გენერალური კონფერენცია
„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი“
2025 წლის აპრილის გენერალური კონფერენცია


15:4

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი“

ჩვენი სიყვარული ღმერთისა და მისი შვილებისადმი არის ძლიერი დამოწმება მსოფლიოსთვის, რომ ეს ჭეშმარიტად მხსნელის ეკლესიაა.

მრავალი წლის წინ მე და და უხტდორფი სამხრეთ გერმანიაში ვმოგზაურობდით. აღდგომის წინა დღეები იყო და ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კარგი მეგობარი, რომელიც არ იყო ეკლესიის წევრი, დასწრებოდა ჩვენთან ერთად საკვირაო ღვთისმსახურებას. ჩვენ გვიყვარდა ეს ძვირფასი მეგობარი, ამიტომ ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყო, გაგვეზიარებინა მისთვის, რას ვგრძნობდით მხსნელისა და მისი ეკლესიის შესახებ და მოგვეწვია იგი, მოსულიყო და ენახა! მან მიიღო მოწვევა და შემოგვიერთდა შეკრებებზე ახლომდებარე მრევლში.

თუ ოდესმე პირველად მოგიყვანიათ მეგობარი ეკლესიაში, თქვენ გეცოდინებათ, რას ვგრძნობდი იმ კვირადღის დილას. მსურდა, ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. ჩვენი მეგობარი კარგად განათლებული, სულიერი ადამიანი იყო. მე დიდი იმედი მქონდა, რომ იმ მრევლის შეკრებები კარგ შთაბეჭდილებას დატოვებდა მასზე და კარგად წარადგენდა ეკლესიას.

მრევლი სურსათის მაღაზიის მეორე სართულზე, ნაქირავებ ოთახებში, იკრიბებოდა. იქ მოსახვედრად საჭირო იყო შენობის უკანა მხარეს არსებულ კიბეებზე ასვლა, სადაც დასაწყობებული პროდუქტების ძლიერი სურნელი იდგა.

ზიარების შეკრება რომ დაიწყო, მე ჩემს მეგობარზე გავიფიქრე - ეს ხომ მისი პირველი გამოცდილება იყო და შევნიშნე, რომ ეს ცოტათი მაღელვებდა. მაგალითად, ჰიმნები არ ჟღერდა ისე, როგორც მათ ტაბერნაკალური გუნდი ასრულებს. ზიარების შეკრების დროს გვესმოდა მოუსვენარი, ხმაურიანი ბავშვების ხმა. მომხსენებლები საუკეთესოდ მოემზადნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საჯარო გამოსვლების უნარი. შეკრების დროს არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, ვიმედოვნებდი, რომ საკვირაო სკოლა უკეთესი იქნებოდა.

მაგრამ ასე არ იყო.

მთელი დილა ვდარდობდი იმაზე, რას იფიქრებდა ჩვენი მეგობარი ეკლესიაზე, რომელშიც ჩვენ იგი წავიყვანეთ.

შემდეგ, შინ რომ ვბრუნდებოდით მანქანით, მე ჩვენი მეგობრისკენ მივტრიალდი, რომ მესაუბრა მასთან. მინდოდა ამეხსნა მისთვის, რომ ეს იყო ერთი პატარა მრევლი და ის არ წარმოადგენდა ეკლესიას მთლიანობაში. მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, მან დაიწყო საუბარი.

„შესანიშნავი იყო“, - თქვა მან.

ხმა ვერ ამოვიღე.

მან კი გააგრძელა: „ძალიან შთამბეჭდავია ის, თუ როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს თქვენს ეკლესიაში. როგორც ჩანს, ყოველ მათგანს სხვადასხვა წარმომავლობა აქვს, მაგრამ ცხადია, რომ მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი. ვფიქრობ, ქრისტეს სურდა, ასეთი ყოფილიყო მისი ეკლესია“.

მე უცებ მოვინანიე განკითხვის განწყობა. მე მსურდა იდეალური შეკრებები, რათა შთაბეჭდილება მომეხდინა ჩემს მეგობარზე. მაგრამ იმ მრევლის წევრებმა მიაღწიეს სიყვარულის, სიკეთის, მოთმინებისა და თანაგრძნობის სრულყოფილ სულს.

რათა რწმენა გაიზარდოს დედამიწაზე

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მიყვარს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. ეს არის მხსნელის ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესია და ის იესო ქრისტეს სახარების აღდგენილ სისრულეს ასწავლის. აქ მისი მღვდლობის ძალა და უფლებამოსილებაა. იესო ქრისტე პირადად ხელმძღვანელობს ამ ეკლესიას მის მიერ მოხმობილი მსახურებისა და ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით. მხსნელმა დააკისრა უკანასკნელ დღეთა წმინდანდანებს უნიკალური მისია - შეკრიბონ ღვთის შვილები და მოამზადონ სამყარო მხსნელის მეორე მოსვლისთვის. მე ვმოწმობ, რომ ყოველივე ეს ჭეშმარიტებაა.

მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანების უმეტესობა, როცა მათ პირველად აქვთ შეხება იესო ქრისტეს ეკლესიასთან, არ ფიქრობს მღვდლობის უფლებამოსილებაზე, წეს-ჩვეულებებზე ან ისრაელის შეკრებაზე. სავარაუდოდ, პირველ რიგში, ისინი შენიშნავენ, როგორ გრძნობენ თავს ჩვენთან და როგორ ვექცევით ჩვენ ერთმანეთს.

„გიყვარდეთ ერთმანეთი“, - იესომ თქვა. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი“. ძალიან ხშირად, პიროვნების პირველი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ მოდის, როცა ის სიყვარულს გრძნობს იესო ქრისტეს მოწაფეებს შორის.

მხსნელმა განაცხადა, რომ მან აღადგინა თავისი ეკლესია, „რათა რწმენაც გაიზარდოს დედამიწაზე“. ასე რომ, როცა ადამიანები მოდიან ჩვენი ეკლესიის შეკრებებზე, მხსნელს სურს, რომ ისინი შინ მასში უფრო ძლიერი რწმენით ბრუნდებოდნენ! სიყვარული, რომელსაც ჩვენი მეგობრები გრძნობენ ჩვენ შორის, უფრო აამაღლებს და დააახლოვებს მათ იესო ქრისტესთან. ამ უბრალო მიზეზით ვიკრიბებით ჩვენ ყოველ ჯერზე.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეძიებს უფრო ძლიერ რწმენას იესო ქრისტეში და უფრო ახლო კავშირს მამაზეციერთან, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში უნდა გრძნობდეს. მათი მოპატიჟება ჩვენს შეკრებებზე უნდა იყოს ისეთივე ჩვეულებრივი და ბუნებრივი, როგორც მათი ჩვენთან სახლში მოპატიჟება.

იდეალური და რეალური

მესმის, რომ მე იდეალურ ვარიანტს აღვწერ. ამ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ იშვიათად გვიწევს იდეალურთან შეხვედრა. „სრულყოფილი დღესავით“ მდგომარეობამდე ყოველთვის იქნება ნაპრალი იდეალურსა და რეალურს შორის. რა უნდა ვქნათ, როცა მდგომარეობა ეკლესიაში არ იგრძნობა „სრულყოფილი დღესავით“? როცა, რაღაც მიზეზის გამო, ჩვენი მეურვეობა ჯერ არ ასაზრდოებს სრულყოფილ რწმენას ან სიყვარულს? ან როცა ვგრძნობთ, რომ იქ ჩვენი ადგილი არ არის?

ერთ-ერთი რამ, რაც არ უნდა დავთმოთ, არის შემდეგი: არ დათმოთ იდეალური!

მორმონის წიგნის თავფურცელში ვკითხულობთ მნიშვნელოვან გაფრთხილებას: „თუ არის რაიმე არასწორი, ეს არის ადამიანთა შეცდომების გამო. ამიტომაც არ განკიცხოთ ღვთის საქმენი“.

შესაძლებელია, რომ წიგნს, ეკლესიას ან ადამიანს ჰქონდეს „ნაკლოვანებები“ და „შეცდომები“ და ის მაინც ითვლებოდეს ღმერთის ნამუშევრად?

ჩემი პასუხია ხმამაღალი კი!

ასე რომ, როცა უფლის მაღალ სტანდარტებზე ვიღებთ სწორებას, მოდით, მომთმენნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ყოველი ჩვენგანი წინსვლის პროცესშია და ყოველ ჩვენს წინსვლაში მხსნელს ვეყრდნობით. ეს ეხება როგორც ცალკეულ პირებს, ისე ღვთის სასუფეველს დედამიწაზე.

უფალი გვიწვევს, არა მხოლოდ შევუერთდეთ მის სასუფეველს, არამედ მგზნებარედ ჩავერთოთ მის შენებაში . ღმერთს სურს, რომ მისი ხალხი იყოს „ერთი გულისა და ერთი გონების“. იმისთვის, რომ ერთი გულისა ვიყოთ, უნდა ვეძიოთ სუფთა გული, ამისთვის კი საჭიროა გულში ძლიერი ცვლილება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს გულში ცვლილება იმისთვის უნდა მოხდეს, რომ შენსას შეეფერებოდეს. და არც იმას, რომ შენს გულში ცვლილება იმისთვის უნდა მოხდეს, რომ ჩემსას შეეფერებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ გულში ცვლილება იმისთვის უნდა მოვახდინოთ, რომ მხსნელს შევეფერებოდეთ.

თუ ჯერ ამას ვერ მივაღწიეთ, გახსოვდეთ: უფლის დახმარებით შეუძლებელი არაფერია.

შესაბამისობა და კუთვნილება

თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ არ ხართ რაღაცის ნაწილი, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ მარტონი არ ხართ. განა ყველანი არ ვყოფილვართ სიტუაციაში, როცა გრძნობ, რომ ოთახში მყოფთა შორის მარტო ხარ? მე ეს არაერთხელ გამომიცდია. როცა 11 წლის ვიყავი, ჩემს ოჯახს მოუწია სახლის დატოვება და უცნობ ადგილას გადასვლა. ყველაფერი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავი. ჩემი აქცენტი კი სხვა ბავშვებს აშკარად აგრძნობინებდა, რომ მე განვსხვავდებოდი იმისგან, რასაც ისინი იყვნენ მიჩვეულნი. იყო მომენტები, როცა სასოწარკვეთილად მჭირდებოდა მეგობრობა და კუთვნილების შეგრძნება. მე მარტოდ და უადგილოდ ვგრძნობდი თავს.

აქ, დედამიწაზე, განსხვავებათა უმეტესი ნაწილი, რომლებსაც ვამჩნევთ ანუ განსხვავებები, რომლებსაც ზოგიერთი ჩვენგანი იყენებს ერთმანეთის კატეგორიებად დასაყოფად, უკავშირდება ფიზიკურს —გარეგნობას, ეროვნებას, ენას, ჩაცმულობას, ადათწესებს და ა.შ. მაგრამ „ღმერთი ისე არ ხედავს, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.“

მისი გადმოსახედიდან, უპირველეს ყოვლისა, არსებობს ერთი კატეგორია: ღვთის შვილი. და ჩვენ ყველანი მას იდეალურად ვერწყმით.

ბუნებრივია, რომ გვსურს იმ ადამიანებს შორის ყოფნა, რომლებიც ჩვენს მსგავსად გამოიყურებიან, საუბრობენ, მოქმედებენ და აზროვნებენ. არის ასეთი მომენტი.

მაგრამ მხსნელის ეკლესიაში ჩვენ ვკრებთ ღვთის ყველა შვილს, რომლებსაც სურთ შეკრება და ეძიებენ ჭეშმარიტებას. ჩვენ ერთად არა ფიზიკური გარეგნობა, პოლიტიკური შეხედულებები, კულტურა ან ეთნიკური წარმომავლობა გვკრებს. ჩვენ საერთო წარმოშობა არ გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზანი, ღმერთისა და მოყვასისადმი სიყვარული და ვალდებულება იესო ქრისტესა და მისი აღდგენილი სახარების მიმართ. ჩვენ „ერთ[ნ]ი [ვართ] ქრისტეში“.

ერთობა, რომელსაც ვეძიებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთსა და იმავე ადგილას უნდა იყოს; ეს ნიშნავს, რომ ყველანი იმავე მიმართულებით უნდა ვიყურებოდეთ—იესო ქრისტესკენ. ჩვენ ვართ ერთნი არა იმის გამო, სად ვიყავით, არამედ სად ვცდილობთ, რომ მივიდეთ; არა იმიტომ, ვინ ვართ, არამედ იმის გამო, ვინც გვსურს, რომ გავხდეთ.

აი რა არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.

ერთი სხეული

თუ გიყვართ ღმერთი, თუ გსურთ, უკეთ იცნობდეთ მას, მიჰყვებით რა მის ძეს, მაშინ თქვენი ადგილი აქ არის. თუ გულწრფელად ცდილობთ, დაიცვათ მხსნელის მცნებები—მაშინაც კი, როცა ეს ჯერჯერობით იდეალურად არ გამოგდით, მაშინ თქვენი ადგილი ზუსტად უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაშია.

და თუ ირგვლივ მყოფთაგან განსხვავდებით? ეს არ ნიშნავს, რომ თქვენთვის იქ ადგილი არ არის. თქვენ, ამის გამო, ქრისტეს სხეულის საჭირო ნაწილი ხდებით. ქრისტეს სხეულს ყველანი ვესაჭიროებით. ყური აღიქვამს იმას, რისი აღქმაც თვალებს არ შეუძლია. ხელებით ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც ფეხებით ვაკეთებთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი საქმეა, ყველანი ჩვენს ყაიდაზე გადავაკეთოთ. თუმცა ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოთ და რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ისწავლოთ!

ერთი ხმა

გენერალური კონფერენციის ყოველ სესიაზე ჩვენ დალოცვილნი ვართ, ნიჭიერი გუნდის მეშვეობით შთაგონებული მუსიკა მოვისმინოთ. მოსმენისას შეამჩნევთ, რომ ყველა მომღერალი იგივე ნოტებს არ იღებს. ზოგჯერ ერთი ნაწილი ასრულებს მელოდიას, ზოგჯერ მეორე. მაგრამ მათ ყველას მშვენიერი ბგერების აჟღერებაში შეაქვთ წვლილი და ისინი სრულიად ერთიანნი არიან. გუნდის ყოველ წევრს აქვს იგივე მთავარი მიზანი: ადიდოს ღმერთი და აამაღლოს მისკენ ჩვენი გულები. ყოველ ადამიანს გული და გონება ერთსა და იმავე ღვთიური მიზნისკენ უნდა ჰქონდეს მიმართული. და როცა ასე ხდება, ისინი ჭეშმარიტად ერთ ხმად იქცევიან.

თუ თქვენ არ ხართ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი, ჩვენ გიწვევთ, შემოგვიერთდეთ და მხსნელის „გამომსყიდველ სიყვარულზე გალობის“ სიხარულს ეზიაროთ ჩვენთან ერთად. თქვენ გვჭირდებით! გვიყვარხართ! თქვენი მცდელობით ემსახუროთ უფალს და მის შვილებს, ეკლესია უფრო კარგი გახდება.

თუ თქვენ, ნათლობისა და ღმერთთან აღთქმების დადების მეშვეობით, უკვე გამოხატეთ სურვილი, „შეხვიდეთ ღმერთის ფარაში და გეწოდოთ მისი ხალხი“, მადლობას გიხდით, რომ ამ დიდი, ღვთიური საქმის ნაწილი ხართ და გვეხმარებით, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია გახდეს ისეთი, როგორც მხნელს სურს.

როგორც ჩემი გერმანელი მეგობრისგან შევიტყვე, ჩვენი სიყვარული ღმერთისა და მისი შვილებისადმი არის ძლიერი დამოწმება მსოფლიოსთვის, რომ ეს ჭეშმარიტად მხსნელის ეკლესიაა.

დაე, დაგვლოცოს ღმერთმა, რათა მოთმინებით და ბეჯითად ვეძიოთ ჩვენი მხსნელის, გამომსყიდველისა და მოძღვრის მიერ დასახული იდეალების ცხოვრება, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ მისი მოწაფენი ვართ. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. იოანე 13:34–35, New King James Version.

  2. მოძღვრება და აღთქმები 1:21.

  3. იხ. მოძღვრება და აღთქმები 46:5-6.

  4. მოძღვრება და აღთქმები 50:24.

  5. მოსე 7:18.

  6. იხ. მოძღვრება და აღთქმები 97:21.

  7. იხ. ალმა 5:14.

  8. იხ. ლუკა 1:37.

  9. 1 მეფეთა 16:7, New English Translation.

  10. იხილეთ რასელ მ. ნელსონი, „Choices for Eternity [არჩევანი მარადისობისთვის]“ (მსოფლიო სულიერების საათი ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის, 15 მაისი, 2022), სახარების ბიბლიოთეკა.

  11. გალატელთა 3:28.

  12. იხ. მოძღვრება და აღთქმები 6:36.

  13. იხ. 1 კორინთელთა 12:12-27. ქრისტეს სხეულში, ჩვენ არ უგულებელვყოფთ განსხვავებებს და უბრალოდ მოთმინებით არ ვეკიდებით მათ. ჩვენ მადლიერნი ვართ მთლიანი სხეულის სიკეთისთვის, ყოველი წევრის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

  14. ზუსტად ისე, როგორც ყურისთვის არასწორი იქნებოდა, შეეხედა სხეულისთვის და ეთქვა: „მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო“, ასევე არასწორი იქნებოდა თვალისთვის, ყურისთვის ეთქვა: „ჩემნაირი არ ხარ, არ მჭირდებიო“ (იხ. 1 კორინთელთა 12:16, 21).

  15. ალმა 5:26

  16. მოსია 18:8. როცა ვინათლებით, ვხდებით მოწმენი იმისა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ გვსურს, გავხდეთ იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც მზად არიან, ატარონ „ერთმანეთის ტვირთი“ და „იგლოვო[ნ] მათთან ერთად, ვინც გლოვობს“ და „ანუგეშო[ნ] ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში“ (მუხლები 8–9). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - როცა ჩვენ იესო ქრისტეს ეკლესიას ვუერთდებით, ჩვენ ვამბობთ - მორჩილად, თუმცა მკაფიოდ, რომ გვსურს, უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს საყვარელ მხსნელს და გვინდა, ერთად გავაკეთოთ ეს.