„მობრუნდით ჩემთან … რათა განგკურნოთ”
ზეცა ხარობს მათ გამო, ვინც ბრუნდება. არ არის გვიან დაბრუნდეთ.
ჩვენ ერთ დროს ვცხოვრობდით სახლში, რომელიც გარშემორტყმული იყო დიდებული ხეებით. შემოსასვლელის გვერდით ულამაზესი ტირიფი იყო. ერთ სევდიან ღამეს ძლიერმა ქარიშხალმა დაუბერა და ტირიფი მიწაზე დაეცა. ის იდო მიწაზე, ფესვები ჰქონდა ამოძირკვული და ეს სამწუხარო სანახავი იყო.
მზად ვიყავი ჯაჭვური ხერხი ამემუშავებინა და ხე შეშად დამეჭრა, როდესაც ჩვენი მეზობელი სირბილით გამოვიდა, რომ შევეჩერებინე. მან გამკიცხა იმის გამო, რომ ხეზე უარი ვთქვი და კატეგორიულად განგვიცხადა, არ მოგვეშორებინა იგი. შემდეგ მან მიანიშნა ერთ ფესვზე, რომელიც ისევ მიწაში იყო და გვითხრა, რომ თუ ხეს კვლავ აღვმართავდით, ტოტებს მოვაჭრიდით და მოვუვლიდით, ფესვებს ისევ გაიდგამდა.
სკეპტიკურად ვუყურებდი და ვეჭვობდი, თუ როგორ შეძლებდა ხე, რომელიც აშკარად წაქცეული და დაზიანებული იყო, გადარჩენას და გაცოცხლებას. ვფიქრობდი, რომ თუნდაც ისევ ზრდა დაეწყო, ის ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა მორიგ ქარიშხალს. თუმცა, რადგანაც ვიცოდი, ჩემს მეზობელს სწამდა, რომ ხეს ისევ ჰქონდა მომავალი, ჩვენ მისი გეგმით ვიმოქმედეთ.
და შედეგი? გარკვეული დროის შემდეგ, დავინახეთ სიცოცხლის ნიშნები, ხის ფესვებმა ზრდა დაიწყო. დღეს, 12 წლის შემდგომ, ხე ისევ სიცოცხლით სავსეა, ძლიერი ფესვები აქვს და კვლავ ამშვენებს გარემოს.
როცა წმინდანებს მსოფლიოს გარშემო ვხვდები, ხშირად მახსენდება ეს ტირიფი და რომ იმედი, მაშინაც კი არსებობს, როცა ყველაფერი დაკარგულად გვეჩვენება. ზოგიერთ მათგანს, ერთ დროს, ამ ტირიფივით ძლიერი და სიცოცხლით სავსე სახარების დამოწმება ჰქონდა. შემდეგ კი, უჩვეულოდ პირადი მიზეზების გამო, მათი დამოწმება დასუსტდა, რამაც რწმენის დაკარგვამდე მიიყვანა. სხვები კი რჩებიან, თუნდაც ყველაზე სუსტი ფესვებით, რომელიც მაინც ებღაუჭებიან სახარების ნიადაგს.
და მაინც, ისევ და ისევ, შთაგონებული ვარ მრავალი ადამიანის ისტორიით, რომელთაც გადაწვიტეს განეახლებინათ მოწაფეობა და დაბრუნებულიყვნენ თავიანთი ეკლესიის სახლში. მათ არ განაგდეს თავიანთი რწმენა და მრწამსი, თითქოს ის უსარგებლო შეშა ყოფილიყო, ამის ნაცვლად მათ დაბრუნების სულიერ კარნახს და სიყვარულით სავსე მოწვევებს უპასუხეს.
კორეაში პალოს კონფერენციას დავესწარი, სადაც დაბრუნებულმა წევრმა თქვა: „მადლიერი ვარ ძმების, რომლებმაც სურვილი გამოხატეს, მიეღოთ ჩემი რწმენის ნაკლებობა და სისუსტე, რომ დამიკავშირდნენ და მადლიერი ვარ წევრებისა, რომლებიც მუდამ ასე კეთილად მექცევიან. ჩემ ირგვლივ დღესაც მრავალი მეგობარია, ვინც ნაკლებად აქტიურია. სასაცილოა, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეუბნებიან, რომ ეკლესიაში დაბრუნდნენ და კვლავ დაიბრუნონ რწმენა. ვფიქრობ, ყველა მათგანს რწმენა სწყურიათ.”
ყველას, ვისაც რწმენა სწყურია, გეპატიჟებით დაბრუნდეთ უკან. გპირდებით, რომ თქვენი რწმენა განმტკიცდება, როდესაც კვლავ წმინდანებთან ერთად შეუდგებით თაყვანისცემას.
ყოფილმა მისიონერმა აფრიკიდან, ეკლესიის უფროს ხელმძღვანელს მისწერა, ბოდიში მოიხადა და პატიება ითხოვა იმისთვის, რომ განაწყენებული იყო მისი სწავლებებით გარკვეულ კულტურულ ტრადიციაზე, რამაც საბოლოოდ ეკლესიის დატოვებამდე მიიყვანა. მან თავმდაბლურად გამოთქვა: „სამწუხაროდ, ფაქტმა, რომ 15 წლის წინ გავნაწყენდი, ძალიან მძიმე ფასი გადამახდევინა. მე ძალიან ბევრი რამ დავკარგე—გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ძალიან მრცხვენია იმ ზიანის გამო, რაც ამით შეიძლება გამომეწვია, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, რომ კვლავ ვიპოვე ჩემი უკან დასაბრუნებელი გზა.“
ყველას, ვინც აცნობიერებთ, რა დაკარგეთ, გეპატიჟებით დაბრუნდეთ, რათა კვლავ იგემოთ სახარების სიხარულით სავსე ნაყოფი.
ერთი და შეერთებულ შტატებში მრავალი წლის განმავლობაში ეკლესიიდან წამოსული იყო. მისი დაბრუნების ამბავი ძლიერ გაკვეთილებს მოიცავს მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ტკივილით აკვირდებიან საყვარელ ადამიანებს, ვინც გზიდან გადაუხვიეს. მან დაწერა:
„შემეძლო უამრავი მიზეზი ჩამომეთვალა იმისთვის, თუ რატომ გავეცალე ეკლესიას, სახარებას და გარკვეულწილად ჩემს ოჯახსაც. მაგრამ სინამდვილეში ამ მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს. ეკლესია ერთი დიდი გადაწყვეტილებით არ დამიტოვებია—ალბათ, ათასობით არჩევანი გავაკეთე. მაგრამ ერთი რამ, რაც ყოველთვის ვიცოდი, იყო ის, რომ ჩემმა მშობლებმა ერთი დიდი გადაწყვეტილება მიიღეს და მას ბოლომდე მიყვნენ. მათ ჩემი სიყვარული გადაწყვიტეს.
„ალბათ ვერასოდეს შევძლებ გავიგო, რამდენი ცრემლი დაიღვარა, რამდენი უძილო ღამე ან ჩემს სახელზე ლოცვის რამდენი გულწრფელი ვედრების სიტყვა წარმოთქმულა. მათ არ გამკიცხეს ცოდვების გამო; არამედ, მომიხმეს სწორედ იმ დროს, როცა ცოდვაში ვიყავი. მათ არასდროს უგრძნობინებიათ, რომ არასასურველი ვიყავი მათ სახლში ან ოჯახურ შეკრებებზე; მსგავსი გრძნობები მხოლოდ ჩემი შინაგანი განცდები იყო. პირიქით, ისინი კვლავ სიყვარულით მიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამჩნევდნენ, როგორ ნელ-ნელა ქრებოდა ჩემში სინათლე. მაგრამ, მათ იცოდნენ, რომ ის ადამიანი, ვინც მაშინ ვიყავი, მხოლოდ აჩრდილი იყო იმ პიროვნებისა, ვინც მომავალში უნდა გავმხდარიყავი.
„ზუსტად ისე, როგორც ეკლესიიდან წასვლის გზა იყო რთული, ასევე იყო დაბრუნების გზაც. მაგრამ ერთი რამ, რაც დაბრუნების პროცესში რთული არ ყოფილა, იყო ის შეგრძნება, რომ სახლში დავბრუნდი, იმ ადგილას, რომელსაც ნამდვილად ვეკუთვნი.“
ჩემი დღევანდელი გზავნილი განსაკუთრებით არის ყველასთვის, ვისაც ოდესმე უგრძნია სული, მაგრამ დღეს სვამს კითხვას: არსებობს კი დაბრუნების გზა, აქვთ თუ არა მათ ადგილი იესო ქრისტეს აღდგენილ ეკლესიაში. ეს ასევე განკუთვნილია მათთვის, ვინც ძლივს უძლებს ან ცდუნება აქვს, გზას გადაუხვიოს.
ეს გზავნილი არც გამოწვევაა და არც განაჩენის გამოტანა. ეს არის მოწვევა, სავსე სიყვარულითა და გულწრფელი სურვილით, რომ კვლავ მოგესალმოთ თქვენს სულიერ სახლში.
ვილოცე, რომ გეგრძნოთ სულიწმინდის მოწმობა, როცა ახლა მოისმენთ ამ სიყვარულით სავსე მოწვევას და დიდებულ დაპირებას, ჩვენი მხსნელის იესო ქრისტესგან:
„ნუთუ არ მობრუნდებით, და არ მოინანიებთ თქვენს ცოდვებს, და არ მოიქცევით, რათა შევძლო თქვენი განკურნება?
ყოველ კვირას მრავალი ადამიანი პასუხობს მხსნელის მოწვევას; ისინი მშვიდად და თავმდაბლად უბრუნდებიან მოწაფეობას და ეკლესიურ მსახურებას და ეძებენ იმ განკურნებას, რომელსაც იესო გვპირდება. განსხვავებით იმ ნარატივისა, რომელიც ტრიალებს, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ირჩევს, დარჩეს ძლიერი და განავითაროს თავისი რწმენა იესოში.
როცა კაპერნაუმში იესოს ზოგმა მიმდევარმა მისი სწავლებები რთულად მიიჩნია და გადაწყვიტეს წასვლა, ის მოციქულებს მიუბრუნდა და ჰკითხა: „ნუთუ თქვენც წახვალთ?“
ეს არის კითხვა, რომელსაც თითეულმა ჩვენგანმა უნდა უპასუხოს, როდესაც ვდგავართ გამოცდების წინაშე. პეტრეს პასუხი იყო მარადიული და მქუხარე: „ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.“
და ახლა, როცა ფიქრობთ მხსნელის მოწვევაზე დაუბრუნდეთ მას, რა შეიძლება ისწავლოთ ტირიფის ხის ისტორიიდან?
-
დაბრუნების გზა არ არის მარტივი ან კომფორტული, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ღირს. როდესაც ჩვენი ტირიფი კვლავ აღმართულიქნა, მისი ყველა ტოტი მოიჭრა. ის არ იყო მშვენიერი. ჩვენ შეიძლება თავი დაუცველად ვიგრძნოთ, როდესაც უარს ვამბობთ ძველ გზაზე და ამპარტავნობას ვიშორებთ. თუ თქვენს რწმენას იესო ქრისტესა და მის სახარებაზე გაამახვილებთ—ძირითად ტანსა და ფესვებზე—ეს მოგანიჭებთ იმედსა და სიმამაცეს, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯი დაბრუნებისკენ.
-
ჩვენს ტირიფს წლები დასჭირდა, რომ ძველებური ძალა და სილამაზე დაებრუნებინა. დღეს ის კიდევ უფრო ძლიერი და ლამაზია, ვიდრე ადრე იყო. იყავით მომთმენნი, რადგანაც თქვენი რწმენა და დამოწმებაც გაიზრდება. ეს გულისხმობს იმასაც, რომ არ მივიღოთ წყენად დაუფიქრებელი კომენტარები, როგორიცაა „სად იყავი მთელი ეს წლები?“
-
ტირიფი ვერასდროს გადარჩებოდა მუდმივი ზრუნვისა და საზრდოს გარეშე. თქვენს რწმენას მისცემთ საზრდოს, როცა წირვის მაგიდაზე პურსა და წყალს მიეახლებით და თაყვანს სცემთ უფლის სახლში.
-
ზუსტად ისე, როგორც ტირიფს მზის შუქი სჭირდებოდა, რომ ტოტები და ფოთლები კვლავ გაზრდილიყო, ასევე გაიზრდება თქვენი დამოწმებაც, როდესაც დარჩებით სულიერი გრძობებისა და სულის მოწმობის მიმართ მგრძნობიარე. ისწავლეთ ამულეკის მაგალითიდან, რომელმაც თავის ნაკლებად აქტიურ პერიოდზე ასე თქვა, „ბევრჯერ მომიწოდეს, მაგრამ არ მსურდა მოსმენა“
-
ჩემმა მეზობელმა იცოდა, თუ რად შეიძლება ტირიფი კიდევ ერთხელ ქცეულიყო. ზუსტად ასე, უფალმაც იცის თქვენი ღვთიური პოტენციალი, ის, რაც თქვენს რწმენასა და დამოწმებას შეუძლია გახდეს. ის არასდროს ჩაიქნევს შენზე ხელს. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ყველაფერი, რაც დამსხვრეულია, შეიძლება გამთელდეს.
ვმოწმობ, რომ ზეცა ხარობს მათ გამო, ვინც ბრუნდება. თქვენ საჭირო ხართ, თქვენ უყვარხართ. მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და ის განგვკურნავს ყველას, ვინც მასთან დაბრუნდება. მისი მოწყალე მკლავები არ არის მოკეცილი, არამედ გაშლილია და გამოწვდენილია თქვენთვის. არ არის გვიან დაბრუნდეთ. მთელი სიყვარულით ჩვენს გულებში, მოგესალმებით სახლში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.