სიხარული აღთქმის მოწაფეობით
როდესაც ვდებთ პირობას, რომ ვიმოქმედებთ როგორც აღთქმის მოწაფეები, ჩვენი ურთიერთობა მამასთან და ძესთან ძლიერდება, ჩვენი სიხარული იზრდება და ჩვენი მარადიული ხედვა ფართოვდება.
2023 წლის ერთ დღეს უიანგა ალტანსუხი ჩრდილოეთ მონღოლეთის ქალაქ დარხანში, სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც მონღოლეთის მისიის პრეზიდენტი მის სამუშაო ადგილზე მივიდა. აი მისი სიტყვები:
„მე დავინახე ის და ვიფიქრე, რომ მისი სახე კაშკაშად ანათებდა. ის ძალიან კეთილი და მხიარული იყო გარშემომყოფებთან და მე ვიგრძენი სითბო. სანამ წავიდოდა, რამდენიმე კითხვა დავუსვი მას. რამდენიმე დღის შემდგომ, ის კვლავ დაბრუნდა ჩემს სამსახურში და მკითხა, შემეძლო თუ არა მის ეკლესიაში მისვლა. ვიფიქრე, რომ ეს შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო. მე ვღელავდი ჩემი შვილების მომავალზე, რადგან საზოგადოება სტრესითა და სიბნელით სავსე იყო. მე მინდოდა, ჩემი შვილებიც ამ კაცის მსგავსნი ყოფილიყვნენ, სინათლით შემოსილნი და სიხარული გაევრცელებინათ გარშემო მყოფებზე.
„ერთ დღეს მისიონერებმა გვასწავლეს მეათედის კანონი. ჩემმა შვილებმა მღელვარებით თქვეს: „ჩვენ უნდა გადავიხადოთ მეათედი, დედა“. იმ მომენტში, მე ჩემი შვილების რწმენა დავინახე. სანამ ეკლესიას შემოვუერთდებოდი, გენერალურ კონფერენციას ვუყურე და პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის საუბარს მოვუსმინე. მან გამოაცხადა ახალი ტაძრები მსოფლიოს მასშტაბით და თქვა, რომ ულან-ბატორში ახალი ტაძარი იქნებოდა აგებული. მე სიხარულის ცრემლები ჩამომცვივდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი რატომ. ამ სიხარულით, მე შემეძლო მეთქვა, რომ ჩემი რწმენა და დამოწმება იზრდებოდა.“
უიანგა, ისევე როგორც მილიონობით სხვა, არის ისრაელის შეკრების ნაწილი, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის მომზადებისთვის. მან დაიწყო მოგზაურობა აღთქმის გზაზე და გახდა ქრისტეს მოწაფე. რას ნიშნავს იყო იესო ქრისტეს მოწაფე? მე ვაფასებ მოწაფეობის იაპონურ განმარტებას—დეში—სადაცდე ნიშნავს უმცროს ძმას, ში კი არის ბავშვი.
იესო ქრისტემ თქვა: „მე დასაბამიდანვე ვიყავი მამასთან და ვარ პირმშო“. იმის გამო, თუ ვინ არის და რა გააკეთა ჩვენთვის, ჩვენ თაყვანს ვცემთ მას, ჩვენ პატივს ვცემთ მას, ჩვენ ვადიდებთ მას და ჩვენ მივყვებით მას. იესო ქრისტემ გამოგვისყიდა და ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ მისი უსასრულო და გამომსყიდველი მსხვერპლისთვის.
ჩვენ გვყავს ზეციური მამა, რომელსაც ვუყვარვართ, როგორც საკუთარი შვილები. მისი სიყვარული ჩვენ მიმართ სრულყოფილია. იესო ქრისტე და მისი მისია ასახავს ღმერთის სიყვარულს ჩვენ მიმართ. როგორც იოანემ დაწერა: „რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“.
ჩვენს მცდელობებში გავიგოთ ის, რაც არ ვიცით, ზოგჯერ შეიძლება დავეყრდნოთ ჩვენთვის ნაცნობ ამქვეყნიურ გამოცდილებას ან იმას, რაც ვიცით . მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მამა ღმერთის შესახებ მშობლად ყოფნისა და მოკვდავი ოჯახური ურთიერთობების მეშვეობით. თუმცა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ შედარებების ზედმეტად გამოყენებაში ჩვენი ზეციური მამის გაგების მცდელობაში. მამა ღმერთის თვისებები აღემატება დაცემული ადამიანის ნებისმერ, არასრულყოფილზე კიდევ უფრო ნაკლებ თვისებას. მამა ღმერთი არის სრულყოფილი მამა. ის სრულყოფილად მოსიყვარულე, კეთილი, მომთმენი, გამგები და სრულყოფილად დიდებულია. ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილად ვენდოთ მას. ქრისტეს სიყვარული ასახავს მამა ღმერთის სიყვარულს და არის ამ სიყვარულის გამოხატულება.
იესო ქრისტე არის ორივე, მაგალითიც და საშუალებაც. ქრისტეში ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ მამის სრულყოფილი თვისებები და მისი გეგმა. ქრისტესმეშვეობით ჩვენ გვეძლევა ძალაუფლება, რომ დავძლიოთ ქალისა და მამაკაცის ბუნებრივი მიდრეკილებები, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მამას.
ისევე როგორც ჩვენი ზეციური მამა, იესო ქრისტე სრულყოფილად მოწყალე და სამართლიანია. ეს სამართლიანობისა და მოწყალების ღვთიური თვისებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს ავსებენ. ორივე, სამართლიანობა და მოწყალება ასახავს ღმერთის სრულყოფილ სიყვარულს მისი შვილების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მამა ღმერთს და იესო ქრისტეს, რადგანაც ისინი არიან სამართლიანი ყოველი ჩვენგანის მიმართ.
მამა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, იდეალურ თანხვედრაში არიან მიზანსა და სიყვარულში. რადგანაც ღმერთს და იესო ქრისტეს ვუყვარვართ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და პრივილეგია, როგორც ჭეშმარიტ მოწაფეებს, დავდოთ აღთქმები მათთან. ამის გაკეთებით ჩვენი ურთიერთობა ქრისტესთან ძლიერდება: „და ახლა, ამ აღთქმის შედეგად, რომელიც თქვენ დადეთ, თქვენ გიწოდებენ ქრისტეს შვილებს, მის ძეებსა და ასულებს; რადგან, აჰა, ამ დღეს მან გშვათ სულიერად; რადგან თქვენ ამბობთ, რომ მის სახელში რწმენით შეგეცვალათ გული; ამიტომ, მისგან გაჩენილნი ხართ და გახდით მისი ძენი და ასულნი.“
როგორც მოწაფეები, როდესაც ვდებთ და ვიცავთ წმინდა აღთქმებს, ჩვენ კურთხეულნი ვართ სულიერი ძალით. ჩვენ დაკავშირებულნი ვართ ქრისტესთან და მამა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობით და შეგვიძლია განვიცადოთ მათი სიყვარული და სიხარული იმ ზომით, რომელიც განკუთნილია მათთვის, ვინც დადო და დაიცვა აღთქმები. ჩვენი უნარი - სრულად შევიგრძნოთ ღმერთის სიყვარული ან გავაგრძელოთ მის სიყვარულში ყოფნა, დამოკიდებულია ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებსა და ქმედებებზე.
იოანეს, მე-15 თავის, მე-9 მუხლში, ჩვენ ვკითხულობთ: „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ“. და შემდეგ ჩვენ ისევ მოგვეცა მოწვევა, „დარჩით ჩემს სიყვარულში“.
შემდეგ მუხლში, ჩვენ გვეძლევა მის სიყვარულში დარჩენის გზა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით; როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში“.
შემდეგ ჩვენ ვხედავთ მცნებების დაცვის მიზანს მე-11 მუხლში: „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“.
ჭეშმარიტი აღთქმის მოწაფეობის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ ღმერთის ბუნება და სიხარული, რომელიც მას სურს, რომ ყველა მისმა შვილმა განიცადოს. ჩვენ ასევე შეგვიძლია იმ პრინციპების გაგება, რომელნიც შეიძლება თავიდან დამაბნეველი ჩანდეს. მაგალითად, როგორ შეიძლება ღმერთს ჰქონდეს სრულყოფილი სიხარული, როდესაც მისი შვილები ამდენად იტანჯებიან? პასუხი ღმერთის სრულყოფილ პერსპექტივასა და მის სრულყოფილ გეგმაშია. ის გვხედავს დასაწყისიდან ჩვენს დიდებულ პოტენციურ მომავლამდე. მან მოგვცა გზა, თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით, ყოველ ჩვენგანს, მის შვილებს, დავძლიოთ ამქვეყნიური ტკივილი, ტანჯვა, ცოდვები, დანაშაული და სიმარტოვე. ღმერთმა მოგვცა გზა და არჩევანი.
ამ ცნების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება მათი მაგალითები, ვინც გამოსცადეს სიხარული მოწაფეობის მეშვეობით. თქვენ ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომ ჩვენ იმდენად ბედნიერები ვართ, რამდენადაც ჩვენი ყველაზე უკმაყოფილო ბავშვი. მე დავინახე, რომ ეს შეიძლება ასე არ იყოს. ჩემს 94 წლის დედას ჰყავს 200 ცოცხალი შთამომავალი. ნებისმიერ მოცემულ მომენტში, მინიმუმ ერთი 200-დან იქნება უკმაყოფილო. ეს განცხადება მართალი რომ ყოფილიყო, დედაჩემი მუდმივ უკმაყოფილებაში იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც იცნობს მას იცის, თუ როგორი ბედნიერია ის.
ახლა კი მინდა კიდევ ერთი გამოცდილება გაგიზიაროთ. 2019 წელს მე და ჩემი მეუღლე, დები, მოწვეულნი ვიყავით პრეზიდენტ ნელსონის ოფისში. მან სკამი ჩვენთან ისე ახლოს განათავსა, რომ თითქმის მუხლებით ვეხებოდით ერთმანეთს. ჩვენი ამჟამინდელი მოწოდების მინიჭების შემდგომ, პრეზიდენტი ნელსონი დებისკენ შეტრიალდა და მასზე გაამახვილა ყურადღება. ის იყო კეთილი, მოსიყვარულე, ნაზი და სიხარულით აღსავსე, როგორც იდეალური მამა ან პაპა. მას დების ხელი ეჭირა და დაამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩვენი ოჯახი იქნებოდა დალოცვილი. იმ მომენტში გვეჩვენებოდა, რომ ჩვენ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ვიყავით და რომ მას სამყაროში მთელი დრო ჰქონდა ჩვენთვის. ჩვენ დავტოვეთ მისი ოფისი პარასკევს საღამოს დაჯერებულებმა, სიყვარულისა და სიხარულის შეგრძნებით.
ორშაბათს ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები. იმავე დღეს, რომელიც პრეზიდენტმა ნელსონმა ჩვენთან გაატარა, მისი ერთ-ერთი ქალიშვილი კიბოთი გარდაიცვალა. გაოგნებულები ვიყავით. ჩვენი გულები სავსე იყო, როდესაც ვგლოვობდით მისი და მისი ოჯახის გამო. ჩვენი გულები ასევე სავსე იყო მადლიერებით მისი ქრისტესმიერი ყურადღებისთვის მაშინ, როდესაც ის გლოვობდა თავის ქალიშვილს, რომელიც იტანჯებოდა.
როდესაც ამ გამოცდილებაზე ვფიქრობდით, საკუთარ თავს ვკითხეთ, „როგორ შეეძლო მას ყოფილიყო ასეთი კეთილი, მოსიყვარულე და თუნდაც მხიარული ასეთ რთულ დროს?“ პასუხი არის, რადგან მან იცის. მან იცის, რომ ქრისტე გამარჯვებულია. მან იცის, რომ ის კვლავ იქნება მის ქალიშვილთან ერთად და მთელ მარადისობას მასთან გაატარებს. სიხარული და მარადიული პერსპექტივა მოდის მხსნელთან შეკავშირების გზით, აღთქმების დადებით, დაცვით და ქრისტესმიერი მოწაფეობით.
პრეზიდენტმა ნელსონმა გვასწავლა: „ზუსტად ისე, როგორც მხსნელი გვთავაზობს სიმშვიდეს, რომელიც „ყოველგვარ გონებას აღემატება“ [ფილიპელთა 4:7], იგი ასევე გვთავაზობს სიხარულის ძალას, სიღრმესა და სიდიდეს, რომელიც აღემატება ადამიანურ ლოგიკას ან მიწიერ წვდომას. მაგალითად, თითქოსდა შეუძლებელია იგრძნო სიხარული, როცა შენი შვილი განუკურნებელი სენით არის დაავადებული ან სამსახურს კარგავ, ან მეუღლე გღალატობს. თუმცა ეს ზუსტად ის სიხარულია, რომელსაც მხსნელი გვთავაზობს.“
როცა ვდებთ და ვიცავთ აღთქმებს, ჩვენ ბუნებრივად გამოვდივართ საკუთარი ნაჭუჭიდან გარეთ და გვიჩნდება სურვილი დავეხმაროთ სხვებს, იგრძნონ ის სიყვარული და სიხარული, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს აღთქმისეულ ურთიერთობებში. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დედამიწაზე არსებული უდიდესი საქმის—ისრაელის შეკრების ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ღმერთის შვილებს ქრისტესთან მისვლაში. როგორც წინასწარმეტყველმა იაკობმა გვასწავლა, „და კურთხეულნი ხართ თქვენ; რადგან იმის გამო, რომ იყავით ბეჯითნი, შრომობდით რა ჩემთან ერთად ჩემს ვენახში და ასრულებდით ჩემს ბრძანებებს და კვლავ მომიტანეთ ბუნებრივი ნაყოფი, … თქვენ მიიღებთ ჩემთან ერთად სიხარულს ჩემი ვენახის ნაყოფის გამო.“
როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენი შესაძლებლობის შესაბამისად ვიმოქმედოთ აღთქმული მოწაფეების სახით, ჩვენი ურთიერთობა მამასთან და ძესთან ძლიერდება, ჩვენი სიხარული იზრდება და ჩვენი მარადიული პერსპექტივა ფართოვდება. ჩვენ ამის შემდგომ ვართ შემოსილნი ძალითა და სიხარულით იმ ზომით, რაც ღმერთის ჭეშმარიტი აღთქმული მოწაფეებისთვის არის განკუთვნილი. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.