გენერალური კონფერენცია
ნუ გაიქვავებთ გულს
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


11:5

ნუ გაიქვავებთ გულს

თუ გულწრფელად მოვინანიებთ, დავიმდაბლებთ თავს, უფალს ვენდობით და დავეყრდნობით, ჩვენი გულები მოლბება.

იესო ქრისტეს სახარების აღდგენა დაიწყო, როდესაც მამა ღმერთი და მისი საყვარელი ძე გამოეცხადნენ ახალგაზრდა ჯოზეფ სმითს, რითაც უპასუხეს მის თავმდაბალ ლოცვას. როგორც აღდგენის ნაწილი, ჯოზეფ სმითმა ღმერთის ნიჭითა და ძალით თარგმნა უძველესი ჩანაწერი. ეს არის ჩანაწერი „ღვთის ქმედებების შესახებ, ამერიკის კონტინენტზე უძველეს მცხოვრებთა მიმართ და მოიცავს მარადიული სახარების სისრულეს.“

როცა პატარა ბიჭი ვიყავი და მორმონის წიგნს ვკითხულობდი, ხშირად მიჩნდებოდა კითხვა, რატომ არ იწამეს ლამანმა და ლემუელმა ის ჭეშმარიტებები, რომლებიც ეუწყათ, მაშინაც კი, როდესაც უფლის ანგელოზი პირდაპირ გამოეცხადა და ესაუბრა მათ. რატომ ვერ შეძლეს ლამანმა და ლემუელმა ყოფილიყვნენ უფრო თავმდაბლები და დამორჩილებოდნენ თავიანთი მამის, ლეხის, და უმცროსი ძმის, ნეფის, სწავლებებს?

ამ კითხვაზე ერთი-ერთი პასუხი ვიპოვე 1 ნეფიში, სადაც წერია, რომ ნეფი იყო „განაწყენებული მათი გულქვაობის გამო“ ნეფიმ ჰკითხა თავის უფროს ძმებს: „როგორ ხართ ასეთი გულქვები და გონებით ბნელნი?“

რას ნიშნავს გაქვავებული გულის ქონა?

მორმონის წიგნის კორეულ თარგმანში სიტყვა „გულქვაობა“ არის 완악 (ვან-ააკ: 頑惡). ამ ფრაზაში გამოყენებულია ჩინური იეროგლიფები “ვან” (頑) რაც ნიშნავს „ჯიუტს“ და “ააკ” (惡), რაც ნიშნავს „ბოროტს“. როდესაც გულით გაქვავებული ვხდებით, სულიერად ვბრმავდებით და კარგი რამ ვეღარ აღწევს ჩვენს გულებამდე და გონებამდე. ვხვდებით ჯიუტნი და მეტ ყურადღებას ვუთმობთ ამქვეყნიურ სურვილებს, ვკეტავთ გულებს ღვთიური საკითხების მიმართ. ვირჩევთ, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ მხოლოდ საკუთარ აზრებზე და აღარ ვიღებთ სხვების მოსაზრებებს და დარიგებებს. ჩვენ ვირჩევთ, არ გავუხსნათ გული ღვთიურ საკითხებს, არამედ გავუხსნათ ამქვეყნიურ გავლენებს და მოწინააღმდეგეს. როდესაც ჩვენი გულები გაქვავებული ხდება, ჩვენ ვეწინააღმდეგებით სულიწმინდის გავლენას. ჩვენ ვართ „ზანტნი უფლის … გახსენებაში“ და დროთა განმავლობაში „ვეღარ [ვგრძნობთ]“ მის სიტყვებს

ალმა ასწავლიდა ხალხს ამონიჰაში, რომ ზოგნი „უარყოფდნენ ღმერთის სულს, თავიანთი გაქვავებული გულების … გამო” ის ასევე ასწავლიდა, რომ „მათ, რომლებიც გულებს იქვავებენ, ეძლევათ სიტყვის უფრო მცირე ნაწილი, იქამდე, სანამ არაფერი აღარ ეცოდინებათ მის საიდუმლოებებზე.“ ბოლოსდაბოლოს, სული განეშორება და უფალი „წაართმევ[ს] თავის] სიტყვას“ მათ, ვინც გაიქვავა გული, როგორც ლამანმა და ლემუელმა. იმის გამო, რომ ლამანი და ლემუელი გამუდმებით იქვავებდნენ გულს, ეწინააღმდეგებოდნენ სულიწმინდის შეგრძნებებს და არ ირჩევდნენ ნეფისა და მამის სიტყვებსა და სწავლებების მიღებას, საბოლოოდ მათ უარი თქვეს ღმერთისგან მომდინარე საუკუნო ჭეშმარიტებებზე.

ლამანისა და ლემუელისგან განსხვავებით, ნეფი გამუდმებით იმდაბლებდა თავს და ეძიებდა მითითებას უფლის სულისგან. სამაგიეროდ, უფალმა ნეფის გული მოალბო. ნეფი გვიზიარებს: „შევღაღადე უფალს; და აჰა, ის მეწვია, მომილბო გული ისე, რომ ვიწამე ყოველი სიტყვა, რაც მამაჩემმა თქვა.“ უფალი დაეხმარა ნეფის, მიეღო, გაეგო და ერწმუნა ყველა საიდუმლოება და სიტყვა, რაც ღმერთისგან მოდის. ნეფისთვის შესაძლებელი გახდა სულიწმინდის მუდმივი თანხლება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ გავიქვავოთ გულები?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვივარჯიშოთ ყოველდღიურ მონანიებაში.

ჩვენმა მხსნელმა გვასწავლა: „ამიტომ, ვინც მოინანიებს და ჩემთან მოვა, როგორც პატარა ბავშვი – მივიღებ“. ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, გვასწავლა:

„მონანიება არის წინსვლის გასაღები . წმინდა რწმენა გვამოძრავებს აღთქმის გზაზე.

გთხოვთ, არ შეშინდეთ და არ გადადოთ მონანიება. სატანა ხარობს თქვენი უბედურებით. … დღეს დაიწყეთ, რათა განიცადოთ ხორციელ ადამიანზე უარის თქმის სიხარული. მხსნელს ყოველთვის ვუყვარვართ, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინანიებთ.“

როდესაც ჩვენ განვიცდით გულის მოლბობით გამოწვეულ სიხარულს და უფალთან მობრუნებას, ჩვენ ვხდებით, „როგორც ბავშვი — მორჩილი, თვინიერი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე, მზადყოფნით დაემორჩილოს ყველაფერს, რასაც უფალი ჩათვლის მასზედ მოსავლენად, როგორც ბავშვი ემორჩილება მამას“.

მეორე, ჩვენ შეგვიძლია ვივარჯიშოთ თავმდაბლობაში.

ყოველდღიური მონანიება, ჩვენს გულებში თავმდაბლობას მოიტანს. ჩვენ გვსურს, გავხდეთ თავმდაბალები უფლის წინაშე, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც ემორჩილება თავის მამას. ამ შემთხევაში სულიწმინდა ყოველთვის ჩვენთან იქნება და ჩვენი გულები მოლბება.

ჩემი მაუღლე, სიუ, და მე, უკვე ოთხი წელია ვიცნობთ ერთ არაჩვეულებრივ წყვილს. როდესაც ისინი გავიცანით, ქმარი ეკლესიის ახალი წევრი იყო, ხოლო მისი მეუღლე მისიონერებს ხვდებოდა სახარების შესასწავლად. ბევრი მისიონერი ხვდებოდა მას, რათა დახმარებოდა ქრისტესთან მიახლოებაში. ჩვენ ვგრძნობდით, რომ მას ჰქონდა სიცოცხლით აღსავსე დამოწმება სახარების შესახებ და იცოდა, რომ ეკლესია ჭეშმარიტია. მას ხშირად უგრძვნია სულიწმინდა ჩვენი შეხვედრებისას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა შეკრებაში. მას უყვარდა ურთერთობა მეურვეობის შესანიშნავ წევრებთან. თუმცა მას უჭირდა საკუთარი თავის მზადყოფნაში მოყვანა ნათლობის წყლებში შესასვლელად. ერთ დღეს ის კითხულობდა მორონი 7:43-44, სადაც წერია;

„და კვლავ, აჰა, მე გეუბნებით: მას ვერ ექნება რწმენა და იმედი, თუ არ იქნება თვინიერი და გულით მდაბალი.

თუ ასეა, ამაოა [თქვენი] რწმენა და იმედი, ვინაიდან არავინ არ არის ღმერთის წინაშე მისაღები, გარდა გულით თვინიერისა და მდაბლისა.“

ამ მუხლების წაკითხვის შემდგომ მან გააცნობიერა, რა უნდა გაეკეთებინა. ის ფიქრობდა, რომ გაიგო, თუ რას ნიშნავდა იყო მორჩილი და თავმდაბალი. თუმცა, მისი გაგება არ იყო საკმარისი, რომ ჰქონოდა რწმენა და იმედი,რათა დამორჩილებოდა ღმერთის მცნებებს. მას უნდა დაეთმო სიჯიუტე და საკუთარი სიბრძნე. მან დაიწყო თავის დამდაბლება გულწრფელი მონანიების გზით. მან დაიწყო სიმდაბლის გაგება, უფლის თვალთახედვით. იგი ეყრდნობოდა ზეციურ მამას და ლოცულობდა საკუთარი გულის მოსალბობად. ამ ლოცვების მეშვეობით, მან იგრძნო: სულმა მისცა მოწმობა, რომ ზეციურ მამას სურდა, ის მონათლულიყო.

ორივე – ცოლმაც და-ქმარმაც გააზიარეს, რომ რაც უფრო თავმდაბლები ხდებოდნენ, მით უფრო მეტად ესმოდათ ღვთის სიტყვები, და მათი გულები მომლბარი იყო, რათა გაყოლოდნენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სწავლებებს.

მესამე, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ და დავეყრდნოთ ჩვენს მხსნელს.

ნეფი შესანიშნავი მაგალითია, რომ მისი გული მოლბა უფალზე მინდობის მეშვეობით. მან თქვა: „უფალო, მე გენდობოდი შენ და სამუდამოდ გენდობი. მე არ მივანდობ სასოებას ხორციელის ხელს.“ ანალოგიურად, გამოცხადებაში, რომელიც მიენიჭა ჯოზეფ სმითს, უფალი ამბობს, „მიენდე იმ სულს, რომელსაც მიჰყავხარ სიკეთის კეთებისკენ—დიახ, რათა მოიქცე სწორად, იარო თავმდაბლად.“ როდესაც ვამყარებთ ჩვენს ნდობას უფლის მიმართ და ვეყრდნობით მას, ის მოგვილბობს გულს და დაგვეხმარება ჩვენს განსაცდელებში, უბედურებასა თუ გასაჭირში.

თუ გულწრფელად მოვინანიებთ, დავიმდაბლებთ თავს, უფალს ვენდობით და დავეყრდნობით, ჩვენი გულები მოლბება. შემდეგ ის გადმოღვრის თავის სულს და გვიჩვენებს ზეციურ საიდუმლოებებს. ჩვენ ვირწმუნებთ ყველა სიტყვას, რომელიც მან გვასწავლა და ჩვენი აღქმა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, იყო მორჩილებისა და თავმდაბლობის უმაღლესი მაგალითი. 2 ნეფი 31:7-ში ვკითხულობთ: „ნუთუ არ იცით, რომ ის იყო წმინდა? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არის წმინდა, ის დაანახებს ადამიანთა შვილებს, რომ ხორციელის თანახმად მამის წინაშე თავს იმდაბლებს და მოწმობს მამისათვის, რომ მორჩილი იქნება მისი მცნებების დაცვაში.“ მიუხედევად იმისა, რომ ის იყო წმინდა და სრულყოფილი, მან თავი დაიმდაბლა მამის წინაშე და დაემორჩილა მას მონათვლით.

მოკვდავი ცხოვრების ბოლოს, იესო ქრისტემ თავისი ნება მამის ნებას დაუმორჩილა და მიიღო მწარე ფიალა. ამ ტანჯვამ „აიძულა ტკივილისგან [ეკანკალა], სისხლი წამოსვლოდა ყოველი ფორიდან და [დატანჯულიყო] სხეულითა და სულით“. მხსნელმა ითხოვა, რომ მას „არ [შეესვა] მწარე ფიალიდან და თავი [აერიდებინა]“. ამისდა მიუხედავად, მან თქვა: „დიდება მამას, მივიღე ფიალა და დავასრულე ჩემი მზადება ადამიანთა შვილებისთვის“.

დებო და ძმებო, ჩვენ მოგვეცა ზნეობრივი თავისუფალი არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, გავიქვავოთ გული ან მოვილბოთ გული. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეგვიძლია ავირჩიოთ ის საქმეები, რომლებიც უფლის სულს ჩვენს გულში მოიწვევს და დაამკვიდრებს. მე ვიცი, ამ გადაწყვეტილებებში არის მშვიდობა და სიხარული.

მოდით, მივბაძოთ ჩევენს მხსნელს, იესო ქრისტეს, რომელიც მამის ნებას მიჰყვა. როდესაც ასე ვიქცევით, უფალი გვპირდება: „ვინაიდან, აჰა, შევკრებ მათ, როგორც კრუხი ფრთების ქვეშ წიწილებს, თუ არ გაიქვავებენ გულებს.“ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.