თქვენი მონანიება არ ამძიმებს იესო ქრისტეს, ის მას სიხარულს მატებს
მონანიებისკენ მოწოდება ღვთის სიყვარულის გამოხატულებაა. ამ მოწოდებაზე დათანხმება კი ჩვენს სიყვარულს გამოხატავს.
რამდენიმე წლის წინ, ფლორიდაში ყოფნისას, გარეთ ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. ამ წიგნის სათაურის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ზეცაში მოხვედრა, გინდაც სრულყოფილები არ ვიყოთ. გამვლელმა ქალბატონმა მკითხა: „ფიქრობთ, ეს შესაძლებელია“?
მე მას ავხედე, დავიბენი და შემდეგ მივხვდი, რომ ის წიგნის შესახებ საუბრობდა, რომელსაც მე ვკითხულობდი. მე რაღაც სისულელე ვუთხარი: „ახალი დაწყებული მაქვს კითხვა, ბოლოში რომ ჩავალ, გაგაგებინებთ“.
ოჰ, როგორ მინდა, დროში უკან დავბრუნდე! მე მას ვეტყოდი: „დიახ, ეს შესაძლებელია! რადგან ზეცა არ არის მათთვის, ვინც სრულყოფილია; ის მათთვის არის, ვისაც მიეტევა, ვინც ყოველ ჯერზე იესოს ირჩევს“.
დღეს მსურს ვესაუბრო მათ, ვინც ხანდახან ფიქრობენ: „როგორც ჩანს, მონანიება და მიტევება ყვლასთვის არის, ჩემ გარდა“. მათ, ვინც თავისთვის ფიქრობენ: „რადგან სულ ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებ, ალბათ მე ასეთი ვარ“. მათ, ვისაც ჩემ მსგავსად, ზოგჯერ ისეთი დღეები აქვთ, როცა ფიქრობენ, რომ აღთქმის გზა დიდი აღმართია, ისეთი, რომ აღთქმის ლაშქრობას ჰგავს.
შესანიშნავმა მისიონერმა ფიჯიდან, უხუცესმა განგამ, რომელიც ავსტრალიაში მსახურობდა, მსგავსი გრძნობა გაგვიზიარა თავის გამოსამშვიდობებელ დამოწმებაში: „მე ვიცი, რომ ღმერთს ვუყვარვარ, მაგრამ ზოგჯერ მაინტერესებს: ღმერთმა იცის, რომ მე ის მიყვარს? რადგან სრულყოფილი არ ვარ და ჯერ კიდევ შეცდომებს ვუშვებ“.
იმ ერთი სათუთი, აკვიატებული შეკითხვით, უხუცესმა განგამ შეაჯამა ყველაფერი, რის გამოც ხშირად ვწუხდი. იქნებ თქვენც გაინტერესებთ, ფიქრობთ: „მე კი ძალიან ვცდილობ, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ მართლა ვცდილობ? როცა ისევ და ისევ შეცდომას ვუშვებ, იცის ღმერთმა, რომ მე ის მაინც მიყვარს?
მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ მეც ასე ვფიქრობდი ადრე - მხსნელთან ჩემი ურთიერთობა იზომებოდა იმით, რაოდენ სრულყოფილად ვცხოვრობდი. ვფიქრობდი, მორჩილი ცხოვრება ნიშნავდა, რომ მონანიება არასდროს არ დამჭირდებოდა. და როცა შეცდომას ვუშვებდი - ეს კი ყოველ დღე ხდებოდა - მე ვშორდებოდი ღმერთს და ვფიქრობდი: „როგორი იმედგაცრუებული უნდა იყოს იგი ჩემ გამო“.
ეს არ არის მართალი.
მე შევიტყვე, რომ თუ დაელოდები, სანამ საკმაოდ განიწმინდები ან სრულყოფილი გახდები, რათა მხსნელთან მიხვიდე, შენ ვერაფერი ვერ გაიგე!
რა მოხდებოდა, მცნებებზე და მორჩილებაზე სხვანაირად რომ გვეფიქრა?
მე ვმოწმობ, რომ ღმერთს ადარდებს ჩვენი შეცდომები, მაგრამ იმაზე მეტად მას ადარდებს თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც შეცდომა დავუშვით. ვაპირებთ მასთან ყოველ ჯერზე დაბრუნებას? ვაპირებთ ამ აღთქმისეულ ურთიერთობაში დარჩენას?
იქნებ გესმით უფლის სიტყვები: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ და თავს დაცარიელებულად გრძნობთ, რადგან ყველა მცნება არ დაიცავით. შეგახსენებთ, რომ ეს აგრეთვე მონანიების ბრძანებაა! ფაქტობრივად, ეს შეიძლება იყოს ყველაზე განმეორებადი ბრძანება წმინდა წერილში.
ალმა, თავის მონოლოგში: „ო, ანგელოზი რომ ვყოფილიყავი და შემძლებოდა ჩემი გულის საწადელის აღსრულება … და … მონანიება მეღაღადა! . მას სურდა, მონანიება ეღაღადა, რათა მე და თქვენ შეგვძლებოდა ამაქვეყნის ტანჯვისგან თავის დაღწევა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ალმას სძულდა ცოდვა, იყო ის, რომ ცოდვა ტკივილს იწვევს.
ზოგჯერ უნდა ხშირად შევახსენო საკუთარ თავს, თითქოს შუბლზე მქონდეს მიკრული ფურცელი, რომ მცნებები არის ბილიკი, რომელსაც ტკივილისგან შორს მივყავართ. იგივე ითქმის მონანიებაზეც. ჩვენმა წინასწარმეტყველმა თქვა: „მხნელს ყოველთვის ვუყვარვართ, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინანიებთ“.
ასე რომ, როცა უფალი ამბობს: „მოინანიეთ, მოინანიეთ“, წარმოიდგინეთ, რომ ის გეუბნებათ: „მიყვარხარ“ მიყვარხარ“! წარმოიდგინეთ, რომ იგი გევედრებათ, უკან მოიტოვოთ ტკივილის მომგვრელი საქციელი; რომ ის გიწვევთ, გამოხვიდეთ სიბნელიდან და მის სინათლისკენ შებრუნდეთ.
ჩემი ქალიშვილის, კარლის, მეურვეობაში, ახალმა მღვდელმა მუხლი მოიყარა ზიარების დასალოცად და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: „რათა აკეთონ ეს შენი ძის სისხლის მოსაგონებლად“, უნებლიეთ თქვა: „რათა აკეთონ ეს შენი ძის სიყვარულის მოსაგონებლად“. კარლის თვალზე ცრემლი დაადგა, როცა მან ამ სიტყვების ჭეშმარიტება გაიაზრა.
ჩვენი მხსნელი მზად იყო, დაეთმინა თავისი გამოსყიდვის ტკივილი, ჩვენ მიმართ სიყვარულის გამო. ფაქტობრივად, თქვენ იყავით „მისთვის შეთავაზებული სიხარულ[ი]“, ის რომ იტანჯებოდა.
მონანიებისკენ მოწოდება ღვთის სიყვარულის გამოხატულებაა.
ამ მოწოდებაზე დათანხმება კი ჩვენს სიყვარულს გამოხატავს.
წარმოიდგინეთ ქრისტეს თქვენი საყვარელი გამოსახულება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ის სიხარულით გიღიმით ყოველ ჯერზე, მის ძღვენს რომ იყენებთ, რადგან ის არის „იმედის სრულყოფილი ნათელ[ი]“.
დიახ, თქვენი მონანიება არ ამძიმებს იესო ქრისტეს, ის სრულყოფს მის სიხარულს!
მოდით, ვასწავლოთ ეს!
რადგან მონანიება ჩვენი საუკეთესო ახალი ამბავია!
ჩვენ იმის გამო კი არ ვრჩებით აღთქმის გზაზე, რომ შეცდომებს არ ვუშვებთ. ჩვენ აღთქმის გზაზე ვრჩებით ყოველდღიური მონანიების გამო.
და როცა ვინანიებთ, ღმერთი მოგვიტევებს შერცხვენის, სხვებთან შედარების და საყვედურის გარეშე, მაშინაც კი, როცა ეს ცოდვა წინა კვირას მოვინანიეთ.
მისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია, მუხლმოდრეკილს რომ გვხედავს. ის სიამოვნებით მოგვიტევებს, რადგან ჩვენ მისთვის სასიამოვნო ვართ!
განა ეს სიმართლე არ არის?
მაშ რატომ არის ჩვენთვის ასე ძნელი, დავიჯეროთ?
სატანა, დიდი ცილისმწამებელი და მატყუარა, იყენებს სირცხვილს, რათა ღმერთისგან შორს გვამყოფოს. სირცხვილი იმდენად მძიმე სიბნელეა, რომ ისეთი შეგრძნებაა, ის რომ თქვენი სხეულიდან ამოგეღოთ, მას რეალური წონა და სიმძიმე ექნებოდა.
სირცხვილი არის ხმა, რომელიც გირტყამთ და გეუბნებათ: „რას ფიქრობდი“? „ოდესმე რამეს სწორად აკეთებ?
სირცხვილი არ გვეუბნება, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა; ის გვეუბნება, რომ ჩვენ თავად ვართ შეცდომა. შესაძლოა ესეც კი გაიგონოთ: „დაიმალე“. მოწინააღმდეგე ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალაშია, რომ ეს სიმძიმე შიგნით ვიქონიოთ და გვეუბნება, ფასი ძალიან მაღალია, რომ უფრო ადვილი იქნება, თუ ის ჩრდილში დარჩება და ყოველგვარ იმედს გვპარავს.
სატანა იმედის ქურდია.
და საჭიროა ეს სიტყვები გაიგონოთ, ამიტომ მე ხმამაღლა ვიტყვი: თქვენ არ ხართ ის ხმა, რომელიც გონებაში გესმით და თქვენ არ ხართ შეცდომები, რომლებსაც უშვებთ. შესაძლოა, ესეც ხმამაღლა უნდა თქვათ. უთხარით სატანას: „დღეს არა“. ნუ დააყენებთ მას წინ.
იგრძენით ეს მიზიდულობა, ღვთიური სინანული, რომელიც მხსნელისკენ მოგაბრუნებთ და ნახავთ, როგორ შემოდის თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში მისი მადლი. მე გპირდებით: რა წუთსაც გაბედულად მიმართავთ მისკენ მოდრეკილ გულს, ის უმალვე გაჩნდება ჩვენთან.
რომ გენახათ, ვინმე წყალში იხრჩობა, განა არ გაუწვდიდით გადასარჩენად ხელს? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მხსნელს ხელი გაუწოდეთ, ის კი უარს გეუბნებათ გადასარჩენად? ჩემს წარმოდგენაში ის წყალში ჩაყვინთავს, ყოველივეზე დაბლა ჩავა, რათა ამოგვიყვანოს და ჰაერი ჩაგვასუნთქოს! ვერავინ ვერ ჩავა ქრისტეს ნათელზე დაბლა.
მხსნელი მუდამ სირცხვილის ბნელეთზე კაშკაშაა. ის არასოდეს შეგილახავთ ღირსებას. ასე რომ, ყურადღებით იყავით.
-
წარმოიდგინეთ, რომ ეს ხელი ღირსებას წარმოადგენს.
-
ეს ხელი მორჩილებაა. შესაძლოა, თქვენ დილით გაიღვიძეთ, კარგად ილოცეთ და წმინდა წერილს იკვლევდით ღვთის გასაგონად. თქვენ კარგი გადაწყვეტილებები მიიღეთ და თქვენ ირგვლივ მყოფთ ქრისტეს მსგავსი სიყვარულით ეპყრობით. თქვენ უსმენთ გენერალურ კონფერენციას! ამით თქვენ მორჩილება გამოავლინეთ!
-
ან შესაძლოა, ყველაფერი არცთუ ისე კარგად მიდის. თქვენ ბოლო ხანებში გიჭირდათ ზეცასთან დამაკავშირებელი პატარა ნაბიჯების გადადგმა. თქვენ არცთუ ისე საამაყო გადაწყვეტილებები მიიღეთ.
-
სად არის თქვენი ღირსება? ეს ხელი საერთოდ გამოძრავდა?
თქვენი ღირსება მორჩილებას არ უკავშირდება. თქვენი ღირსება მუდმივია; ის არასოდეს იცვლება. ის თქვენ ღმერთმა გიბოძათ და ვერც თქვენ და ვერც სხვა ვინმე ვერაფერს იზამს ამის შესაცვლელად. მორჩილებას მოაქვს დალოცვები; ეს ჭეშმარიტებაა. მაგრამ ღირსება ამ სიაში არ არის. თქვენი ღირსება ყოველთვის „ღმერთის თვალში … ძალზედ ძვირფასია“, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
სანამ შეცდომებს ვუშვებ, მინდა დავრჩე აღთქმისეულ ურთიერთობაში ქრისტესთან და გეტყვით, რატომ.
მე წყალში ხტომაზე დავდიოდი და ვიცი, რომ როდესაც მსაჯები დაივინგს აფასებენ, ისინი ჩაძირვას აკვირდებიან. იყო წყალში შესვლა იდეალურად ვერტიკალური, გაჭიმული თითის წვერებითა და მცირე შხეფებით? შემდეგ ისინი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ. ისინი სირთულის ხარისხს აფასებენ.
ყოველ ადამიანს თავისი სირთულის ხარისხი აქვს. და თქვენი მხსნელი არის ერთადერთი, ვინც ჭეშარიტად იცის, რა სირთულესთან არის დაკავშირებული თქვენი ყვინთვა. მე მსურს ურთიერთობა მასთან,ვისაც ესმის ჩემი, ვინც იცის ჩემი გული და იცის, როგორ ვცდილობ!
მან იცის, რომ სიბნელის ნისლი ყოველ მგზავრზე ეშვება, რომ ჩვენ სიბინძურის მდინარის პირას ვმოგზაურობთ, ამიტომ მაშინაც კი, როცა რკინის მოაჯირს ვეჭიდებით, შხეფები მაინც მოგვხვდება.
მიხვიდე ქრისტესთან ნიშნავს უთხრა მას: „დამეხმარები“? იმედით, გაცხადებული დარწმუნებით, რომ მისი ხელები ყოველთვის შენკენ არის გაწვდილი. მე მწამს, რომ მონანიების ეს ახალი ხედვა ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერარ გვაქვს სრულყოფილი მორჩილება, ჩვენ ვცდილობთ სიყვარულით სავსე მორჩილება გვქონდეს ახლა, ვირჩევთ რა ყოველ ჯერზე დარჩენას, რადგან ჩვენ უფალი გვიყვარს.
გახსოვთ მეფე ბენიამინის ხალხი, რომელსაც აღარ ჰქონდა ბოროტების კეთების სურვილი და მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილი ჰქონდა? ფიქრობთ, მათ აკრიფეს კარვები, წავიდნენ სახლში და აღარ დაუშვიათ შეცდომები? რა თქმა უნდა, არა! განსხვავება ისაა, რომ მათ აღარ სურდათ ცოდვის ჩადენა. მათ სიყვარულით სავსე მორჩილება ჰქონდათ! მათი გულები ღმერთის ტალღაზე აეწყო და ღმერთისკენ შემობრუნდნენ როცა მათ უჭირდათ!
ერთხელ, პლაჟზე, ჩიტი დავინახე, რომელიც ქარში ცდილობდა ფრენას. ის ისე ძლიერად იქნევდა ფრთებს, თითქმის გააფთრებით, მაგრამ იმავე ადგილას რჩებოდა. შემდეგ მეორე ჩიტი დავინახე, უფრო მაღლა. მან აღმავალი ნაკადი დაიჭირა და უპრობლემოდ სრიალებდა ქარში. ასე განსხვავდება ჩვენი დამოუკიდებელი მცდელობა იმ შემთხვევისგან, როცა მხსნელისკენ მივბრუნდებით და დავრთავთ მას ნებას, აგვამაღლოს და „ კურნება იქნება მის ფრთებზე“.
ჩვენ, როგორც მისიის ხელმძღვანელები ავსტრალიაში, ჩვენი ბოლო საუბრისას ყოველ მისიონერთან, განვიხილეთ 3 ნეფი 17, სადაც ადამიანები მხსნელთან ახლოს იყვნენ და ესმოდათ, რომ ის მათთვის ლოცულობდა. ჩვენ ვკითხეთ: „რომ გაგეგოთ, მხსნელი თქვენზელოცულობდა, როგორ ფიქრობთ, რას იტყოდა“?
მათი პასუხების მოსმენა ჩემთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სულიერი გამოცდილება იყო. ყოველი მისიონერი ჩერდებოდა, მათ თვალები ცრემლით ევსებოდათ როცა ჩვენ ვახსენებდით მათ: „თქვენმა მხსნელმა იცის თქვენი სირთულის ხარისხი. ის ამას გრძნობს“!
აი რა გაგვიზიარეს ამ მისიონერებმა ჩუმი, ნაზი ხმით: ერთ-ერთმა დამ თქვა: „იესო ეტყოდა მამაზეციერს: ის ძალიან ცდილობს. ვიცი, რაოდენ ძლიერადაც ცდილობს“. ერთ-ერთმა უხუცესმა თქვა: „მე ძალიან ვამაყობ მისით, მას იმდენი რამ შეემთხვა ცხოვრებაში“.
მოდით, ეს ვცადოთ: ამაღამ,სანამ ილოცებთ, წარმოიდგინეთ, რომ იესო ქრისტე ახლოს დგას. ის თქვენი ქომაგია მამასთან. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ეტყოდა მხსნელი მამას ჩემზე“?
და შემდეგ გაჩუმდით.
უსმინეთ ხმას, რომელიც კარგს ილაპარაკებს თქვენზე—მხსნელის ხმას, თქვენი საუკეთესო მეგობრის და თქვენი ზეციური მამის, რომელიც იქ არის. გახსოვდეთ: მათი სიყვარული და თქვენი ღირსება ყოველთვის დიდია, მიუხედავად ყველაფრისა.
მე ვდგავარ აქ, რათა დავამოწმო, რომ იესო ქრისტე უზიარებს სინათლეს მათ, ვინც სიბნელეშია. ასე რომ, იმ დღეებში, როცა გრძნობთ, რომ ეს ხმა გეუბნებათ, რომ უნდა დაიმალოთ, რომ უნდა დაიმალოთ ბნელ ოთახში, სიმარტოვეში, მე გიწვევთ, იყოთ გამბედავები და გწამდეთ ქრისტე! გამოდით და აანთეთ სინათლე—ჩვენი იმედის სრულყოფილი ნათელი.
მის სინათლეში გახვეულნი, თქვენ იხილავთ ადამიანებს თქვენ ირგვლივ, რომლებსაც აგრეთვე მარტოობა უგრძვნიათ, მაგრამ ახლა, მისი სინათლის თანხლებით, თქვენც და მათაც გაგიკვირდებათ და იტყვით: „რატომ გვეშინოდა ასე ძალიან სიბნელეში ყოფნისას? და რატომ ვიყავით იქ ასე დიდ ხანს?
„დაე, სინათლის უფალმა მოგაქციოთ თავის მკლავებში, დაგამშვიდოთ და მუდამ გიზიარებდეთ სიყვარულს“. დაე, მუდამ გვიყვარდეს იგი და ყოველთვის მას ვირჩევდეთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.