გენერალური კონფერენცია
როგორც პატარა ბავშვი
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


15:9

როგორც პატარა ბავშვი

მე ვმოწმობ, რომ ჩვილები, ბავშვები და ახალგაზრდები ღვთის სასუფევლის ხატები არიან, მისი მთელი ძალითა და მშვენიერებით.

იესომ საკუთარი მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წელი დაიწყო უფლის მოციქულების ინტენსიური მომზადებით. თუ უფლის გზავნილსა და დაარსებულ ეკლესიას მის შემდეგ გადარჩენა ეწერა, ამისათვის უფრო მეტი რამ უნდა ჩანერგილიყო თორმეტი ჩვეულებრივი ადამიანის გულში, რომლებიც უფალს მხოლოდ 24 თვის განმავლობაში იცნობდნენ.

ერთ დღესაც იესო თორმეტ მოციქულთა შორის კამათს შეესწრო და მოგვიანებით იკითხა, „რაზე მსჯელობდით გზაში?“ აშკარად შერცხვენილები, „ისინი დადუმდნენ,“ როგორც წერილი გადმოგვცემს. მაგრამ ეს უდიდესი მასწავლებელი მათი გულის ზრახვებს აღიქვამდა და პიროვნული სიამაყის პირველი ნიშნები შენიშნა. ამიტომაც მან „დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა, …

„და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

„ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.“

უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს დაბადებამდეც კი, მეფე ბენიამინის გამოსამშვიდობებელი ქადაგება შეიცავდა ამ ძირეულ შენიშვნას ბავშვის თავმდაბლობაზე. მასში ვკითხულობთ: „ხორციელი ადამიანი არის ღმერთის მტერი, … და იქნება უკუნისიდან უკუნისამდე, თუ არ … გახდება წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, და არ გახდება, როგორც ბავშვი - მორჩილი, … თავმდაბალი, … სიყვარულით აღსავსე, … როგორც ბავშვი [პასუხობს] მამას.“

ამასთანავე, ცხადია, ზოგიერთ ბავშვურ მიდრეკილებებს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ოცდახუთი წლის წინ, მაშინ ჩემმა სამი წლის ბიჭმა შვილიშვილმა, ხელზე უკბინა თავის ხუთი წლის დას. ჩემმა სიძემ, ბავშვზე ზრუნვის მიზნით, გააფთრებით ასწავლა თავის ქალიშვილს მიტევების შესახებ ყველა გაკვეთილი, რომელიც მოაფიქრდა. დაასკვნა რა, რომ პატარა ძმამ ალბათ არც კი იცოდა, როგორი შეგრძნება იყო მკლავზე კბენა. მამის ამ წინდაუხედავმა კომენტარმა იმოქმედა დაახლოებით ერთი წუთი, შეიძლება წუთნახევრი, სანამ ბავშვების საძინებლიდან ფანჯრების შემაზანზარებელ ტირილის ხმას გავიგებდით, რომელსაც ჩემმა შვილიშვილმა გოგონამ მოაყოლა, „მან ახლა უკვე იცის.“

მაშ რა უნდა დავინახოთ ცხოვრების ბავშვთა ლიგის ღირებულებებში? რამ აატირა თავად ქრისტე მორმონის წიგნში ყველაზე ფაქიზი სცენისას? რას ასწავლიდა იესო, როდესაც მან მოიხმო ზეციური ცეცხლი და მფარველი ანგელოზები, რომლებიც გარს შემოერტყნენ იმ პატარა ბავშვებს, და როცა უფალმა ზრდასრულებს უთხრა, „შეხედეთ თქვენს პატარებს“?

ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ყოველივე ეს, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული გავლენა ექნებოდა მათ სიწმინდეს, უდანაშაულობასა და თანდაყოლილ თავმდაბლობას, და რაც ამან შეიძლება შესძინოს ჩვენს ცხოვრებას, თუ მას შევინარჩუნებთ.

რატომ არის ჩვენი სასოწარკვეთილების დღეები ერთ-ერთი წინასწარმეტყველის მიერ წოდებული, როგორც „ამაოებათა ამაოება“? რატომ განასახიერებს ეს სიტყვები = „ადამიანთა შვილების ამაო წარმოდგენები და ამპარტავნობა“ = ლეხის ხედვაში იმ დიდ და ფართო შენობას, რომელიც ესოდენ სულიერად მკვდარია? და ზორამიელები, ჯგუფი რომელიც ლოცულობდა ასეთი ანგარებით? მათზე ალმამ თქვა: „აჰა, ღმერთო, ისინი შემოგღაღადებენ თავიანთი ბაგით იმ დროს, როდესაც ყოყოჩობენ … ამქვეყნიური ამაოებით.“

შედარებისთვის, არსებობს რაიმე უფრო ტკბილი, უფრო წმინდა ან თავმდაბალი, ვიდრე ბავშვი, რომელიც ლოცულობს? თითქოს, სამოთხეა ოთახში. ღმერთი და ქრისტე მათთვის რაოდენ რეალურია, თუმცა სხვებისთვის ეს გამოცდილება მოგვიანებით შეიძლება, უფრო ზედაპირული გახდეს.

როგორც უხუცესი რიჩარდ ლ. ევანსი დაახლოებით 60 წლის წინ მსგავსი სცენიდან ციტირებდა: „მრავალი ჩვენგანი აცხადებს, რომ ქრისტიანია, მაგრამ ჩვენ … უფალს სერიოზულად არ აღვიქვამთ. … ჩვენ პატივს ვცემთ უფალს, მაგრამ არ მივდევთ მას. … ჩვენ მის სიტყვებს ვციტირებთ, მაგრამ მათ თანახმად არ ვცხოვრობთ.“ „ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ უფალს არ ვეთაყვანებით.”

როგორი განსხვავებული იქნებოდა ცხოვრება, თუ სამყარო იესოს ბილწ ლანძღვასიტყვაობათა სტრიქონებს შორის დროდადრო მოხსენიებაზე მეტად დააფასებდა.

მაგრამ ბავშვებს უფალი ნამდვილად უყვართ და ამ სიყვარულს შეუძლია მათ სხვა ურთიერთობებშიც შეაღწიოს, ცხოვრების სათამაშო მოედანზე. როგორც წესი, ადრეულ წლებშიც კი ბავშვები ადვილად იყვარებენ, იოლად პატიობენ და მათ საუცხოო სიცილს შეუძლია ყველაზე ცივი, გაქვავებული გულის მოლბობაც.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. სიწმინდე? ნდობა? სიმამაცე? ხასიათი?

მოდით, უფლის წინაშე თავმდაბლობის მაგალითად განვიხილოთ ჩემი ერთ-ერთი უძვირფასესი ახალგაზრდა მეგობრის ამბავი.

ისტონ დერინ ჯოლი

2025 წლის 5 იანვარს, - 91 დღის წინათ - ისტონ დერინ ჯოლის მიენიჭა აარონის მღვდლობა და ხელდასხმით ეკურთხა დიაკვნად უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში.

ისტონი დიდხანს ნატრულობდა უფლის საიდუმლო სერობის წეს-ჩვეულებისას, ზიარების ჩამოტერებაში მონაწილეობას. მაგრამ ამ წმინდა შესაძლებლობას თან ახლდა ძალიან უსიამოვნო შიშის შეგრძნება, რომ იგი ამას ვერ შეძლებდა, რომ დაეცემოდა ან დასცინებდნენ და შეარცხვენდა მის ოჯახსა და საკუთარ თავს.

ისტონს აქვს იშვიათი და ძალიან მავნე დაავადება.

გაგიმხელთ, რომ ისტონს აწუხებს იშვიათი და ძალიან მავნე დაავადება, ულრიხის თანდაყოლილი კუნთოვანი დისტროფია. ეს თანდათან ამძიმებდა მის ახალგაზრდულ ცხოვრებას უზარმაზარი გამოწვევებით და მომავლის იმედებსა და ოცნებებს უმსხვრევდა. ის მალე ინვალიდის ეტლში ჩაჯდება სამუდამოდ. მისი ოჯახი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ელის მას შემდეგ.

მისი ხელდასხმიდან მომდევნო კვირას, ისტონს პირველად უწევდა ზიარების განაწილება. და მისი პირადი მოტივაცია იყო, რომ მას შეძლებოდა საკუთარი თავისა და ამ წმინდა სიმბოლოების მამამისის წინაშე წარდგენა, რომელიც მეურვეობის ეპისკოპოსი იყო. ამ ამოცანის მოლოდინში, ის ითხოვდა და ივედრებოდა, ტიროდა და იხვეწებოდა, გარანტიის მიღება სურდა, რომ მის დახმარებას არავინ, არავინ ეცდებოდა. მრავალი პირადი მიზეზის გამო, მას სჭირდებოდა, რომ ეს თავად, სხვების დახმარების გარეშე, გაეკეთებინა.

მას შემდეგ, რაც მღვდელმა გატეხა პური და დალოცა იგი - სიმბოლო იესო ქრისტეს დამსხვრეული სხეულისა - ისტონი, საკუთარი დამსხვრეული სხეულით, კოჭლობით წამოდგა ლანგარის გამოსართმევად. თუმცა სამი დიდი საფეხური აშორებდა მას სამლოცველოს იატაკიდან ამაღლებულ სცენამდე. აქედან გამომდინარე, მისი ლანგრის მიღების შემდეგ იგი შეძლებისდაგვარად ზემოთ გაიწელა და მოაჯირის ზედაპირზე განათავსა. ამის შემდეგ კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ორივე ხელით თავისი მარჯვენა ფეხი ასწია კიბის პირველ საფეხურზე. შემდეგ მარცხენა ფეხი ასწია იმავე საფეხურზე და ამგვარად განაგრძო გაჭირვებით, სანამ აღმოჩნდებოდა მისი პერსონალური სამ საფეხურიანი ევერესტის მწვერვალზე.

მან შემდეგ, სტრუქტურულ ბოძზე მანევრირებით, შეძლო ფეხზე დადგომა. იგი მივიდა ლანგრამდე. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ იგი ეპისკოპოსის - მამამისის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. იგი თავს იკავებდა, რომ ამ უზომოდ მამაც და ერთგულ შვილს მაშინვე არ ჩახუტებოდა. და ისტონს, შვებით და ფართოდ მომღიმარი სახით, ნამდვილად შეეძლო ეთქვა: „მე გან[ვ]ადიდე [მამაჩემი] იმ საქმის აღსრულებით, რომელიც [მან მომცა], რომ გამეკეთებინა.“

რწმენა, ერთგულება, სიწმინდე, ნდობა, ღირსება და ბოლოს, სიყვარული მამამისის მიმართ, რომლის გახარებაც მას ასე სურდა. სწორედ აღნიშნული და ათეულობით სხვა თვისება ჩვენ გვაიძულებს ასევე ვთქვათ, „ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.“

ძმებო და დებო, ყველაზე მშვენიერ გამოსახულებებზე, რაც მინახავს, მათგან საუკეთესოთა შორის ასახულია ჩვილები, ბავშვები და ახალგაზრდები, ისეთივე კეთილსინდისიერი და ფასდაუდებელი, როგორიც ჩვენ დღეს ვახსენეთ. მე ვმოწმობ, რომ ისინი დედამიწაზე ღვთის სასუფევლის ხატები არიან, რომელნიც ხარობენ, მისი მთელი ძალითა და მშვენიერებით.

ამავე სულისკვეთებით ვმოწმობ, რომ ახალგაზრდა ჯოზეფ სმითმა დაინახა ის, რაც თქვა, რომ დაინახა და ესაუბრა მათ, ვისაც აღნიშნავს, რომ ესაუბრა. მე ვმოწმობ, რომ თავმდაბალი და სპეტაკი რასელ მ. ნელსონი არის ღვთის ხელდასხმული, ნიჭიერი წინასწარმეტყველი და წინასწარმჭვრეტი. მთელი ცხოვრების განმავლობაში კითხვის შემდეგ, მე ვმოწმობ, რომ მორმონის წიგნი ყველაზე დამაჯილდოვებელი წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. იგი ნამდვილად არის ღვთის სასუფეველში არსებულ მრავალ სავანეთა შორის ჩემი პატარა საცხოვრებლის სომის ქვა. მე ვმოწმობ, რომ მღვდლობა და ლოცვა ჩემს ცხოვრებას აღადგენენ—ქრისტეს მღვდლობა და თქვენი ლოცვები. მე ვიცი, რომ ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა და ამის შესახებ ვმოწმობ ღვთის ძეთა შორის ყველაზე ერთგული და თავმდაბალი ძის - ალფას და ომეგას - დიადი მე ვარ-ის, ჯვარცმულის, სარწმუნო მოწმის—თვით უფალი იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იხ. მარკოზი 9:33.

  2. იხ. მარკოზი 9:34.

  3. იხ. ლუკა 9:47.

  4. იხ. მათე 18:2-4.

  5. იხ. მოსია 3:19.

  6. იხ. 3 ნეფი 17:23; იხ. ასევე მუხლები 11-24.

  7. იხ. ეკლესიასტე 1:2.

  8. იხ. 1 ნეფი 12:18.

  9. იხ. ალმა 31:27.

  10. James W. Clarke, quoted in Richard L. Evans, in Conference Report, Apr. 1965, 136. უხუცესი ევანსი აღნიშნავს, რომ ეს ციტირება მოხმობილია რადიოში გაჟღერებული ქადაგებიდან და ეკუთვნის დოქტორ ჯეიმს უ. კლარკს, რომელიც ასევე ციტირებულია უილიამ ჰ. დენფორტის მიერ.

  11. Clarke, in Richard L. Evans, in Conference Report, Apr. 1965, 136.

  12. იხ. იოანე 17:4. ბრაიან და ჩარისა ჯოლის მიერ გაზიარებული პირადი ანგარიში ჯეფრი რ. ჰოლანდთან, 2025 წლის იანვარი.

  13. იხ. მათე 18:4.

  14. იხ. გამოცხადება 1:5.