეუძლია გაგვათავისუფლოს ჩვენც და სხვებიც იმისგამ, რაც ჩვენ ან მათ ვთქვით ან ჩავიდინეთ, რაც სხვაგვარად მონობაში გვამყოფინებდა.
იესო ქრისტეში აღდგომა დაგვეხმარება, ვიგრძნოთ ღვთისგან მოწონება. ეს სამყარო გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაღალი, ძალიან დაბალი, ძალიან სქელი, ძალიან თხელი, არასაკმარისად ჭკვიანი, ლამაზი ან სულიერი. იესო ქრისტეში სულიერი გარდაქმნის გამო ჩვენ შეგვიძლია პერფექციონიზმისგან თავის დაღწევა.
სააღდგომო სიხარულით ჩვენ ვმღერით: „სიკვდილზე გაიმარჯვა; მთელი მსოფლიო ხარობს. [ქრისტემ მოიპოვა გამარჯვება]“. ქრისტეს აღდგომა გვათავისუფლებს სიკვდილისგან, ასაკისგან და ფიზიკური არასრულყოფილებისგან. იესო ქრისტეს გამოსყიდვა სულიერადაც აღგვადგენს. მას ყოველი ფორიდან მოსდიოდა სისხლი, სისხლიანი ცრემლებით ტიროდა, რათა ცოდვისგან და განცალკევებისგან დაგვეღწია თავი. ის ყოველივე ჩვენგანს, განკურნებულსა და წმინდას, ერთმანეთსა და ღმერთს უბრუნებს. ყველა სიკეთეში იესო ქრისტე უხვად აღადგენს—არა მხოლოდ იმას, რაც იყო, არამედ იმას, რაც შეიძლება იყოს.
იესოს ცხოვრება და ნათელი მოწმობს ღვთის სიყვარულის შესახებ მისი ყველა შვილის მიმართ. რადგან ღმერთს, ჩვენს მამას, უყვარს თავისი ყველა შვილი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მრავალ კულტურაში და ტრადიციაში ვხედავთ მის სიყვარულით სავსე მოწვევას - ვიპოვოთ მასში სიმშვიდე და სიხარული. სადაც არ უნდა ვიყოთ, რანიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ, როგორც ერთი შემქმნელის შვილები, ღვთიურ იდენტობას ვიზიარებთ. იმავე სულისკვეთებით ისლამის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრები იზიარებენ მამა აბრაამის რელიგიურ მემკვიდრეობას და აღთქმისეულ კავშირს ძველ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენების მეშვეობით.
მამა აბრაამი ეგვიპტეში მოვიდა და დალოცვილი იყო.
იოსებმა, რომელიც ეგვიპტეში მონობაში გაყიდეს, იცოდა, რომ ფარაონის სიზმარი შვიდი წლის სიუხვესა და შემდეგ შვიდი წლის შიმშილობას ნიშნავდა. იოსებმა თავისი ოჯახი და ხალხი გადაარჩინა. იოსებმა იტირა, როცა ღვთის ჩანაფიქრი იხილა, სადაც ყოველივე ერთად სიკეთისთვის ამოქმედდება მათთვის, ვინც აღთქმებს იცავს.
მოსემ, რომელიც ეგვიპტეში ფარაონის ოჯახში გაიზარდა, მიიღო და მოგვიანებით აღადგინა ღვთის შვილების შეკრების გასაღებები.
წინასწარმეტყველების აღსრულების თანახმად იოსებმა, მარიამმა და ყრმა იესომ ეგვიპტეს შეაფარეს თავი. კაიროში, ერთგული მუსლიმი მორწმუნე პატივისცემით ამბობს: „ყურანი გვასწავლის, რომ იოსებმა, მარიამმა და ყრმა იესომ ჩემს ქვეყანაში იპოვეს თავშესაფარი. ყრმა იესომ ჩემს ქვეყანაში აიდგა ფეხი, ის ჩვენს საკვებს მიირთმევდა, თავისი პირველი სიტყვები წარმოთქვა აქ. ჩვენ გვწამს, რომ აქ, ჩემს ქვეყანაში, ხეები დაბლა იხრებოდა, რათა მისთვის და მისი ოჯახისთვის ხილი მიეწოდებინათ. მისმა ჩემს ქვეყანაში ყოფნამ დალოცა ჩვენი ხალხი და მიწა“.
მორალური და მიწიერი არჩევნის ღვთის გეგმა ნებას გვრთავს, საკუთარ გამოცდილებაზე ვისწავლოთ. ზოგიერთი ჩვენი ყველაზე დიდებული ცხოვრებისეული გაკვეთილი მოდის ისეთი რამიდან, რასაც არასოდეს არ ავირჩევდით. სიყვარულში, იესო ქრისტე ყოველივეზე მაღლა ამაღლდა და ყოველივეზე დაბლა დამდაბლდა. ის ხარობს ჩვენი ღვთიური შესაძლებლობებით შემოქმედებისა და სიხარულისთვის, უანგარო სიკეთისთვის, რწმენისთვის, მონანიებისთვისა და მიტევებისთვის. და ის ტირის და მასთან ერთად, ზეცა და ზეციური ღმერთი, დამწუხრებული ჩვენი ადამიანური ტანჯვის, სისასტიკისა და უსამართლობის ზომით, რაც ხშირად ადამიანურ არჩევანს მოჰყვება.
ყოველი აღდგომის გაზაფხული მოწმობს, რომ სულიერი თანმიმდევრობა და დაახლოება, იესო ქრისტეს წყალობით, გამოსყიდვის, აღდგომისა და აღდგენის ღვთიური ნაწილია. ეს წმინდა, სიმბოლური დაახლოება შემთხვევითი როდია. ბზობა, წმინდა კვირა და აღდგომა ქრისტეს გამოსყიდვასა და აღდგომას ზეიმობენ. რაც შეეხება დღევანდელობას - ყოველ წელს, 6 აპრილს, ჩვენ აღვნიშნავთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსებასა და დამკვიდრებას. ამ მიზნით, ყოველი აპრილის პირველ კვირას, ჩვენ ვიკრიბებით გენერალურ კონფერენციაზე.
აღდგენა აგრეთვე მოხდა, როცა აღმდგარმა იესო ქრისტემ, მოსემ, ელიასმა და ელიამ დააბრუნეს მღვდლობის გასაღებები და უფლებამოსილება ახლად მიძღვნილ კირტლანდის ტაძარში აღდგომის კვირას, 1836 წ. იმ გარემოში, იმ დღეს, იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიას უფლის შვილების შეკრების, მომზადებისა და მასთან დაბრუნების, უფლებამოსილება და კურთხევები ებოძა. იმ დღეს აღდგენამ აღასრულა წინასწარმეტყველება, რომ ის აღდგომასა და პასექის დღესასწაულზე მოხდებოდა.
კირტლანდის ტაძრის გარდა, მე ბოლო ხანებში წმინდა ადგილები მოვინახულე ოჰაიოში, სადაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა და სხვებმა ხილვაში იხილეს მამა, ჩვენი ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე. წინასწარმეტყველმა ჯოზეფმა იცის, როგორია ზეცა. ზეცაში მამაზეციერი, იესო ქრისტეს მეშვეობით, „გადაარჩენს ყოველს, მისი ხელით შექმნილს“, დიდების სასუფეველში. ერთადერთი გამონაკლისია ისინი, რომლებმაც საკუთარი ნებით უარყვეს ძე მას შემდეგ, რაც მამამ იგი მათ მოუვლინა“.
იესომ, თავისი მიწიერი მსახურების დაწყებისთანავე, გამოაცხადა თავისი მისია —დალოცოს ყოველი ჩვენგანი ყოვლივეთი, რისი მიღებაც გვსურს—ყველა დროში, ყოველ მიწაზე და ყოველ ვითარებაში. იესო, 40 დღის განმავლობაში მარხვის შემდეგ, სინაგოგაში წავიდა და წაიკითხა: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“.
გლახაკები, გულშემუსვრილები, ტყვეები, ბრმანი და ჩაგრულნი—ეს ყოველი ჩვენგანია.
ესაიას წიგნი აგრძელებს იმედის, ხსნისა და დარწმუნების მესიანურ დაპირებას: „დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად“.
ამიტომ, ჩვენ ვღაღადებთ: „სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე“.
ყოველთვის, აღდგომის დროს, ჩვენ, იესო ქრისტეს მეშვეობით, ვზეიმობთ, როგორც სიმბოლურ სრულ, მარადიულ დიად ძღვენებს—მის გამოსყიდვას, მის (და ჩვენს დაპირებულ) აღდგომას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მისი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიის აღდგენას, მღვდლობის გასაღებებითა და უფლებამოსილებით, დავლოცოთ ღვთის ყველა შვილი. ჩვენ ვხარობთ ხსნის სამოსელით და პატიოსნების სამოსით. ჩვენ ვღაღადებთ: „ოსანა ღმერთსა და კრავს“!
„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.
დაე, ყოველმა ჩვენგანმა იპოვოს იესო ქრისტეში გამოსყიდვა, აღდგომა და აღდგენა—სიმშვიდე, გარდაქმნა და კუთვნილება, რაც არის რეალური და სასიხარულო, ბედნიერი და მარადიული. მე ამაზედ ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.