წმინდისადმი მოწიწება
წმინდისადმი მოწიწება ბადებს გულწრფელ მადლიერებას, ზრდის ჭეშმარიტ ბედნიერებას, მიჰყავს ჩვენი გონება გამოცხადებისკენ და ჩვენს ცხოვრებას უფრო მეტ სიხარულს მატებს.
ბიბლიის წიგნში, გამოსვლაში, ჩვენ მოსესთან ერთად ხორების მთის ფერდობისკენ ვმოგზაურობთ. ეს ხდება მაშინ, როცა მან გააკეთა ის, რაც ჩვენც უნდა ვაკეთოთ - ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადო და ალით მოკიდებული მაყვლის ბუჩქის სანახავად წავიდა, რომელიც არ იწვოდა. მიახლოებისას, „დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან და უთხრა: „მოსე! მოსე!“ და თქვა: „აქა ვარ“. და უთხრა მას [ღმერთმა]: … გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა“. დიდი მოწიწებით, თავმდაბლობითა და გაოცებით, მოსემ ფეხზე გაიხადა და მოემზადა უფლის სიტყვის მოსმენისა და მისი წმინდა სუფევისთვის.
წმინდა მთაზე ამ გამოცხადებამ, ზე-მოწიწებით აღვსილმა გამოცდილებამ, მოსე თავის ღვთიურ იდენტობასთან დააკავშირა და ფაქტობრივად ეს მისი თავმდაბალი მწყემსისგან ძლიერ წინასწარმეტყველად გარდაქმნის ძირითადი ელემენტი იყო, რამაც ის ცხოვრების ახალ გზაზე გამოიყვანა. მსგავსად ამისა, ყოველ ჩვენგანსაც შეუძლია, საკუთარი მოწაფეობა სულიერების უფრო მაღალ ნიმუშად გარდაქმნას და ეს შესაძლებელი იქნება, როცა მოწიწების ღირსებას ჩვენი სულიერი ბუნების წმინდა ნაწილად ვაქცევთ.
ინგლისურ ენაზე, სიტყვა მოწიწება ლათინური ზმნიდან revereri [რევერერი]მომდინარეობს, რაც ნიშნავს „მოკრძალებით დგომას“. სახარების თვალსაზრისით ეს განსაზღვრება ერწყმის უზომო პატივისცემის, სიყვარულისა და მადლიერების გრძნობას ან განწყობას. მომნანიებელი გულისა და ღმერთისა და იესო ქრისტესადმი დიდი ერთგულების მქონე ადამიანებისგან წმინდისადმი ასეთი დამოკიდებულება, მათ სულებში სიხარულს ზრდის.
წმინდისადმი მოწიწება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი თვისების უდიდესი გამოვლენა; ეს არის სიწმინდესთან ჩვენი კავშირის თანაპროდუქტი და ზეციერი მამისა და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესადმი, ჩვენი სიყვარულისა და სიახლოვის ანარეკლი. აგრეთვე, ეს სულისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული გამოცდილებაა. ასეთი კეთილშობილება ჩვენს აზრებს, გულებსა და ცხოვრებას ღვთაებისკენ მიმართავს. ფაქტობრივად, მოწიწება არ არის მხოლოდ სულიერების ასპექტი; ის მისი არსია - საძირკველი, რომელზედაც დაშენებულია სულიერება, რომელიც ღვთაებრივთან პირად კავშირს ქმნის, როგორც ამას ჩვენი ბავშვები გვასწავლიან, როცა მღერიან: „როცა გულში მოწიწება მაქვს ვიცი, რომ მამაზეციერი და იესო ახლოს არიან“.
ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, გვიწვევენ განვავითაროთ მოწიწების ძღვენი ჩვენს ცხოვრებაში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან და იმავდროულად, გავაძლიეროთ ჩვენი სულიერი ბუნება. გულში რომ მეტი ასეთი გრძნობა გვქონოდა, ჩვენს ცხოვრებაში, უდავოდ, მეტი სიხარული და აღფრთოვანება იქნებოდა, მწუხარებისა და მოწყენილობისთვის კი ნაკლები ადგილი დარჩებოდა. უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდისადმი მოწიწების გამოხატვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმეტეს ნაწილს მნიშვნელობას ანიჭებს და აძლიერებს ჩვენში მადლიერების გრძნობას —შთაგვაგონებს მოკრძალებას, პატივისცემასა და სიყვარულს უფრო ამაღლებულისა და წმინდის მიმართ.
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც წმინდისადმი მოწიწების გამოხატვა უფრო და უფრო უჩვეულო ხდება. ფაქტობრივად, მსოფლიო ხშირად ზეიმობს იმას, რაც მოწიწებას არ იმსახურებს, რაზედაც მოწმობს ტაბლოიდური ჟურნალები, სატელევიზიო პროგრამები ან ინტერნეტი. პატივისცემის არარსებობა წმინდისადმი იწვევს ზედაპირულ დამოკიდებულებას და საქციელში დაუდევრობას, რასაც სწრაფად შეუძლია გადაიყვანოს ერთი თაობა აპათიაში, შემდეგი თაობა კი - უბედურებამდე მიიყვანოს.
მოწიწების არქონამ შეიძლება დაგვაკარგვინოს კავშირები, რომლებსაც ღმერთთან დადებული აღთქმები უზრუნველყოფს და დააკნინოს ღვთაების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, ჩვენ ვდგებით მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნვის და უმართავი მოთხოვნილებების რისკის წინაშე და საბოლოო ჯამში, გვიჩნდება სიწმინდის, თვით ღმერთის მიმართაც კი, ზიზღი და შესაბამისად, ჩვენი, როგორც მამაზეციერის შვილების, ღვთიური ბუნების მიმართაც კი. მოწიწების არქონა წმინდისადმი ხელს უწყობს მოწინააღმდეგის მიზანს, აზიანებს რა გამოცხადების ჩვენს მგრძნობიარე არხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი გადარჩენისთვის ჩვენს დროში.
მოწიწების აზრი და მნიშვნელობა წმინდისადმი კარგად არის ნაჩვენები წმინდა წერილში. ერთი მაგალითი მოძღვრება და აღთქმებიდან აღნიშნავს, რომ მამაზეციერისა და მისი ძის, იესო ქრისტესადმი, მოწიწება არის აუცილებელი სიკეთე მათთვის, ვინც ცელესტიალურ სასუფეველს აღწევს.
ჩვენ, როგორც ეკლესია, ვცდილობთ, ყველა ასპექტში მაქსიმალური სიწმინდითა და პატივისცემით მოვექცეთ მამასა და ძეს, მათ შორის, მათი გამოსახულებისას. სულიწმინდის ხელმძღვანელობა გადამწყვეტი კომპონენტია იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ უნდა ასახავდეს ეს გამოსახულებები მამისა და ძის წმინდა ბუნებას, ხასიათსა და ღვთიურ თვისებებს. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ისეთი ელემენტების გამოსახვას, რომლებსაც შეუძლია გადაიტანონ ჩვენი ყურადღება ძირითადი ფოკუსიდან - მამაზეციერისა და იესო ქრისტედან და მათი სწავლებიდან; იმავე მიდგომას ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებების მიმართ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), შინაარსისა და გამოსახულების მისაღებად.
იგივე პრინციპი ეხება ინფორმაციის ნებისმიერ წყაროს, რომელიც ხელმისაწვდომია ეკლესიის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებიდან. ყოველი გაკვეთილი, წიგნი, სახელმძღვანელო და გზავნილი დიდი სიფრთხილით იქმნება და მტკიცდება სულიწმინდის ხელმძღვანელობით რათა დავრწმუნდეთ, რომ შენარჩუნებულია იესო ქრისტეს სახარების წმინდა ღირსება, ფასეულობები და სტანდარტები. ეკლესიის ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ბოლო გამოსვლაში, უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა გვასწავლა: „უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა, სულიერებისა და ტექნოლოგიების რთულ გადაკვეთაზე ორიენტირებისთვის, თავმდაბლობითა და ლოცვით უნდა გააკეთონ შემდეგი: (1) დაადგინონ სახარების პრინციპები, რომლებითაც იხელმძღვანელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას და (2) გულწრფელად ისწრაფოდნენ სულიწმინდის თანხლებისა და გამოცხადების სულიერი ძღვენისკენ“.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, რაოდენ დახვეწილიც არ უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ისინი უბრალოდ ვერ შეძლებს იმ გაოგნების, მოკრძალებისა და გაოცების შეცვლას, რაც სულიწმინდის გავლენის მიერ წარმოქმნილ მოწიწებაში იბადება. ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები, სიფრთხილე გვმართებს, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შინაარსისა და გამოსახულებების გამოყენებით არ დავასუსტოთ კავშირი ღმერთთან და მის ძესთან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების „ხორციელის ხელ[ზე]“ დაყრდნობა არის შეუფერებელი და უპატივცემულო შემცვლელი შთაგონების, განსწავლისა და დამოწმებისა, რომელთა მიღწევაც მხოლოდ სულიწმინდის ძალით არის შესაძლებელი. როგორც ნეფიმ განაცხადა: „უფალო, მე გენდობოდი შენ და სამუდამოდ გენდობი. მე არ მივანდობ სასოებას ხორციელის ხელს“;
სხვა გამოცხადებაში, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მიიღო მითითება, რომ უფლისათვის აღმართული ტაძრები უნდა იყოს მის მიმართ მოწიწების გამოხატვის ადგილები. ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, თავისი მსახურების მანძილზე ძლიერად ხაზს უსვამდა წმინდა ტაძარში მოწიწებით მსახურებას. უფლის სახლში ჩვენ გვასწავლიან მამისა და ძის წმინდა გარემოცვაში შესვლის შესახებ. ყოველთვის ჭკუის სასწავლებლად და შთამაგონებლადაც კი მიმაჩნდა ის, რომ ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ტაძარში შესვლისას და წმინდა წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მისაღებად ვაკეთებთ არის ის, რომ ფეხზე ვიხდით და თეთრ სამოსს ვიცვამთ. თუ მოსეს მსგავსად მიზანდასახულები ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ გავიაზროთ ის ფაქტი, რომ მიწიერი ფეხსაცმლის გახდა არის წმინდა მიწაზე შესვლისა და უფრო მაღალი და წმინდა ხერხით ჩვენი გარდაქმნის დასაწყისი.
დებო და ძმებო, ჩვენ არ გვჭირდება მთის მწვერვალზე ასვლა, როგორც ეს მოსეს მოუწია, წმინდისადმი მოწიწების აღმოსაჩენად და ჩვენი მოწაფეობის სულიერებისა და ერთგულების, უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. ჩვენ შეგვიძლია ეს აღმოვაჩინოთ, მაგალითად, როცა ვცდილობთ, ჩვენი ოჯახური გარემო მიწიერი გავლენისგან დავიცვათ. ამის მიღწევა შესაძლებელია იესო ქრისტეს სახელით, მამაზეციერის წინაშე გულწრფელი, მხურვალე ლოცვითა და სურვილით, უკეთ შევიცნოთ ჩვენი მხსნელი, წმინდა წერილში და ჩვენი წინასწარმეტყველების მიერ გადმოცემულ სწავლებებში ღვთის სიტყვის შესწავლის მეშვეობით. ამის გარდა, ასეთი სულიერი გარდაქმნა შესაძლოა მივიღოთ, როცა ვცდილობთ, უფლის მცნებების მორჩილად დაცვით პატივი ვცეთ მასთან დადებულ აღთქმებს. ასეთ მცდელობებს შეუძლია ჩვენს გულს ჩუმი, მყარი სიმშვიდე შესძინონ. ასეთ ქმედებებზე ფოკუსირება, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება გარდავქმნათ ჩვენი სახლები მოწიწებით აღვსილ ადგილებად, სულიერ თავშესაფრად, რწმენის პირად წმინდა ადგილებად, სადაც სულიწმინდა სუფევს, თითქმის როგორც მოსეს მიერ მთაზე მიღებულ გამოცდილებაში.
ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია განვიცადოთ ასეთი სულიერი გარდაქმნა, როცა ერთგულად ვიღებთ მონაწილეობას ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, მათ შორის მაშინ, როცა წმინდა ჰიმნების გულწრფელად შესრულებისას უფლისკენ მოვაბრუნებთ გულს. მოსეს მსგავსად მიწიერი საზრუნავის გვერდზე გადადება, განსაკუთრებით ჩვენი მობილური ტელეფონების ან სხვა რამის, რაც ამ წმინდა მომენტთან ჰარმონიაში არ იმყოფება, საშუალებას გვაძლევს, სრული ყურადღებით მივიღოთ ზიარება, როცა ჩვენი გული და გონება მხსნელზე, მის გამომსყიდველ მსხვერპლზე და ჩვენს აღთქმებზე იქნება ფოკუსირებული. ზიარებაზე ასეთი ფოკუსირება გააძლიერებს მხსნელთან ურთიერთობის მოწიწების გრძნობით განახლებას, აქცევს კვირადღეს სიხარულად და გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ ჩვენი მოწაფეობის სულიერი ცვლილება, როცა რეგულარულად ვცემთ თაყვანს ღმერთს უფლის სახლის მთაზე - ჩვენს წმინდა ტაძრებში და ვეცდებით ვიცხოვროთ აღთქმის ნდობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწიერი ცხოვრების სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით.
მე და ჩემმა მეუღლემ პირადად გამოვცადეთ წმინდა მთასთან დაკავშირებული მოწიწების მომენტები, როცა ვცდილობდით ამ პრინციპების ჩვენს ცხოვრებაზე მორგებას, რამაც მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოახდინა ჩვენს მოწაფეობაში. თითქოს გუშინ იყო, სასაფლაოზე რომ ვიყავი ჩვენი მეორე შვილის დაკრძალვამდე. ის დღენაკლული დაიბადა და ვერ გადარჩა, ჩემი მეუღლე კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მახსოვს, როგორ მხურვალედ და მოწიწებით ვლოცულობდი ღმერთისადმი, ვთხოვდი რა დამხმარებოდა ამ მძიმე განსაცდელთან გამკლავებაში. იმ მომენტში გულში მივიღე ძლიერი, აშკარა სულიერი დასტური: ყველაფერი კარგად იქნება ჩვენს ცხოვრებაში, თუ მე და ჩემი მეუღლე გავძლებთ იმ სიხარულზე ჩაჭიდებით, რომელიც იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრებას მოჰყვება. ის, რაც იმ დროს გადაულახავ, სევდიან გამოწვევად ჩანდა, გადაიქცა წმინდა, მოწიწებით სავსე გამოცდილებად, მიღწევად, რომელიც დაგვეხმარა რწმენის გაძლიერებაში და მოგვცა ნდობა იმ აღთქმებისადმი, რომლებიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფალთან დავდეთ.
ჩემო დებო და ძმებო, წმინდისადმი მოწიწება ბადებს გულწრფელ მადლიერებას, ზრდის ჭეშმარიტ ბედნიერებას, მიჰყავს ჩვენი გონება გამოცხადებისკენ და ჩვენს ცხოვრებას უფრო მეტ სიხარულს მატებს. ის ფეხებს წმინდა მიწაზე გვადგმევინებს, გულებს კი ღვთაებისკენ აამაღლებს.
მე ვმოწმობ, რომ როცა ვეცდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი კეთილშობილების შეტანას, ჩვენ უფრო თავმდაბალნი გავხდებით, უკეთესად გავიგებთ ჩვენ მიმართ ღმერთის ნებას და გავაძლიერებთ ჩვენს ნდობას აღთქმის დაპირებებისადმი, რომლებიც უფალთან დავდეთ. მე ვმოწმობ, რომ როცა წმინდისადმი მოწიწების ძღვენს მივიღებთ - უფლის სახლის მთაზე, ეკლესიაში თუ საკუთარ სახლში, მამაზეციერისა და იესო ქრისტეს სრულყოფილ სიყვარულთან დაკავშირებისას ჩვენ აღვივსებით განსაცვიფრებელი გაოცებითა და მოკრძალებით. მე მოწიწებით ვმოწმობ ამ ჭეშმარიტებებს ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს, სახელით, ამინ.