გენერალური კონფერენცია
ჩვენი ზეციური გზამკვლევი სისტემა
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


10:48

ჩვენი ზეციური გზამკვლევი სისტემა

როდესაც იესო ქრისტეზე გავამახვილებთ ყურადღებას ცხოვრებაში, ჩვენ ვიპოვით გზას სახლისკენ, ბოლომდე გავძლებთ და ბოლომდე ვიხარებთ.

იესო ქრისტემ შეცვალა ჩემი ცხოვრება, როდესაც 26 წლის ასაკში ჩემს უსაყვარლეს ფრუტილარში, ჩილეში, მოვინათლე. იმ დროს ჩემმა სამსახურმა ჩილეს ლამაზი პატაგონიის ოკეანე, მდინარეები და ტბები მომატარა. ჩემი ნათლობის შემდეგ ახლებურად და განსხვავებულად დავინახე ჩემი სამსახური და ცხოვრება, ჭეშმარიტად ვაღიარებდი, რომ „ყველაფერი მიუთითებს, რომ ღმერთი არსებობს“.

ბუნებაში, ორაგული იბადება მდინარის წყაროებში. ცხოვრების რაღაც მომენტში, მათ უწევთ მდინარის ქვემო მიმართულებით ცურვა, რათა მიაღწიონ ოკეანს, სადაც ისინი პოულობენ საზრდოს და პირობებს განვითარებისთვის.

თუმცა ოკეანე ასევე საშიში ადგილია, სადაც მტაცებლები იმალებიან და მეთევზეები ცდილობენ ორაგულის დაჭერას, მოციმციმე კაკვებით, რომლებიც საჭმლის იმიტაციას ახდენენ. ამ საფრთხეებს თუ გადაურჩებიან, ისინი მზად იქნებიან გამოიყენონ თავიანთი მძლავრი გზამკვლევი, რათა დაბრუნდნენ მდინარის იმ ადგილას, სადაც დაიბადნენ, ახალი და ნაცნობი გამოწვევების გადასალახად. რამდენიმე წლის მანძილზე მეცნიერები იკვლევდნენ მათ მიგრაციულ ჩვევას და აღმოაჩინეს, რომ ისინი იყენებენ მაგნიტურ რუკას, GPS-ის მსგავსად, რომელიც წარმოუდგენელი სიზუსტით უკვლევს მათ გზას საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ.

ჩვენ ყველას შეგვიძლია, ერთ დღეს დავბრუნდეთ ზეციურ სახლში, საიდანაც მოვედით. და როგორც ორაგულს, ჩვენ გვაქვს საკუთარი მაგნიტური რუკა ანუ ქრისტეს სინათლე, რომ მიგვიყვანოს იქ. იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“.

როდესაც იესო ქრისტეზე გავამახვილებთ ყურადღებას ცხოვრებაში, ვიპოვით გზას სახლისკენ, ბოლომდე გავძლებთ და ბოლომდე ვიხარებთ. პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა, რომ „სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს.

ჩვენი ღვთაებრივი ბუნება და ბედისწერა.

ოჯახი: მოწოდება მსოფლიო[ში] ვკითხულობთ, რომ „თითოეული [ჩვენგანი] არის ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული, რის გამოც ყოველ მათგანს გააჩნია ღვთაებრივი ბუნება და დანიშნულება. … წინამიწიერ ცხოვრებაში სულიერი ვაჟები და ასულები იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს, როგორც თავიანთ მარადიულ მამას და აღიარეს მისი გეგმა, რომლის მიხედვითაც მის შვილებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ფიზიკური სხეული და ამქვეყნიერი, მიწიერი გამოცდილება, რათა გახდნენ სრულყოფილნი და მიაღწიონ თავიანთ ღვთაებრივ დანიშნულებას, როგორც მარადიული სიცოცხლის მემკვიდრენი.“

მოკვდავობაში დაბადებამდე იესო ქრისტე გამოეცხადა მოსეს და ესაუბრა მას მამის სახელით. მან უთხრა მოსეს, რომ დიდი საქმე ჰქონდა მისთვის. ამ შეხვედრისას, უფალმა მას რამდენჯერმე დაუძახა „ჩემო შვილო“.

ამის შემდეგ სატანა მოვიდა მის საცდუნებლად და უთხრა: „მოსე, ადამიანის შვილო, მეთაყვანე მე“.

მოსემ ცდუნებას თავისი ღვთაებრივი ბუნების გახსენებით უპასუხა და თქვა: „შენ ვინ ხარ? ვინაიდან, აჰა, მე ვარ ღვთის შვილი“. ჭეშმარიტებამ დაიხსნა მოსე მოწინააღმდეგის თავდასხმისგან.

დებო და ძმებო, მოკვდავების კაკვები რეალურია. ისინი ხშირად მაცდუნებელნი არიან, თუმცა მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: გამოგვიყვანონ ცოცხალი წყლების დინებიდან, რომელიც გვიძღვება მამისკენ და მარადიული ცხოვრებისკენ.

მე ვიცი, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს მოკვდავების კაკვები. ერთ კვირას, ახლადმოქცეული, მღვდელმსახურების კლასს ვასწავლიდი, როდესაც უსიამოვნო საუბარი წამოიჭრა. მე მიჭირდა გაკვეთილის დასრულება. გავბრაზდი და ვიგრძენი, რომ მსხვერპლი ვიყავი. სიტყვის თქმის გარეშე, გასასვლელისკენ გავეშურე, იმ ფიქრით, რომ გარკვეული პერიოდისთვის არ დავბრუნდებოდი ეკლესიაში.

იმავე წამს, შეშფოთებული მღვდელმსახური ჩემ წინ დადგა. მან სიყვარულით მომიწვია, რომ ყურადღება გამემახვილებინა იესო ქრისტეზე და არა იმ სიტუაციაზე, რომელიც განვიცადეთ კლასში. ამ გამოცდილების გახსენებისას მან გამიზიარა, რომ გაიგონა ხმა, რომელმაც უთხრა: „მიდი მასთან; ის ჩემთვის მნიშვნელოვანია.“

უხუცესი ვარგასი და წინამძღოლი, რომელიც მისდევდა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ვართ მისთვის. პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „ღმერთთან ჩვენი აღთქმის გამო იგი არასოდეს დაიღლება ჩვენი დახმარების მცდელობით, ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ამოვწურავთ ჩვენდამი მის მოთმინებას.“ ჩვენი ღვთაებრივი ბუნება და ღმერთთან აღთქმული ურთიერთობა გვაძლევს უფლებას, მივიღოთ ღვთიური დახმარება.

საზრდოს საჭიროება

ისევე როგორც ორაგული უნდა საზრდოობდეს ოკენეში, რათა გაიზარდოს, ასევე ჩვენ სულიერად უნდა ვისაზრდოვოთ, რათა თავიდან ავიცილოთ სულიერი სიკვდილი სულიერი უსაზრდოობისგან. ლოცვა, წმინდა წერილები, ტაძარი და ჩვენი რეგულარული დასწრება საკვირაო შეხვედრებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს სულერ მენიუში.

1956 წლის ნოემბერში, რიკარდო გარსია შევიდა ნათლობის წყლებში ჩილეში და გახდა ეკლესიის პირველი წევრი ჩემს ქვეყანაში. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მან განუცხადა ოჯახსა და მეგობრებს: „მრავალი წლის წინ, მისიონერებმა მომიწვიეს, ვყოფილიყავი ბედნიერი კაცი ჩემს ოჯახთან ერთად. მე ვარ ბედნიერი კაცი. უთხარით ყველას ჩილეში, რომ სახარება ბედნიერებაა.“

მას შემდეგ, რაც ის იესო ქრისტეს სახარებით საზრდოობდა, რიკარდომ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით მსახურებას. მისმა მოწაფეობრივმა მაგალითმა აკურთხა თაობები, მათ შორის მეც. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გვასწვლა, რომ „ღვთის სიყვარულით სავსე ადამიანი არასდროს არ არის კმაყოფილი მხოლოდ თავისი ოჯახის კურთხევებით; იგი ცდილობს, მთელ მსოფლიოში დალოცოს კაცობრიობა“.

დაბრუნება ჩვენს ზეციურ სახლში.

თითეულ ჩვენგანში ღრმად არის ზეციურ სახლში დაბრუნების სურვილი და იესო ქრისტე არის ჩვენი ზეციური გზამკვლევი სისტემა. იგი არის გზა. მისი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვა საშუალებას გვაძლევს, დავდოთ წმინდა აღთქმები ღმერთთან. აღთქმების დადების შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ხანდახან დინების საწინააღმდეგოდ ვცურავთ. საფრთხე, იმედგაცრუება, ცდუნება და ტანჯვა გამოცდიან ჩვენს რწმენასა და სულიერ სიძლიერეს. ითხოვეთ დახმარება. იესო ქრისტეს ესმის და ყოველთვის სურს ჩვენი ტვირთის გაზიარება.

გახსოვდეთ, რომ ის ცნობილია, როგორც „გატანჯული და დასნეულებული.“ მაცხოვარი გვასწავლის: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“. მისი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ცოდვები მოგვეტევოს იმდენად, რომ ის მათ აღარ გაიხსენებს.

ჩვენ შეიძლება არ დაგვავიწყდეს საკუთარი ცოდვები როგორც ნაწილი მოკვდავი სწავლებისა და მათ დავიმახსოვრებთ იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ისინი. ამის ნაცვლად, ჩვენ გავიხსენებთ უფალს, როდესაც ყოველ კვირას ეკლესიაში ზიარებას ვიღებთ. ეს წეს-ჩვეულება არის თაყვანისცემისა და სულიერი განვითარების განუყოფელი ნაწილი. სიხარული მოდის მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არ არის უბრალოდ სხვა დღე. „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი“,იმ განზრახვით, რომ მოგვცეს მოსვენება სამყაროსგან და განაახლოს ჩვენი სხეული და სული.

ჩვენ ასევე ვიხსენებთ უფალს, როდესაც მივდივართ ტაძარში—უფლის სახლში. ტაძრები გვაძლევს უფრო ღრმა ცოდნას იესო ქრისტეს, როგორც აღთქმის ცენტრის, შესახებ, რომელიც მიგვიყვანს მარადიულ სიცოცხლემდე, ღვთის უდიდეს … საჩუქრამდე.

ტაძარში სიარულმა მომცა ნუგეში და დიდი იმედი ჩვენი მარადიული ბედისწერის შესახებ. მე გამოვცადე ზეციური კავშირი ადამიანებთან, საბურველის ორივე მხარეს. მე მინახავს განკურნების სასწაულები ჩემი პატარა შვილების ცხოვრებაში, რომელთაგან ორს უხილავი დაავადებები აქვთ და მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურ მოვლას საჭიროებენ.

ჩვენი ოჯახი ხარობს, როცა ვაზიარებთ ბედნიერების გეგმას. ჩემს ბაშვებს სახე უნათდებათ, როცა ესმით, რომ იესო ქრისტეს წყალობით მათი „ტანჯვა ხანმოკლე იქნება.“ ჩვენ ძლიერ გვიყვარს ჩვენი შვილები და ვიცით, რომ ერთ დღეს, როგორც პრეზიდენტმა ჯეფრი რ. ჰოლანდმა გვასწავლა, ისინი „დადგებიან ჩვენ წინაშე განდიდებულნი და დიდებულნი, განსაცვიფრებლად სრულყოფილნი სხეულითა და გონებით“. ჩვენი აღთქმები გვაახლოვებს ღმერთთან იმდენად, რომ შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, ავსებს რა ყველა ბნელ და ეჭვის მომგვრელ სივრცეს სინათლითა და სიმშვიდით.

იესო ქრისტეს წყალობით, არსებობს იმედი და საფუძვლიანი მიზეზი, რომ გავაგრძელოთ სიყვარული, ლოცვა და მხარდჭერა მათზე, ვისზეც ვზრუნავთ.

მე ვიცი, იგი ცოცხალია. იგი გვიცნობს და მას ვუყვარვართ. ის არის გზა, ჭეშმარიტება და სამყაროს სიცოცხლე.

მე ყოველ ჩვენგანს ვიწვევ, რომ ჩვენი ცხოვრების ცენტრად იესო ქრისტე და მისი სწავლება ვაქციოთ. და როცა ასე მოვიქცევით, ჩვენ არ გამოვედებით ცდუნების, გაბრაზების და თვითსიბრალულის კაკვებზე. ჩვენ ვიდგებით, როგორც ტაძრები—წმინდა, მტკიცე და მუდმივი. ჩვენ გავუმკლავდებით ქარიშხალს და მივაღწევთ სახლში, გავუძლებთ და ვიხარებთ ბოლომდე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.