„მომიახლოვდით“
იესო ქრისტეს თითოეული ჩვენგანი უყვარს. იგი გვაძლევს მასთან დაახლოების საშუალებას.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მიხარია, რომ თქვენთან ერთად შევიკრიბეთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის გენერალურ კონფერენციაზე. ეს უფლის ეკლესიაა. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შენობებში და სახლებში შევიკრიბეთ მისი სახელით.
ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ მის სახელს, როცა მის სასუფეველში აღთქმით შევდივართ. იგი არის აღმდგარი და განდიდებული ძე ღვთისა. ჩვენ მოკვდავები ვართ, სიკვდილისა და ცოდვის საგანი. და მაინც, მხსნელი, თავის სიყვარულში, ყოველ ჩვენგანს იწვევს, მივეახლოთ მას.
იგი გვიწვევს: „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით; ბეჯითად მეძებეთ და მიპოვით; ითხოვეთ, და მიიღებთ; დააკაკუნეთ და გაგეღებათ“.
არის დრო, როცა მხსნელთან იესო ქრისტესთან სიახლოვეს ვგრძნობთ. და მაინც, ზოგჯერ, მიწიერ ცხოვრებაში, ჩვენ მასთან დისტანციას ვგრძნობთ და გვსურს ვიცოდეთ, რომ მან იცის, რა გვაქვს გულში და რომ ჩვენ ვუყვარვართ მას, როგორც პიროვნება.
მხსნელის მოწვევა მოიცავს ამ დაჯერების შეგრძნების გზას. მიეახლეთ მას, ისე რომ ყოველთვის გახსოვდეთ იგი. ბეჯითად ეძიეთ იგი წმინდა წერილის შესწავლის მეშვეობით. გულწრფელ ლოცვაში სთხოვეთ მამაზეციერს, მეტი სიახლოვე იგრძნოთ მის საყვარელ ძესთან.
ეს შეიძლება მარტივად წარმოიდგინოთ. ამას იზამდით, ძვირფას მეგობრებთან დროებით დაშორება რომ მოგიწიოთ. თქვენ გამოძებნიდით მათთან ურთიერთობის საშუალებას, მათგან მიღებულ ნებისმიერ გზავნილს დააფასებდით და ყველაფერს მოიმოქმედებდით მათ დასახმარებლად.
რაც უფრო ხშირად იზამდით ამას, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ასეთი მოქმედება, მით უფრო გაღრმავდებოდა და გაძლიერდებოდა თქვენ შორის თბილი ურთიერთობის კავშირი და თქვენ აღმოაჩენდით, რომ კიდევ უფრო უახლოვდებით ერთმანეთს. თუ ძვირფასი კომუნიკაციისა და ერთმანეთის დახმარების გარეშე დიდი დრო გადის, ეს კავშირი სუსტდება.
იესო ქრისტეს თითოეული ჩვენგანი უყვარს. იგი გვაძლევს მასთან დაახლოების საშუალებას. და თქვენ ეს, როგორც მოსიყვარულე მეგობრის შემთხვევაში უნდა გააკეთოთ —იესო ქრისტეს სახელით ლოცვაში მიმართოთ მამაზეციერს, სულიწმინდის ძვირფას კარნახს მოუსმინოთ და შემდეგ, მხსნელისთვის სხვებს სიხარულით ემსახუროთ. და მალე, მასთან დაახლოების დალოცვასაც იგრძნობთ.
ახალგაზრდობაში, მხსნელთან დაახლოებისა და მისი ჩემთან ახლოს მოსვლის სიხარული გამოვცადე და ეს უბრალოდ მცნებების დაცვის მიმართ მორჩილების გზით მოხდა. პატარა რომ ვიყავი, ზიარების შეკრება საღამოობით ტარდებოდა. ახლაც მახსოვს ერთი კონკრეტული საღამო, 75 წელზე მეტი ხნის წინ, როცა გარეთ ბნელოდა და ციოდა. მე მახსოვს სინათლისა და სითბოს გრძნობა, როცა გავიაზრე, რომ ვიცავდი მცნებებს, რათა წმინდანებთან ერთად ზიარება მიმეღო, მამაზეციერთან კი აღთქმა დამედო, რომ ყოველთვის მემახსოვრებოდა მისი ძე და დავიცავდი მის მცნებებს.
იმ საღამოს, შეკრების ბოლოს, ჩვენ ვიმღერეთ ჰიმნი „დარჩი ჩემთან; „მწუხრი ჩამოდგა“, სადაც არის ასეთი სიტყვები: „ო მხსნელო, დარჩი ამაღამ ჩემთან“.
ამ სიტყვებმა სულიწმინდის ძლიერი შეგრძნება მომგვარეს, ასეთ მცირე ასაკშიც კი. მე იმ საღამოს, სულიწმინდის ნუგეშის მეშვეობით, ვიგრძენი მხსნელის სიყვარული და სიახლოვე.
წლების შემდეგ მე მოვისურვე, კვლავ გამეღვივებინა მხსნელის სიყვარულისა და სიახლოვის ის გრძნობა, რომელიც პატარაობისას ზიარების შეკრებაზე ვიგრძენი უფლის მიმართ. ასე რომ, მეორე უბრალო მცნებას ვიცავდი —წმინდა წერილს ვიკვლევდი.
ლუკას სახარებაში წავიკითხე უფლის ჯვარცმისა და დაკრძალვის შემდეგ მესამე დღის მოვლენების შესახებ, როდესაც მისი ერთგული მსახურები, მის მიმართ სიყვარულის გამო, მასთან ნელსაცხებლით მივიდნენ. რომ მივედნენ, სამარხის ქვა გვერდზე მიგორებული დახვდათ და იხილეს, რომ სხეული იქ არ იყო.
ორი ანგელოზი იდგა მახლობლად და მათ ჰკითხეს მოსულებს, რატომ შეშინდნენ:
„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
„არ არის აქ, არამედ აღდგა, გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,
„რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“
ორი მოწაფე იმ ღამეს იერუსალიმიდან ემაუსის გზაზე მიდიოდა. აღმდგარი უფალი მოევლინათ მათ გზაზე და მათ გვერდით მიდიოდა.
ლუკას სახარება მათ კვალზე გვატარებს:
„ამ ლაპარაკში და მსჯელობაში, რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.
„მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.
„უთხრა მათ: რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში? ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.
„მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“
მათ მოუთხრეს მას თავიანთი მწუხარების შესახებ, რომ იესო მოკვდა, მათ კი იმედი ჰქონდათ, რომ იგი ისრაელის გამომსყიდველი იქნებოდა.
ალბათ აღმდგარი უფლის ხმაში სიყვარული იგრძნობოდა, როცა იგი ამ ორ დამწუხრებულ და მგლოვიარე მოწაფეს ესაუბრებოდა.
კითხვა რომ გავაგრძელე, ამ სიტყვებს წავაწყდი, რომლებმაც, ზუსტად როგორც ბავშვობაში, გული გამითბო.
„მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გაგრძელებას აპირებდა.
„მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა. ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან“.
იმ ღამეს მხსნელმა მიიღო მოწვევა – თავისი მოწაფეების სახლში მისულიყო. ის მათთან ერთად ვახშამზე იჯდა. მან პური აიღო, აკურთხა და მათ დაურიგა. მათ თვალი აეხილათ და იცნეს იგი. შემდეგ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
წმინდა ლუკამ ჩაიწერა იმ დალოცვილი მოწაფეების გრძნობები: „უთხრეს ერთმანეთს: განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“
შემდეგ ორი მოწაფე ჩქარა იერუსალიმისკენ გაემგზავრა, რათა თერთმეტი მოციქულისთვის მომხდარის შესახებ ემცნოთ. მომხდარს რომ უზიარებდნენ, მხსნელი კვლავ გამოეცხადა მათ,
ის ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ მან გაიმეორა თავის მისიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები, რომ მას უნდა გამოესყიდა თავისი მამის შვილების ყველა ცოდვა და დაემსხვრია სიკვდილის ბორკილები.
„და უთხრა მათ: ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
„და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
ისევე როგორც მისი საყვარელი მოწაფეები, მამაზეციერის ყოველი შვილი, რომელმაც ნათლობის კარიბჭეში შესვლა არჩია, დადო აღთქმა, რომ იქნება მხსნელის მოწმე და მიწიერი ცხოვრების მანძილზე იზრუნებს გასაჭირში მყოფებზე. ეს მცნება საუკუნეების წინ ცხადი გახდა ჩვენთვის მორმონის წიგნის დიდი წინასწარმეტყველის, ალმას, გამო, მორმონის წყლებთან.
„თქვენ გსურთ, რომ შეხვიდეთ ღმერთის ფარაში და გეწოდოთ მისი ხალხი და მზად ხართ, ატაროთ ერთმანეთის ტვირთი, რათა იგი შემსუბუქდეს;
„დიახ, ხართ მზად, იგლოვოთ მათთან ერთად, ვინც გლოვობს; დიახ, ანუგეშოთ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში და ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან … ღმერთის მოწმენი იყოთ, სიკვდილამდეც კი, რათა გამოსყიდულ იქნეთ ღმერთის მიერ და … იქონიოთ მარადიული სიცოცხლე“.
და როცა ამ დაპირებების ერთგული იქნებით თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფალი ასრულებს თავის დაპირებას, რომ იქნება თქვენთან თქვენს მსახურებაში, რათა შეგიმსუბუქოთ ტვირთი. თქვენ უკეთ შეიცნობთ მხსნელს და მოვა დრო, როცა დაემსგავსებით მას და „სრულყოფილნი გახდებით ქრისტეში“. როცა სხვებს ეხმარებით მხსნელის გამო თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფრო ახლოს მიდიხართ უფალთან.
მრავალ თქვენგანს ჰყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც მარადისობის გზას გაუდგნენ. თქვენ ფიქრობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ მათ დასაბრუნებლად. შეგიძლიათ მიენდოთ უფალს, რათა მიუახლოვდეთ მათ, როცა მას რწმენით ემსახურებით.
თქვენ გახსოვთ უფლის დაპირება ჯოზეფ სმითისა და სიდნი რიგდონისთვის, როცა ისინი მისი დავალებების შესასრულებლად ოჯახებისგან შორს იყვნენ: „ჩემო მეგობრებო სიდნი და ჯოზეფ, თქვენი ოჯახები კარგად არიან; ისინი ჩემს ხელთ არიან და მე მათთვის მოვახდენ იმას, რაც ჩემს თვალში მათთვის სასიკეთოა; რადგან ჩემშია მთელი ძალა.“
როცა გასაჭირში მყოფთ ჭრილობებს შეუხვევთ, უფლის ძალა დაგეხმარებათ თქვენ. ის თქვენთან ერთად გაუწვდის ხელს მამაზეციერის შვილებს, მათ დასალოცად და დასახმარებლად.
იესო ქრისტესთან აღთქმაში მყოფი ყოველი მსახური მიიღებს მის მითითებას სულიწმიდისგან, უფლისთვის მსახურებისა და ადამიანების დალოცვის დროს. ამ დროს ისინი მხსნელის სიყვარულს იგრძნობენ და მასთან დაახლოების სიხარულს ჰპოვებენ.
მე ვარ უფლის მკვდრეთით აღდგომის მოწმე. ჩემთვის ეს ისეთივე ცხადია, თითქოს მე იმ ორ მოწმესთან ერთად ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებოდი. მე ვიცი, რომ იგი ცოცხალია.
ეს არის მისი ჭეშმარიტი ეკლესია—იესო ქრისტეს ეკლესია. ჩვენ, განკითხვის დღეს, მხსნელთან პირისპირ აღმოვჩნდებით. ეს იქნება დიდი სიხარულის დღე მათთვის, ვინც ამ მიწიერ ცხოვრებაში მას მსახურებაში მიუახლოვდა და მოუთმენლად ელის, გაიგონოს მისი სიტყვები: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ“.
მე ვმოწმობ ამას, როგორც აღმდგარი მხსნელისა და ჩვენი გამომსყიდველის მოწმე, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.